გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი

გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (დ. 27 აგვისტო, 1770, შტუტგარტი — გ. 14 ნოემბერი, 1831, ბერლინი), გერმანელი ფილოსოფოსი, გერმანული კლასიკური ფილოსოფიის წარმომადგენელი.

შტუტგარტის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ტიუბინგენის უნივერსიტეტის თეოლოგიურ ფაკულტეტზე. (1788-1793) ახალგაზრდა ჰეგელი აღფრთოვანებით შეხვდა საფრანგეთის რევოლუციას. 1793-1801 კერძო მასწავლებლად მუშაობდა ჯერ ბერლინში, შემდეგ კი მაინის ფრანკფურტში. ამ პერიოდში საფუძვლიანად სწავლობდა ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრებლემებს. ამავე წლებში დაინტერესდა პოლიტიკისა და პოლიტეკონომიის საკითხებით.

შრომები[რედაქტირება]

1801 ჰეგელი აქვეყნებს შრომას „განსხვავება ფიხტესა და შელინგის სესტემებს შორის“, რომელშიც იცავს ფ. შელინგის თვალსაზრისს. ამავე წელს მოღვაწეობას იწყებს იენის უნივერსიტეტში. 1802-1803 ფ. შელინგთან ერთად დაარსებულ „ფილოსოფიის კრიტიკულ ჟურნალში“ აქვეყნებს სტატიებს, რომლებშიც ჩანს, რომ იგი აღარ იზიარებს ფ. შელინგის თვალსაზრისს, 1807 გამოცემულ „გონის ფენომენოლოგიაში“ კი უკვე აშკარად უპირისპირდება მას.

1807-1808 ჰეგელი „ბამბერგის გაზეთის“ რედაქტორი იყო, 1808-1816 ნიურნბერგის გიმნაზიას ედგა სათავეში. 1812 გამოაქვეყნა თავისი „ლოგიკის მეცნიერების“ I ტომი, 1816 — II ტომი. ამავე წელს იწყებს მოღვაწეობას ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ გამოდის მისი „ფილოსოფიურ მეცნიერებათა ენციკლოპედია“. 1818 ჰეგელი მიიწვიეს ბერლინის უნივერსიტეტში. 1820 გამოაქვეყნა „სამართლის ფილოსოფია“. 1829-1830 ჰეგელი იყო ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი.

ჰეგელის ფილოსოფია[რედაქტირება]

ჰეგელის ფილოსოფიით დასრულდა გერმანული კლასიკური ფილოსოფიის ის ღრმა ძიებები, რომლებიც დაიწყო ი. კანტმა და გააგრძელეს ი. ფიხტემ და ფ. შელინგმა. ი. კანტისა და ი. ფიხტეს ნააზრევში ჰეგელი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დებულებას იმის შესახებ, რომ აზროვნება შემოქმედებითია, აქტიურია, მაგრამ იგი არ ეთანხმება ამ კონცეფციებისათვის დამახასიათებელ სუბიექტივიზმს. ჰეგელისთვის აზროვნება, გონება, მხოლოდ სუბიექტის უნარი კი არ არის, არამედ სამყაროს საფუძველში მდებარე აბსოლუტია, ღმერთია. ი. კანტისა და ი. ფიხტეს სუბიექტივისტური თვალსაზრისით, გონიერება მხოლოდ ჯერარსია, ჰეგელისთვის კი გონება არ არის ისე უძლური, რომ მხოლოდ ჯერარსის სფეროთი იფარგლებოდეს, ის ღვთაებაა, აბსოლუტური ძლიერებაა და, მაშასადამე, სინამდვილის მქონეცაა. ფ. შელინგთან ერთად ჰეგელი ობიექტური იდეალიზმის პოზიციაზე დადგა, თუმცა თანდათან აშკარა გახდა, რომ ამ ორ მოაზროვნეს შორის მრავალი პრინციპული ხასიათის უთანხმოება არსებობდა. ჰეგელისთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ფ. შელინგის შეხედულება ფილოსოფიური მოძღვრების აგებასა და დასაბუთებაზე. მისი აზრით, ინტელექტუალური ინტუიცია იმ სახით, როგორც იგი ფ. შელინგის კონცეფციაში იყო, ვერ იქნება დასაბუთების იარაღი, რადგან ასეთი კონცეფცია თვითნებობასა და შემთხვევითობას აბატონებს ფილოსოფიაში. ჰეგელის შეხედულებით, ობიექტური იდეალიზმის მთავარი პრინციპი — დებულება ყოფიერებისა და აზროვნების იგივეობის შესახებ — ფ. შელინგის მიერ წინასწარ არის მიღებული მკაცრი დასაბუთების გარეშე.

