არმაზი (ღვთაება)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არმაზი.
არმაზის კერპი

არმაზიიბერიის სამეფოს უზენაესი წარმართული ღვთაება.

ვიკიციტატა
„ღმერთი ღმერთთა არმაზ..., ...ღმერთნი დიდნი, სოფლის მპყრობელნი, მზისა მომფენელნი, წჳიმისა მომცემელნი და ქუეყნისა ნაშობთა გამომზრდელნი...[1]

არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. III ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი ღვთაებისთვის ფარნავაზს საკუთარი სახელის მიხედვით შეურქმევია, რადგან მას „სპარსულად არმაზ ერქუა“ და პატივისცემა და სამსახური დაუწესებია ახლად აღმართული კერპისათვის. მეცნიერთა ერთი ნაწილი მას აჰურა მაზდასთან – სპარსულ უზენაეს ღვთაებასთან აკავშირებს, სხვები კი ხეთურ მთვარის ღვთაების სახელ „არმას“-თან. არმაზის სახელს აჰურამაზდასთან აკავშირებდა ივანე ჯავახიშვილი და წერდა: „არმაზის შესახებ ცნობებს რომ სპარსულ აჰურამაზდასთან სახელის მეტი საერთო არაფერი აქვს, ეს უცილობელია“[2]. და იქვე, „მაზდეანობა რომ ერთ ხანს საქართველოშიც გავრცელებული იყო და მაშასადამე, აჰურამაზდა-არმაზის თაყვანისცემაც უნდა ყოფილიყო ჩვენს ქვეყანაში – ეს ცხადია“.

წმიდა ნინო მაშინდელ ქართველებს ასე ახასიათებს: „ვხედევდით, ცეცხლის მსახურსა მას ერსა და მოგვებსა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდიო“.

დღესასწაულის დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმაზობა შესაძლოა ყოფილიყო, როგორც უძრავი ისე მოძრავი დღესასწაული. მატეანე არმაზობის დღეს არ ასახელებს, მოხსენიებულია მხოლდ არმაზის ბოლო დღესასწაულის დღე 19(6) აგვისტო.

მსხვერპლშეწირვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ ბატონიშვილი გამორიცხავს არმაზის კერპისადმი ადამიანების შეწირვის ფაქტს.

ვიკიციტატა
„კვალად ესეცა წერილ არს, ვითარმედ დაუკვლიდესო, რეცა მსხვერპლად კერპთა ქართლოსიანნი ძეთა და ასულთა თვისთა, ესეცა არა არს ჭეშმარიტ, ვინაიდგან უძველესნი ერნი ქართლოსიანთა არათუ ძეთა და ასულთა დაუკვლიდეს, არამედ პირველსა ჟამსა მხოლოდ შესაწირავი მათი იყო კერპთა მიმართ მფრინველთაგან წმინდათა, გარდა ქათმისა, ხილნი ფერად ფერადნი ახალნი და ძველნი, თაფლნი ახალნი გარდაუმდნარნი გოლეულთა, გამტკიცულნი პურნი შოთად გამომცხვარნი ფრიად წმიდათაგან იფქლთა, რომელსაცა სახელის-დება მისვე არმაზ ღუთად საგონებელსა აქვნდა. შოთთა არს არმაზ ღმერთისა სახელი, ხოლო შოთი პურისა მისდამი შეწირულისა: რეცა, იგი არს სახე მკლავისა კაცისა, რომელსაცა მოცემისათვის მკლავისა ძლიერებისა და ხრმლისა მკვეთელობისათვის შესწირვიდეს ღმერთთა. შესწირვიდეს ღვინოსა ახალსაცა და ძველსა, აღუნთებდეს სანთელთა დიდ-დიდთა შთამოსხმულთა ცვილთაგან, უკმევდეს წმიდათა და ფრიად სურნელთა საკმეველთა და შეამკობდეს ფერად-ფერადითა ყვავილებითა, ძროხათა და საცხოვართა არა დაუკვლიდეს პირველ; არამედ შემდგომად.“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა“, გვ. 56-57)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მსოფლიოს ხალხთა რელიგიები და სარწმუნოებრივი წარმოდგენები, თბ., 2005

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლეონტი მროველი, ნინოს მიერ ქართლის მოქცევა, წგნ.:ქართლის ცხოვრება, ტ.1, 1955, გვ. 106
  2. ივ. ჯავახიშვილი, I, 1979, გვ. გვ. 145