დალი (მითოლოგია)
დალი | |
---|---|
მითოლოგია: | ქართული მითოლოგია |
სქესი: | მდედრობითი |
რეგიონი: | კავკასია |
წარმოშობის ქვეყანა: | საქართველო |
შვილები: | ამირანი |
ატრიბუტები: | ირემი, ტყის ბინადრები |
დალი — ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ნადირთ პატრონი, მიეწერებოდა „წმინდა“ ნადირთა (ჯიხვი, არჩვი, ირემი) მფარველობის ფუნქცია.
დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.
დალი სვანურად წარმოითქმის როგორც დალ— კლდის ტურფა ქალი, ნადირთა და მთაში ასულ მონადირეთა ბედის გამგებელი. ემორჩილება ჯიხვი, შუნი, არჩვი, ირემი, მათი მცველი და გამჩუქებელია.
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დალი უძველესი ქალღმერთია. შესაძლოა, მისი წინაპარი იყო შუმერთა დილბადი. აქვს შეხვედრები გერმანულ და სხვა ქვეყნის მითოლოგიასთან. პირველად ოჯახის კეთილი ქალღმერთი უნდა ყოფილიყო, შემდეგ მაცდურის, ავსულის, ჯადოქრის თვისებები მიიღო. მისი სახელი ცოცხალია ქართულ ფოლკლორში, უფრო სვანურში („ბეთქილი“, „დალა კოჯას ხელღვაჟალე“ და სხვა). სვანის ცხოვრება იმდენად იყო დაკავშირებული ჯიხვზე და არჩვზე ნადირობასთან, რომ ნადირთა ღმერთი და ქალღმერთიც შეუქმნია.
დალის სახელი ძრწოლვითა და პატივისცემით წარმოითქმის. მის საბრძანებელია უხვაანი, ლალცხატი — სალი კლდეები.
ერთი ამბავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დალები საშინლად სცემენ, ამოწყვეტენ კიდეც იმას, ვისაც გადაეკიდებიან, ვინც უღალატებს, მაგრამ ვისაც სწყალობენ, სასურველ ნადირს ახვედრებენ თუნდაც ყანაში. სვანები ასახელებენ პირებს, რომელთაც დალი სწყალობდა: სუმაშერების ისმას, დისელ ლევანს, ნუაშერების ნუას, სიხაოშერების მაკუს... ამ უკანასკნელს ხალხში გამოუჩენია დალის ნაჩუქარი რიდე, მაშინვე სანადიროდ წასვლის სურვილს მოუცავს, ორი მონადირის თანხლებით საჯიხვეები მოუნახულებია, ზვავს გადაუტანია, მხლებელნი გადარჩენილან. ზვავს გადაუტანია საძებნელად წასული 12 ვაჟკაციც. მეორე მონადირის, ნუას შვილს მამის სკივრი გაუღია, დალის ნაჩუქარი უნახავს, შინ დაბრუნებული ნუა ლოგინად ჩავარდნილა და ვეღარც ამდგარა. სიკვდილის წინ ყველა გარეთ გაუსტუმრებია. წყნარი მოთქმის ხმაზე ბიჭებს სარკმელში შეუჭყეტიათ და უნახავთ დალები მომაკვდავს რომ დასტიროდნენ და აცვამდნენ. სარკმელზე მტრედი მჯდარა, მთელი დღე გულსაკლავად ღუღუნებდაო, ხოლო ნუას ხელი, რასაც დალი გულში იკრავდა, ვეღარ გაუსწორებიათ (ბიჭებმა რომ ნახეს, დალები უეცრად გამქრალან).
