ტამბორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ტამბორა
ინდო. Tambora, Tomboro

ტამბორაინდო. Tambora, Tomboro
ტამბორის კალდერის საჰაერო ხედი, რომელიც ჩამოყალიბდა 1815 წლის უძლიერესი ამოფრქვევის შედეგად

კოორდინატები: 8°14′48″ ს. გ. 117°57′30″ ა. გ. / 8.24667° ს. გ. 117.95833° ა. გ. / -8.24667; 117.95833

მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
სუმბავა
მცირე ზონდის კუნძულები
სიმაღლე 2850 მ
ტიპი სტრატოვულკანი
ასაკი 57,000 წ.
ბოლო ამოფრქვევა 1967 ± 20 წელი[1]
პირველი ასვლა 1847 წელი (ჰენრიხ ცოლინგერი, 1815 წლის ცნობილი ამოფრქვევის შემდეგ)
უმარტივესი მარშრუტი სოფელი დორო-მბოჰა[2]
ინდო. Tambora, Tomboro ინდო. Tambora, Tomboro
ტამბორა — ინდონეზია
ტამბორა
ტამბორა — მცირე ზონდის კუნძულები
ტამბორა

ტამბორა ან ტომბორო (ინდო. Tambora, Tomboro) — მოქმედი სტრატოვულკანი ინდონეზიაში, კუნძულ სუმბავაზე, რომელიც შედის მალაის არქიპელაგის მცირე ზონდის კუნძულების ჯგუფში. ტამბორა აგრეთვე ცნობილია როგორც შრეებრივი ვულკანი. კუნძული სუმბავა განლაგებულია იმ ადგილში, სადაც ოკეანური ქერქი მანტიაში იძირება, შესაბამისად, ვულკან ტამბორის ქვეშ იმყოფება სუბდუქციის აქტიური ზონა. ამან ვულკანის ზრდა განაპირობა, ასე რომ წარსულში მისი სიმაღლე 4300 მ აღწევდა,[3] რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პიკად აქცევდა მალაის არქიპელაგში. ვულკანის შიგნით არსებული დიდი მაგმატური კამერა ივსებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მანამ სანამ ვულკანურმა აქტივობამ თავისი სიძლიერით პიკს არ მიაღწია 1815 წლის აპრილში დაგვირგვინებული კოლოსალური ამოფრქვევით.[4]

სხვადასხვა წყაროების შესაბამისად, ამჟამინდელი ტამბორის სიმაღლე განსაზღვრულია 2850 და 2722 მ სიმაღლეებით.[5][6] 1947 წლისთვის ტამბორა იმყოფებოდა სოლფატარულ სტადიაში.[7] დღეისათვის აქტიურ მდგომარეობაშია.[8]

1815 წლის ამოფრქვევამ VEI-ის შკალით 7 ბალს მიაღწია, რაც უდრის ვულკან ტაუპოს გიგანტურ ამოფრქვევას, რომელიც მოხდა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის 180 წელს.[9] ამოფრქვეული მასალის მოცულობა 150-180 კუბურ კილომეტრს უდრიდა, ვულკან ტამბორის 1815 წლის ამოფრქვევა გახდა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა.[10]

ვულკანის აფეთქების ხმა კუნძულ სუმატრაზე ისმოდა, რომელიც ტამბორიდან ჩრდილო-დასავლეთით 2000 კილომეტრში მდებარეობს. ვულკანურმა ფერფლმა მიაღწია ისეთ მოშორებულ კუნძულებსაც კი, როგორებიცაა კალიმანტანი, სულავესი, იავა, მოლუკი. დაღუპულთა რაოდენობამ 71 000 ადამიანი შეადგინა (კაცობრიობის ისტორიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა), რომელთაგან 11 000-12 000 ადამიანი დაიღუპა უშუალოდ ამოფრქვევის პირდაპირი ზემოქმედებით,[9] ხოლო დანარჩენები გარდაიცვალნენ შიმშილისა და ავადმყოფობის შედეგად, რამეთუ ერუპტიულმა ამოვარდნებმა ადგილობრივ რეგიონში გაანადგურა სოფლის მეურნეობა.

დაღუპულთა ხშირად ციტირებადი რიცხვი 92 000 ადამიანი, როგორც ფიქრობენ, გადაჭარბებულია.[11] გარდა ამისა, ამოფრქვევის შედეგად, განადგურდა კუნძულ სუმბავის მოსახლეთა კულტურა და გადაგვარდა ტამბორული ენა — შესაძლოა, პაპუასური ენების ყველაზე უფრო ცნობილი დასავლური ენა.[12]

ამოფრქვევამ გამოიწვია გლობალური კლიმატური ანომალიები, მათ შორის ისეთი ფენომენი, როგორიცაა „ვულკანური ზამთარი“: არნახული დაბალი ტემპერატურების გამო 1816 წელი ცნობილი გახდა როგორც „წელიწადი ზაფხულის გარეშე“. უჩვეულო სიცივემ გამოიწვია კატასტროფული მოუსავლიანობა. 1817 წლის გაზაფხულზე ფასი მარცვლეულზე ათჯერ გაიზარდა, ხოლო მოსახლეობა შიმშილმა შეიპყრო. ათი ათასობით ევროპელი, რომელიც ჯერ კიდევ განიცდიდა ნაპოლეონური ომების შედეგს, ამერიკაში გადაიხვეწა.[9]

2004 წელს სუმბავაზე გათხრების შედეგად, არქეოლოგების ჯგუფმა აღმოაჩინა განვითარებული კულტურის ნარჩენები, რომელიც განადგურდა 1815 წლის ამოფრქვევის შედეგად. იგი დაძირულია პიროკლასტური დანალექების სამმეტრიანი ფენის ქვეშ.[13] გათხრების ადგილმა მიიღო სახელწოდება „აღმოსავლეთი პომპეი“, რამეთუ გათხრილი არტეფაქტები შემორჩა იმავე მდგომარეობაში, რომლებსაც ისინი 1815 წლისათვის იკავებდნენ.

2011 წლის აგვისტოში ვულკანის საშიშროების დონემ მოიმატა I დონიდან (საშიშროების ნორმალური დონე) მე-II დონემდე (ვულკანური აქტივობის გაძლიერებასთან დაკავშირებით). კალდერაში იყო რეგისტრირებული მიწისძვრები და კვამლის ამოტყორცნა.[14] 2011 წლის სექტემბერში საშიშროების დონემ კვლავ მოიმატა და მე-III დონეს მიაღწია, რაც უშუალოდ მიუთითებს ამოფრქვევის საშიშროებაზე.[15]

გეოგრაფიული მდებარეობა

ტამბორის კალდერა
ვულკან ტამბორის კალდერა, რომლის დიამეტრია 7 კილომეტრი, ხოლო სიღრმე 700 მეტრი

ვულკანი ტამბორა განლაგებულია კუნძულ სუმბავაზე, რომელიც შედის მცირე ზონდის კუნძულების შემადგენლობაში. ეს კუნძულები აყალიბებენ ზონდის ღერძს, — ვულკანური წარმოშობის კუნძულთა ჯგუფს, რომლებიც შეადგენენ მალაის არქიპელაგის სამხრეთ ჯაჭვს.[16] ტამბორა წარმოქმნის ნახევარკუნძულს, რომელიც ცნობილია სანგარის ნახევარკუნძულის სახელწოდებით. მისი სიგრძეა 86 კილომეტრი, სიგანე 36 კილომეტრი და სამხრეთით შემოსაზღვრულია სალეჰის ყურით, ხოლო ჩრდილოეთით ფლორესის ზღვით. სალეჰის ყურის პირთან არის პატარა კუნძული, რომელსაც მოიო ეწოდება.

