შინაარსზე გადასვლა

ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიერკავკასიის ძველი სავაჭრო-სატრანზიტო გზები — ისტორიული სახმელეთო, საზღვაო და სამდინარო სავაჭრო გზები ამიერკავკასიაში, საერთაშორისო სავაჭრო გზათა სისტემის შემადგენელი ნაწილი.

ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში კავკასიის მეშვეობით ხორციელდებოდა ტომთაშორისი კავშირები, ტექნოლოგიური და კულტურული მიღწევების გაზიარება ძველ აღმოსავლეთსა და ვვროპაში მცხოვრებ ხალხებს შორის, მაგრამ ამ ურთიერთობებს ჰქონდა არარეგულარული ხასიათი. ბერძნული კოლონიზაციის ხანაში კოლხეთში შავი ზღვის ნაპირებზე სავაჭრო ფაქტორიების დაარსებამ ხელი შეუწყო დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნების სავაჭრო კონტაქტებს ამიეკავკასიის გზით. ძვ. წ. VI საუკუნის შუა ხანებიდან ბერძნული იმპორტი რიონ-ყვირილას სამდინარო გზით კოლხეთის სამეფოს შიდა რაიონებს და აღმოსავლეთ საქართველოსაც აღწევდა. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში ამიერკავკასიის ტერიტორიაზე ისახებოდა სავაჭრო-სატრანზიტო გზების ცალკეული მონაკვეთები, რომლებიც მიემართებოდნენ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისკენ, იქიდან კი მცირე აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისკენ. ძვ. წ. V-IV საუკუნეებში შავიზღვისპირეთთან ვაჭრობაში წამყვანი ადგილი დაიკავა ათენმა. ამ დროის ბერძნული ნაწარმი აღმოჩენილია რიონ-ყვირილას თითქმის მთელ მაგისტრალზე (ფასისი, ვანი, დაბლაგომი, ქუთაისი, საჩხერე, ითხვისი).

ძვ. წ. IV-III საუკუნეებში ვაჭრობამ ფართო საერთაშორისო ხასიათი მიიღო, წარმოიშვა დიდი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რომელიც ანტიკური ხანის ავტორთა (პატროკლე, არისტობულე, ერატოსთენე, სტრაბონი, ვარონი, პლინიუსი) ინდოეთიდან იწყებოდა, შუა აზიიდან კასპიის ზღვამდე სანაოსნო იყო და ამუდარიაზე გადიოდა, შემდეგ მდინარე მტკვრით, სურამის უღელტეხილითა და მდინარე ფასისით აღწევდა შავ ზღვას ქალაქ ფასისთან და უკავშირდებოდა მცირე აზიის და ხმელთაშუაზღვისპირეთის ქალაქებს. ანტიკური ხანიდან ამიერკავკასიაში გადიოდა კიდევ ერთი სატრანზიტო გზა, რომელიც მცირე აზიიდან არტაშატის, მცხეთის და არაგვის ხეობის გავლით ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდა.

სასანიდური ირანის (III ს.) და ბიზანტიის (IV ს.) წარმოქმნის შემდეგ ამიერკავკასიის სახელმწიფოებმა მათთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარეს და სატრანზიტო ტერიტორიის მნიშვნელობა შეინარჩუნეს. 408-409 წლების ედიქტის მიხედვით ამ ორ იმპერიას შორის სავაჭრო ოპერაციები მხოლოდ სამ სასაზღვრო ქალაქში იყო ნებადართული, მათ შორის ერთი იყო არტაშატი. მისი მეშვეობით ამიერკავკასია ჩართული იყო საერთაშორისო ვაჭრობაში. ამას ადასტურებს IV საუკუნის I ნახევრის რომაელი გეოგრაფის, კასტორიუსის მიერ შედგენილი „მსოფლიო საგზაო რუკა“ — პოიტინგერის ტაბულა. არტაშატი ვაჭრობით დაკავშირებული იყო იბეიrის, კავკასიის ალბანეთისა და ეგრისის სამეფოებთან. არტაშატს მცხეთასთან აკავშირებდა ორი გზა, აქედან ერთი პირდაპირ, ხოლო მეორე შემოვლითი, გადაკვეთდა მდინარე მტკავრს, მიდიოდა ალბანეთის დედაქალაქ კაბალამდე, შემდეგ დასავლეთით მიემართებოდა და კახეთზე გავლით უერთდებოდა პირველ გზას თბილისთან. ამ გზას ადასტურებს V-VII საუკუნეების ირანული ვერცხლის მონეტების განძთა აღმოჩენის ტოპოგრაფია. მცხეთიდან სავაჭრო გზა გრძელდებოდა დასავლეთით, ურბნისისკენ, გადადიოდა დასავლეთში და ვარციხესთან უერთდებოდა კიდევ ერთ მაგისტრალურ გზას, რომელიც არტაშატს სებასტოპოლისთან აკავშირებდა. ეს მაგისტრალი წუნდის გავლით ჩადიოდა ოძრხეში, ზეკარის უღელტეილით გადადიოდა ეგრისში და რიონის მარჯვენა სანაპიროსა და ნოქალაქევის გავლით ჩადიოდა სებასტოპოლისში. თავის მხრივ, სებასტოპოლისი შავი ზღვისპირა მაგისტრალით უკავშირდებოდა ტრაპიზონს და ბიზანტიის აღმოსავლეთ პროვინციებს. აღნიშნული გზებით ბიზანტიას კავკასიაში შეჰქონდა აბრეშუმი, ნელსაცხებელი, სპილოს ძვალი, ძვირფასი ქვები და გაჰქონდა მინის და საფეიქრო ნაწარმი, ღვინო.

