შინაარსზე გადასვლა

გიორგი ფაღავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გოგიტა ფაღავა)
გიორგი ფაღავა
დაბ. თარიღი 1895
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 1924
საქმიანობა პოლიტიკოსი

გიორგი (გოგიტა) ფაღავა (დ.1895, ქუთაისი — გ.1924) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

გოგიტა ფაღავა დაიბადა ქუთაისში, 1895 წელს. დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია.

სწავლის პერიოდიდან ჩაბმული იყო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. 1913 წლიდან (ფორმალურად) იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციის" წევრი. 1913 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს 1914 წელს ქუთაისში, ასევე, რამდენჯერმე - მომდევნო წლებში, ადმინისტრაციული წესით. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ სწავლა განაგრძო; 1917 წლისათვის მუშაობდა მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო კომიტეტში და ჩაბმული იყო ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციების საქმიანობაში. 1919 წლის 12 მარტს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად; იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში; ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წლიდან იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის თავმჯდომარე. 1924 წელს დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების ადგილი უცნობია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]