ტამბორა არის საინტერესო არა მხოლოდ სეისმოლოგებისა და ვულკანოლოგებისათვის, რომლებიც აკვირდებიან ვულკანის აქტივობას, არამედ არქეოლოგებისა და ბიოლოგებისთვისაც. ვულკანი აგრეთვე იზიდავს ტურისტებს როგორც საფეხმავლო ტურიზმისა და ველური ბუნების დაკვირვების ობიექტს.[17][18] ვულკანთან მდებარე ორი უახლოესი ქალაქია: ბიმა და დომპუ. აგრეთვე ვულკანის ირგვლივ განლაგებულია რამდენიმე სოფელი: სანგარი, რომელიც ვრცელდება ვულკანიდან აღმოსავლეთით, დორო-პეტი და პესანგრაჰანი, რომლებიც ვრცელდებიან ვულკანიდან ჩრდილო-დასავლეთით და ჩალაბაი, რომელიც ვულკანიდან დასავლეთით მდებარეობს.

არსებობს ვულკანზე ასვლის ორი მარშრუტი, რომელთა მეშვეობით შესაძლებელია კალდერასთან მისვლა. პირველი მარშრუტი იწყება სოფელ დორო-მბოჰიდან, რომელიც განლაგებულია მთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. ეს მარშრუტი გადის მოასფალტებულ გზაზე აკაჟუს პლანტაციებზე და სრულდება კალდერის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1950 მ სიმაღლეზე.[19] ეს ადგილი, როგორც წესი, გამოიყენება ვულკანური აქტივობის დაკვირვებისათვის საბაზო ბანაკის სახით, რამეთუ კალდერასთან მისვლა ამ მარშრუტით შესაძლებელია მხოლოდ ერთ საათში. მეორე მარშრუტი იწყება ტამბორის ჩრდილო-დასავლეთით სოფელ პანჩასილადან. მეორე მარშრუტის გამოყენებისას, კალდერამდე მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი.[19]

გეოლოგიური ისტორია

ფორმირება

ვულკან ტამბორისა და კუნძულ სუმბავის ტოპოგრაფიული რუკა. მოცემულია სიმაღლეების სკალაც. ვულკანი ტამბორა ტოპოგრაფიულ რუკაზე მკვეთრად არის გამოხატული.

ტამბორა განფენილია იავის ღრმულიდან ჩრდილოეთით 340 კილომეტრში და სუბდუქციის აქტიური ზონის ჩრდილო ნაწილის თავზე 180-190 კილომეტრზე. კუნძული სუმბავა, როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან შემოზღუდულია ოკეანური ქერქით.[20] ორი ფილის შერწყმის სიჩქარე შეადგენს 7,8 სანტიმეტრს წელიწადში.[21] ვულკანი ტამბორა შეფასების თანახმად, ჩამოყალიბდა დაახლოებით 57 ათასი წლის წინ.[4] ვულკანის კონუსი აგებულია ლავის მრავალრიცხოვანი გამაგრებული ფენისაგან, ტეფრისა და ვულკანური ფერფლისაგან, რომლებიც ამოტყორცნილია დიდი მაგმატური კამერიდან.

გეოლოგიური დაზვერვის მონაცემებით, 1815 წლამდე ტამბორას ჰქონდა ტიპური სტრატოვულკანის ფორმა მაღალი სიმეტრიული ვულკანური კონუსითა და ერთი ცენტრალური კრატერით.[22] ვულკანის საფუძველის დიამეტრი შეადგენდა 60 კილომეტრს.[16] ცენტრალური კრატერი ხშირად აფრქვევდა ლავას, რომელიც კასკადურად მოედინებოდა ქვემოთ ვულკანის ციცაბო კალთებისაკენ.

1815 წლის ამოფრქვევის შემდეგ, ვულკანის მიდამოები დაიფარა გაქვავებული ლავის ფენითა და რამდენიმე მეტრი სისქის პიროკლასტური მასალით.[22] აგრეთვე შეიქმნა, მინიმუმ, ოცი შვილობილი და პარაზიტული კონუსი. ზოგიერთ მათგანს აქვს საკუთარი სახელწოდება: ტაჰე (დიამეტრი 877 მ), ნოლო (602 მ), კუბაჰი (1648 მ) და სხვა. პარაზიტული კონუსების დიდი ნაწილი ღვრიდა ბაზალტურ ლავას.[21]

ამოფრქვევის ისტორია

რადიონახშირბადულმა ანალიზმა დაადგინა ტამბორის სამი ამოფრქვევის თარიღი, რომელიც წინ უძღვოდა 1815 წლის ამოფრქვევას. ამ ამოფრქვევების სიმძლავრე უცნობია.[23] შეფასების თანახმად, ისინი უნდა მომხდარიყო ძველი წელთაღრიცხვის 3910 ± 200, ძველი წელთაღრიცხვის 3050 და ძველი წელთაღრიცხვის 740 ± 150 წლებში. ყველა ეს ამოფრქვევა წარმოადგენდა ცენტრალური კრატერის აფეთქებით ამონთხევას, ანალოგიურს, 1815 წლის ამოფრქვევისა, მხოლოდ პიროკლასტური ნაკადების უქონლობით. 1812 წელს ტამბორა მეტად აქტიური გახდა, რომელიც გაგრძელდა 1815 წლის აპრილამდე, მანამ სანამ თავის მაქსიმუმს არ მიაღწია გრანდიოზული ამოფრქვევის სახით, რომლის სიმძლავრემ ვულკანური ამოფრქვევის შკალის თანახმად, 7 ბალს მიაღწია.[23] ვულკანმა ამოისროლა დაახლოებით 150-180 კმ³ ტეფრა. ეს იყო სტრატოვულკანისათვის დამახასიათებელი ცენტრალური კრატერის ტიპური აფეთქებითი ამოფრქვევა, რომელმაც კალდერა დაანგრია და წარმოქმნა პიროკლასტური ნაკადები და ცუნამი. ვულკანური აქტივობა გაგრძელდა ამოფრქვევის შემდეგაც, მხოლოდ, 1815 წლის ივლისში მიიძინა მან.[23] ვულკანის შემდეგი აქტიურობის მაქსიმუმი დაფიქსირდა 1819 წლის აგვისტოში, როდესაც წარმოებდა რამდენიმე მცირე ამოფრქვევის სერია (არა უმეტეს 2 ბალისა VEI-ის მიხედვით), — ამ ამოფრქვევებს ვულკანოლოგები თვლიან მთავარი ამოფრქვევის ნარჩენ შედეგად.[9] დაახლოებით 1880 ± 30 წელს ვულკანის კალდერის შიგნით მოხდა კიდევ ერთი ამოფრქვევა (VEI-ის შკალით 2).[23] მან წარმოქმნა მცირე ლავური ღვარები, რომლებმაც ექსტრუზიული ლავური გუმბათები შექმნეს. გარდა ამისა, ამოფრქვევამ კალდერის შიგნით შექმნა მცირე პარაზიტული კონუსი. ვულკანი ტამბორა დღემდე ითვლება მოქმედ ვულკანად. მცირე ლავური გუმბათები და ნაკადები იქმნებოდა ვულკანის კალდერის შიგნით მთელი XIX და XX საუკუნის განმავლობაში.[24] ვულკანის უკანასკნელი აფეთქებითი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1967 წელს.[23] არაფეთქებადი ტიპის ამოფრქვევა (VEI = 0) კალდერაში გაცილებით უფრო ხშირად ხდება ხოლმე.[25]

