ბახჩისარაის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბახჩისარაის ხელშეკრულება — სამშვიდობო ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთის იმპერიას, ყირიმის სახანოს შორის. ხელი მოაწერეს 1681 წლის 13 (23) იანვარს, ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ბახჩისარაიში. ხელშეკრულებამ დაასრულა 1672-1681 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომი.

1678 წელს კონსტანტინოპოში გაგზავნეს თავადი ვასილი დაუდოვი მეგობრული ურთიერთობის აღდგენის წინადადებით. სამშვიდობო წინადადებას მხარს უჭერდა ასევე ჰეტმანი ივან სამოილოვიჩი.

1679 წლის შემოდგომაზე დაუდოვი დაბრუნდა დიდი ვეზირის სიგელით, რომელშიც იგი ითხოვდა მოსალაპარაკებლად გამოეგზავნათ სპეციალური ელჩი და ურჩევდა ასევე ელჩი გაეგზავნათ ყირიმის სახანოში. 1679 წელს ყირიმის ხან მურად გირეისთან მოსკოვიდან გაიგზავნა ელჩები. თუმცა ამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ერთ-ერთმა ელჩმა თვითნებურად მიატოვა ყირიმი და დაბრუნდა მოსკოვში. 1680 წელს ყირიმში გაიგზავნა რუსეთის ელჩობა ტიაპკინის ხელმძღვნელობით.

ახალი ხელშეკრულება ოსმალეთის სულთანს უნდა დაემტკიცებინა, ამ მიზნით 1681 წელს კონსტანტინოპოლში გაიგზავნა ელჩი ვოზნიცინი. ოსმალეთი არ ეთანხმებოდა ხელშეკრულების ერთ პუნქტს, რომლის მიხედვითაც ზაპოროჟიე მიიჩნეოდა რუსეთის მეფის კუთვნილებად. ვოზნიცინს არ სურდა ხელშეკრულების გაფორმება ამ პუნქტის გარეშე, საბოლოოდ კონსტანტინოპოლის პატრიარქის რჩევით დაეთანხმა მოთხოვნას. მოსკოვი კმაყოფილი იყო აღნიშნული ხელშეკრულების დადებით.

ხელშეკრულება დაიდო 20 წლის ვადით და ითვალისწინებდა:

  • რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი გადიოდა მდინარე დნეპრზე, ოსმალეთი და ყირიმის სახანო პირობას დებდნენ, რომ არ დაეხმარებოდნენ რუსეთის მტრებს.
  • რუსეთმა შეიერთა მარცხენა ნაპირის უკრაინა, ზაპოროჟიეს რეგიონი და კიევი რამდენიმე ქალაქთან ერთად.
  • 20 წლის განმავლობაში ტერიტორია მდინარე დნეპრსა და ბუგს შორის იქნებოდა ნეიტრალური და აუთვისებელი, არც ერთ მხარეს არ ჰქონდა რაიმე მშენებლობის უფლება.
  • კაზაკებმა მიიღეს თევზაობის, მარილის მოპოვებისა და თავისუფალი ცურვის უფლება დნეპრზე და მის შენაკადებზე შავ ზღვამდე.
  • ყირიმელებსა და ნოღაელებს მიეცათ დნეპრის ორივე მხარეს მომთაბარეობისა და ვაჭრობის უფლება.

ბახჩისარაის ხელშეკრულებამ უკრაინის ტერიტორია კიდევ ერთხელ გადაანაწილა ორ იმპერიას შორის და გააძლიერა რუსეთის პოზიციები სამხრეთში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]