ბოსლობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბოსლობა (სვან. ბოსლობ, ბემღუ, ლიღმესარი) — ნაყოფიერების და გამრავლების ღვთება ბოსელის კულტთან დაკავშირებული მოძრავი ხალხური დღეობა (იხდიდნენ იანვარსა ან თებერვალში) დასავლეთ საქართველოში. ძველად საქართველოს ყველა კუთხეში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. საბოსლო წეს-ჩვეულებათა შესრულების მიზანი იყო საქონლის და შინაური ფრინველის გამრავლება-სისაღე, მარცვლეულისა და ღვინის მოსავლის გადიდება, ყანა-ვენახების დაცვა უამინდობისა და სოფლის მეურნეობის მავნებელთაგან. ბოსლობის მთავარი აქტი სრულდებოდა ბოსელში.

ქვემო რაჭაში სადღესასწაულოდ მეტწილად სამ ლობიოსგულიან „განატეხს“ (სარიტუალო პური) აცხობდნენ: ერთს ძროხებისათვის, მეორეს ხარებისათვის და მესამეს „ვენახის მისალოცავად“. გამოცხობის წინ „ძრობის განატეხზე“ დააწებებდნენ ცომისაგან გაკეთებულ „ჯიქანს“, ხოლო „ხარის განატეხზე“ — სახვნელისა და უღლის გამოსახულებას. ვენახის მისალოცავ „განატეხს“ მტევნებიანი ვაზის ფორმა ჰქონდა. შეღამებისას „ძროხის“ და „ხარის“ განატეხები, ერთი ხელადა ღვინო და ანთებული სანთელი ბოსელში შეჰქონდატ, სადაც ოჯახის უფროსი ხარსა და ძროხას შუბლზე სანთლით თმას შეუტრუსავდა, ტანზე კვერცხს გადაუსვამდა. ბოსელში მყოფთაგან ყველა ჭიქა ღვინოს შესვამდა და საქონელს დალოცავდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]