ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ინტერი
სრული სახელი Football Club Internazionale Milano SpA
მეტსახელი Nerazzurri (შავ-ლურჯები)
დაარსდა 9 მარტი, 1908
სტადიონი სან სირო
(Stadio Giuseppe Meazza), მილანი
(ტევადობა: 85 700 მაყურებელი)
პრეზიდენტი იტალიის დროშა მასიმო მორატი
მწვრთნელი იტალიის დროშა ვალტერ მაცარი
კაპიტანი არგენტინის დროშა ხავიერ ძანეტი
ლიგა სერია A
2012-13 მეცხრე ადგილი
საიტი ოფიციალური
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ინტერნაციონალე (შემოკლებით ინტერი, ოფიციალური დასახელება Football Club Internazionale Milano) — საფეხბურთო კლუბი იტალიის ქალაქ მილანიდან.

2010 წლის მონაცემებით: იტალიის შიდა ტურნირებში: 18-გზის ჩემპიონი, 6-გზის თასის მფლობელი, 4-გზის სუპერთასის მფლობელი; საერთაშორისო ტურნურებში: 3-გზის ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი (1964, 1965, 2010), 3-გზის უეფას თასის მფლობელი (1991, 1994, 1998), 2-გზის საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.

მთელი ისტორიის მანძილზე შიდა ტურნირებში მიღწეული წარმატებებით იტალიაში მე-2 კლუბია, ხოლო საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებებით ევროპაში მე-7 კლუბი. მეტსახელი ნერაძური (Nerazzuri), ანუ შავ-ლურჯები, კლუბის ფეხბურთელთა ფორმის ფერებიდან მომდინარეობს. ასევე გააჩნია მეტსახელები ბენეამატა (Beneamata, სანატრელი) და Biscione (მილანის ერთ-ერთი სიმბოლოს, მილანის საჰერცოგოს გერბზე გამოსახული დიდი მახრჩობელა გველის დასახელება იტალიურად).

კლუბის პრეზიდენტი და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელია მასიმო მორატი, რომლის მამის - ანჯელო მორატის სახელს უკავშირდება დიდი ინტერის ოქროს ხანის დიდი წარმატებები. მორატების საფეხბურთო იმპერიის ყოველწლიური შემოსავალი მინიმუმ 250-300 მილიონი ევროა, რაც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში.

ინტერის ფეხბურთელებიდან გამოსარჩევია ისეთი ლეგენდები, როგორიცაა: ჯუზეპე ბერგომი, ხავიერ ძანეტი, ჯაჩინტო ფაკეტი, სანდრო მაცოლა, ჯუზეპე ბარეზი, მარიო კორსო, ვალტერ ძენგა, ტარცისიო ბურგნიჩი, ალესანდრო ალტობელი, რიკარდო ფერი, ჯუზეპე მეაცა. მათ სხვებზე მეტად უასპარეზიათ ინტერის მაისურით. ასევე სხვა და სხვა დროს ინტერის ღირსებას იცავდნენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიცაა: ლუის სუარესი, ჟაირ და’კოსტა, რობერტო ბონინსენია, ჰერბერტ პროჰაზკა, ფულვიო კოლოვატი, მარკო ტარდელი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, სალვატორე სკილაჩი, ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე, იურგენ კლინსმანი, დენის ბერგკამპი, იური ჯორკაეფი, რობერტო ბაჯო, რონალდო (ლუის ნაზარიო დე ლიმა), ფრანჩესკო ტოლდო, მარკო მატერაცი, ანდრეა პირლო, კრისტიან ვიერი, კლარენს ზეედორფი, ხუან ვერონი, გაბრიელ ბატისტუტა, ფაბიო კანავარო, ლუიშ ფიგუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სამუელ ეტო’ო.

ისტორია[რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება]

ამ უნიკალური (უნიკალური უპირველესად იმითაა, რომ არასდროს დაქვეითებულა ქვედა ლიგაში) იტალიური გრანდის ისტორია 1908 წლიდან იწყება, როდესაც რამდენიმე ამბოხებული ფეხბურთელი და მწვრთნელი “მილანს” გამოეყო და ცალკე კლუბის დაარსება გადაწყვიტა. ეს ჯგუფი უცხოტომელებისგან, ძირითადად შვეიცარიელებისგან შეგდებოდა. როსონერის ორად გახლეჩვის წინ, ალპიელებს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ გუნდის ხელმძღვანელებთან და მათ შორის ფიზიკური აგრესიაც კი შედგა. მხარეებმა გვარიანად მიბეგვეს ერთმანეთი. მიზეზი მარტივი იყო, ვინმე ძმები კამპერიოების ხელში მყოფი “მილანი” ისეთ პოლიტიკას ატარებდა, სადაც უცხოელ ფეხბურთელთა ინტერესი მაქსიმალურად გაუთვალისწინებელი იყო. პროტესტანტთა სათავეში პარამიტიოტი იდგა, რომელმაც კლუბის 45 წევრი აიყოლია და ახალი კლუბის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც საერთაშორისო სტატუსის ასამაღლებლად “ინტერნაციონალე” ეწოდა. გუნდის ფორმის ფერებიც მალე შეირჩა - შავი ფერი ღამესთან ასოცირდებოდა, ხოლო ლურჯი ცასთან. საწყის თვეებში გუნდს ერთგვარი სახელიც კი შეარქვეს (დ’ორო ინ ლივიდი - “ოქრო ლურჯებში”).

ადრეული წლები[რედაქტირება]

პირველი ინტერელები

ერთი წლის შემდეგ “ინტერი” უკვე საკმაოდ წარმატებით უწევდა კონკურენციას ადგილობრივ ბობოლა კლუბებს. 1909-10 წლების სეზონში ნერიაძურიმ იტალიის პირველი გუნდის წოდება მოიპოვა. გათამაშების დასრულების შემდეგ, შავ-ლურჯებსა და “პრო ვერჩელის” ერთნაირი რაოდენობის ქულები ჰქონდათ მოგროვებული. დაინიშნა დამატებითი მატჩი, რომლის თარიღზე გუნდები კარგა ხანს ვერ შეთანხმდნენ. საქმე იმაში იყო, რომ 1910 წლის 24 აპრილს “პრო ვერჩელის” ოთხი წამყვანი ფეხბურთელი ჯარში გაიწვიეს და კლუბის უფროსები იძულებულნი გახდნენ, პროტესტის ნიშნად, მილანელთა წინააღმდეგ შეხვედრაში 14-16 წლის ბიჭები გამოეყვანათ. საკვირველია, მაგრამ ამ უწვერულმა ჭაბუკებმა მრიხსანე მეტოქეს სამი გოლი მაინც გაუტანეს, თუმცა საკუთარ კარში ბევრად მეტი მიიღეს. შეხვედრა 10:3 დასრულდა და “ინტერმა” პირველი ტიტულიც ჩაიხუტა.

