დაბლაგომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
დაბლაგომი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
თემი გომი
კოორდინატები 42°05′58″ ჩ. გ. 42°23′15″ ა. გ. / 42.09944° ჩ. გ. 42.38750° ა. გ. / 42.09944; 42.38750
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 895[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99%[2]
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები,
დაბლაგომი — საქართველო
დაბლაგომი
დაბლაგომი — იმერეთის მხარე
დაბლაგომი

დაბლაგომისოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გომის თემის ცენტრი (სოფლები: გომმუხაყრუა, გომნატეხები, დაფნარი, დობირო, ზედა ეწერი, კორმაღალი, მთისძირი, ქვედა ეწერი).

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, ბაღდათი-დაფნარის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 40 მეტრი, სამტრედიიდან 14 კილომეტრი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 895 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 1 115 523 592
2014[1] Decrease2.svg 895 430 465

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დაბლაგომის ნამოსახლარი.

1929 წელს დაბლაგომში აღმოჩნდა მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი. გათხრები ჩატარდა 1936 წელს (ხელმძღვანელები: ნ. ბერძენიშვილი, ბ. კუფტინი, ნ. ხოშტარია). არქეოლოგიური ძიება განახლდა 1970 წლიდან (ხელმძრვანელი ვ. თოლორდავა). დაბლაგომში ნაციხვარისა და ნასაკირევის ბორცვებზე გათხრილია ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, ანტიკური ხანის სამაროვანი და ნასახლართა ნაშთები. ადრინდელი ბრინჯოს ხანის კერამიკა ხელით ნაძერწი, არათანაბრად გამომწვარი და ზედაპირგაპრიალებულია. ჭურჭელი უმეტესად დიდი ზომისაა; ზოგს ძირზე ჭილოფის ანაბეჭდი ეტყობა. გვხვდება დისკოსებური ხუფები, აღმოცენილია აგრეთვე ქვის ხელსაფქვავები, კაჟის ფოთლისებრი შუბისპირები, კაჟისა და ოფსიდიანის ანატკეცები. არქეოლოგიური მასალა ატარებს როგორც აღმოსავლეთ ამიერკავკასიის (კიკეთი, დიდუბე, ოზნი), ისე დასავლეთ საქართველოს უძველეს ნამოსახლართა (ოჩამჩირე, დიხა გუძუბა) კულტურის ნიშნებს.

ანტიკური ხანის ნამოსახლარებზე დადასტურებულია ცხოვრების 2 პერიოდი:ადრინდელი ანტიკური (ძვ. წ. VI-IV სს.) და ადრინდელი ელინისტური (ძვ. წ. IV-III სს.). ადრინდელი ანტიკური ხანის ფენაში გვხვდება ხის წნულის ანაბეჭდიანი ბათქაშები, ორნამენტით შემკული კოლხური კერამიკის ფრაგმენტები (სასმისები, დოქები, ჯამები, ქვევრები და სხვ.). დაბლაგომში გათხრილია ადრინდელი ელინისტური პერიოდის ქვევრსამარხები. სამარხად გამოყენებულია სამეურნეო დანიშნულების კოლხური ქვევრები. სამარხეული ინვენტარი ღარიბულია (თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს და რკინის სამკაული, ვერცხლის მონეტები), რაც გვიჩვენებს, რომ ქვევრსამარხებში საზოგადოების რიგით წევრებს კრძალავდნენ. 1972 წელს ნაციხვარის ბორცვზე აღმოჩნდა ძვ. წ. III საუკუნის I ნახევრის წარჩინებული პირის მდიდრული სამარხი, რომელიც წარმოადგენს კლდეში ამოკვეთილ ორმოში ჩადგმულ სინოპური კრამითით გადახურულ სწორკუთხა ხის ნაგებობას. მასში აღმოჩნდა ოქროს სამკაული, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, რკინის იარაღი, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მძივები და საკიდები, მრავალი ადგილობრივი და შემოტანილი თიხის ჭურჭელი. არქეოლოგიური მასალა მოწმობს, რომ ანტიკურ ხანაში დაბლაგომი ქალაქური ტიპის მნიშვნელოვანი სავაჭრო და სახელოსნო ცენტრი იყო. ძვ. წ. III ს. ბოლოს დაბლაგომში ცხოვრება შეწყდა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი სკოლა დაბლაგომში 1918 წელს გაიხსნა. 1933 წლიდან სკოლა არასრულ საშუალო, ხოლო 1994 წლიდან - საშუალო სკოლად გადაკეთდა. სკოლაში ასწავლის 25 პედაგოგი და სწავლობს 193 მოსწავლე. შენობის ფართობი შეადგენს 1962 კვ.მ-ს, სრული ფართობია 6700 კვ.მ. სკოლაში დადიან შემდეგი სოფლებიდან: საკუთრივ დაბლაგომი, კეთილაური, ცივწყალა, დაფნარი. სოფელში მოქმედებს საბავშვო ბაღი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959;
  • Куфтин Б. А., Материалы к археологии Колхиды, т. 2, Тб., 1950;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]