არზრუმის საზავო ხელშეკრულება (1823)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არზრუმის (ერზრუმის) საზავო ხელშეკრულება – საზავო ხელშეკრულება ირანსა და ოსმალეთს შორის. დაიდო 1823 წლის 28 ივლისს, 1821-1823 წწ. ომის შემდეგ, რომელიც ირანმა გააჩაღა ბაღდადის, ვანისა და სხვა ზოგიერთ მომიჯნავე ოსმალეთის მფლობელობაში მყოფი მიწების დაპყრობის მიზნით. ირანმა მხოლოდ დროებით წარმატებას მიაღწია. მან ინგლისის ზეგავლენით შეწყვიტა ოსმალეთთან დავა და შეუდგა ომისათვის მზადებას რუსეთის წინააღმდეგ ამიერკავკასიაში. არზრუმის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ირანმა ოსმალეთს დაუბრუნა დაპყრობილი ტერიტორია. ორივე მხარემ ვალდებულება იკისრა, არ დაეშვათ მეჯოგე ტომების თავისუფალი მიმოსვლა საზღვრებზე, არ მიეცათ თავშესაფარი ერთიმეორის ემიგრანტებისათვის, ხელი არ შეეშალათ ვაჭრებისა და წმინდა ადგილების მოსალოცად ჩასულ მორწმუნეთათვის და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]