მთელი წინამავალი ფილოსოფიური მემკვიდრეობის, უპრველეს ყოვლისა კი, ი. კანტის, ი. ფიხტესა და ფ. შელინგის დიალექტიკური ნააზრევის ათვისებისა და ღრმა გადამუშავების საფუძველზე ჰეგელმა შექმნა დიალექტიკური მეთოდი, რომელიც მისი აზრით, ფილოსოფიური დასაბუთების ერთადერთი საშუალებაა. ეს მეთოდი მასალად იყენებს ცნებებს: რადგან სამყაროს ძირი აზრია, ცნებაა, მისი წვდომის იარაღიც ცნება უნდა იყოს. ფილოსოფია, ჰეგელის აზრით, სწორედ ცნებათა სისტემაა, რომელიც ცნებათა განვითარების საფუძველზე აგვიწერს გონების, იდეის მიერ საკუთარი თავის რეალიზაციისა და შემეცნების პროცესს. ამ განვითარების ამოსავალია უმარტივესი, უღარიბესი, ყველაზე აბსრაქტული ცნება. დიალექტიკის თანახმად, სისტემა ამ თავდაპირველი ცნების განვითარებაა, მისი უშუალობის, დაუსაბუთებლობის, არასრულყოფილების მოხსნაა. ცნებათა განვითარება განპირიბებულია იმით, რომ ყოველი მათგანი უარყოფია მომენტის შემცვლელია. აზრი პირველი უმარტივესი ცნებიდან აუცილებლობით გადადის საპირისპირო ცნებაზე, თეზისიდან — ანტითეზისზე. ეს დაპირისპირება ცნებებს შორის არ სპობს მათ: აღმოჩნდება, რომ ურთიერთსაპირისპირო ცნებები არა მარტო უარყოფენ, არამედ მოითხოვენ კიდეც ერთმანეთს როგორც მესამე, უფრო მაღალი ცნების მომენტები. ეს მესამე საფეხური უარყოფის უარყოფაა, თეზისისა და ანტითეზისურ გაერთიანება-სინთეზის საფუძველზე. მისით მთავრდება ცნების მოძრაობის ერთი ციკლი და დასაბამი ეძლევა ახალ ციკლს. ახალი ცნებები დიალექტიკურად ხსნის ძველებს, ე. ი. უარყოფენ მათს პრეტენზიას უნივერსალურობაზე, ამავე დროს ინახავენ და ამაღლებენ მათ — მომენტის სახით შეჰყავთ ისინი საკუთარ შინაარსში. აზრის მოძრაობა ფილოსოფიურ სისტემაში საწყისი ცნების გამდიდრებაა, აბსტრაქტულიდან კონკრეტულისაკენ სვლაა, საწყისიდან მოშორებაა, მაგრამ ის, როგორც საფუძვლისაკენ სვლა, საწყისის დასაბუთებაა, ამ აზრით საწყისთან უკან დაბრუნებაცაა. საწყისი ცნება სისტემის ბოლოს წარმოდგება როგორც გამართლებული იმ აუცილებელი კავშირებით, რომლებიც მყარდება მასსა და ყველა სხვა ცნებას შორის. ფილოსოფიური სისტემა, ჰეგელის თვალსაზრისით, არის წრე, რომელშიც წინსვლა უკან დაბრუნებაა, ხოლო საწყისი ამავე დროს დასასრულიცაა.

