შინაარსზე გადასვლა

თამარი (დავით აღმაშენებლის ასული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამარი (გ. 1156 ან 1161 წლის შემდეგ) – საქართველოს მეფის დავით IV აღმაშენებლის ასული.

დაახლ. 1105/1106 წელს დავითმა იგი შირვანშაჰ მანუჩაჰრ II-ს მიათხოვა. ეს ნაბიჯი გამიზნული იყო შირვანშაჰების სახელმწიფოსთან კეთილი დამოკიდებულების დასამყარებლად და მის ჩასაბმელად თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. დავითის ისტორიკოსის მიხედვით,

ვიკიციტატა
„და მას-ვე წელსა ასული თჳსი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისად. რამეთუ პირველ ამისსა პირმშო ასული თჳსი თამარი გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რათა ვითარ-ცა ორნი მნათობნი – ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს – ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგანა მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.[1]“

მოგვიანებით, როგორც ჩანს ქმრის გარდაცვალების შემდეგ, თამარი სამშობლოში დაბრუნდა და მის მიერვე აგებულ თიღვის ტაძარში აღიკვეცა მონაზვნად. ამას გვამცნობს ე. წ. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე და თავად თიღვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფასადის წარწერები. ნიკორწმინდის სულთა მატიანის მიხედვით, თამარის სამონაზვნო სახელი უნდა ყოფილიყო თომაჲ („თამარ თომაჲ დასა დედოფლისა და მეფისა მონაზონებისა ზეშთა განბრწყინვებულისა“).[2]

მემატიანის მიხედვით, თამარი მისი ძმის დემეტრე I-ის სიკვდილიდან მალევე გარდაცვლილა:

ვიკიციტატა
„ამასვე წელსა მეფე დემეტრე მოკუდა და დაი დემეტრესი თამარ, თიღვისა აღმშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა და დაი მისი კატაი დედოფალი საბერძნეთს გათხოვილ იყო.[3]“

თამარის პირველ ისტორიკოსთან დაცულია სხვა ცნობაც, რომლის მიხედვით თამარი ცოცხალი ჩანს 1161 წელს, როდესაც მას ხვდება მისი გაზრდილი გიორგი III ანისზე ძლევამოსილი ლაშქრობის შემდეგ:

ვიკიციტატა
„...და თჳთ ნათლითა პირითა პირველად მივიდა გამზრდელისა მისისა წინაშე, თამარსა დედოფალსა დედოფალთასა, რომელმან დაივლტო პირველად ცრემლითა და მერმე სიხარულითა გარდარეულითა.[4]“
  1. ↑ ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955, გვ. 334.
  2. ↑ თაყაიშვილი ექვთიმე, მეფეთა და კათალიკოზთა სულთა მატიანე ნიკორწმინდის ხელნაწერში, პარიზი, 1939, გვ. 8.
  3. ↑ ლაშა-გიორგის ქრონიკა, ქართლის ცხოვრება, ტ. I, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955, გვ. 366.
  4. ↑ ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, ტ. II, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1959, გვ. 10.