1815 წლის ამოფრქვევა

ამოფრქვევის ქრონოლოგია

რუკა, რომელიც უჩვენებს ფერფლის ამოსროლის რაიონებს (აღნიშნულია წითელი ფერით) 1815 წლის ამოფრქვევის დროს. ფერფლის ღრუბელის კიდე აღწევს ვულკანიდან მოშორებულ ისეთ კუნძულებსაც კი, როგორებიცაა კალიმანტანი და სულავესი

1815 წლის აპრილის კატასტროფული ამოფრქვევა დაემთხვა დიდი ბრიტანეთის მიერ ჰოლანდიის ოსტინდოეთის — ამჟამინდელი ინდონეზიის დროებით ოკუპაციას: ბრიტანელებმა ეს ტერიტორიები დაიკავეს 1811 წელს, რომლებიც ცდილობდნენ მათი დაპყრობის თავიდან აცილებას ნაპოლეონური საფრანგეთისაგან, რომელმაც იმ პერიოდში ნიდერლანდები დაიმორჩილა. ამასთან დაკავშირებით, ამოფრქვევისა და მისი შედეგების შესახებ უმნიშვნელოვანესი წყაროები დაცულია ბრიტანეთის კოლონიალური ადმინისტრაციის თანამშრომლების მოხსენებებსა და მოგონებებში, უპირველეს ყოვლისა, მისი ხელმძღვანელის — თომას სტენფორდ რაფლზის ჩანაწერებში.[26][27]

1815 წლამდე ტამბორა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დახშულ მაგმატურ კამერაში არსებული ჰიდრატული მაგმის თანდათანობითი გაციების გამო იმყოფებოდა არააქტიურ მდგომარეობაში.[16] 1,5-4,5 კმ სიღრმეებზე მიმდინარეობდა მაგმის კრისტალიზაცია, რის შედეგადაც ჭარბი წნევა კამერის შიგნით გაიზარდა და მიაღწია 4-5 კბარს, ხოლო ტემპერატურა მერყეობდა 700-850 °C ფარგლებში.[16]

1812 წელს ვულკანის რაიონში არსებული მიწა გუგუნს გამოსცემდა, ხოლო მასზე მუქი ღრუბელი გაჩნდა. 1815 წლის 5 აპრილს ძლიერი აფეთქების შემდეგ, გაისმა ქუხილის ხმა, რომელიც ისმოდა მოლუკის კუნძულებზეც კი (ვულკანიდან 1400 კმ) და დაიწყო ტამბორის ამოფრქვევა. 6 აპრილის დილას ვულკანური ფერფლი შეინიშნებოდა კუნძულ იავის აღმოსავლეთ ნაწილში. 10 აპრილს ვულკანის შიგნით არსებული აფეთქების ხმები გაძლიერდა — მათ მიიჩნევდნენ საქვემეხო გასროლებს კუნძულ სუმატრაზეც კი (ტამბორიდან 2600 კმ მანძილზე).[28]

10 აპრილს, დაახლოებით 19:00-ზე ამოფრქვევა გაძლიერდა. ცეცხლის სამი სვეტი, რომელიც ვულკანის თავზე ამოიწია, გაერთიანდა. მთელი ვულკანი გადაიქცა „თხევადი ცეცხლის“ ნაკად მასებად. დაახლოებით 20:00 სთ-ზე ვულკანმა დაიწყო 20 სანტიმეტრამდე დიამეტრის პემზის ამოსროლა. 20:00-21:00 სთ-ზე გაძლიერდა ფერფლის ჩამოცვენა. ცხელი პიროკლასტური ნაკადები კასკადურად ეცემოდა მთებიდან ზღვისკენ ნახევარკუნძულის ყველა მხრიდან და სუმბავის სოფლებს ანადგურებდა. ვულკანის ხმამაღალი აფეთქებები ისმოდა 11 აპრილის საღამომდე. ფერფლის საფარი ვრცელდებოდა დასავლეთ იავამდე და სამხრეთ სულავესიმდე. „აზოტოვანი“ სუნი იგრძნობოდა ბატავიაში (დღევანდელი ჯაკარტა), ხოლო ვულკანურ ფერფლთან შერეული წვიმა 17 აპრილამდე გაგრძელდა.[27]

პირველი აფეთქებები ისმოდა ამ კუნძულზე 5 აპრილის საღამოს, — აფეთქებები ისმოდა ყველა სოფელში და გაგრძელდა ინტერვალებით მეორე დღემდე. ხმაური ყველგან მიიჩნიეს საქვემეხო გასროლებად, ასე რომ, ჯარი ჯოკაკიარტიდან გამოვიდა, იმის ფიქრით, რომ მეზობელ პოსტზე თავდასხმა განხორციელდა, ხოლო სანაპიროს გასწვრივ გემის ძიების მიზნით ნავები გადააგზავნეს, მისი შესაძლო კატასტროფის გამო.

— სერ სტემფორდ რაფლზის მემუარები[27].