შემდეგი სკუდეტო გუნდმა ზუსტად ათი წლის შემდეგ მოიპოვა. სეზონის ფინალში ბოლონიაში ერთმანეთს “ინტერი” და “ლივორნო” დაუპირისპირდნენ. მატჩი მილანელებმა მოიგეს 3:2. 1926 წელს ნერიაძურის რიგებში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდა არამარტო ამ კლუბის ისტორიაში, არამედ მთელს იტალიურ ფეხბურთში. საუბარია ჯუზეპე მეაცაზე, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა კალჩოში. მასზე უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ”ინტერის” პირველი მწვრთნელი და კაპიტანი ვირჯილიო ფოსატო იყო, რომელმაც გუნდს 1910 და 1920 წელს ორი სკუდეტო მოაგებინა და შეეძლო გუნდისთვის უფრო მეტი სარგებელის მოეტანა, თუმცა პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს, იტალიისა და ავსტრიის არმიათა შორის ბრძოლაში სადაც გმირულად დაიღუპა.

20 -იანი წლების ბოლოს და 30-იანების დასაწყისში იტალიაში ფაშისტების ხანა დადგა და ეს “ინტერსაც” შეეხო. კლუბი იძულებული გახადეს “მილანეზეს” შეერთებოდა. ამით, ბენიტო მუსოლინიმ თავიდან მოიშორა ეს ფაშისტებისთვის მეტად არასახარბიელო სახელის მქონე გუნდი. ამრიგად ნერიაძურის სახელიც გადაერქვა და იმ დროს “ამბროზიანად” იწოდებოდა. გარდა ამისა, შეიცვალა საკლუბო ფერებიც, შავ-ლურჯი თეთრ-წითლად გადაიქცა. უმაღლეს ლიგაში გამონთავისუფლებული ერთი ადგილი კი ჩინოვნიკებმა “ფიუმანის” გადაულოცეს, რომელიც სახელშეცვლილი სლოვენიური “რიეკა” იყო. ეს ნაბიჯი ბალკანელთა “იტალიიზაციისთვის” და გაფაშისტებისთვის იქნა გადადგმული.

30-40-იანები[რედაქტირება]

1931 წელს კლუბის სათავეში მოვიდა “გენერალ პო”-ს მეტსახელით ცნობილი ფერნანდო პაცანი. პრეზიდენტმა რაც პირველი გააკეთა, ის იყო, რომ გუნდის სახელწოდება შეცვალა და “ამბროზიანა-ინტერი” დაარქვა. ასევე შეიცვალა საკლუბო ფერებიც, თეთრწითელი გუნდი ისევ შავ-ლურჯად გადაიქცა. იმ პერიოდში იტალიაში სულ სხვა გუნდები ქმნიდნენ ამინდს, მაგრამ მიუხედავად ამისა, “ამბროზიანა-ინტერმა” მაინც მოახერხა ერთხელ პირველობა და სამჯერ მეორე ადგილზე გასვლა.

40-იან წლებში გუნდში ბრწყინავდა ჯუზეპე მეაცა, რომელიც როგორც მოგახსენეთ “ინტერის” ლეგენდად იქცა. 1945 წელს ჯუზეპემ ითამაშა რა ორ-ორი სეზონი “მილანსა” და “იუვენტუსში”, კარიერა დაასრულა. სერია A-ში მას 277 ჰქონდა გატანილი, საიდანაც 247 “ინტერის” მაისურით შეუგდო მეტოქე კიპერებს. ქალაქი მილანი მას არასდროს დაივიწყებს, რისი ნიშანიც იყო “სან სიროზე” მესამე იარუსის მიმატება, რომელსაც თავიდან ჯუზეპე მეაცას სახელი მიეცა, ხოლო შემდგომში ამ ფეხბურთელის პატივსაცემად, მისი სახელი და გვარი მთელს არენას ეწოდა. 1990 წლის მუნდიალისთვის სტადიონმა რეკონსტრუქცია განიცადა და ამჟამად 85 ათას მაყურებელს იტევს.

50-იანები[რედაქტირება]

სანდრო მაცოლა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კლუბმა საბოლოოდ შეიცვალა სახელწოდება და ისევ “ინტერნაციონალე” დაერქვა. ამიერიდან მილანური გუნდი მთელს იტალიაში ახალი ტაქტიკური ნოვაციების დანერგვის პიონერად იქცა. 1953 წელს “ინტერმა” მორიგი სკუდეტო მოიგო. გუნდის მთავარი მწვრთნელი ალფრედო ფონი იყო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თამაში ლიბეროთი. ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს იმ დროს თავისუფალ მწმენდავსაც ეძახდნენ. აღნიშნული სიახლის წყალობით, 1953-54 წლების სეზონში ნერიაძურიმ სერია A-ში იმ გუნდზე ორჯერ ნაკლები გოლი გაუშვა, რომელიც მეორე იდგა ამ მაჩვენებლით. მომდევნო სეზონში “ინტერი” მერვე ადგილზე გავიდა, რასაც კლუბის პრეზიდენტის - კარლო რინალდო მასერონეს გადადგომა მოყვა. მის ადგილზე ლეგენდარული ანჯელო მორატი დაინიშნა, რომელიც იმ დროისთვის იტალიის უმსხვილესი ნავთობკომპანიის მფლობელი იყო. სწორედ ამ ადამიანის ხელში გახდა “ინტერი” მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. უნდა აღინიშნოს, რომ 50-იანი წლების ბოლოს კლუბი მთლიანად გადავიდა მორატების ოჯახის მფლობელობაში, რომელსაც ანჯელო, ერმინია, ადრიანა, ჯანმარკო, მასიმო, ბედი, ჯოა და ნატალინო მორატები შეადგენდა. 1957 წელს შავ-ლურჯთა რიგებში არგენტინელი თავდამსხმელი ანტონიო ვალენტინ ანხელილო ჩაირიცხა, რომელმაც იმ სეზონში სერია A-ში 33 გოლი გაიტანა. ეს მიღწევა მას შემდეგ ვერავინ გააუმჯობესა და ვერც გაიმეორა. 1960-61 წლებში “ინტერი” ახლოს იყო კიდევ ერთი სკუდეტო მოეპოვებინა, მაგრამ დასკვნითი შეხვედრა კალჩოს მამებმა გაუგებარი მიზეზების გამო გადაათამაშებინეს და პროტესტის ნიშნად, შავ-ლურჯებმა “იუვენტუსს” დუბლ-შემადგენლობიდან 17-18 წლის დაუპირისპირეს და სასტიკადაც დამარცხდნენ - 1:9. მილანელთაგან ერთადერთი გოლი ჯეელმა სანდრო მაცოლამ გაიტანა, რომელმაც მამის (წარსულში ცნობილი “ტორინოს” ფეხბურთელი) გარდაცვალების შემდეგ კარიერის გაგრძელება “ინტერში” გადაწყვიტა და ჯუზეპე მეაცას დარად, კლუბის ლეგენდად იქცა.

