ასტრიდ შვედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ასტრიდ შვედი
ბელგიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 17 თებერვალი, 1934
მმართ. დასასრული: 29 აგვისტო, 1935
წინამორბედი: ელიზაბეთ ბავარიელი
მემკვიდრე: ფაბიოლა დე მორა ი არაგონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 ნოემბერი, 1905
დაბ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდ. თარიღი: 29 აგვისტო, 1935, (29 წლის)
გარდ. ადგილი: შვიცი, შვეიცარია
მეუღლე: ლეოპოლდ III, ბელგიის მეფე
შვილები: ჟოზეფინა, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია
ბოდუენი, ბელგიის მეფე
ალბერტ II, ბელგიის მეფე
სრული სახელი: ასტრიდ სოფია ლოვიზა ტირა
დინასტია: ბერნადოტები
მამა: კარლი, ვასტერგოტლანდის ჰერცოგი
დედა: ინგებორგ დანიელი
რელიგია: ჯერ ლუთერანიზმი
შემდეგ კათოლიციზმი

ასტრიდ შვედი (შვედ. Astrid av Sverige, ფრანგ. Astrid de Suède; დ. 17 ნოემბერი, 1905, სტოკჰოლმი, შვედეთი — გ. 29 აგვისტო, 1935, შვიცი, შვეიცარია) — ბერნადოტების დინასტიის წარმომადგენელი. შვედეთის მეფე ოსკარ II-ისა და დანიის მეფე ფრედერიკ VIII-ის შვილიშვილი, ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ის დეიდა. ბელგიის დედოფალი 1934-1935 წლებში როგორც მეფე ლეოპოლდ III-ის პირველი ცოლი. ბელგიის ორი მეფის: ბოლდუენისა და ალბერტ II-ის, აგრეთვე ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგინია ჟოზეფინ შარლოტ ბელგიელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ასტრიდი და პრინცი ლეოპოლდი 1926 წლის 21 სექტემბერს თავიანთ ნიშნობაზე

ასტრიდი დაიბადა 1905 წლის 17 ნოემბერს სტოკჰოლმში. იგი იყო ვასტერგოტლანდის ჰერცოგ კარლ ბერნადოტისა და მისი მეუღლის, პრინცესა ინგებორგ დანიელის ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია შვედეთისა და ნორვეგიის მეფე ოსკარ II და დედოფალი სოფია ნასაუელი, ხოლო დედის მხრიდან დანიის მეფე ფრედერიკ VIII და დედოფალი ლუიზა შვედი ერგებოდნენ, რომელიც თავის მხრივ შვედეთის მეფე კარლ XV-ის ასული იყო. გარდა ამისა, დედის მხრიდან მას ბიძაშვილებად ერგებოდნენ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ II, დანიის მეფე კრისტიან X და დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V. აღსანიშნავია ისიც, რომ თავისი დის ქორწინების წყალობით იგი დეიდად ერგებოდა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-ს.

1926 წლის 21 სექტემბერს ასტრიდი დანიშნეს ბელგიის მეფე ალბერტ I-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ბავარიელის უფროს ვაჟზე, პრინც ლეოპოლდზე, რომელთა ქორწილიც ამავე წლის 4 ნოემბერს შედგა სტოკჰოლმში. ამ ქორწილს მთელი ევროპის მონარქები დაესწრნენ, მათ შორის ბელგიის, შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის მეფე-დედოფლები, აგრეთვე ლეოპოლდის და, იტალიის დედოფალი მარი ჟოზე ბელგიელი.

ქორწილის შემდეგ სამეფო წყვილი ბრიუსელის სასახლეში დასახლდა. აქ ასტრიდი ბეჯითად შეისწავლიდა ფრანგულ და ნიდერლანდურ ენებს, რათა ბელგიელებთან კონტაქტი შესძლებოდა. აღსანიშნავია, რომ წყვილს ბედნიერი და ნაყოფიერი ქორწინება ჰქონდა, რომელშიც ასტრიდმა ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი გააჩინა. მისი ორივე ვაჟი შემდგომში ბელგიის მეფე გახდა.

1934 წლის 17 თებერვალს მისი მამამთილი, მეფე ალბერტ I გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ლეოპოლდ III-მ დაიკავა, ასტრიდი კი ბელგიის დედოფალი გახდა. მისი მმართველობა მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან 1935 წლის 29 აგვისტოს შვეიცარიაში ვიზიტისას, 29 წლის ასტრიდი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. იგი გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს ბრიუსელში. მის დაკრძალვას ათასობით ბელგიელი დაესწრო.

ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში, 1941 წელს ლეოპოლდი მეორედ დაქორწინდა ბელგიელ დიდგვაროვანზე, რომელთანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა, თუმცა მას დედოფლის წოდება არასოდეს ჰქონია.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟოზეფინ შარლოტი (1927-2005), ცოლად გაჰყვა ლუქსემბურგის დიდ ჰერცოგ ჟანს, რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი;
  2. ბოლდუენი (1930-1993), ბელგიის მეფე 1951-1993 წლებში. ცოლად შეირთო ფაბიოლა დე მორა ი არაგონი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. ალბერტ II (1934-ცოცხალია), ბელგიის მეფე 1993-2013 წლებში. ცოლად შეირთო პაოლა რუფო დი კალაბრია, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი, მათ შორის ბელგიის დღევანდელი მეფე ფილიპე.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Burke's Royal Families of the World ISBN 0 85011 023 8 p. 514 (spelling of her full name as baptized)
  • "Astrid of Sweden – Queen of Hearts". History of Royal Women.
  • McMahon, Emily. "Wedding of King Leopold III of the Belgians and Princess Astrid of Sweden". Unofficial Royalty. Retrieved 29 September 2018.
  • Priherdityo, Endro (16 March 2016). "Kisah Cinta Putri Belgia Masih Tersimpan di Kebun Raya Bogor" [The Memory of Belgian Princess's Love Story Is Still Saved in the Bogor Botanical Garden]. CNN Indonesia (in Indonesian). Retrieved 23 October 2018.
  • More Joy Than Pain, 1991, by Lars Rooth pp. 84–85
  • Quoted by Anna Sparre in Astrid mon amie, 2005, p. 128
  • Quoted by Charles d'Ydewalle in Albert and the Belgians: Portrait of a King, 2005, p. 259
  • "Queen Astrid of Belgium". Unofficial Royalty. Retrieved 29 September 2018.