არნულფ კარინტიელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არნულფი

არნულფ კერნტენი (სლოვ. Arnulf Koroški, გერმ. Arnulf von Kärnten) (850 - 8 დეკემბერი 899) კაროლინგების გვარიდან. გერმანიის მეფე 887 - 899 წლებში, იტალიის მეფე 896 - 899 წლებში, საღვთო რომის იმპერატორი 887 - 899 წლებში. შარლომანის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

გამეფებამდე[რედაქტირება]

880 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ არნულფმა მიიღო საჰერცოგო კარინტია. 887 წელს, როდესაც ცხადი იყო, რომ კარლ III სქელი ვერ ართმევს მმართვას თავს, ბევრი გერმანელი დიდებული იმ აზრამდე მივიდა, რომ სახელმწიფოს სათავეში მისი ძმისშვილი დაეყენებინათ. არნულფი განთქმული იყო როგორც მამაცი მეომარი, იგი წარმატებით ებრძოდა მორავიელ სლავებს. 887 წლის შემოდგომაზე მან შეკრიბა ბავარიელები და სლავები და დასავლეთისკენ დაიძრა. ფრანკონებმა და საქსონებმა მას დაუჭირეს მხარი. შემდეგ მას ტიურინგებიც შეუერთდნენ. კარლის მხარდასაჭერად იარაღი ხელში ალემანებმაც კი არ აიღეს. დეკემბერში გერმანელი დიდებულები შეიკრიბნენ ფორხგეიმში და ერთხმად მეფედ აირჩიეს არნულფი. ამის შემდეგ კარლმა უარი თქვა ხელისუფლებაზე და მეტოქეს თავისი ვაჟი გაუგზავნა, იმედით რომ ის მასზე იზრუნებდა.

გერმანიაში გამეფება[რედაქტირება]

მიუხედავად ამ წარმატებებისა, არნულფი რთულ მდგომარეობაში იყო. იმპერატორის ხელისუფლება წლიდან წლამდე სუსტდებოდა. ვასალი მეფეები ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდნენ თავისი საზღვრების გასაზრდელად. აღმოსავლეთ საზღვარზე სლავური ტომები თარეშობდნენ. განსაკუთრებით საშიში იყო გერმანელთა ძველი მტერი, მორავიელი დიდებული სვიატოპლუკი. ნინდერლანდებში ნორმანები თარეშობდნენ. ალემანიაში დამკვიდრდა ბერნგარდი, კარლ სქელის უკანონო შვილი. იტალია ფაქტობრივად ჩამოშორდა იმპერიას და რამდენიმე ადგილობრივი მეფე იბრძოდა ძალაუფლებისთვის.

ამ მძიმე მდგომარეობაში, არნულფმა თავი გამოაჩინა, როგორც ლუდვიგ გერმანელის ღირსეულმა შთამომავალმა. იგი მორავიის საზღვარზე იდგა, სვიატოპულკთან საომრად ემზადებოდა, როდესაც შეიტყო, რომ ნინდერლანდებში გაგზავნილ ჯარს ნორმანებმა ალყა შემოარტყეს და სასტიკად დაამარცხეს. არნულფმა დატოვა ბავარიული რაზმი აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად და გაემართა ქვემო რეინისკენ. ნორმანები მას გამაგრებულ ადგილას ელოდებოდნენ, მდინარე დეილასთან, ლუვენის მახლობლად. არნულფი ჩამოქვეითდა და მოუწოდა რაინდებს ქვეითად ებრძოლათ. 891 წლის 1 ნოემბერს ცხარე ბრძოლის შემდეგ ნორმანთა ბანაკი აიღეს, ხოლო ნორმანები გაანადგურეს.

ლაშქრობები[რედაქტირება]

893 წელს არნულფმა დაიწყო სვიატოპულკის წინააღმდეგ ლაშქრობისთვის მზადება. ივლისში იგი მორავიაში შევიდა, ბავარიული, ფრანკონული და ალემანური რაზმებით. მიუხედავად დიდი ძალებისა, ლაშქრობა უშედეგოდ დამთავრდა, არნულფმა ვერ აიღო სვიატოპულკის სიმაგრეები და უკან დაბრუნდა დიდი დანაკარგებით. შემდეგ წელს სვიატოპუკლი გარდაიცვალა, მისი სამეფო დაიშალა და მემკვიდრეები უნგრეთთან ომში გაებნენ. ვინაიდან ამ მხრიდან საშიშროება აღარ იყო, არნულფმა ყურადღება იტალიაზე გადაიტანა. ალპებზე წარმატებით გადასვლის შემდეგ, მან აიღო ბერგამო და ბრძანა გარნიზონის უფროსის ჩამოხჩობა. ამით შეშინებულმა მილანმა და პავიამ იმპერატორს კარიბჭე გაუღეს. ბევრმა დიდებულმა თავი მის ვასალად სცნო. არნულფს რომზეც სურდა გალაშქრება, მაგრამ გერმანელებმა უარი თქვეს, რადგან მობილიზაციის კანონიერი ვადა გავიდა. არნულფი გერმანიაში უნდა დაბრუნებულიყო.

895 წელს იმპერატორმა მეორეთ დაიკავა ჩრდილო იტალია. როდესაც იგი ლუკაში შობას აღნიშნავდა, მან მიიღო ცნობა, რომ, ჰერცოგმა სპოლეტო ლამბერტი რომი აიღო და პაპი წმ. ანგელოზის ციხეშია გამოკეტილი. არნულფი რომისკენ გაეშურა, რომლის კარიბჭეც დაკეტილი დახვდა. მეტოქეებმა დაცინვით უარი უთხრეს დანებებაზე. მაშინ არნულფმა შტურმით აიღო ქალაქი. ლამბერტის ბევრ მომხრეს მეფემ თავი მოკვეთა, ხოლო ხალხს მისთვის ერთგულება დააფიცებინა. პაპი მას წმინდა პეტრეს ტაძრის კიბეებზე შეეგება და 896 წლის აპრილში თავზე იმპერატორის გვირგვინი დაადგა. არნულფმა რომში ორი კვირა გაჰყო, შემდეგ კი სპოლეტოზე გაილაშქრა. ფერმოზში მან ალყა შემოარტყა ლამბერტის დედას ანგილტრუდას. წერენ, რომ მან მოისყიდა იმპერატორთან მიახლოვებული პირი, რომელმაც იმპერატორს ნელა მოქმედი საწამლავი მისცა. არნულფი ავად გახდა და მოუწია ალყის მოხსნა. გერმანელების იტალიიდან დახევა გაქცევის მაგვარი იყო. ლამბერტი მათ ფეხდაფეხ მოყვებოდა და ხსნიდა იმპერატორის მიერ დანიშნულ ხალხს. არნულფი მას ხელს ვეღარ უშლიდა, რადგან უფრო და უფრო ავად ხდებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან ცოლს ღალატში დასდო ბრალი, მაგრამ რეგენსბურგის თათბირმა 899 წელს იგი გაამართლა. ცოტა ხანში არნულფი გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X