შეფასების თანახმად, ამოფრქვევამ, ვულკანური ამოფრქვევის შკალით 7 ბალს მიაღწია.[29] ამოფრქვევის შედეგად, ოთხჯერ უფრო მეტი ენერგია გამოიყო, ვიდრე 1883 წლის კრაკატაუს ამოფრქვევის დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტამბორის ენერგიამ 800 მეგატონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტი შეადგინა. შეფასების თანახმად, ამოსროლილი იყო 150-180 კუბური კილომეტრი ვულკანური მასალა საერთო მასით 1,4×1014 კგ. ამ ამოფრქვევამ წარმოქმნა 6-7 კმ დიამეტრისა და 600-700 მ სიღრმის გიგანტური კალდერა.[3] აფეთქების წინ ტამბორა აღწევდა 4300 მ სიმაღლეს, რაც მას მალაის არქიპელაგის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ წერტილად აქცევდა.[3] აფეთქების შემდეგ, ვულკანის სიმაღლე დაეცა 2700-2800 მეტრით.[30]

ტამბორის ამოფრქვევა გახდა კაცობრიობის ისტორიაში არსებული უდიდესი ვულკანური ამოფრქვევა.[3][9] ვულკანის აფეთქება ისმოდა მისგან 2600 კილომეტრში, ხოლო ფერფლი გავრცელდა ტამბორიდან არა ნაკლებ 1300 კილომეტრში.[3] ორი-სამი დღის განმავლობაში აუტანელი წყვდიადი იდგა ვულკანიდან 600 კილომეტრშიც კი. პიროკლასტური ნაკადი გავრცელდა ტამბორის მწვერვალიდან არა ნაკლებ 20 კილომეტრში. აფეთქების შედეგად, ინდონეზიის კუნძულებზე ჩამოწვა ცუნამის ოთხმეტრიანი ტალღა.[3][9]

შედეგები

კუნძულის დასავლეთ ნაწილში ჩემი გამგზავრებისას მე გავიარე თითქმის მთელი დომპო და ბიმის მნიშვნელოვანი ნაწილი. საშინელი პირობები, რომელთა გამო მცხოვრებთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, შოკისმომგვრელია. გზის პირზე იყო რამდენიმე გვამის ნარჩენი, თითქმის მთლიანად დაცარიელებული სოფლები და დანგრეული სახლები, გადარჩენილები მიმოიფანტნენ საკვების ძიებაში.

ამოფრქვევის შემდეგ, ძლიერი დიარეა, რომელმაც შეიწირა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, გავრცელდა ბიმაში, დომპოსა და სანგარში. ადგილობრივი მაცხოვრებლები ფიქრობენ, რომ ის სასმელი წყლით იყო გამოწვეული, რომელიც ფერფლთან იყო აღრეული; ცხენებიც კი კვდებიან დიდი რაოდენობით ანალოგიური სიმპტომებით.

—ლეიტენანტი ფილიფსი, სტემფორდ რაფლზის ბრძანებით გამგზავრებული სუმბავაზე.[27].

კუნძულ სუმბავაზე არსებული ყველა მცენარეულობა განადგურდა. წყალში ამოძირკვული ხეები შეერივნენ პემზასა და ფერფლს, რის ხარჯზეც თავისებური ტივები წარმოიქმნა, 5 კმ-ით განიკვეთში. ერთი ასეთი ტივი აღმოაჩინეს ინდოეთის ოკეანეში, კალკუტის სიახლოვეს 1815 წლის ოქტომბერს. ფერფლის სქელმა ღრუბლებმა მოიცვა რეგიონი 23 აპრილამდე. ვულკანის აფეთქებები შეწყდა 15 ივლისს, თუმცა ბოლის ამონასროლი შეინიშნებოდა 23 აგვისტომდე. ქუხილი და ვულკანის რაიონში არსებული მიწისქვეშა ბიძგები რეგისტრირებული იყო ამოფრქვევიდან ოთხი წლის შემდეგად, 1819 წელს.[3]

10 აპრილს, საღამოს 10 საათზე მალაის არქიპელაგის სხვადასხვა კუნძულების სანაპიროებზე ჩამოწვა საშუალო ზომის ცუნამი, რომელმაც 4 მ სიმაღლეს სანგარში მიაღწია.[3] 1-2 მ სიმაღლის ცუნამი თავს დაატყდა აღმოსავლეთ იავას, ორმეტრიანმა ტალღებმა დაარტყეს მოლუკის კუნძულებს. ცუნამით გამოწვეულ დაღუპულთა საერთო რაოდენობა, შეფასების თანახმად, დაახლოებით 4600 ადამიანს აღწევდა.[31]

ერუპტიული სვეტი, რომელიც წარმოიქმნა ამოფრქვევის დროს, სტრატოსფეროს მიაღწია, მისი სიმაღლე 43 კილომეტრი იყო.[9] მძიმე ფერფლის ღრუბლები ამოფრქვევიდან 1-2 კვირაში გაიფანტა, თუმცა ფერფლის წვრილი ნაწილაკები ატმოსფეროში 10-30 კმ სიმაღლეზე რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გაგრძელდა.[3] ქარმა ეს ნაწილაკები გაფანტა მთელ მსოფლიოში, შექმნა იშვიათი ოპტიკური მოვლენები. ნათელი დაისი ხანგრძლივი ბინდი ხშირად შეინიშნებოდა ლონდონში 28 ივნისიდან 2 ივლისამდე და 3 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე. ჰორიზონტის ირგვლივ ბინდის ცის შუქება ჩვეულებრივ იყო ნარინჯისფერი ან წითელი და იისფერი ან ვარდისფერი ჰორიზონტის მაღლა.[3]

ამოფრქვევის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობის შეფასება, წყაროების შესაბამისად იცვლება. ცოლინგერი (1855) ვულკანის პირდაპირი მოქმედებით დაღუპულ ადამიანთა რაოდენობას 10 000 ადამიანით განსაზღვრავს, რომელთა დიდი ნაწილი პიროკლასტური ნაკადით დაიღუპა. გარდა ამისა, დაახლოებით 38 000 ადამიანი დაიღუპა სუმბავაზე შიმშილისა და ავადმყოფობის შედეგად და კიდევ 10 000 ადამიანი კუნძულ ლომბოკზე.[32] პეტრუშევსკი (1949) დაღუპულ ადამიანთა რაოდენობას დაახლოებით 48 000 და 44 000 ადამიანით განსაზღვრავს, რომლებიც სუმბავასა და ლომბოკზე დაიღუპნენ.[33] ზოგიერთი მკვლევარი, როგორიცაა სტოზერსი (1984), რომელმაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა განსაზღვრა 88 000-92 000 ადამიანით, იყენებს პეტრუშევსკის ციფრებს.[3] ასეა თუ ისე, სხვა მკვლევრები, მაგალითად, ტანგი (1998), პეტრუშევსკის მონაცემებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.[11]

ტანგიმ გადახედა დაღუპულთა რაოდენობას სანდო წყაროების საფუძველზე — ცოლინგერის ჩანაწერებს, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ თვითონ იმყოფებოდა რამდენიმე თვე სუმბავაზე და რაფლზის ჩანაწერებს.[27] ტანგიმ მიუთითა, რომ შესაძლოა, იყო დამატებითი მსხვერპლი ბალიზე და აღმოსავლეთ იავაზე, რომელიც შიმშილითა და ავადმყოფობით იყო გამოწვეული. მან ვულკანის პირდაპირი მოქმედებით დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა შეაფასა 11 000 ადამიანით და 49 000 ადამიანი გრძელვადიანი კატასტროფული შედეგებით, რომელიც ვულკანმა გამოიწვია, როგორებიცაა ეპიდემიური დაავადებები და შიმშილი.[11] ოპენჰაიმერი (2003) თვლის, რომ დაღუპულთა რაოდენობამ დაახლოებით 71 000 ადამიანი შეადგინა, რაც ქვემოთ ცხრილშია მოყვანილი.[9]

