შინაარსზე გადასვლა

ელიაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელიაობა — ამინდის ღვთაების, ელიას სახელობის დღესასწაული. ქრისტიანული კალენდრით წმ. ელიას (ილიას) დღესასწაული იმართებოდა 2 აგვისტო[ძვ. სტ. 20 ივლისი]. გარდა საეკლესიო, ოფიციალური დღესასწაულისა, არსებობდა ელიაობის ხალხური ვარიანტები, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად მართავდნენ.

ელიაობას მესხეთში საყდარში იხდიდნენ, ასევე სცოდნიათ იმერეთში, სადაც საყდრის გარშემო კაცები ორსართულიან ფერხულს მართავდნენ, ქალები კი — ერთრიგიანს და „ოკრიალეს“ გაიძახოდნენ. კახეთში ელიაობას მართავდნენ ელიას მთაზე, წითელი წყაროს მახლობლად. სამეგრელოში წირვიდან დაბრუნებული ოჯახის უფროსი მარანში საჭმელ-სასმელით დატვირთულ ტაბლას შეიტანდა, სანთლებს აანთებდა და ქარისა და ავდრის არიდებას შესთხოვდა ღვთაებას. ელიასავე სახელზე უნდა ყოფილიყო ტაროსის დღეობა კოხინჯრობა (მეგრული „კოხობაში ოხვამერი“), რომელსაც 7-9 მაისს იხდიდნენ. ელიას თაყვანისცემა ხშირად ემთხვევოდა ლაზარობის — გვალვისა და დელგმის რიტუალებს, რომელიც სრულდებოდა არა კონკრეტულად დანიშნულ დღეს, არამედ ყოველთვის, როდესაც გვალვა ან დელეგმა შეაწუხებდა ხალხს. ამ რიტუალებში ელია და ლაზარე ხშირად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.