ალფონსო VI (კასტილია)
ალფონსო VI (ესპ. Alfonso VI) (1040 - 1 ივლისი 1109) — კასტილიის მეფე 1072-1109 წლებში. ფერდინანდ I-სა და სტანცია ლეონელის ვაჟი. იქორწინა აგნესა აკვიტანელზე, აკვიტანიის ჰერცოგ ვილჰელმ VI-ის ასულზე, 1081 წელს კონსტანცია ბურგუნდიელზე, ბურგუნდიუს ჰერცოგ რობერ I-ის ასულზე, რომელიც გარდაიცვალა 1092 წელს, და ზაიდაზე, სევილიის ემირის ასულზე.
მამის გარდაცვალების შემდეგ, ალფონსომ მემკვიდრეობით მიიღო ლეონი და ასტურია. 1067 წელს დაიწყო ომი მასსა და მის უფროსი ძმის სანჩო II-ს შორის; ამ უკანასკნელმა იგი ორჯერ დაამარცხა ლიანტანდეს ბრძოლაში და გალპეხარის ბრძოლაში. მეორე ბრძოლის შედეგად ალფონსო ტყვედ ჩავარდა და ძმამ იგი ერთ-ერთ ციხესიმაგრეში ჩაკეტა. ალფონსომ გაქცევა მოახერხა და თავი ტოლედოს ემის შეაფარა. 1072 წელს სანჩოს გარდაცვალების შემდეგ, ალფონსომ ჩუმად დატოვა ტოლედო და გამოცხადდა კასტილიის მეფედ. უმცროსი ძმა, გარსია, რომელიც გალისიის მეფე იყო, მან მოტყუებით შეიპყრო და მის სიკვდილამდე დამწყვრეული ჰყავდა. ამრიგად ალფონსომ ხელში ჩაიგდო მამის მთელი სამეფო: კასტილია, ლეონი და გალისია.
ალფონსომ ისარგებლა იმით, რომ სევილიის ემირი ალ-მუტამიდი გარსიას ეხმარებოდა, და ომი გამოუცხადა მას. ემირმა ქრისტიანთა შემოსევა თავიდან დიდი ხარკის გადახდით აიცილა. 1082 წელს ალფონსომ მუსულმანებს ბრალი დასდო ხარკის დაგვიანებაში და ალყა შემოარტყა სევილიას, რომელიც 3 დღე გაგრძელდა. ცოტა ხნის შემდეგ ტოლედოელებმა ქალაქიდან გააგდეს ემირი ალ-კადირი. 1084 წელს ალფონსომ მას დაუბუნა ტოლედო, რის სანაცვლოდაც გაუზარდა ხარკი და რამდენიმე ციხესიმაგრე მოსთხოვა. შემდეგ წელს ალფონსო დიდძალი ლაშქრით ტოლედოს მიადგა. ხანმოკლე ალყის შემდეგ აკ-კადირი დანებდა. 1085 წლის 25 მარტს ალფონსო საზეიმოდ შევიდა ვესტგუთების ძველ დედაქალაქში.
ალფონსოს წარმატებებით შეშინებულმა ემირებმა დახმარება სთხოვეს აფრიკელი ალმორავიდების მეთაურს იუსუფს. 1086 წლის ოქტომბერში, სილაკასთან ბრძოლაში, მან სასტიკად დაამარცხა ალფონსო. ქრისტიანებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ. 1090 წელს ალმორავიდებმა კასტილიელები აიძულეს დაეტოვებინათ ტოლედო. 1108 წელს იუსუფის ვაჟმა ალიმ დაამარცხა კასტილიელები უკლესის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში დაიღუპა სანჩო, ალფონსოს ერთადერთი ვაჟი. ამ დანაკარგმა ისე იმოქმედა მეფეზე, რომ იგი ავად გახდა და მალე გარდაიცვალა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X
|
|