ცხრილი I. ცალკეული ვულკანური ამოფრქვევების შედარება
ამოფრქვევა ქვეყანა ადგილმდებარეობა წელი სიმაღლე
სვეტები (კმ)
 ვულკანური ამოფრქვევების
შკალა 
ტემპერატურის
საშუალო ვარდნა (°C)
დაღუპულთა რაოდენობა
ვეზუვი იტალია ხმელთაშუაზღვისპირეთი 79 30 5  ? 02001>2.000
ჰატეპე (ტაუპო) ახალი ზელანდია წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 186 51 7  ? 00000?
პექტუსანი ჩინეთი / ჩრდილოეთი კორეა წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 969 25 6-7  ? 00000?
უაინაპუტინა პერუ წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 1600 46 6 −0,8 01400≈1.400
ტამბორა ინდონეზია წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 1815 43 7 −0,5 71001>71.000
კრაკატაუ ინდონეზია წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 1883 36 6 −0,3 3600036.600
სანტა-მარია გვატემალა წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 1902 34 6 ცვლილებები არ შეინიშნება 070017.000-13.000
კატმაი აშშ, ალასკა წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 1912 32 6 −0,4 000022
სენტ-ჰელენზი აშშ, ვაშინგტონი წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 1980 19 5 ცვლილებები არ შეინიშნება 0005757
ელ-ჩიჩონი მექსიკა წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 1982 32 4-5  ? 02001>2.000
ნევადო-დელ-რუისი კოლუმბია წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 1985 27 3 ცვლილებები არ შეინიშნება 2300023.000
პინატუბო ფილიპინები წყნაროკეანური ცეცხლოვანი რგოლი 1991 34 6 −0,5 012021.202

წყარო: ოპენჰაიმერი (2003)[9] და სმითსონის ინსტიტუტის გლობალური ვულკანიზმის პროგრამა.[34]

გლობალური ეფექტები

სულფატების კონცენტრაცია ყინულის კერნში ცენტრალური გრენლანდიიდან. მის მიხედვით შეიძლება ვულკანური ამონასროლებით ატმოსფეროს დაბინძურების დონის განსაზღვრა. გარდა ამისა, კერნი მიუთითებს 1810-იანი წლების დასაწყისის უცნობ ამოფრქვევაზე. წყარო: დაი (1991)[35]

1815 წლის ამოფრქვევის შედეგად, სტრატოსფეროში გადასროლილ იქნა გოგირდის დიდი მასები, რომლებმაც გამოიწვიეს გლობალური კლიმატური ანომალიები. მეცნიერებმა გამოიყენეს ამონასროლის ზომების სხვადასხვა მეთოდის ცნობები: პეტროლოგიური მეთოდი, ოპტიკური გაზომვები ანატომიური დაკვირვებების ხარჯზე და სულფატების კონცენტრაციის კვლევები პოლარულ ყინულებში, ყინულის კერნის ანალიზის მეთოდები გრენლანდიიდან და ანტარქტიდიდან. გოგირდის ამონასროლის მოცულობის საბოლოო შეფასებები იცვლება მეთოდის შესაბამისად, აღწევს 10-20 მილიონ ტონა S.[9]

1815 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეინიშნებოდა მუდმივი მშრალი ნისლი, რომელიც წითლდებოდა მზის შუქზე და ჩრდილავდა მას. ვერც ქარმა და ვერც ნალექებმა ვერ შეძლეს ამ „ნისლის“ განდევნა. მოგვიანებით იგი იყო იდენტიფიცირებული როგორც სტრატოსფერული სულფატური აეროზოლი. 1816 წლის ზაფხულში ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ქვეყნები ექსტრემალური ამინდის პირობების გამო ძლიერ დაზარალდნენ. 1816 წელმა მიიღო სახელწოდება „წელიწადი ზაფხულის გარეშე“. საშუალო გლობალური ტემპერატურა შემცირდა 0,4-0,7 °C-ით, ხოლო ზოგიერთ რაიონში — 3-5 °C-მდე, რაც საკმარისია მნიშვნელოვანი პრობლემების გამოსაწვევად სოფლის მეურნეობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[36] 1816 წლის 4 ივნისს კონექტიკუტის შტატში დარეგისტრირებული იყო ძლიერი აცივება, ხოლო მომდევნო დღეს ახალი ინგლისის დიდმა ნაწილმა მოიცვა ცივი ფრონტი. 6 ივნისს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ოლბანსა და მენის შტატში თოვლი მოვიდა.[9] ასეთი პირობები შენარჩუნდა არა ნაკლებ სამი თვის განმავლობაში, რომელმაც დიდი ზარალი მიაყენა ჩრდილოეთი ამერიკის სოფლის მეურნეობას. ექსტრემალური სიცივის ქვეშ აღმოჩნდა კანადაც. კვებეკის რაიონში თოვდა 1816 წლის 6 აპრილიდან 10 ივნისამდე, ხოლო თოვლის საფარის სისქე 30 სანტიმეტრს აღწევდა.

1816 წელი გახდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მეორე ასეთი ცივი წელი მოყოლებული 1600 წლიდან, როდესაც მოხდა ვულკან უაინაპუტინის ძლიერი ამოფრქვევა პერუში.[29] ვულკან ტამბორის 1815 წლისა და სხვა, სადღაც, 1809-1810 წლებს შორის მომხდარი უცნობი ამოფრქვევების შედეგად, 1810-იანი წლები ისტორიაში ყველაზე უფრო ცივ ათწლეულად იქცა.

კლიმატური პირობების ასეთი მკვეთრი ცვლილებები გახდა ტიფის სერიოზული ეპიდემიის მიზეზი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში 1816-1819 წლებში.[9] კლიმატის ცვლილებებმა გამოიწვია ინდოეთის მუსონების მდგრადობის დარღვევა, რის შედეგადაც დაიღუპა მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ რეგიონში და დაიწყო მასობრივი შიმშილი და აგრეთვე ქოლერის ახალი შტამის გაჩენა ბენგალში 1816 წელს.[37] 1816-1817 წლების ზამთარში ახალ ინგლისში ბევრი პირუტყვი დაიღუპა. დაბალმა ტემპერატურებმა და თავსხმა წვიმებმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში გამოიწვია მოუსავლიანობა. უელსში არსებული ოჯახები საჭმლის ძიების მიზნით ტოვებდნენ მშობლიურ მხარეს. კარტოფილის, ხორბალისა და შვრიის მოუსავლიანობის გამო შიმშილი გავრცელდა ირლანდიის ჩრდილოეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მძიმე სიტუაცია შეიქმნა გერმანიაშიც, სადაც კვების პროდუქტზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა. მოუსავლიანობამ ევროპის მრავალ ქალაქში დემონსტრაცია გამოიწვია, რომელიც შემდეგ აურზაურში გადაიზარდა. ეს იყო XIX საუკუნეში დაფიქსირებული უძლიერესი შიმშილი.[9]

არქეოლოგიური სამუშაოები

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტამბორის კულტურა.

