შინაარსზე გადასვლა

სააჯო კარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სააჯო კარი — სამსჯავრო, სასამართლო დაწესებულება და მისი შენობა ძველ საქართველოში. იხსენიება შიომღვიმის მონასტრის 893-918 საბუთსა (ე. წ. დაწერილი შიომღვიმისა ბეგრის დადების შესახებ) და ხელმწიფის კარის გარიგებაში (XIV საუკუნე). მართლმსაჯულების დარგში დავით აღმაშენებლის სარეფორმო მოღვაწეობის შედეგად სააჯო კარს უმაღლესი სასამართლოს ფუნქციები დაეკისრა (მანამდე უზენაეს მართლმსაჯულებას თვით მეფე ახორციელებდა). აქ განიხილებოდა ქვედა საფეხურის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მომჩივნის აჯა.

სააჯო კარს ექვემდებარებოდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლისსამართლებრივი საქმეები, საჩივრები ფეოდალთა თუ მოხელეთა მოძალადეობის შესახებ. სააჯო კარი მართლმსაჯულების მუდმივმოქმედი და კოლეგიური ორგანო იყო, რომლის საერთო საქმიანობას XII საუკუნის ათიანი წლებიდან მეფის უპირველესი მოხელე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი წარმართავდა. ორშაბათობით იგი პირადად იყო სააჯო კარში, თავისი უახლოესი ხელქვეითი მოხელეების — მეფის საწოლისა და ზარდახნის ანუ სამხედრო საწყობის მწიგნობრების თანხლებით საქმიანობდა, „ობოლთა და ქვრივთა და მიმძავრებულთა მოჩივართა“ განიკითხავდა. კვირის დანარჩენ დღეებში სააჯო კარი სხვა მსაჯულთა შემადგენლობით მოქმედებდა.

  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965, გვ, 4, 81-82;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970, გვ. 34, 54, 88-91, 1987;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 131-132, 136-137,; ნაკვ. 2, ტფ. 1929, გვ. 477-479, 486-487;