ახტალის მონასტერი
ახტალის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°09′01″ ჩ. გ. 44°45′51″ ა. გ. / 41.15028° ჩ. გ. 44.76417° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | კათედრალი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ქართული |
თარიღდება | 1220-იანები |
დეტალები
| |
რეკონსტრუქციის გეგმა |
ახტალის მონასტერი (სომხ. Ախթալա վանք ან Պղնձահանք) — X საუკუნის ფორტიფიცირებული ქართული მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ახტალაში, ლორეს პროვინციაში, თბილისიდან სამხრეთით, 87 კმ–ში, ხოლო ერევნიდან 185 კმ-ში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს (უწინ საქართველოს ტერიტორიაზე). ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში ამჟამად სომხური სამოციქულო ეკლესია აღავლენს წირვა-ლოცვას. ციხესიმაგრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სამხრეთ საზღვრის დაცვაში და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ფორტიფიკაციაა სომხეთის ტერიტორიაზე. ახტალის ტაძარში კარგად არის შენახული ფრესკები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ახტალა – საეპისკოპოსო კათედრა, რომლის დაფუძნება მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. მას სწორედ აქ დაუარსებია აგარაკის საეპისკოპოსო კათედრა, რომელიც ქვემო ქართლის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სასულიერო კერად ასწლეულების მანძილზე რჩებოდა.
მოგვიანებით, IX-X საუკუნეებში ეს კუთხე ქართლის მმართველებიდან სომეხ ბაგრატუნიანთა ხელში გადავიდა. თუმცა, მისი დიდი ნაწილი XI საუკუნიდან კვლავ დაბრუნდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში. იქიდან მოყოლებული ქვემო ქართლის ეს რეგიონი, სახელდობრ ლორე, 1920–იან წლებამდე სამხრეთ კავკასიაში მართლმადიდებლური აღმსარებლობის დამკვიდრების და სამონასტრო აღმშენებლობის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა.
მისი აღმავლობის ხანა XIII საუკუნის დასაწყისია, როდესაც თამარ მეფის თანადგომითა და საქართველოს სამეფო კარის დიდმოხელეთა – ივანე მხარგრძელისა და მისი ძის, ავაგის ღვაწლით, მონასტრის ახალი აღმშენებლობის ეტაპი იწყება (ორივე – როგორც ივანე, ისე ავაგი, კომპლექსის მთავარი ეკლესიის სამხრეთ–დასავლეთ ეკვდერშია დაკრძალული). სწორედ მხარგრძელთა გვარის საქტიტორო მოღვაწეობას უკავშირდება მონასტრის ნაგებობათა უმეტესი ნაწილი, რომლებიც XIII-XIV საუკუნეებშია აგებული.
კომპლექსის მთავარი ეკლესია XIII საუკუნის ოციან წლებში აიგო. ტიპოლოგიურად (გეგმა, პროპორციები, ინტერიერის გადაწყვეტა, ფასადების დეკორაციული მორთულობის პრინციპი) იგი ქართული ჯვარ–გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ძეგლთა იმ რიგში დგას, რომელიც XI საუკუნიდან მოყოლებული XVIII საუკუნის ჩათვლით გვხვდება. ამასთან, ცალკეული არქიტექტურული თავისებურებები ახტალის მონასტრის მთავარ ტაძარს უკავშირებს XII-XIII საუკუნეების მიჯნის გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, წუღრუღაშენი).
ახტალაში ქართულიდან სომხურად ითარგმნებოდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ლიტერატურა. ქართული წარწერები, რომლებიც მრავლადაა მონასტრისა და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე, ცხადყოფს მონასტრის ინტენსიურ ცხოვრებას.
ბოლო ხანების კვლევის საფუძველზე გაჩნდა მოსაზრება, რომ ე.წ. „უცნობი მონასტრის ტიპიკონი“, რომელმაც ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია, ახტალის მონასტერს ეკუთვნოდა.[1][2] ახტალის ეკლესიის მოხატულობა მაღალპროფესიული ოსტატების მიერ შექმნილი ანსამბლია, რომელიც დღესაც, მიუხედავად საგრძნობი დაზიანებებისა, შთამბეჭდავია თავისი მასშტაბებითა და მხატვრული გადაწყვეტით. მოხატულობის იკონოგრაფიულ პროგრამაში საგანგებოდაა წინწამოწეული საქართველოს ეკლესიის წმინდანთა თემა; გამოსახულნი არიან: წმინდა ნინო, წმინდა იოანე ზედაზნელი, შიო მღვიმელი და ევაგრე; აგრეთვე, წმინდა ევფთვიმე და გიორგი მთაწმინდელები, წმინდა ილარიონ ქართველი.
XIII-XIV საუკუნეებში ახტალა მცხეთის საპატარიარქოს ქვემდებარე „დიდი სომხითის მიტროპოლიტის“ კათედრა გახდა. მონასტრის განახლების კიდევ ერთი ეტაპი XVIII საუკუნის მიწურულია, როდესაც მეფე ერეკლე II-მ, ომარ ხანის შემოსევის შემდეგ, სპილენძითა და ვერცხლით მდიდარ ამ ადგილში ბერძნები ჩამოასახლა, სამთამადნო წარმოების კვლავ ასაღორძინებლად. მანვე ახტალაში აღადგანა დიდი ხნის წინ გაუქმებული საეპისკოპოსო კათედრა და დასვა პირველ ეპისკოპოსად სოფრონი ბერძენი (ეპარქიას მართავდა 1777-1794 წლებში). მოდევნო ეპისკოპოსები იყვნენ: ვარლამი (ქსნის ერისთავის ძე, შემდგომში საქართველოს ეგზარქოსი) და იოაკიმე ბერძენი (ეპარქიას მართავდა 1802-1828 წწ.).