2004 წლის ზაფხულში მეცნიერთა ჯგუფი როდ-აილენდის, უილმინგტონის ჩრდილოეთი კაროლინის უნივერსიტეტებიდან და ინდონეზიის ვულკანოლოგიის სამმართველოდან ჰარალდურ სიგურდსონის მეთაურობით ვულკან ტამბორის რაიონში შეუდგნენ არქეოლოგიურ ძიებას.[38] ექვს კვირაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს პირველი მტკიცებულება დაკარგული კულტურის არსებობის შესახებ, რომელიც 1815 წლის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. გათხრების ადგილი განლაგებულია ვულკანის კალდერიდან დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრში, ღრმა ჯუნგლებში. არქეოლოგებს, გათხრების მიზნების მისაღწევად მოუწიათ პიროკლასტური დანალექების სამმეტრიანი ფენების გავლა. მეცნიერებმა გამოიყენეს გეორადარი მცირე სახლის აღმოსაჩენად, რომელიც დამარხული იყო ვულკანური დანალექების ქვეშ. სახლი გათხარეს და არქეოლოგებმა მასში იპოვეს კერამიკული ჭურჭელი, ბრინჯაოს ჯამი, შრომის რკინის იარაღები და ორი ადამიანის ნარჩენი. გამოითქვა მოსაზრება, რომ ტამბორელები ვაჭრობდნენ ინდოჩინეთთან, რამეთუ ვიეტნამში აღმოჩენილია იმავე ტიპის კერამიკა.[13] სიგურდსონმა გათხრების ადგილს „აღმოსავლეთი პომპეი“ უწოდა, რამეთუ გათხრილი არტეფაქტები შემოინახა იმავე მდგომარეობაში, რაც მათ 1815 წელს ეკავათ.[39][40]

ეკოსისტემა

ტამბორის კალდერა
Dodonaeoideae-ის ფოთლები და ყვავილები
ინდური კამეჩი, რომელიც ფართოდ არის გავრცელებული აზიის კონტინენტზე

მეცნიერთა კოლექტივმა შვეიცარიელი ბოტანიკოსის ჰენრიხ ცოლინგერის ხელმძღვანელობით მოინახულა სუმბავა 1847 წელს.[41] ცოლინგერის მიზანი იყო ამოფრქვევის შედეგების შესწავლა და მისი გავლენა ადგილობრივ ეკოსისტემაზე. ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც ამოფრქვევის შემდეგ ვულკანის მწვერვალზე ავიდა. იმ დროს იგი ჯერ კიდევ ბოლით იყო დაფარული. ასვლისთანავე ცოლინგერს გოგირდოვანი ფხვნილის თბილ ფენაში ჩაუვარდა ფეხი. მიუხედავად ამისა, მცენარეულობის ზოგიერთი ნაწილი იმ დროისათვის აღდგა, მაგალითად, ვულკანის ქვედა კალთაზე აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ცოცხალი ხე. მცირე კორომი კაზუარინა იზრდებოდა 2200-2550 მ სიმაღლეზე. აგრეთვე აღმოაჩინეს Imperata cylindrica-ის ბალახოვანი საზოგადოება.[42]

მთის რაიონში მეურნეობის აღდგენა დაიწყო 1907 წელს. პირველი ყავის პლანტაციები გაჩნდა ვულკანის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სოფელ პეკატის სიახლოვეს, 1930-იან წლებში.[43]

ხშირი ტროპიკული წვიმის ტყეები გაიზარდა 1000-2700 მ სიმაღლეზე.[43] ინდონეზიისათვის დამახასიათებელ ამ ტყეებს აქვთ სამიარუსიანი აგებულება. ზედა იარუსი შედგება 50 მ-მდე სიმაღლის განცალკევებულად მდგომი ხეებისაგან, შუა იარუსი წარმოქმნილია 25-30 მ სიმაღლის ხეების მოკუმული ვარჯისაგან და შესამჩნევად მაღლდება ქვედა იარუსზე, რომელიც წარმოადგენს ტყის საგებისა და ბუჩქნარების ხშირ გადახლართულობას. ეს ტყეები იკავებენ 800 ჰა-ს (800 კმ²). ისინი გამოიკვლიეს ჰოლანდიელმა მეცნიერებმა კოსტერისა და ვუგდის მეთაურობით 1933 წელს.[43] მათი სიტყვებით, მათ თავიანთი გზა დაიწყეს „საკმაოდ უნაყოფო, მშრალი და ცხელი ადგილიდან“, ხოლო შემდეგ მოხვდნენ „მძლავრ ჯუნგლებში“, სადაც „დიდი, უდიდესი ტყის გიგანტები იზრდებოდა“. 1800 მ ზემოთ მკვლევრებმა აღმოაჩინეს კაზუარინასა და Dodonaeoideae-ის რაყები, ხოლო მწვერვალზე მეცნიერებმა იპოვეს რამდენიმე მცენარის იშვიათი სახეობა, როგორებიცაა Anaphalis triplinervis და Wahlenbergia.

1896 წელს ტამბორის რაიონში აღმოაჩინეს ფრინველების 56 სახეობა.[44] 1981 წლამდე აღმოჩენილი იყო კიდევ 12 სახეობა. ამის შემდეგ მთის რაიონი ზოოლოგიურად კიდევ რამდენიმეჯერ შეისწავლეს და დღეისათვის ცნობილია ფრინველთა 90 სახეობა, რომლებიც ბინადრობენ ვულკანის სიახლოვეს. Cacatua sulphurea, Zoothera, მრავალფერა ლორიკეტი და Gallus varius ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის წარმოადგენენ სანადირო ობიექტებს, რომლებსაც გალიაში სვავენ და ყიდიან. ფრინველთა ზოგიერთი სხვა სახეობა ადგილობრივი მოსახლეობის საკვებად გამოიყენება. Cacatua sulphure არის გაქრობის პირას მყოფი სახეობა სუმბავაზე.[44]