ოქროს ხანა "La Grande Inter"[რედაქტირება]

ინტერი 1964-65

ანჯელო მორატი ნერიაძურის გასაძლიერებლად არანაირ ძალიასხმევას არ იშურებდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. აპენინებზე პირველი მენავთობე დაუღალავად ყიდულობდა ვარსკვლავ ფეხბურთელებს და თითქმის ყოველ ექვს თვეში ერთხელ ცვლიდა მწვრთნელებს, მაგრამ ამით “ინტერი” მხოლოდ უმნიშვნელო გამარჯვებებამდე მიდიოდა. თუმცა მალე სიტუაცია შეიცვალა. ამბიციურმა პრეზიდენტმა “ბარსელონადან” არგენტინელი სპეციალისტი ელენიო ერერა გადმოიბირა. მაშინ ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობმა მწვრთნელმა გუნდის წმენდას მიჰყო ხელი. ერერამ შვედი სკოგლუნდის, ანხელინოს, ფირმანისა და მრავალი სხვას სახით ბალასტი მოიშორა და მათ ადგილას ახალგაზრდა და პერსპექტიული ფაკეტი, სუარესი, კორსო, პიკი და გუარნიერი მოიყვანა. შემდეგ რევოლუციონერმა მწვრთნელმა გუნდის ტაქტიკური სქემისთვისაც მოიცალა და დაცვაში 5 მცველი დააყენა.ელინიო ერერა შედეგად, “ინტერის” კონტრშეტევები აბსოლუტურად ყველა გუნდისთვის მომაკვდინებელი გახდა. შავ-ლურჯთა რიგებში ბრწყინავდა სწრაფი სანდრო მაცოლა, რომელიც რამდენიმეჯერ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც კი გახდა. ამ სათამაშო სისტემით ნერიაძურიმ ოთხ წელიწადში სამჯერ შეძლო სკუდეტოს მოპოვება. ახლოს იყო მეოთხესთანაც, მაგრამ ჩემპიონთა თასის ფინალში “რეალთან” გამარჯვების შემდეგ, სამიოდე დღეში “ბოლონიასთან” დანიშნულ გადათამაშებაში ძალების აღდგენა ვეღარ მოახერხა და მატჩი დათმო. არადა, “ინტერს” ტიტულის მოგება დამატებითი მატჩის გარეშეც შეეძლო. სეზონის შუაწელს, ”ბოლონიას” ერთბაშად შვიდი ფეხბურთელი დოპინგ-სკანდალში გაეხვა და ერთი პირობა, კლუბისთვის ქულებიც უნდა ჩამოეკლოთ, მაგრამ შემდეგ ეს აურზაური გაუგებარი მიზეზების გამო მიწყნარდა.

მომდევნო სეზონში ”ინტერი” ორივე ფრონტზე ბრწყინავდა. ჩემპიონთა თასის ფინალში იტალიელებმა ლეგენდარული ეუსებიოს ”ბენფიკა” გააკრეს ბეჭებზე. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ბრაზილიელმა ჟაირმა გაიტანა და ნერიაძურის ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტიტული მეორედ მოუტანა. ტურნირი კი შავ-ლურჯებმა ბუქარესტის ”დინამოს” განადგურებით დაიწყეს (6:0; 1:0). მეოთხედფინალში შოტლანდიურ ”რეინჯერსს” ორი მატჩის ჯამში 3:2 სძლიეს (3:1; 0:1), ხოლო ნახევარფინალში ”ლივერპულთან” პირველი მატჩის 1:3-ზე წაგების შემდეგ, ინგლისელებს შინ 3:0-ზე გადაურბინეს და ასე გავიდნენ ფინალში. რაც შეეხება შინაურ პირველობას, აქ ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურებამდე გაურკვეველი იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც ”ინტერმა” იმარჯვა და თანაქალაქელი ”მილანი” 3 ქულით ჩამოიტოვა. მომდევნო წელს ნერიაძურიმ ანალოგიურ სტილში მოიგო სერია A, ჩამოიტოვა რა იმ ხანებში სოლიდურ დონეზე მოთამაშე ”ბოლონია”. ეს იყო შავ-ლურჯთა მეათე საჩემპიონო ტიტული, რომელმაც მათ უფლება მისცა მოგვიანებით მაისურზე ერთი ოქროსფერი ვარსკვლავი ამოექარგათ. ამ სეზონშივე ”ინტერი” ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ტურნირის მომავალ გამარჯვებულ მადრიდის ”რეალთან” ორმატჩიანი დუელი 1:2-ზე დათმო. კიდევ ერთი წლის შემდეგ ნერიაძური კვლავ აღმოჩნდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა იტალიელებს არ ამ ჯერზე გაუმართლათ და გლაზგოს ”სელტიკთან” მატჩის სტრატზე მაცოლას მიერ დაწინაურებულებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. შედეგად მეორე ტაიმში ორი უპასუხო ბურთი მიიღეს სკოტებისგან. 1964 და 1965 წლებში ინტერმა, როგორც ჩემპიონთა თასის გამარჯვებულმა გუნდმა ორჯერ აღმართა საკონტინენტთასორისო თასი. მეტოქე ორივე წელს არგენტინული ინდეპენდიენტე იყო.