საქართველოში სამეფო ხელისუფლების გაუქმებისა და რუსეთის მმართველობის დამყარების შემდეგ, 1802 წლიდან ახტალა კავკასიაში არსებული ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიების ცენტრი გახდა, რადგან იქ დასმული ბერძენი მღვდელმთავარი იოაკიმე ახტალის ეპისკოპოსი მართავდა ბერძნულ საპატრიარქოების მეტოქიონებს საქართველოში. მონასტერი XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში ადგილობირივი მმართველების – თავად მელიქიშვილების განსასვენებელი იყო. აქ იკრძალებოდნენ სხვა ქართული წარჩინებული გვარების წარმომადგენლებიც. მდებარეობდა ტფილისის გუბერნიის ბორჩალოს მაზრაში.
თანამედროვეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის ოციანი წლებიდან მოყოლებული, ახტალა ამ კუთხის სხვა ძველ ქართულ ეკლესიებთან და მონასტრებთან ერთად, სომხეთის საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღესაც მის ფარგლებში შედის.
ახტალას მონასტრის შესახებ არსებული პუბლიკაციები (ცნობები, მასალები, გამოკვლევები) ეხება მონასტრის, როგორც ისტორიას, ისე მის ეპიგრაფიკას, კომლექსის არქიტექტურასა და ფრესკებს. ამ მდიდარი მასალის წარმოდგენისა და ინტერპრეტაციისას, პუბლიკაციათა ერთი ნაწილი აშკარა ტენდენციურობით გამოირჩევა და ზოგჯერ გარკვეულწილად პოლიტიკურ ელფერსაც იძენს.
ბოლო ათწლეულების მანძილზე ახტალის მონასტერში სომეხი მეცნიერები და რესტავრატორები მუშაობდნენ. ტაძრის არქიტექტურისგან განსხვავებით, მისი ფრესკების რესტავრაციის არაპროფესიული მიდგომის გამო, აქ ბევრი რამ გადაიწერა, რის გამოც ფერწერული ანსამბლის საერთო მხატვრულ სახეში მრავალი რამ ფაქტობრივად საბოლოოდ დაიკარგა.[3]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ерицов А., Монастырь Ахтала, წგნ.: Кавказская старина, №1, გვ.20-24, тиф., 1872.
- Эпископ Кирион, "Ахталский монастырь", изд. введ. и ком.Э. Бубулашвили и З. Схиртладзе Тб. 2006
- დევი ბერძენიშვილი, ახტალის მონასტერი // ლიტერატურა და ხელოვნება, 1998, N2, გვ.112-131
- ახტალის მონასტერი //ბერძენიშვილი დ. ნარკვევები.-თბ.,2005.-გვ.197-217.
- XII საუკუნის ქართული კედლის მხატვრობა //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1971.-გვ.261-263.
- ახტალა //საქართველო:ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.30.
- ახტალის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.II.-თბ.,1977.-გვ.109.
- ახტალა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.-თბ.,1974.-გვ.155.
- გურგენიძე ი. სად. ახტალა //ცნობის ფურცელი.-1901.-N1584(17 სექტ.).-გვ.1-2.
- ახტალის მხვთის მშობლის მონასტერი //ცნობის ფურცელი.-1898.-N492(25 მარტი).-გვ.2.
- გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში.-თბ.,1962.-გვ.77.
- შმერლინგი რ. ახტალის მთავარი ტაძრის როგორც საქართველოსა და სომხეთის მომიჯნავე ძეგლის დახასიათების საკითხისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების XI სამეცნიერო სესია 1943 წლის 26, 27 და 28 აპრილი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1943.-გვ.10-11.
- ახტალა //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი.-თბ.,2004.-გვ.245-250.
- ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში.-თბ.,1951.-გვ.351-362.
- XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველი მესამედის ხუროთმოძღვრება: ახტალა //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XIII სს.-თბ.,1990.-გვ.131-146.
- ზაქარაია პ. XII-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ გუმბათოვანი არქიტექტურა.წ.I.-თბ.,1978.-გვ.193-225.
- ახტალა //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.277-278.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული ტაძრის სომხურად გამოცხადების მორიგი მცდელობა, ნინო მიქიაშვილი, Presa.ge, 23.10.2010
- ეპისკოპოსი კირიონ II საძაგლიშვილი, ახტალის მონასტერი დაარქივებული 2011-06-23 საიტზე Wayback Machine.
- ლორეს სადავო ეკლესიების საკითხი კვლავ ღიად რჩება // Information Agency 'PirWeli'[მკვდარი ბმული]
- დებედას ხეობის საქართველო // InterPressNews[მკვდარი ბმული]
- ცხოვრება წმინდა მამისა ჩვენისა სოფრონისა, ივერიის ახტალის ეპისკოპოსისა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დევი ბერძენიშვილი, ახტალის მონასტერი, ლიტერატურა და ხელოვნება, 1998, N2, გვ.112-131
- ↑ ქეთევენ ქუთათელაძე, რომელ მონასტერს ეკუთვნის ე.წ. ”უცნობი მონასტრის” ტიპიკონი, კავკასიოლოგიური ძიებანი, # 1,თსუ გამომცემლობა, თბ., 2009, გვ. 349-361
- ↑ ქართული ტაძრის სომხურად გამოცხადების მორიგი მცდელობა // Presa.ge
|