გონის ფენომენოლოგია[რედაქტირება]

დიალექტიკური მეთოდის გამოყენების შესანიშნავი ნიმუში იყო „გონის ფენომენოლოგია“, რომელიც ჰეგელის თავდაპირველი განზრახვით ფილოსოფიური სისტემის პირველი ნაწილი უნდა ყოფილიყო. არსებითად ეს ნაშრომი შეკუმშული სახით შეიცავს ჰეგელის მიერ თითქმის ყველა უძირითადეს მომენტს, ამიტომ, როგორც კ. მარქსი აღნიშნავდა, იგი წარმოადგენს ჰეგელის ფილოსოფიურ ჭეშმარიტ წყაროსა და საიდუმლოს.

„გონის ფენომენოლოგია“ გვიხასიათებს მიმართებებს სუბიექტსა და ობიექტს, ცნობიერებასა და მის საგანს შორის. თავდაპირველად საგანი ევლინება აზრს როგორც უცხო, მისგან არსებითად განსხვავებული რამ. ცნობიერების დიალექტიკური განვითარების პროცესი ამ გაუცხოების მოხსნაა. ეს გზა იწყება ცნობიერების უმარტივესი ფორმით — „გრძნობადი უეჭველობით“, რომლის შინაგანი წინააღმდეგობების გამოაშკარავებით ცნობიერება გადადის სულ უფრო რთულ ფორმებზე. ინდივიდუალური ცნობიერების განვითარების ეტაპების ანალიზის შემდეგ ჰეგელი ახასიათებს კაცობრიობის ისტორიის ძირითად ეტაპებს და აბსოლუტურიგონის წინსვლის ძირითად საფეხურებს, ავლენს იმ ღრმა კავშირს, რომელიც არსებობს ინდივიდუალური ცნობიერებასა და კაცობრიობის ისტორიას შორის: ინდივიდი თავისი განვითარების პროვესში მოკლედ გადის იმ გზას, რომელიც კაცობრიობამ გაიარა.

ცნობიერების განვითარება, მისი მოძრაობა ცნობიერების უფრო რთული და სრულყოფილი ფორმებისაკენ ამავე დროს ამაღლებაა მოჩვენებითი, ბუნებრივი ცოდნიდან აბსოლუტურ ცოდნამდე — ფილოსოფიამდე. ცნობიერება საკუთარი შინაგანი წინააღმდეგობების დაძლევის გზით მაღლდება თვითცნობიერებამდე, ეს უკანასკნელი გომები საფეხურს აღწევს, გონება თავის საფუძველს გონში პოულობს. „გონის ფენომენოლოგიის“ ბოლო „აბსოლუტური ცოდნის“ საფეხურზე აღმოჩნდება, რომ ობიექტი, რომელიც აქამდე სუბიექტისათვის უცხო იყო, სინამდვილეში სუბიექტის იგივეობრივია: სუბიექტიცა და ობიექტიც აზროვნებაა, გონებაა.

ლოგიკა[რედაქტირება]

აზროვნებას მისი წმინდა სახით ლოგიკა სწავლობს. ყოფიერებისა და აზროვნების გაიგივების საფუძველზე ამ ფილოსოფიურ დისციპლინას ჰეგელის მოძღვრებაში საფუძველმდებელი მნიშვნელობა ენიჭება. რამდენადაც ყოფიერების გარკვეულობები ემთხვევა აზროვნების გარკვეულობებს, ლოგიკას ეკისრება ონტოლოგიის ფუნქციები. ლოგიკა იკავებს ტრადიციულ მეტაფიზიკურ ადგილს: ის იკვლევს სამყაროს ზეგრძნობად არსებას. რამდენადაც ეს საწყისი — უსასრულო გონება — იგივე ღმერთია, ლოგიკა ამავე დროს არის მოძღვრება ღვთის შესახებ, ე. ი. თეოლოგია: ის თავისი კატეგორიების საშუალებით წვდება ღვთის მარადიულ არსებას, ახასიათებს ღვთაებას მისი წმინდა — ბუნებისა და გონისაგან განყენებული სახით. ლოგიკის კატეგორიების დიალექტიკური განვითარება მარტივიდან რთულისაკენ სულ უფრო მაღალი ღირებულების გარკვეულობებზე გადასვლაცაა, ამიტომ ლოგიკა აქსიოლოგიაც არის.

