მიხეილ ძამანაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ (მიშა) ანდრიას ძე ძამანაშვილი (დ. 1888, სოფ. ხცისი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 აპრილი, 1938) — რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში, სოციალ-დემოკრატი.

ჰქონდა დაწყებითი განათლება. პროფესიით ზეინკალი, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი იყო 1904 წლიდან. ეკუთვნოდა მენშევიკების ფრაქციას. რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს იყო თბილისის მექანიკური სახელოსნოების მუშების საგაფიცვო მოძრაობის ლიდერი, შემდეგ მუშაობდა ბათუმში, ნავთობსადენის სადგურზე. 1909 წელს სპარსეთის რევოლუციის მხარდასაჭერად გამგავრების მცდელობისას დააპატიმრეს და ტობოლის გუბერნიაში გადაასახლეს. 1912 წელს არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში და დაუბრუნდა პარტიულ საქმიანობას. მომდევნო წლებში მუშაობდა ბაქოში, პეტერბურგში და თბილისის რკინიგზის სახელოსნოებში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა პროფესიულ ორგანიზაციებში. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის (1921) შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა. თანამშრომლობდა ბოლშევიკურ მთავრობასთან. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ მისი თაოსნობით შეიქმნა „მუშათა კომისია“, რომლის მიზანი იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშური ნაწილის საბჭოთა ხელისუფლებასთან დაახლოება. 1924-1927 წლებში რედაქტორობდა კოლაბორაციონისტულ გაზეთს — „ახალ გზას“. 1926 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკების) პარტიის წევრი. მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე (საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სახალხო კომისრის მოადგილე, სასკოლო საკანცელარიო საკუთრების დირექტორი). 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს და კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]