დაღმასვლა[რედაქტირება]

წარმატებულ წლებს როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჩავარდნა მოჰყვა. 1980 წლამდე ”ინტერმა” მხოლოდ ერთხელ მოახერხა ჩემპიონობა, ერთხელ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც ლეგენდარული იოჰან კრუიფის ”აიაქსთან” 0:2-ზე დამარცხდა. ორივე გოლი ”მფრინავმა ჰოლანდიელმა” გაიტანა. 70-იანებში ნერიაძურის მუზეუმი იტალიის თასითაც შეივსო. ეს იყო და ეს. მორიგი აღმასვლა გუნდს 80-იანების ბოლოს დაეწყო, როდესაც გუნდს სათავეში ყველასათვის ცნობილი ჯოვანი ტრაპატონი ჩაუდგა. იტალიელმა სპეციალისტმა პირველი რაც გააკეთა, გუნდში უძლიერესი გერმანელი ფეხბურთელები - ანდრეას ბრემე, ლოთარ მათეუსი და კარლ ჰაინც რუმენიგე მიიწყვია, თუმცა ეს უკანასკნელი შავ-ლურჯებიდან 3 წელიწადში აბარგდა და არ მოუწია 1988-89 წლების ტრიუმფი, როდესაც ”ინტერმა” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეძლო ჩემპიონობა. ყველას ეგონა, რომ ტრიუმფალური სვლა კიდევ გაგრძელდებოდა, თუმცა მოხდა ის, რაც ნერიაძურის გულშემატკივრებს ყველაზე კოშმარულ სიზმრებშიც კი არ დაესიზმრებოდათ: მოულოდნელად კლუბის მესვეურებმა პოსტი დაატოვებინეს ჯოვანი ტრაპატონის და მომდევნო ტიტულამდე ტიფოზებს მთელი 17 წელი მოუხდათ ლოდინი. მართალია 2006 წლამდე შავ-ლურჯებმა სამჯერ მოიგეს უეფას თასი (1991-ში ”რომასთან” 2:1, 1994-ში ”ზალცბურგთან” 2:0 და 1998-ში ”ლაციოსთან” 3:0), მაგრამ ეს ნერიაძურის დარი გრანდისთვის ზღვაში წვეთი იყო.

უძრაობის ხანა[რედაქტირება]

მიუხედავად ამ ევრო-ტიტულებისა, 90-იანი წლები ყველაზე უიღბლო პერიოდად ითვლება ”ინტერის” საუკუნოვან ისტორიაში. ნერიაძურის პრეზიდენტები, ჯერ ერნესტო პელეგრინი, შემდეგ კი მასიმო მორატი ათეულ მილიონობით აშშ დოლარს არ იშურებდნენ გუნდის გასაძლიერებლად, ნაყიდი იქნა რონალდო, ივან სამორანო, ნვანკვო კანუ, რობერტო ბაჯო, კრისტიან ვიერი და მრავალი სხვა, თუმცა სეზონის ბოლოს სერია A-ს ტრიუმფატორი ან ”მილანი” ხდებოდა ანაც ”იუვენტუსი”. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის მოგებები იყო საეჭვო, რადგანაც 2003-04 წლებში ”ბებერი ქალბატონის” ექიმის, რიკარდო აგრიკოლას აღიარებით, იგი მთელი ამ წლების განმავლობაში ფეხბურთელებს გამარჯვებებში დოპინგით ეხმარებოდა. მოგვაინებით ამის გამო გრანდიოზული სკანდალიც აგორდა, თუმცა 90-იანების ცოდვები ”იუვეს” არავინ მოჰკითხა. სამაგიეროდ, ტურინელთა მთავარსარდალს ლუჩანო მოჯის ცოდვებმა რამდენიმე წლის შემდეგ უწია, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. მანამდე გამოსარჩევია 1999 წელს მასიმო მორატის მეტად უჩვეულო გადაწყვეტილება, დაითხოვა რა გუნდიდან ”წლის მწვრთნელად” აღიარებული ლუიჯი სიმონი. მის ნაცვლად გუნდი მომდევნო სეზონის დასაწყისში მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა, თუმცა ამ შუალედში მილანელებს რუმინელი მირჩა ლუჩესკუ თავკაცობდა, რომლის ხელშიც შავ-ლურჯები ”მანჩესტერთან” მეტად ფეერიულ ბრძოლაში ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ. ლიპის ხელში ”ინტერმა” ღირებულს ვერაფერს მიაღწია, მეტიც, სწორედ ”იუვეს” ყოფილი მწვრთნელის დამსახურება იყო გუნდიდან რობერტო ბაჯოს წასვლა, რომელთანაც ძველი მტრობა აკავშირებდა. შედეგად ვიარეჯოელი სპეციალისტი 2000-01 წლების სეზონის სტრატზევე მოხსნეს თანამდებობიდან და მის ნაცვლად წარსულში ცნობილი ფეხბურთელი მარკო ტარდელი დანიშნეს, რომელსაც გუნდისთვის ექტორ რაულ კუპერის დანიშვნამდე უნდა ეთავკაცა. სწორედ ტარდელის ხელში განიცადა ”ინტერმა” ყველაზე სამარცხვინო მარცხი მილანურ დერბიში 0:6. ამ წაგების შემდეგ კრისტიან ვიერიმ და ფაბიო კანავარომ მთელი ღამე რესტორანში გაატარეს და სიმწრის გასაქარვებლად უგონოდ დათვრნენ. ეს რომ ტარდელიმ გაიგო ფეხბურთელები აითვალწუნა და მთლიანად გუნდში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მაისში ექტორ კუპერის მისვლამ სულზე მოუსწრო ნერიაძურის გასახდელში ”დიდი აფეთქებისგან”. არგენტინელი სპეციალისტის ხელში ლომბარდიელებმა პირველივე სეზონი დიდებულად ჩაატარეს და უკანასკნელ ტურამდე სატურნირო ცხრილსაც უდგნენ სათავეში, თუმცა 2002 წლის 5 მაისს რომში ”ლაციოსთან” 2:4 დამარცხდნენ, მაშინ როდესაც მათმა მდევრებმა ”იუვენტუსმა” და ”რომამ” გასვლაზე შესაბამისად ”უდინეზესა” და ”ტორინოს” სძლიეს. შედეგად, ”ინტერმა” სეზონი ბრინჯაოს მედლებით დაასრულა. სწორედ ამ პერიოდში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მომჯობინდა რონალდო, რომელმაც კორეა-იაპონიაში გამართულ მუნდიალზე გაიბრწყინა და ზაფხულშივე ”რეალში” გადავიდა. ზოგიერთები იმასაც ამბობდნენ, ბრაზილიელი კუპერთან გართულებული ურთიერთობის გამო წავიდაო, თუმცა მოგვაინებით მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც ეს ვერსია უარყვეს. 2002-2003 წლების სეზონში ”ინტერი” საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. სკუდეტოსთვის ბრძოლაში მილანელები ბოლო ტურებამდე შემორჩნენ, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ შავ-ლურჯებს საშინლად არ გაუმართლათ: გათამაშების ნახევარფინალში ისინი თანაქალაქელ ”მილანს” ხვდებოდნენ და ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს. მატჩი, რომელშიც ნომინალურ მასპინძლად ”ინტერი” ითვლებოდა 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრა 0:0. ერთი სიტყვით, კანონმა იკანონა და ფინალში როსონერი გავიდა. კუპერმა თავისი მესამე მილანური სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო და დერბიში წაგების შემდეგ, ”ბრეშიასთან” ნათამაშები ფრე უკანასკნელი გამოდგა არგენტინელი მწვრთნელის ლომბარდიულ კარიერაში. მის ნაცვლად ალბერტო ძაკერონი დაინიშნა, რომელმაც გუნდს სეზონი უნიათოდ ჩაამთავრებინა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მაინც მოახვედრა. პარალელურად, ევროსეზონიც ნაადრევად, დეკემბერში დაასრულებინა (”ინტერი” ჯგუფში ჩარჩა).