სვანების დამოკიდებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დალისა და აფსათის სვანეთში თითქმის ისევე მტკიცეა, როგორც წმინდა გიორგის - ჯგირაგისა. სვანი მოხუცები მრავალ ცნობილ და უცნობ მითს ჰყვებიან დალზე. „დევებს თუ იცნობს“?-ეკითხებით. „აჰ, არა! დევის ცნობას დალი როგორ იკადრებს. დალი სხვაა, დევი სხვაა. ნადირების მშვენიერ ქალბატონი წმინდა ჭიუხებზეა, ბანჯგვლიანი დევი - ბნელ გამოქვაბულში“. მცდარია ო. სპენსერის აზრი, რომ დალი სვანთა ერთადერთი ღვთაებაა.
მონადირეთა აზრით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დალი ფრიად ხორციელი, ვნებიანი ქალღმერთია, მოსიყვარულე დედა; ხიბლავს გამოჩენილ მონადირეებს, სიყვარულის ქსელში ახვევს და წყალობას არ აკლებს, მაგრამ თუ უღალატა, გასცა და გაამხილა ვინმემ, არ დაინდობს, ზვავს გაატანს ან კლდეზე გადაჩეხავს (ბეთქილი). დალის სიყვარული ნადირობაში წარმატების საწინდარია. კარგ მონადირეზე იტყვიან: „დალი ჰყავსო“.
სვანური გადმოცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სვანურ მითებში, თქმულებებში, სიმღერებში ცოცხლობს არა ერთი, არამედ, რამდენიმე დალ (დალარ, მრ.). უფრო კი კენტად ზის კლდის ქიმზე, ლორელაის მსგავსად, ოქროს სავარცხლით ივარცხნის თავთუხისფერ თმას და მღერის ან ჩივის: შვილი გონგოფ-მგელმა მომტაცაო. მამაცი მონადირე გამოივლის, ესმის მოთქმა, მგელს დაედევნება, მოკლავს, დალ ოქროს ნაწნავებს გადმოუშვებს, შვილს აიყვანს, მერე მონადირეს დაიახლოვებს; როგორც ვნებიანი ქალღმერთი დალ ნიმფებსა და აფროდიტეს მოგვაგონებს. დალისა და დარჯელანის შვილია ქართველთა ეროვნული გმირი ამირანი.
მითი: სოფლის თავში ფრიალო კლდიდან ყოველდღე ქალის შემზარავი კივილი მოისმოდა (სიყვარულის ტკივილი). ამის გამგონე მაკე ძროხას ხბო არ შერჩებოდა, ცხენს კვიცი. მიწა იძვროდა. სოფელი შეწუხდა. მამაცმა დარჯელანმა იკისრა მწვერვალზე ასვლა, რომ სოფელი ეხსნა. მჭედელს სამი რკინის პალო გამოაჭედვინა, კლდეზე საფეხურები გაიკეთა, ავიდა. გამოქვაბულში დალ ნახა, ერთი ნახვით შეუყვარდა, დალიც დანებდა. მონადირემ კლდეზე ცოცვას მოუხშირა. ეჭვიანი ცოლი აედევნა, მძინარე ქმარსა და დალს თავზე წაადგა. დალს ოქროს ნაწნავებო ოქროს მაკრატლით შეაჭრა და მიატოვა. შეჭირვებულმა დალმა დარჯელნას უთხრა: ჩემი აღსასრული დადგა, მუცელი გამიჭერი, ბავშვი ამოიყვანე, კუროს ტყავში გაახვიე და სამი გზის შესაყარზე დააგდეო. მონადირემ ყველაფერი შეასრულა. გამოიარა სამმა წმინდა კაცმა, ბავშვი დალოცეს. მიხვდნენ რომ დალის ვაჟი იყო და ამირანი (მირიმი) უწოდეს, გასაზრდელად კი ისევ დარჯელანს გადასცეს. (შეადარეთ ყრმა ჰერაკლეს დაგდება დედისაგან გზაში, ათენას და ჰერას გამოვლა და შეცნობა იმისა, რომ ბავშვი ღვათაებრივია).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 350.
- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 67, ISBN 978-99940-27-10-1.