ალმორავიდები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალმორავიდების სახელმწიფო 1120 წელს.

ალმორავიდებიბერბერულ-მუსლიმანური სექტის, მასთან დაკავშირებული მავრულ-ესპანური დინასტიისა და ფეოდალური სახელმწიფოს სახელწოდება 1040–1147 წლებში. სექტის ფუძემდებელმა აბდ ალ-ლაჰ იბნ იასინმა (გ. 1059) ახლანდელი მავრიტანიის ტერიტორიაზე ააგო სავანე რიბატი, საიდანაც წარმოსდგა სახელწოდება „ალ-მურაბიტუნ“ – „რიბატში მყოფნი“, რომელიც ესპანურად გამოითქმის, როგორც „ალმორავიდეს.“

სექტის წევრებისათის სავალდებულო იყო უბიწო ცხოვრება და სამხედრო საქმის ცოდნა „ისლამის მტრებთან“ საბრძოლველად. XI საუკუნის შუახანებისათვის ალმორავიდებმა დაიმორჩილეს სამხრეთი მაროკო და განაგრძეს დაპყრობები, რომელთაც თან სდევდა „ურწმუნოთა“ და „განდგომილთა“ შემუსვრა. დაბალი ფენების მისამხრობად ისინი ილაშქრებდნენ „უკანონო გადასახადების“ წინააღმდეგ. აბდ ალ-ლაჰ იბნ იასინის მოწაფისა და მიმდევრის იუსუფ იბნ ტაშფინის მბრძანებლობის დროს (1061-1106 წწ.) საფუძველი ჩაეყარა ალმორავიდების დინასტიას. 1062 წელს იუსუფმა დააარსა ქალაქი მარაქეში და სატახტო ქალაქად აქცია. 1085 წელს რეკონკისტითა და კასტილიის მეფე ალფონსო VI-ის მიერ ტოლედოს აღებით დაშინებულმა ესპანეთის მუსლიმანმა გამგებლებმა იუსუფს დახმარება სთხოვეს. იუსუფი ფანატიკოს ბერბერთა არმიით ესპანეთში გადავიდა და 1086 წელს მოიპოვა გამარჯვება სალაკის ბრძოლაში, ხოლო 1090 წლისთვის დაიმორჩილა მთელი მუსლიმანური ესპანეთი. ამ დროისათვის ალმორავიდების სახელმწიფოში შედიოდა მაროკო, დასავლეთი ალჟირი, მთელი მუსლიმანური ესპანეთი და ბალეარის კუნძულები.

იუსუფ იბნ ტაშფინის მემკვიდრეთა განმგებლობის დროს სახელმწიფოში გაძლიერდა ჯარისა და მმართველთა თვითნებობა. გლეხობას და მოქალაქეებს მძიმე გადასახადი დააწვა ტვირთად. გამწვავდა რელიგიური შეუწყნარებლობა. მალიქიზმის მიმდევრები დევნიდნენ საერო კულტურას, მეცნიერებას, საჯაროდ წვავდნენ წიგნებს. ეს ყველაფერი საყოველთაო უკმაყოფილებას იწვევდა, რამაც ბოლოსდაბოლოს საგრძნობლად დაასუსტა ალმორავიდების სახელმწიფო. ალმორავიდებმა ვეღარ შეძლეს წინააღმდეგობა გაეწიათ ალმოჰადებისათვის, რომელთაც 1146 წელს მარაქეში აიღეს და 1147 წელს საბოლოოდ დაამხეს ალმორავიდების ხელისუფლება.

ალმორავიდების ემირები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]