1972 წლიდან ტამბორის რაიონში მიმდინარეობს ხე-ტყის დამზადება, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ტროპიკულ ტყეებს.[43] ხე-ტყის დასამზადებელი კომპანია სამუშაოებს აწარმოებს 20 000 ჰა ფართობზე (200 კმ²) ან ტროპიკული ტყეების საერთო ფართობის 25%-ზე. ტროპიკული ტყეების სხვა ნაწილი გამოიყენება სანადირო სავარგულებად. ზოგიერთ ადგილში ნაკრძალებია, სადაც გვხვდება ირემი, ინდური კამეჩი, გარეული ღორი, ღამურა, ხილიჭამია ხელფრთიანები და ფრინველებისა და ქვეწარმავლების სხვადასხვა სახეობა.[43] ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სუმბავის სიახლოვეს არსებული ადგილი, რომელიც წარმოადგენს ბუნების ნაკრძალს კუნძულ მოიოზე, სადაც გვხვდება გარეული ღორები, ვარანები, Macaca fascicularis და ირმის დიდი ჯოგები, აგრეთვე ღამურების 21 სახეობა.[45]

2015 წელს ტამბორის ირგვლივ ბუნების დაცვის რაიონებმა მიიღეს ეროვნული პარკის სტატუსი.[46]

დაკვირვება ვულკანზე

1815 წლის ამოფრქვევის შემდეგ ინდონეზიის მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა. 2010 წელს ქვეყნის მოსახლეობამ 237 მილიონს გადააჭარბა.[47] ამასთან ერთად, მოსახლეობის ყველაზე დიდი სიმჭიდროვეა იავაზე, რომელიც დიდი ზონდის კუნძულებიდან ყველაზე ახლოსაა ტამბორასთან.[48] ამ პირობებში ვულკანის 1815 წლის ამოფრქვევა გამოიწვევდა კატასტროფულ ნგრევასა და დიდ მსხვერპლს. სწორედ ამიტომ, ვულკანური აქტივობა ინდონეზიაში, მათ შორის ტამბორასი, იმყოფება კონტროლის ქვეშ. ინდონეზიაში სეისმური აქტივობა კონტროლდება ვულკანური კვლევებისა და გეოლოგიური საშიშროების შემცირების ცენტრის მიერ, რომელიც შედის ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების სამინისტროს სტრუქტურაში. პოსტი, რომელიც აკვირდება ტამბორის აქტიურობას, მდებარეობს სოფელ დორო-პეტიში.[49] ის სეისმოგრაფის მეშვეობით აკვირდება სეისმურ და ტექტონიკურ აქტივობას. 1880 წლის ამოფრქვევის მომენტიდან არ ყოფილა დარეგისტრირებული არანაირი მნიშვნელოვანი სეისმური აქტივობის ზრდა. ასეა თუ ისე, მუდმივად წარმოებს მონიტორინგი მთავარი კალდერის შიგნით და პარაზიტული კონუსის ირგვლივ.[50]

ვულკანური კვლევებისა და გეოლოგიური საშიშროების შემცირების ცენტრის მიერ შემუშავებულია გეგმა ამოფრქვევის წინასწარ შეტყობინებისა და შესაძლო საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაციის შესახებ.[49] ვულკანის ირგვლივ არსებული რაიონი გაყოფილია ორ ზონად: საშიშ ზონად და მომატებული ყურადღების ზონად. საშიშ ზონად ის არე მიიჩნევა, რემელიც დაზარალდება ამოფრქვევის პირდაპირი ზემოქმედებით: იგი განადგურდება პიროკლასტური ნაკადებით, ლავითა და ფერფლის უხვი ცვენით. ეს არე, რომელიც იკავებს 58,7 კმ²-ს, შეიცავს ვულკანის კალდერასა და მის მიდამოებს. ამ რაიონში ცხოვრება აკრძალულია. მომატებული ყურადღების ზონა შეიცავს არეს, რომელსაც ამოფრქვევა შეიძლება არაპირდაპირად შეეხოს. ისინი შეიძლება მოხდეს ლაჰარის დარტყმის ქვეშ და იყოს ფერფლით დაყრილი. ამ ზონის ფართობია 185 კმ² და შეიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს.[49]

გალერეა

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Anon. (April 11, 2015). "After Tambora". Briefing. Volcanoes and Climate. The Economist 415 (8933): 17–20.
  • (1992) რედ. Harrington, C. R.: The year without a summer? World climate in 1816. Ottawa: Canadian Museum of Nature. 
  • Henry and Elizabeth Stommel, Volcano Weather: The Story of 1816 , the Year without a Summer, Newport RI. 1983. ISBN 0-915160-71-4
  • Gillen D'Arcy Wood, Tambora: The Eruption That Changed the World (Princeton, NJ: Princeton University Press, 2014). ISBN 978-0-691-15054-3

