რუდოლფ II ჰაბსბურგი (დ. 17 ივლისი, 1552, ვენა — გ. 20 იანვარი, 1612, პრაღა) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი 1576-1612 წლებში. ავსტრიის ერცჰერცოგი, ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. მაქსიმილიან II-ისა და მარია ესპანელის ძე. აღიზარდა ესპანეთის სამეფო კარზე. ატარებდა კათოლიკური რეაქციის პოლიტიკას, რაც ჰაბსბურგთა სამფლობელოებში უკმაყოფილებას იწვევდა. 1604-1606 წლების მოძრაობამ იშტვან ბოჩკაის ხელმძღვანელობით აიძულა რუდოლფ II ზოგიერთ დათმობაზე წასულიყო უნგრელი ფეოდალების მიმართ. 1609 წელს ხელი მოაწერა ე. წ. უდიდებულესობის სიგელს, რითაც ჩეხ ფეოდალებს რწმენის თავისუფლებას ანიჭებდა. 1608 წელს სულით ავადმყოფი რუდოლფ II იძულებული გახდა თავისი ძმისათვის დაეთმო ზემო და ქვემო ავსტრია, უნგრეთი და მორავია, ხოლო 1611 წელს ჩეხეთიც.