ძლევამოსილი დაბრუნება[რედაქტირება]

ინტერის ფანები "კურვა ნორდი"

2004 წლის ზაფხულში ”ლაციოში” წარმატებული სამწვრთნელო კარიერის შემდეგ, ”ინტერში” გადაბარგდა ახალგაზრდა სპეციალისტი რობერტო მანჩინი. სწორედ მის ხელში განიცადა გუნდმა რეალური პროგრესი და ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად მებრძოლ და ტიტულების მოსაგებად გამზადებულ გუნდად. მანჩინიმ მცირე საკადრო გადაადგილებები განახორციელა: ერნან კრესპო ”ჩელსიში” გაუშვა, ხოლო მის ნაცვლად ”პარმაში” განათხოვრებული ადრიანო დაიბრუნა. გარდა ბრაზილიელისა, გუნდი გააძლიერა დეიან სტანკოვიჩმაც. მანჩოს ხელში ნერიაძურიმ ტიტულების მოგროვება ორჯერ მოგებული იტალიის თასით დაიწყო, რასაც მოყვა ”კალჩოპოლის” მეტსახელით ცნობილი გახმაურებული სკანდალი, რომელსაც პიროვნებათაგან ლუჩანო მოჯი, ადრიანო გალიანი, სერჟიო კრანიოტი და კიდევ რამდენიმე გავლენიანი ფუნქციონერი, ხოლო გუნდთაგან ”იუვენტუსი”, ”მილანი”, ”ფიორენტინა”, ”რეჯინა” და ”ლაციო” შეეწირენ. თემიდის მსახურთა გადაწყვეტილებით, ”ბებერ ქალბატონს” 2005 და 2006 წლებში მოგებული სკუდეტო ჩამოერთვა. პირველი საერთოდ გაუქმდა, ხოლო მეორე შავ-ლურჯებს გადაეცა. ამ ფაქტის გამო მასიმო მორატის თაოსნობით მილანში ნამდვილი ზეიმი შედგა,

ინტერის კაპიტანი და ლეგენდა ხავიერ ძანეტი

რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იყო. სწორედ ამის შემდეგ გაათმაგდა მტრობა ”იუვესა” და ”ინტერს” შორის. ნერიაძურის ბევრი გულშემატკივარი დღესაც იმ აზრზეა, რომ არ იყო საჭირო კაბინეტებში წართმეული სკუდეტოს ასე პომპეზურად აღნიშვნა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.

2006-07 წლებში ”ინტერმა” ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პატრიკ ვიეირა შეიძინა, რომელთა დახმარებითაც სერია A შეიძლება ითქვას ცალი ფეხით მოიგო, რადგანაც უმთავრესი კონკურენტი ”იუვენტუსი” ქვედა ლიგაში ბურთაობდა, ხოლო ”მილანს” 8 ქულა ჰქონდა დაკლებული. ერთადერთი კონკურენტი ”რომა” იყო, რომელმაც ლომბარდიელებს ღირსეული წაააღმდეგობა ვერ გაუწია და ”ინტერმაც” სკუდეტო ერთი თვით ადრე გაინაღდა. იმ სეზონში ნერიაძურიმ რამდენიმე რეკორდიც დაამყარა: ხუთი თვის მანძილზე ჩემპიონატში ზედიზედ 17 მატჩში იმარჯვა, რაც ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ხუთმა გუნდმა მოახერხა. ხოლო სეზონის ბოლოს ასევე სარეკორდო 97 ქულას მოუყარა თავი და გაიტანა ყველაზე მეტი გოლი - 80. პარალელურად გუნდი გავიდა თასის ფინალში, სადაც ”რომასთან” დამარცხდა. ამ პერიოდში მილანელებს არაფერი გამოსდიოდათ ჩემპიონთა ლიგაში. მართალია ისინი ფლე-ოფში ადვილად გადიოდნენ, მაგრამ ფინალისკენ გზას მათ ხან ”მილანი” უღობავდა, ხან ”ვილიარეალი”, ხანაც ”ვალენსია”. სამაგიეროდ ყველაფერი კარგად მიდიოდა შინაურ პირველობაზე 2007-08 სეზონში შავ-ლურჯები კვლავ მიუწვდომელნი იყვნენ და ჩემპიონის ტიტული მართალია ბოლო ტურში, მაგრამ მაინც ადვილად გაიფორმეს. რობერტო მანჩინის ”ინტერში” მოღვაწეობა ერთმნიშვნელოვნად წარმატებულად შეფასდა, თუმცა იტალიელ სპეციალისტს მაინც არ აპატიეს ევროთასებზე წარუმატებლობები და 2008 წლის 29 მაისს სკანდალური განცხადებით მანჩოს პოსტი დაატოვებინეს. გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობაც მალე გაცხადდა: ეს ”პორტუსა” და ”ჩელსიში” სახელმოხვეჭილი ჟოზე მაურინიო იყო. პორტუგალიელი ჩვეული ენთუზიაზმით შეუდგა მუშაობას, თანაშემწედ წარსულში ”ინტერის” მცველი - ”მილანელი” ფრანკო ბარეზის ძმა ჯუზეპე დანიშნა და აგვისტოში პირველი ტიტულიც მოიგო, დაამარცხა რა იტალიის სუპერთასზე ”რომა”. მაურინიოს დროს გუნდში რამდენიმე ახალი სახეც გამოჩნდა. ესენი არიან სალი მუნტარი, რიკარდო კვარეზმა (რომელიც იანვარშივე გაანათხოვრეს ”ჩელსიში”), ამანტინო მანსინი და ჯეელი დავიდ სანტონი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრებში ” მანჩესტერელიკრიშტიანო რონალდუ აბსოლუტურად გაანეიტრალა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გასაქანი არ მისცა, თუმცა ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში მაინც დასჯაბნეს იტალიელები და 2008-09 წლების სეზონში ერთი ტიტულის ამარა დატოვეს.