ჰეგელის „ლოგიკის მეცნიერება“ მასალის სიმდიდრით, ანალიზის სიღრმითა და დასაბუთების თავისებურებით სრულიად განსაკუთრებული ფილოსოფიური გამოკვლევაა. ამ თხზულების სამივე ნაწილი — მოძღვრება არსზე, არსებასა და ცნებაზე — ფილოსოფიის კატეგორიების დიალექტიკური ბრწყინვალე მაგალითია. ჰეგელი შეეცადა კატეგორიათა გადასვლები ლოგიკის სფეროში დაეკავშირებინა ფილოსოფიური აზრის ისტორიის განვითარების პროცესთან: ლოგიკის კატეგორიები თავისებურად გამოხატავენ ისტორიულად არსებული ფილოსოსფიური სისტემის ძირითად პრინციპებს. კატეგორიების ლოგიკურ თანამიმდევრობაში ამ პრინციპთა თანამიმდევრობაა უკუფენილი. ამრიგად, ჰეგელის ფილოსოფიური ისტორია შეცდომათა გაგალერეა კი არ არის, არამედ აბსოლუტის შემეცნების პროცესია, რომელიც მოხსნილი სახითაა შენახული „ლოგიკის მეცნიერებაში“.

ლოგიკის კატეგორიათა სისტემა ყოფიერების, ყოველი არსებულის უზოგადესი სტრუქტურების დახასიათებას იძლევა. ამიტომ ლოგიკა, ჰაგელის თანახმად, ფილოსოფიური სისტემის პირველი ნაწილია. ლოგიკა შეიძლება წარმოვადგინოთ როგორც გეგმა, პროექტი, რომელიც ხორციელდება ბუნებისა და გონის სფეროებში.

ბუნების ფილოსოფია[რედაქტირება]

ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მეორე ნაწილი „ბუნების ფილოსოფია“ იკვლევს გონის რეალიზაციას არაორგანული და ორგანული ბუნების სფეროში. ბუნება ჰეგელისთვის ღვთის არასრულყოფილი, არაადეკვატური გამოვლენაა. გონება, ღმერთი თავისთავად არ არის ისეთი, როგორიც ჩანს ბუნებაში: ღმერთი თავისუფლებაა, ბუნებაში კი აუცილებლობასა და შემთხვევითობას ვხვდებით. ბუნება, ჰეგელის სიტყვებით, იდეის „სხვადყოფნაა“, „გაუცხოებაა“. ამ სფეროში იდეა თავის მიმართ გარეგნულია, თავად ბუნების საფეხურებიც ერთიმეორის მიმართ გარეგნული რჩება. მაგრამ ბუნების შინაგანი და დაფარული არსება იდეაა, ბუნებაში ვლინდება იდეის მისწრაფება თავისი თავის შემეცნებისაკენ, ამიტომ ბუნება ჰეგელის მიერ გაგებულია როგორც გარკვეული ტელეოლოგიური სისტემა, რომლის მიზანია გონი. ბუნების სფეროში იდეა გადის სამ ძირითად საფეხურს (მექანიკის, ფიზიკისა და ორგანიკის) და მაღლდება გონის საფეხურამდე. ამ წერტილიდან იწყება ტავისთავად ახალი სამყარო — გონის სამყარო, რომელსაც ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მესამე ნაწილი იკვლევს.