VII საუკუნეში ბიზანტიასა და არაბთა სახალიფოს შორის განუწყვეტელი ომების გამო დაეცა სატრანზიტო ვაჭრობა ამიერკავკასიაში. ვაჭრობის აღორიძინება ამიერკავკასიასა და სახალიფოს შორის დაიწყო VIII საუკუნის II ნახევრიდან და X საუკუნის შუა ხანებისთვის განსაკუთრებით გაიზარდა. ბიზანტიასთან შეწყვეტილი ურთიერთობების ნაცვლად სახალიფომ ურთიერთობა დაამყარა ჩრდილოეთ კავკასიის, ვოლგის და დონის აუზის ხალხებთან. შესაბამისად, სომხეთის ქალაქებზე მეტად მნიშვნელობა მოიპოვეს თბილსმა, განჯამ, დარუბანდმა და ბარდავმა. აღმოსავლური აბრეშუმის, საფეიქრო ნაწარმის, ხალიჩებისა და ნელსაცხებლების სანაცვლოდ ჩრდილოეთიდან შემოჰქონდათ ბეწვეული და ქარვა, მოჰყავდათ ტყვეები. IX საუკუნის მეორე ნახევრიდან აღორძინდა ვაჭრობა ბიზანტიასთან. სავაჭრო მაგისტრალებზე წარმოიქმნა ახალი ქალაქები, გაიზარდა ანისის, ყარსის, ტრაპიზონის, არტანუჯის მნიშვნელობა.

XI საუკუნის დასაწყისში დაეცა ვაჭრობა არაბთა სახალიფოსთან. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში თურქ-სელჩუკების ლაშქრობებმა შეაჩერა სავაჭრო ურთიერთობები. XII საუკუნეში დავით აღმაშენებლის პოლიტიკამ შექმნა წინაპირობები ამიერკავკასიის სავაჭრო-ეკონომიკური ერთიანობისთვის. შემდგომი წლებს სტაბილურმა ვითარებამ ხელი შეუწყო ვაჭრობის შემდგომ ზრდას, საქარავნო ვაჭრობა ერთმანეთთან აკავშირებდა რანის და ამიერკავკასიის ქალაქებს. დმანისიდა, ყარსიდან და ბარდავიდან აბრეშუმი გქჰქონდათ ირანში. საქართველოში შემოჰქონდათ ალექსანდრიული მატყლი, ბიზანტიური, ირანული და ჩინური ჭურჭელი. საქონლის ნაწილი აქვე იყიდებოდა, ნაწილი გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში.

XIII-XIV საუკუნეებში ჯერ მონღოლების, შემდეგ კი თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად ამიერკავკასიის ეკონომიკა მოიშალა, ქალაქები დაკნინდა. სავაჭრო მაგისტალებმა სამხრეთით გადაინაცვლეს. XIV საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის წარმოქმნამ, განსაკუთრებით კი 1493 წელს კონსტანტინოპოლის აღებამ ამიერკავკასია საუკუნეებით მოსწყვიტა დასავლურ სამყაროს. მომდევნო საუკუნეებში ამიერკვკასია ალეპოსა და აღმოსავლეთ აზერბაიჯანზე გამავალი ირან-რუსეთის სავაჭრო მაგისტრალით უკავშირდებოდა ევროპას, მაგრამ მისი მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობაში დაეცა.

  • ლორთქიფანიძე ო., მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 389-390.
  • მუსხელიშვილი დ. „ფეოდალური ხანის საქართველოს და ამიერკავკასიის მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობაში“, „ცისკარი“ N11, 1970
  • ლომოური ნ. „ძველი საქართველოს სავაჭრო გზების საკითხისათვის“, „ისტორიის ინსტიტუტის შრომები“, ტ. 4 , ნაკვეთი 1, 1958
  • ლორთქიფანიძე ო., „ანტიკურ ხანაში ინდოეთიდან შავი ზღვისაკენ მიმავალი სატრანზიტო-სავაჭრო გზის შესახებ“, „საქ. სსრ. მეცნიერებათა აკადემიის მოამბე“ ტ. 19 N3, 1957