ჟოზე მაურინიოს ტრიუმფი[რედაქტირება]

ჟოზე მაურინიო
ბაიერნი ინტერის შემადგენლობსბი ფინალურ მატჩში

იმავე ზაფხულში ჟოზე მაურინიომ გუნდში თითქმის რევოლუციური ცვლილებები განახორციელა, გაუშვა რა გუნდის უპირობო ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონაში". შვედის სანაცვლოდ "ინტერმა" სამუელ ეტო'ო და 40 მილიონამდე ევრო მიიღო. ამ თანხით მადრიდის "რეალიდან" შეძენილ იქნა გუნდის კიდევ ერთი მომავალი ლიდერი - უესლი სნეიდერი. სწორედ ჰოლანდიელისა და კამერუნელი, ასევე არგენტინელი დიეგო მილიტოს (რომელიც ასევე "ჯენოადან" იქნა ნაყიდი) გარჯით დაასრულა ნერიაძურიმ 2009-10 სეზონი ტრიუმფით. თუმცა ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ.

"ინტერმა" სეზონი რიხიანად დაიწყო, სერია ა-შიც მალევე გალიდერდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდანაც უპრობლემოდ გავიდა მერვედფინალში. მთავარი ბრძოლა გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც იტალიის პირველობაზე "რომამ" ზედიზედ მოიგო მატჩები და შავ-ლურჯებს ერთ ტურში გადაასწრო კიდეც, მაგრამ დედაქალაქელებს მალევე დაუცდათ ფეხი და ხელმეორედ გალიდერებულმა ჟოზე მაურინიოს შეგირდებმა ბოძებული შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს. პარალელურად, "ინტერმა" ევროპის უპრესტიჟულესი თასის მერვედფინალში ფავორიტად აღიარებულ "ჩელსის" შინ მინიმალურად 2:1 მოუგეს და არც გასვლით მატჩში შეურცხვენიათ თავი, სძლიეს რა კარლო ანჩელოტის საწმყსოს 1:0. მეოთხედფინალში იტალიელებმა ფაქტიურად ცალი ფეხით მოუგეს მოსკოვურ ცსკა-ს . აი, ნახევარფინალში კი ნერიაძურის მეტოქე ტურნირის უპირველესი ფავორიტი, ჩემპიონთა ლიგის წინა გამარჯვებული "ბარსელონა" იყო. მიუხედავად მილანში დაწინაურებისა, ხოსეპ გვარდიოლას ნაქებმა კრებულმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და 1:3 დამარცხდა. ამის შემდეგ უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ ჟოზე მაურინიოს გუნდი სეზონის ტრიუმფალურად დასრულებამდე ერთ ნაბიჯში იდგა. ასე მოხდა, საპასუხო მატჩში მართალია 0:1 დამარცხდნენ, მაგრამ "ბარსელონას" ვარსკვალურ კრებულს ფეხის განძრევის საშუალება არ მისცეს.

ფინალში "ინტერს" ბაიერნი" ელოდა, ხოლო ჟოზე მაურინიოს ლუი ვან გაალი, რომლის თანაშემწეც პორტუგალიელი "ბარსელონაში" მუშაობისას იყო. მწვრთნელისა და სეგირდის დრამატული ბრძოლა ამ უკანასკნელის დამსახურებელი გამარჯვებით დასრულდა. გერმანული მანქანა 2:0-ზე იქნა დამარცხებული, დუბლით კი მილანელთაგან დიეგო მილიტო გამოირჩა, რითაც იგი სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში, როგორც ერთი გუნდისთვის ერთ სეზონში მოპოვებულ ტიტულებში შეტანილი წვლილით. საქმე იმაშია, რომ იტალიის თასის ფინალში "ინტერმა" "რომა" არგენტინელის გოლით დაამარცხა. ჩემპიონატის ბოლო ტურში ნერიაძურიმ "სიენასთან" სწორედ მილიტოს კინკილა გოლით იმარჯვა. არგენტინელმა ესეც არ იკმარა და დუბლით ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბაიერნი" დასცა.

შავლურჯების მხარე ფინალურ მატჩში

დიდი ტრიუმფიდან დღემდე[რედაქტირება]

2010 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ჟოზე მაურინიო აუცილებლად წავიდოდა "რეალში". მასიმო მორატი და მისი დამქაშები რამდენიმე კანდიდატურას (ფაბიო კაპელო, სინიშა მიხაილოვიჩი, როი ჰოჯსონი და სხვა) განიხილავდნენ, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ესპანელ რაფაელ ბენიტესზე შეაჩერეს, რომელიც "ინტერში" მისვლამდე ასევე ინგლისში, კერძოდ კი "ლივერპულში" მოღვაწეობდა. რაფას სადებიუტო შეხვედრები ამხანაგური მარჩები გამოდგა, სადაც ესპანელის დამოძღვრილმა გუნდმა ამერიკულ ტურნეზე რამდენიმე მატჩი მოიგო და ერთიც წააგო. შემდეგ იყო იტალიის სუპერთასის მატჩი "რომასთან", სადაც მილანელებმა ნამდვილი მასტერკლასი ჩაუტარეს დედაქალაქელებს და გასული სეზონის ტრიუმფს მეოთხე ტიტული მიამატეს. სამაგიეროდ, აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი დაუდგათ ნერიაძურის მონაკოში, ლუი II-ს სახელობის სტადიონზე, სადაც ევროპის სუპერთასის შეხვედრაში ლომბარდიელები უძლურნი აღმოჩნდნენ მადრიდის "ატლეტიკოსთან" და მატჩი 0:2-ზე დათმეს.

