აბრეშუმის დიდი გზა
აბრეშუმის დიდი გზა: ჩანანი-ტიან-შანის კორიდორი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
აბრეშუმის დიდი გზა ძვ. წ. I საუკუნეში | |
ქვეყანა | ჩინეთი ყაზახეთი ყირგიზეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | ii, iii, v, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია და ოკეანეთი |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2014 (38-ე სესია) |
ნომერი | 1442 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1442 ინგლ. • რუს. • ფრ. |
აბრეშუმის დიდი გზა (ჩინ.: 絲綢之路; გამარტ. ჩინ. 丝绸之路; სპარს. راه ابریشم; თურქ. İpekyolu; ყირგ. Жибек жолу) — ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა.
ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა - პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით - ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიანსა და რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა.
აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის ექსპორტი რომში (შემდეგ ბიზანტიაში) ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების - პართიისა და მოგვიანებით სასანიანთა ირანის - შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინური აბრეშუმის შეტანა რომს ყოველწლიურად 100 ათასი სესტერციუსი უჯდებოდა. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე ოქრო. აბრეშუმის დიდი გზის იმ მონაკვეთისათვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და ბიზანტიას საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ პართიასთან, შემდეგ სასანიანთა ირანთან (აღსანიშნავია, რომ აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტები პართიაში სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა). VII-IX საუკუნებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას არაბთა სახალიფო უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა დაამყარეს მონოპოლია. აბრეშუმის დიდი გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით.
აბრეშუმის დიდმა გზამ ხელი შეუწყო ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობის განვითარებას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. ამ გზით შევიდა ჩინეთში მინა, ფუფუნების საგნები, გავრცელდა ზოგიერთი კულტურული მცენარე, არაბული ცხენი და სხვა, შეაღწია აგრეთვე რელიგიურმა და ფილოსოფიურმა მოძღვრებებმა (ბუდიზმი, მანიქეველობა, იუდაიზმი, ისლამი, ნესტორიანელობა).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჩოჩიევი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 34-35.
|
|