შინაარსზე გადასვლა

ჰანზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუბეკის ციხესემაგრე - „ჰანზის დედოფალი“
ჰანზის კავშირის მთავარი სავაჭრო გზები

ჰანზის კავშირი (ასევე ცნობილია როგორც უბრალოდ ჰანზა) (გერმ. Hanse, ძველ ქვ. გერმ. Hansa, სიტყვასიტყვით „ჯგუფი“, „კავშირი“, „ამხანაგობა“) — ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქების სავაჭრო კონფედერაცია XIV-XVI საუკუნეებში. ჰანზა ბალტიის ზღვაზე და ნაწილობრივ ჩრდილოეთის ზღვაზეც სავაჭრო მონოპოლიას აწესებდა და მართავდა. ასევე ჰანზის ქალაქებს ჰქონდათ საკუთარი კანონები და სამხედრო ძალა, რომელსაც კავშირის წევრები ერთმანეთის დასაცავად და დასახმარებლად იყენებდნენ.

ჰანზა იყო მემკვიდრე იყო გერმანელ ვაჭართა საზღვარგარეთული გაერთიანებისა. 1157 წელს ლონდონში დაარსდა კელნის ვაჭართა ჰანზა, რომელიც 1281-82 ჰამბურგისა და ლიუბეკის ჰანზებს შეუერთდა გერმანიის ჰანზის სახელწოდებით. კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა კუნძულ გოტლანდის ამხანაგობას (ცენტრი ვისბიუ). XIII საუკუნიდან ჰანზის სათავეში მოექცა გერმანული ქალაქები, რომლებიც ემყარებოდა გერმანული კოლონიზაციის წარმატებებს აღმოსავლეთ ევროპის სლავურ ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში და გერმანიის რაინდული ორდენების და სამხედრო ძლიერებას, ჰანზის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცენტრად იქცა ქალაქი ლიუბეკი. აქვე იმართებოდა ჰანზის ყრილობები. 1356-58 დასრულდა ჰანზის ჩამოყალიბება, მაგრამ კავშირი საბოლოოდ გაფორმდა 1367-70 წწ დანიის წინააღმდეგ ჰანზის ძლევამოსილი ომის შემდეგ. შტრალზუნდის ზავით 1370 ჰანზამ ფართო სავაჭრო პრივილეგიები მოიპოვა. თავისი აყვავების ხანაში (XIV საუკუნის მეორე ნახევარში და XV საუკუნის დამდეგი) ჰანზა აერთიანებდა ჩრდილოგერმანიისა და საზღვარგარეთის ასზე მეტ ქალაქს, მათ შორის ბალტიისპირეთის ქალაქებს: რეველს (ტალინი), დერპტს (ტარტუ), რიგას და სხვა. ჰანზა გაბატონებული იყო ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებზე, იგი მონოპოლიურ საშუამავლო ვაჭრობას აწარმოებდა ჩრდილო, დასავლეთ, აღმოსავლეთ და ნაწილობრივ ცენტრალური ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.

სავაჭრო ურთიერთობათა სისტემაში ჰანზის მთავარ საყრდენ პუნქტებს წარმოადგენდა მისი უცხოური კანტორები ევროპის ძირითადად მაწარმოებელ რეგიონებში — ბრიუგეში (ფლანდრია), ნოვგოროდში, ლონდონში, ბერგენში, (ნორვეგია), ვენეციაში და სხვა.

ჰანზის სამხედრო ძალები შედგებოდა ცალკეული ქალაქების ფლოტისა და ჯარებისაგან. ქალაქებში ხელისუფლება სავაჭრო პატრიციატის ხელში იყო. ჰანზა ხელს უწყობდა ევროპის დასავლეთსა და ცენტრში საფეიქრო და სამთამადნო მრეწველობის განვითარებას, მაგრამ ამავე დარგების განვითარებას აფერხებდა აღმოსავლეთ ევროპაში და ზღუდავდა ადგილობრივი ეროვნული ვაჭრობის საქმიანობას; ჰანზის ეკონომიკური და პოლიტიკური ძლიერება საგრძნობლად შეირყა XV საუკუნეში, ამას მრავალი მიზეზი ჰქონდა: ინგლისელ და ჰოლანდიელ ვაჭართა კონკურენცია, რომელთაც ზურგს უმაგრებდა ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო ხელისუფლება, მეტოქეობა ჩრდილოეთ და სამხრეთ გერმანიის ქალაქებს შორის, კონფლიქტები ჩრდილოეთ გერმანულ სამთავროებთან და სხვა. XVI საუკუნეში დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა არსებითი ცვლილებები გამოიწვია ვაჭრობის მსოფლიო სტრუქტურაში და ჰანზამ საბოლოოდ დაკარგა თავისი ჯერ ეკონომიკური, მერე კი პოლიტიკური მნიშვნელობა.

ჰანზის ბოლო ყრილობაზე 1669 წელს მხოლოდ ექვსი ქალაქი მონაწილეობდა.

ჰანზას ყოფილი ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]