2010 წლის 18 დეკემბერს გახდა გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი, ფინალში აფრიკულ გუნდს მაზემბეს მოუგო 3-0 (პანდევი, ეტოო, ბიაბიანი). ეს თამაში აღმოჩნდა უკანასკნელი რაფაელ ბენიტესისთვის ეს თამაში უკანასკნელი აღმოჩნდა რაფაელ ბენიტესისთვის, მიუხედავად მსოფლიო თასის მოგებისა, გუნდის მფლობელმა მასიმო მორატიმ ესპანელი სპეციალისტის მიერ ნაჩვენები შედეგი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია და მას კარისკენ მიუთითა.

22 დეკემბერს ინტერის მთავარ მწვრთნელად წარსულში ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი, ექს–მილანელი (წინა სეზონი იგი ინტერის კონკურენტ მილანს წვრთნიდა)ლეონარდო დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ინტერმა სატურნირო ცსრილის სათავეში აიწია და ჩემპიონობისთვის ბრძოლას დაუბრუნდა, თუმცა 2010-11 წლების სეზონში საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

ინტერი 2011

ჩემპიონთა ლიგაზე ლეონარდოს გაწრთვნილმა ინტერმა მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნის ბარიერი გადალახა (0-1 ; 3-2), მაგრამ მეოთხედფინალში შალკესთან სენსაციურად დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. სეზონის ბოლოს ინტერნაციონალემ მაინც შეძლო ტიტულის მოგება. 29 მაისს რომის "ოლიმპიკო"-ზე გუნდის უბერებელმა კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმ თავს ზემოთ იტალიის თასი აღმართა, რომელიც ინტერის ისტორიაში მეშვიდე იყო. ფინალში მილანელებმა პალერმო დაამარცხეს ანგარიშით 3-1 (ეტო'ო, ეტო'ო, მილიტო) ამავე სეზონში, სამუელ ეტო’ო–მ პირადი რეკორდი დაამყარა კამერუნელმა ინტერის მაისურით 2010-11 სეზონში 38 გოლი გაიტანა. სეზონის დასრულების შემდეგ პოსტი დატოვა ლეონარდომ. გუნდში იტალიელი სპეციალისტი ჯანპიერო გასპერინი მოვიდა. გასპერინიმ ორი თვის მანძილზე ვერც ერთი ოფიციალური მატჩის მოგება ვერ შეძლო და ამის გამო კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი იძულებული გახდა ახალი მწვრთნელი მოეძებნა. 2011 წლის სექტემბერში ინტერს სათავეში ასევე იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი ჩაუდგა.

სტადიონი[რედაქტირება]

”ინტერის” საშინაო არენა მილანის სან-სორის რაიონში მდებარე სტადიონია, რომელიც ჯუზეპე მეაცას სახელობისაა. “ინტერსა” და “მილანს” ერთი სტადიონის გაყოფა უწევდათ და ახლაც ასე უწევთ. თუმცა, ერთი პერიოდი ნერიაძური ქალაქის განაპირას მდებარე მცირე ტევადობის არენაზე თამაშობდა, რომელიც საკმაოდ ძველი – ნაპოლეონის დროიდნელი იყო. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ადგილას ახლა ოდნავ გაუმჯობესებული სტადიონისმაგვარი ნაგებობა დგას, სადაც სერია D-ს მატჩები იმართება. მანამდე კი, 1926 წელს, “მილანმა” უმსხვილესი ინვესტორის “პირელის” დახმარებით სან-სიროში (მილანის გარეუბანი) სტადიონი ააშენა, რომელსაც ასევე “სან სირო” ეწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ამ არენაზე პრეტენზიას უკვე “ინტერიც” აცხადებდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოიძებდა კონსესუსი და იმ დღიდან დაწყებული, “სან სირო” თანაბრად ეკუთვნით “მილანსა” და “ინტერს”. ასევე უნიკალურია ამ სტადიონის აკუსტიკა, რომელსაც ანალოგი მსოფლიოში არ გააჩნია. მილანის ეს არქიტექტურული შედევრი თითქოს დერბისთვისაა შექმნილი. “მადონინას” დროს, ტრიბუნებზე დაახლოებით 85 ათასი ადამიანი იკრიბება. ფერთა გამა კი მხოლოდ სამ ფერს – შავს, ლურჯსა და წითელს მოიცავს. უკანასკნელად ამ სარბიელს რეკონსტრუქცია 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა, სტადიონი დღესაც იდეალურ მდგომარეობაშია. გამომდინარე იქიდან, რომ ამ არენაზე ”ინტერის” გარდა ”მილანიც” ასპარეზობს, შავ-ლურჯების მიერ იგეგმება ახალი ულტრათანამედროვე სტადიონის მშენებლობა, რომელიც 2012-2013 წლებისთვის იქნება მზად. ამჟამად ”სან სირო” ოფიციალურად 85.700 მაყურებელს იტევს, თუმცა VIP-ლოჟების მომრავლების გამო, ამ რიცხვმა ოდნავ დაიკლო. აღსანიშნავია, რომ სტადიონი უეფა-ს კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი.

