გიორგი მაჩაბელი (რევოლუციონერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გიორგი მაჩაბელი

გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი (დ. 16 სექტემბერი, 1879, ქურთა, გორის მაზრა, ახლანდ. ქურთის მუნიციპალიტეტი, — დ. 19 მარტი, 1918, ცხინვალი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რევოლუციონერი.

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. იყო თავადური საგვარეულოს წარმომადგენელი და გორის მაზრის შეძლებული მემამულე. მიუხედავად წოდებრივი წარმოშობისა, რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს მაჩაბელი აქტიურად მონაწილეობდა შიდა ქართლის გლეხთა მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თუმცა მისი საქმიანობა ვიწრო პარტიულ ინტერესებს სცდებოდა; მაგალითად, მაჩაბელს პარიზიდან ჩამოჰქონდა და ხალხში ავრცელებდა ეროვნულ-დემოკრატების გაზეთ „საქართველოს“ ნომრებს. ზურაბ (ზუბიკო) აბდუშელიშვილის მიერ გორის მაზრაში კონტრრევოლუციური თავადაზნაურული მილიციის („შავი რაზმის“) შექმნის შემდეგ მაჩაბელმა მას „წითელი რაზმი“ დაუპირისპირა. 1906 წელს მაჩაბელი დააპატიმრეს და რამდენიმე წლით ციმბირის კატორღაში გაგზავნეს.

1915 წლიდან მაჩაბელი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მაჩაბელი კვლავ დაუბრუნდა პოლიტიკურ საქმიანობას. მონაწილეობა მიიღო ქართული წითელი გვარდიის (შემდგომში სახალხო გვარდია) შექმნაში. მაჩაბელი იყო გორის მაზრის კომისარი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის გორის კოლექტივის და მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე, ასევე გორის ქალაქის საბჭოს წევრი. 1918 წელს ხელმძღვანელობდა გორის ქართული პოლკის ამბოხებული ჯარისკაცების განიარაღებას, შემდეგ მონაწილეობდა გვარდიის ექსპედიციაში ბორჯომ-ახალციხის მხარეში.

1918 წლის მარტში ბოლშევიკების ხელმძღვანელობით ოსების აჯანყების დაწყების შემდეგ გიორგი მაჩაბელი გორის გვარდიით დაბა ცხინვალში გაემართა. ამბოხებულებთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მაჩაბელი სათავეში ჩაუდგა ცხინვალის დაცვას. პირადად იბრძოდა გვარდიის პოზიციებზე ტყვიამფრქვევით. დაიჭრა და გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ხიშტებით მოკლეს შენობაში შეჭრილმა ამბოხებულებმა. ცხინვალის ქუჩებში დაიღუპნენ ასევე მაჩაბლის თანამებრძოლები — ვეტერანი სოციალ-დემოკრატი ალექსანდრე (სანდრო) კეცხოველი და ოსი კოსტა ყაზიევი. მაჩაბლის მკვლელობამ ქართულ საზოგადოებაში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მისი ცხედარი დიდი პატივით წაასვენეს თბილისში და დაკრძალეს წმინდა ნინოს ეკლესიის ეზოში. ჰყავდა ცოლი — ალექსანდრა ილიას ასული ხარაშვილი და ქალიშვილი — დარეჯანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]