ზანური ენა, მეგრულ-ჭანური ენა — ქართველურ ენათა ჯგუფის ერთ-ერთი ქვეჯგუფი. სახელწოდება პირობითია და შექმნილია ვარაუდის საფუძველზე, რომ ადრინდელი სახელწოდება ასეთი უნდა ყოფილიყო. ამჟამად ზანური გათიშულია მეგრულად და ლაზურად. მეგრულში გამოიყოფა ორი დიალექტი: ზუგდიდურ-სამურზაყანული და მარტვილურ-სენაკური. ლაზური გავრცელებულია თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. ლაზურში გამოიყოფა სამი კოლი: ხოფური, ვიწურ-არქაბული და ათინური. ზანური ენები ერთმანეთის უშუალო მოსაზღვრე იყო XVIII საუკუნის წინ, თუმცა ქართულენოვანმა ტომებმა შეაღწიეს მათ შორის და ტერიტორიულად გათიშეს ისინი.