სატიტულო სპონსორები[რედაქტირება]

Inno-Hit (1981–1982)
Misura (1982–1991)
FitGar (1991–1992)
Fiorucci (1992–1995)
Pirelli (1995–დღემდე)

შემმოსველნი[რედაქტირება]

Puma (1979–1982)
Mec Sport (1982–1986)
Le Coq Sportif (1986–1988)
Uhlsport (1988–1991)
Umbro (1991–1998)
Nike (1998–დღემდე)

ფეხბურთელები[რედაქტირება]

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება]

11.01.2013 მონაცემებით. [1]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 სლოვენიის დროშა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი
2 სლოვენიის დროშა მცველი ჯონათანი
4 არგენტინის დროშა მცველი ხავიერ ძანეტი (კაპიტანი)
5 სერბეთის დროშა მცველი ჟუან ჟესუსი
6 არგენტინის დროშა მარკო ანდრეოლი
7 ბრაზილიის დროშა თავდამსხმელი ისაკ ბელფოდილი
8 არგენტინის დროშა თავდამსხმელი როდრიგო პალასიო
9 ბრაზილიის დროშა თავდამსხმელი მაურო იკარდი
10 ნიდერლანდის დროშა ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი
11 არგენტინის დროშა ნახევარმცველი რიკარდო ალვარესი
12 იტალიის დროშა მეკარე ლუკა კასტელაცი
13 კოლუმბიის დროშა ნახევარმცველი ფრედი გუარინი
14 კოლუმბიის დროშა მცველი უგო კამპანიარო
ნომერი პოზიცია მოთამაშე
16 ბელგიის დროშა ნახევარმცველი გაბრიელ მუდინგაი
17 კენიის დროშა ნახევარმცველი ზდრავკო კუზმანოვიჩი
18 იტალიის დროშა მცველი უოლასი
19 არგენტინის დროშა ნახევარმცველი ესტებან კამბიასო (ვიცე-კაპიტანი)
21 ურუგვაის დროშა ნახევარმცველი შაჰირ ტაიდერი
22 არგენტინის დროშა თავდამსხმელი დიეგო მილიტო
23 იტალიის დროშა მცველი ანდრეა რანოკია
25 არგენტინის დროშა მცველი ვალტერ სამუელი
26 რუმინეთის დროშა მცველი კრისტიან კივუ
30 იტალიის დროშა მეკარე პაბლო კარისო
31 ურუგვაის დროშა მცველი ალვარო პერეირა
55 იაპონიის დროშა მცველი იუტო ნაგატომო
90 ურუგვაის დროშა ნახევარმცველი პატრიკ ოლსენი

არენდით წასული ფეხბურთელები[რედაქტირება]

ნომერი პოზიცია მოთამაშე
იტალიის დროშა მეკარე ფრანჩესკო ბარდი (იჯარით ნოვარაში)
იტალიის დროშა მცველი სიმონე ბენედეტი (იჯარით სპეციაში)
იტალიის დროშა მცველი დიულო დონატი (იჯარით გროსეტოში)
იტალიის დროშა მცველი მიშელ რეჯონე (იჯარით გროსეტო (საფეხბურთო კლუბი))
შვედეთის დროშა ნახევარმცველი სებასტიენ კარლსენი (იჯარით ტრელებორგში)
პარაგვაის დროშა ნახევარმცველი როდრიგო ალბორნო (იჯარით ნოვარაში)
ნომერი პოზიცია მოთამაშე
იტალიის დროშა ნახევარმცველი ლორენცო კრისეტიგი (იჯარით სპეციაში)
იტალიის დროშა თავდამსხმელი რიკარდო ბოკალონი (იჯარით სამხრეთ ტიროლში)
სენეგალის დროშა თავდამსხმელი მამე ბაბა ტიამი (იჯარით სამხრეთ ტიროლში)
იტალიის დროშა თავდამსხმელი სამუელე ლონგო (იჯარით ესპანიოლში)
რუმინეთის დროშა თავდამსხმელი დენის ალიბეკი (იჯარით ვიტორულ კონსტანტაში)

კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა[რედაქტირება]

პრეზიდენტი და მფლობელი იტალიის დროშა მასიმო მორატი
გენერალური მენეჯერი იტალიის დროშა მარკო ბრანკა
აღმასრულებელი მდივანი იტალიის დროშა ერნესტო პაოლილო
მთავარი მწვრთნელი იტალიის დროშა ანდრეა სტრამაჩიონი
მთავარი მწვრთნელის თანაშემწე (ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი) იტალიის დროშა ჯუზეპე ბარეზი

ინტერის პრეზიდენტები[რედაქტირება]

  • იტალიის დროშა ჯოვანი პარამიტიოტი, 1908–1909
  • შვეიცარიის დროშა ეტორე შტრაუსი, 1909–1910
  • იტალიის დროშა კარლო დე მედიჩი, 1910–1912
  • შვეიცარიის დროშა ემილიო ჰირცელი, 1912–1914
  • შვეიცარიის დროშა ლუიჯი ანსბახერი, 1914
  • იტალიის დროშა ჯუზეპე ვისკონტი დი მოდრონე, 1914–1919
  • იტალიის დროშა ჯორჯო ულსი, 1919–1920
  • იტალიის დროშა ფრანჩესკო მაურო, 1920–1923
  • იტალიის დროშა ენრიკო ოლივეტი, 1923–1926
  • იტალიის დროშა სენატორე ბორლეტი, 1926–1929
  • იტალიის დროშა ერნესტო ტორუზიო, 1929–1930
  • იტალიის დროშა ორესტე სიმონოტი, 1930–1932
  • იტალიის დროშა ფერნანდო პოცანი, 1932–1942
  • იტალიის დროშა კარლო მასერონი, 1942–1955
  • იტალიის დროშა ანჯელო მორატი, 1955–1968
  • იტალიის დროშა ივანო ფრაიცოლი, 1968–1984
  • იტალიის დროშა ერნესტო პელეგრინი, 1984–1995
  • იტალიის დროშა მასიმო მორატი, 1995–2004
  • იტალიის დროშა ჯაჩინტო ფაკეტი, 2004–2006
  • იტალიის დროშა მასიმო მორატი, 2006–დღემდე

ინტერის მწვრთნელები[რედაქტირება]

ტიტულები[რედაქტირება]

  • Scudetto.svg Star*.svg იტალიის ჩემპიონი: 18
    • 1909–10; 1919–20; 1929–30; 1937–38; 1939–40; 1952–53; 1953–54; 1962–63; 1964–65; 1965–66; 1970–71; 1979–80; 1988–89; 2005–06; 2006–07; 2007-08; 2008–09; 2009–10
  • Coccarda Coppa Italia.svg იტალიის თასი: 7
    • 1938–39; 1977–78; 1981–82; 2004–05; 2005–06; 2009–10; 2010–11
  • Supercoppaitaliana.png იტალიის სუპერთასი: 5
    • 1988–89; 2005–06; 2006–07; 2009-2010;

ახალგაზრდული გუნდის ტიტულები

en.wikipedia

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Squadra (Italian). F.C. Internazionale Milaნომერი. წაკითხვის თარიღი: 2008-09-01.