სალხინო (მარტვილის მუნიციპალიტეტი)
სალხინო — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ვახა, ლეგულორდავე, ლესხულუხე, ლეცავე, პატარა ჟინოთა, სალხინო, წაჩხური). მდებარეობს მდინარე ტეხურის მარცხენა ნაპირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვიბიის მთების კალთებამდე გაშლილ ვაკე-ბორცვიან სივრცეზე. სამხრეთ-აღმოსავლეთით მას ეკვრის სოფლები გაჭედილი და ბალდა, ხოლო ჩრდილოეთით ნობულევი. სამხრეთ-დასავლეთით დიდი ჭყონისა და ტალერისაგან ჰყოფს ტეხური. ზღვის დონიდან 250 მეტრზეა. მარტვილიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1335 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 1163 | 563 | 600 |
2014[1] | 1335 | 663 | 672 |
ლევან დადიანის სასახლე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში დგას ლევან დადიანისეული სასახლე. სასახლე მდებარეობს მდინარე წაჩხურას ნაპირზე. 1825-1826 წლებში იქ უბრალო ხის ოდა იდგა. მიუხედავად რეზიდენციის ღარიბულობისა აქ სამეგრელოს დედოფალი, ქვრივი ანა ცხოვრობდა. სალხინოშივე იჯდა სალიაპარტიანოს მფლობელი მანუჩარ დადიანი. ლევან V დადიანმა (1804-1840) აქ ორსართულიანი ქვის სასახლის მშენებლობა არჩილ ბატონიშვილისა და გიორგი გეგელიას რჩევით დაიწყო. საბოლოო სახე შენობამ სალომე მიურატის დროს მიიღო. სასახლეს ზუგდიდის მსგავსად თურქები და ბერძნები აშენებდნენ, ლეცავედან საჭირო მასალა გლეხებს მოჰქონდათ.
სასახლის ქვედა სართულზე განლაგებული იყო 35 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიგანის მუხის სვეტებითა და ლამაზი ორნამენტებით მორთული მარანი. დიდ დარბაზში ჩაშენებული იყო ქვევრი და მასიური, მდიდრულად გაფორმებული ბუხარი, რომლის თავზედაც ბახუსის ქანდაკება იყო წამომჯდარი. კედლები მუხისა და წაბლის პანელებით იყო მოპირკეთებული.
ბოლო დიდი ზეიმი სასახლეში 1897 წელს ლუსიენ მიურატისა და ჰერცოგინია დე როანის ჯვრისწერის დროს იყო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II