თუ „ბუნების ფილოსოფია“ იდეის „სხვაფყოფნას“ გაუცხოებას იკვლევდა, „გონის ფილოსოფია“ სწავლობს იმას, თუ როგორ უბრუნდება თავის თავს იდეა, როგორ იხსნება თანდათან გაუცხოების პროცესი. რადგან იდეის არსება თავისფლებაა, იდეის დაბრუნება თავის თავთან ჰეგელის მიერ გაგებულია როგორც თავისუფლების რეალიზაციის პროცესი. ეს რთული პროცესი, ჰეგელი აზრით, იწყება მაშინ, როდესაც ასპარეზზე გამოდის გონით დაჯილდოებული არსება — ადამიანი. თავისუფლება ხორცს ისხამს ადამიანში და ადამიანის მოქმედებით. სწორედ ამიტომ ადამიანი „გონის ფილოსოფიის“ ცენტრალური ფიგურაა. „გონის ფილოსოფიის“ პირველი ნაწილი „სუბიექტი გონი“ აღწერს თავისუფლების თანდათანობით რეალიზაციას ადამიანის „სუბიექტურობის“ ფარგლებში. ის გვიჩვენებს, თუ ადამიანი როგორ აღწევს თავს ბუნებრივი საწყისების ბატონობას და ხდება თავისი თავის უფალი. „გონის ფილოსოფიის“ ეს მონაკვეთი, რომელიც შეიცავს სამ ნაწილს „ანთროპოლოგიას“, „ფენომენოლოგიას“ და „ფსიქოლოგიას“ გვაძლევს უღრმეს ცოდნას ადამიანის არსებაზე, უნარზე, სტრუქტურაზე. „გონის ფილოსოფიის“ მეორე ნაწილი „ობოექტური გონი“ ეხება ადამიანის თავისუფალი ნების მოქმედებით შექმნილ სამყაროს, „გასაგნებულ“ გონს. ობიექტურ გონს არსებობის სრულიად თავისებური წესი აქვს, ის არც ფსიქიკურია და არც ფიზიკური. ეს სფერო ადამიანის მოღვაწეობის შედეგია, მაგრამ სინამდვილის ფორმის მქონეა და ინდივიდს უპირისპირდება როგორც საწვდომი, შესამეცნებელი. ობიექტური გონის ძირითადი სახეებია სამართალი, მორალი და ზნეობა.

ობიექტური გონის განვითარება დროში წარმოადგენს მსოფლიო ისტორიას, რომელიც ჰეგელს ესახება როგორც პროგრესი თავისუფლების გაცნობიერების გზაზე.

„გონის ფილოსოფიის“ ბოლო ნაწილი „აბსოლუტური გონი“ აღწერს იმ საფეხურებს, რომელიც მთავრდება თავისუფლების რეალიზაცია, იდეის დაბრუნება თავის თავთან, ე. ი. ღვთის თვითშემეცნებისა და თვითგანხორციელების პროცესი. ეს საფეხურებია ხელოვნება, რელიგია და ფილოსოფია. ფილოსოფიაა სწორედ ღვთაების შემეცნების ყველაზე ადეკვატური ფორმა. ამ სფეროში პოულობს ღმერთი თავისთავს, აქ იქცევა აზროვნება თავისივე საგნად. ფილოსოფიურ საფეხურზე განვითარება უნდა დასრულდეს; ამას მოითხოვდა ისეთი სისტემის აგების აუცილებლობა, რომელიც ღვთის აბსოლუტური ძლიერების პრინციპს ეყრდნობოდა. მარქსიზმის კლასიკოსებმა ჰეგელის ფილოსოფიის ერთ-ერთ ძირითად წინააღმდეგობად მიიჩნიეს სწორედ ეს დაპირისპირება დიალექტიკურ ძირითად ტენდეციასა და სისტემის მოთხოვნას შორის. ჰეგელის ფილოსოფიის კრიტიკული გადამუშავება მათ მიერ გულისხმობდა დიალექტიკის განთავისუფლებას იდეალიზმით განპირობებული შეუსაბამობებისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]