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Tambora. Global Volcanism Program. Smithsonian Institution.
  2. Aswanir Nasution. Tambora, Nusa Tenggara Barat. წაკითხვის თარიღი: 29 სექტემბერი 2007. (ინდონეზიური)
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 Stothers, Richard B. (1984). "Великое извержение Тамборы в 1815 году и его последствия". Science 224 (4654): 1191–1198. . PMID 17819476.
  4. 4.0 4.1 Degens, E.T.; Buch, B (1989). "Седиментологические события в заливе Салех, Тамбора". Netherlands Journal of Sea Research 24 (4): 399–404. .
  5. Tambora - Global Volcanism Program - Smithsonian Institution ინგლისური. Smithsonian institution national museum of natural history global volcanism program.
  6. Gunung Tambora ინგლისური. Mountains of the Indonesian Archipelago.
  7. Большая советская энциклопедия, второе издание (1949-1958) (1956). Тамбора. Государственное научное издательство Большая советская энциклопедия, გვ. 575. 
  8. Mount Tambora ინგლისური. Encyclopædia Britannica.
  9. 9.00 9.01 9.02 9.03 9.04 9.05 9.06 9.07 9.08 9.09 9.10 9.11 9.12 Oppenheimer, Clive (2003). "Климатические, экологические и человеческие последствия крупнейших исторических извержений: Вулкан Тамбора (Индонезия) 1815". Progress in Physical Geography 27 (2): 230–259. .
  10. Натела Ярошенко Огненная молодость вулканов // Энциклопедия чудес природы / Под ред. А. Б. Васильева. — Лондон, Нью-Йорк, Сидней, Москва: Ридерз Дайджест, 2000. — გვ. 456. — გვ. {{{გვერდნი}}} . — ISBN 5-89355-014-5
  11. 11.0 11.1 11.2 Tanguy, J.-C.; Scarth, A., Ribière, C., Tjetjep, W. S. (1998). "Жертвы извержений вулканов: пересмотренная база данных". Bulletin of Volcanology 60 (2): 137-144. .
  12. Donohue, Mark (2007). "The Papuan language of Tambora". Oceanic Linguistics 46 (2): 520–537.
  13. 13.0 13.1 Университет Род-Айленда (2006-02 27). „URI volcanologist discovers lost kingdom of Tambora“. პრეს-რელიზი. http://www.uri.edu/news/releases/index.php?id=3467. წაკითხვის თარიღი: 2006-10-06.
  14. Peningkatan Status G. Tambora dari Normal ke Waspada
  15. Evacuation Plans Prepped as Mount Tambora Alert Level Is Raised | The Jakarta Globe
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Foden, J. (1986). "Петрология вулкана Тамбора, Индонезия: модель извержения 1815 года". Journal of Volcanology and Geothermal Research 27 (1–2): 1–41. .
  17. Hobi Mendaki Gunung – Menyambangi Kawah Raksasa Gunung Tambora“, Sinar Harapan. წაკითხვის თარიღი: 2006-11-14. (ინდონეზიური) 
  18. West and East Nusa Tenggara Local Governments. „Potential Tourism as Factor of Economic Development in the Districts of Bima and Dompu“ (PDF). პრეს-რელიზი. http://www.gtzpromis.or.id/Proda/documents/TS_Bima_Dompu.pdf. წაკითხვის თარიღი: 2006-11-14.
  19. 19.0 19.1 Aswanir Nasution. Tambora, Nusa Tenggara Barat на ინდონეზიური. Управление Вулканологии и Снижения Геологической Опасности, Индонезия. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 29, 2007. წაკითხვის თარიღი: 2006-11-13.
  20. Foden, J; Varne, R. (1980). "Петрология и тектоническая обстановка вулканических центров Зондской Дуги, островов Ломбок и Сумбава". Chemical Geology 30 (3): 201–206. .
  21. 21.0 21.1 Sigurdsson, H.; Carey, S. (1983). "Плинианское и со-игнимбритное выпадение тефры во время извержения Тамборы 1815 года". Bulletin of Volcanology 51 (4): 243–270. .
  22. 22.0 22.1 Geology of Tambora Volcano. Вулканологический обзор Индонезии. დაარქივებულია ორიგინალიდან - November 16, 2006. წაკითხვის თარიღი: 2006-10-10.
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 Tambora – Eruptive History. Global Volcanism Program. ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-01-23. წაკითხვის თარიღი: 2006-11-13.
  24. Global Volcanism Program.
  25. Tambora Historic Eruptions and Recent Activities. Вулканологический обзор Индонезии. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 27, 2007. წაკითხვის თარიღი: 2006-11-13.
  26. RAFFLES, Thomas Stamford. The History of Java. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-20. წაკითხვის თარიღი: 16 июня 2011.
  27. 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 რაფლზი, ს. 1830: Memoir of the life and public services of Sir Thomas Stamford Raffles, F.R.S. &c., particularly in the government of Java 1811—1816, and of Bencoolen and its dependencies 1817—1824: with details of the commerce and resources of the eastern archipelago, and selections from his correspondence. London: John Murray, cited by Oppenheimer (2003)
  28. Stothers, Richard B. (1984). "The Great Tambora Eruption in 1815 and Its Aftermath". Science 224 (4654): 1191–1198. . PMID 17819476.
  29. 29.0 29.1 Briffa, K.R.; Jones, P.D., Schweingruber, F.H. and Osborn T.J. (1998). "Влияние вулканических извержений на летние температуры Северного полушария за 600 лет". Nature 393 (6684): 450–455. .
  30. Monk, K.A.; Fretes, Y., Reksodiharjo-Lilley, G. (1996). The Ecology of Nusa Tenggara and Maluku. Hong Kong: Periplus Editions Ltd., გვ. 60. ISBN 962-593-076-0. 
  31. http://hvo.wr.usgs.gov/volcanowatch/1998/98_04_16.html USGS account of historical volcanic induced tsunamis
  32. Zollinger (1855): Besteigung des Vulkans Tamboro auf der Insel Sumbawa und Schilderung der Eruption desselben im Jahre 1815, Wintherthur: Zurcher and Fürber, Wurster and Co., cited by Oppenheimer (2003).
  33. Petroeschevsky (1949): A contribution to the knowledge of the Gunung Tambora (Sumbawa). Tijdschrift van het K. Nederlandsch Aardrijkskundig Genootschap, Amsterdam Series 2 66, 688—703, cited by Oppenheimer (2003).
  34. Large Holocene Eruptions. Global Volcanism Program. სმითსონის ინსტიტუტი. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-01-23. წაკითხვის თარიღი: 2006-11-07.
  35. Dai, J.; Mosley-Thompson and L.G. Thompson (1991). "Доказательство взрывного извержения тропического вулкана за шесть лет до извержения Тамборы, основанное на анализе ледяных кернов". Journal of Geophysical Research (Atmospheres) 96: 17,361–17,366.
  36. Десять самых мощных извержений вулканов в истории | РИА Новости
  37. Peterson, Doug LAS News (Spring 2010) Иллинойсский университет в Урбана-Шампейн p.11
  38. News, URI, http://www.uri.edu/news/releases/index.php?id=3467.
  39. 'Pompeii of the East' discovered“, BBC News, 28 February 2006. წაკითხვის თარიღი: 2006-10-09. 
  40. Indonesian Volcano Site Reveals ‘Pompeii of the East’ (Update1)“, Bloomberg Asia, 28 February 2006. წაკითხვის თარიღი: 2006-10-09. 
  41. Heinrich Zollinger. Zollinger Family History Research. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-01-23. წაკითხვის თარიღი: 2006-11-14.
  42. Zollinger (1855) cited by Trainor (2002).
  43. 43.0 43.1 43.2 43.3 43.4 de Jong Boers, B. (1995). "Mount Tambora in 1815: A Volcanic Eruption in Indonesia and its Aftermath" (– Scholar search). Indonesia (Indonesia, Vol. 60) 60 (60): 37–59. . JSTOR 3351140. http://e-publishing.library.cornell.edu:80/Dienst/UI/1.0/Summarize/seap.indo/1106964023.
  44. 44.0 44.1 Trainor, C.R. (2002). "Birds of Gunung Tambora, Sumbawa, Indonesia: effects of altitude, the 1815 cataclysmic volcanic eruption and trade" (PDF). Forktail 18: 49–61. http://www.orientalbirdclub.org/publications/forktail/18pdfs/Trainor-Tambora.pdf.
  45. Moyo Island
  46. Mount Tambora National Park Transformed Into New Ecotourism Destination. antaranews.com. წაკითხვის თარიღი: 2016-10-30.
  47. Census of Agriculture in Indonesia ინგლისური. BPS-Statistics Indonesia.
  48. Hasil Sensus Penduduk 2010: Data Agregat per Provinsi (PDF). BPS Republik Indonesia. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-01-23. წაკითხვის თარიღი: 24 августа 2011.
  49. 49.0 49.1 49.2 Tambora Hazard Mitigation ინდონეზიური. Directorate of Volcanology and Geological Hazard Mitigation. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 29, 2007. წაკითხვის თარიღი: 2006-11-13.
  50. Tambora Geophysics ინდონეზიური. Directorate of Volcanology and Geological Hazard Mitigation, Indonesia. დაარქივებულია ორიგინალიდან - September 29, 2007. წაკითხვის თარიღი: 2006-11-13.