თერგვაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თერგვაული, თერგაულიღვთისშვილი, „თეთრი მთის ქორი“, კისტნელი (პირიქითა ხევსურეთი) ჰეროსი, ერთ-ერთი უძველესი მითოსური სახე (ხატი, ღვთის ნასახი) ფშავ-ხევსურულ მითოლოგიაში, მყინვარწვერთან ზედწოდებით დაკავშირებული გმირი, ქართული თეოგონიის გამოკვეთილი სახე, ღმერთ მორიგეს ნასახი (გაჩენილი), კოპალას და ბაადურის თანამებრძოლი, დევთა და ქაჯთა მტერი.

უფრო ცნობილია მითი თერგვაულის და ქაჯების ბრძოლისა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს.

როცა კოპალა ქაჯთა მეფემ ბუქრამ ზღვის მორევში შეიტყუა და დაატყვევა, ერთი წლის თავზე მორიგემ ღვთისშვილებს უბრძანა, კოპალა გამოიხსენითო. თერგვაულმა ღვთის კარი (ციური სასახლე) მიატოვა, ქაჯეთს გაეშურა, ქაჯთა ბაზარზე ნახა ერთი ღვთის ნასახი, ქაჯებს დაეჭირათ და სახედარივით ზედ ასხდებოდნენ. თერგვაული იცნეს. დაესია ქაჯთა ლაშქარი უფლისშვილს, „თეთრსა მთის ქორსა თერგვაულსა“. ერთი თანამებრძოლი ახლდა, კალთაში ებღაუჭებოდა, ქაჯები დამიჭერენო, შველას ითხოვდა. თერგვაულმა საგმირო იარაღი კაბის კალთაში დამალა, შავი ბადე გადაიცვა, ალბათ უჩინარის ჯადოსნური მოსასხამი. ქაჯებმა თავიანთ ხელმწიფეს ბუქრას აუწყეს, ღვთისშვილი მოსულა, შავი ბადე გადაუცვამს ვერას გავხდითო. წამოშავდა ბუმბერაზი ბუქრა, მთის ოდენა იყო ქაჯთა მეუფე, ცხრა თავი ება, თითო თავზე თითო თვალი ება ცხრასახიანს. საშინელი მყვირალა იყო, ხმიანობდა და მის ხმიანობაზე ზღვა ირყეოდა. ცხრა სახე დაეცქვიტა, მკლავებს აქნევდა. თერგვაულმა მის მოახლოებაზე ჰაერში ოქროქსოვილი გაშალა, გააჩერა, ზედ შედგა, ასლიტრიანი იარაღი გააშიშვლა, ცეცხლოვანი ისრები სტყორცნა ქაჯებს, სივრცეს ცეცხლი გაუჩინა. შედრკა ბუქრაი, ცხრავე თვალით ატირდა („მანანი დაყარა“). ვერ გაუძლო ცეცხლსა და ცის ქუხილს. ქაჯები შავ მორევს მიაწყდნენ. ბუქრამ ღვთისშვილს მუხლი მოუყარა. ნაპირზე დახვავებული მარგალიტი ახვეტა გმირმა, კალთით წამოიღო, ღვთის კარზე მიართვა მორიგეს, უზენაეს ღმერთს. კოპალაც გამოიყვანა, ქაჯთა მორევში ნატყვევნია.[1]

დარგის სპეციალისტები სწორად მიიჩნევენ თერგვაულის სახელის ეტიმოლოგიური ძირის ძიებას უძველეს ქართულ ონომასტიკაში: თარგამოსი ქართველთა მითური წინაპარია და თერგი — ჩვენი მდინარე. თერგვაული — თერგიული — თერგი — თარგამოსი უდავოდ სარწმუნო ეტომოლოგია უნდა იყოს, დაკავშირებული ქართულ თეოგონიასთანა.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი — გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1983.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 204-205
  2. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, გვ. 205