ანტონია პორტუგალიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტონია პორტუგალიელი
წოდებები
ჰოენცოლერნის მთავარი
პორტუგალიის ინფანტა
დაიბადა 17 თებერვალი, 1845
ლისაბონი, პორტუგალია
გარდაიცვალა 27 დეკემბერი, 1913, (68 წლის)
ზიგმარიგენი, გერმანია
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) ლეოპოლდი, ჰოენცოლერნის მთავარი
შვილ(ებ)ი სამი ვაჟი
მამა ფერნანდუ II, პორტუგალიის მეფე
დედა მარია II, პორტუგალიის დედოფალი
რელიგია კათოლიციზმი

ანტონია პორტუგალიელი (პორტ. Antónia de Portugal, გერმ. Antonia von Portugal; დ. 17 თებერვალი, 1845 — გ. 27 დეკემბერი, 1913) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის დედოფალ მარია II-ისა და მისი მეორე მეუღლის, მეფე ფერნანდუ II-ის უმცროსი ქალიშვილი. მთავარ ლეოპოლდ ჰოენცოლერნელის მეუღლე. რუმინეთის მეფე ფერდინანდ I-ის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონია დაიბადა 1845 წლის 17 თებერვალს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის დედოფალ მარია II-ისა და მისი მეორე მეუღლისა და თანამმართველის, მეფე ფერნანდუ II-ის უმცროსი ქალიშვილი. დედის მხრიდან იგი იყო ბრაზილიის იმპერატორ პედრუ I-ის შვილიშვილი, პედრუ II-ის მამიდაშვილი და ავსტრიის იმპერატორ ფრანც II-ისა და ესპანეთის მეფე კარლ IV-ის შვილთაშვილი. მისი ორი ძმა, პედრუ V და ლუიშ I შემდგომში პორტუგალიის მეფეები გახდნენ, ხოლო ლუიშის ხაზით ანტონია პორტუგალიის მეფე კარლუშ I-ს მამიდად ერგება.

1861 წლის 12 სექტემბერს ანტონია დაქორწინდა ჰოენცოლერნის მთავარ ლეოპოლდზე, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი:

  1. ვილჰელმი (1864-1927), ჰოენცოლერნის მთავარი 1905-1922 წლებში, პირველად იქორწინა მარია ტერეზა დე ბურბონ-სიცილიელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ადელგუნდა ბავარიელზე;
  2. ფერდინანდი (1865-1927), რუმინეთის მეფე 1914-1927 წლებში, ცოლად შეირთო დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი მერი ედინბურგელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის რუმინეთის მეფე კაროლ II, საბერძნეთის დედოფალი ელიზაბეთ რუმინელი და იუგოსლავიის დედოფალი მარია რუმინელი;
  3. კარლ ანტონი (1868-1919), ცოლად შეირთო პრინცესა ჟოზეფინა კაროლინა ბელგიელი, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი;

1905 წელს ანტონია დაქვრივდა, თუმცა მეორედ აღარ გათხოვილა. გარდა საკუთარისა, იგი ასევე ზრუნავდა თავისი ნაადრევად გარდაცვლილი დის, მარია ანას მცირეწლოვან შვილებზეც. იგი გარდაიცვალა 1913 წლის 27 დეკემბერს, 68 წლის ასაკში, ზიგმარიგენში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]