რეზო გაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რევაზ გაბაშვილი)
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბაშვილი.
რეზო გაბაშვილი
დაბადების თარიღი 6 ნოემბერი, 1882(1882-11-06)
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაცვალების თარიღი 14 მარტი, 1969(1969-03-14) (86 წლის)

რევაზ გაბაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1882, თბილისი — გ. 14 მარტი, 1969, პარიზი) — ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწე. იყო ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ეკატერინე გაბაშვილის უფროსი ვაჟი. იცოდა ათამდე ენა – თურქული, სპარსული, ფრანგული, ინგლისური, ესპანური, გერმანული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წერა–კითხვა დედამ ასწავლა. რვა წლისა თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში შეიყვანეს, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა. სასწავლებელი 1902 წელს დაასრულა და განათლების მისაღებად ბელგიაში გაემგზავრა. შევიდა ლიეჟის მონტეფიორეს სახელობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში. 1905 წელს მიატოვა უნივერსიტეტი, დაბრუნდა თბილისში, მიემხრო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიას და ჩაერთო 1905 წლის რევოლუციაში. მონაწილეობდა არალეგალური იარაღის დამზადებაში. 1906 წლის რეაქციას რევაზ გაბაშვილი საფრანგეთში გაერიდა არალეგალურად. 1907 წელს ისევ საქართველოში დაბრუნდა. თბილისში ცხოვრება არ შეეძლო, დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. გადავიდა ბაქოში და რადგან საინჟინრო საქმეები აინტერესებდა ნავთის ქარხანაში დაწყო მუშაობა მენავთობე მუხთაროვთან. ამავე წელს დაქორწინდა და მეუღლესთან, მარიამ ცისკარიშვილთან, ერთად სწავლის გასაგრძელებლად სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრა.

1907 წლის სექტემბერში რევაზ გაბაშვილი მიიღეს სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტის ქიმიის განყოფილებაზე. გაბაშვილს ბელგიაში ნასწავლი საგნები ჩაუთვალეს და მეორე კურსზე დასვეს, მარიამ ცისკარიშვილი ჩაირიცხა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1908 წელს შეეძინათ შვილი ციალა. 1910 წელს ლევ ტოლსტოის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სტუდენტთა გამოსვლები დაიწყო. უნივერსიტეტში რეზო გაბაშვილი პოლიციის ალყაში მოჰყვა, უმიზეზოდ დააპატიმრეს, სამი თვით ციხეში ჩასვეს და უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალეს.

1911 წელს გაბაშვილი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში: იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, თავადაზნაურთა საკრებულო და მისი მიწათმოქმედების კომისიის წევრი, მუშაობდა სათავადაზნაურო ბანკში. შექმნა რამდენიმე კოოპერატივი – სიღნაღის მაზრის მეთამაბქოეობა, მთიულეთის მეცხვარეობა, დიდი ლილოს მერძევეობა, გომის მეპურეობა და სხვა.

ამ დროს საქართველოში არსებობდა ორი ძირითადი პარტია: სოციალ-დემოკრატებისა და სოციალისტ-ფედერალისტებისა. გაბაშვილი თანამოაზრეებთან ერთად შეუდგა მესამე პარტიის შექმნას, დააარსა და ხელმძღვანელობდა ახალი მიმართულების ყოველკვირეულ ჟურნალ „კლდეს“, რომელიც 1912-1915 წლებში გამოდიოდა. 1915 წლის მაისში „კლდე“ დაიხურა. ამის შემდეგ გაბაშვილი თანამშრომლობდა ყოველდღიურ გაზეთ „საქართველოსთან“. ამ ორგანოს ბაზაზე გაბაშვილმა და მისმა თანამოაზრეებბმა, რომელთა შორის იყვნენ სპირიდონ კედია, გიორგი გვაზავა, შალვა ქარუმიძე, დავით კასრაძე, იროდიონ სონღულაშვილი და სხვები, 1917 წელს დააარსეს ეროვნულ–დემოკრატიულ პარტია. გაბაშვილი გახდა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი. 1917 წლის ნოემბერში მონაწილეიობდა ეროვნული ყრილობის მუშაობაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის მაისში, გახდა საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან. იყო გზათა კომისიის წევრი. 1918 წლის სექტემბერში სხვებთან ერთად დატოვა ეროცნულ-დემოკრატიული პარტია და დააარსა საქართველოს მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია. იყო შესაბამისი ფრაქციის მდივანი. 1919 წლის ივლისში გაზეთ „სალ კლდეში“ გამოაქვეყნა ანტიბრიტანული სტატია, რომელიც შეიცავდა მთავრობის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით გაზეთი დახურეს, ხოლო გაბაშვილი ორი კვირით დააპატიმრეს. 1919 წელს საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მისმა პარტიამ მანდატები ვერ მოიპოვა. ეს პარტია 1921 წლის იანვარში კვლავ ედპ-ს შეუერთდა, ხოლო გაბაშვილი მტავარ კომიტეტში აირჩიეს.

ემიგრაციაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წელს საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ რევაზ გაბაშვილი ემიგრაციაში წავიდა, მეუღლე და სამი შვილი სამშობლოში დატოვა. ოთხ წელიწადს სტამბოლში ცხოვრობდა და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა, სწავლობდა იქაურ მუზეუმებს. იყო სტამბოლის პოლიტიკური კომისიის წევრი. სტამბოლიდან საფრანგეთში ჩავიდა და პარიზში დასახლდა. მეგობრობდა ზურაბ ავალიშვილთან და ვიქტორ ნოზაძესთან. 1926-1928 წლებში მისი მეთაურობით ერთი ჯგუფი გამოეყო ედპ-ს და გაერთიანდა გაზეთ „მამულიშვილის“ გარშემო. 1937-1939 წლებში თანამშრომლობდა ჟურნალ „კავკასიასთან“. პოლიტიკური შრომების გარდა, ისტორია–არქეოლოგიასა და ეთნოგრაფიაში მუშაობდა. 1944 წელს ბერლინში ჟურნალ „ქართველ ერში“ გამოქვეყნდა მისი სტატია „დონ კიხოტი და ვეფხისტყაოსანი“

1950-1960 წლებში რევაზ გაბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა მიუნხენში რუსულ და ინგლისურ ენებზე გამომავალ ჟურნალებში: "Кавказ", "Объединенный Кавказ", "Свободный Кавказ", ასევე ამერიკელ ქართველთა გაზეთში – „ქართული აზრი“. 1951-1956 წლებში იყო ხელახლა შექმნილი „ეროვნული ცენტრის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1957 წელს პარიზში წაიკითხა მოხსენება ილია ჭავჭავაძის ეკონომიკურ მოღვაწეობაზე. 1959 წელს მიუნხენში გამოქვეყნდა მისი გახმაურებული მემუარები – „რაც მახსოვს“. წიგნმა ქართული ემიგრანტული, განსაკუთრებით კი სოციალ–დემოკრატიული წრეების აღშფოთება გამოიწვია. 1960-იან წლებში ჟურნალ „კავკსიონში“ გამოაქვეყნა რამდენიმე ისტორიოგრაფიული წერილი.

1967 წელს პარიზში ფრანგულად გამოსცა „L˜apport de la race caucasienne dans la civilisation mondiale“ (კავაკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში), თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. ამავე დროს მუშაობდა ლიტერატურათმცოდნეობაში. შვილების ცნობით, მას პარიზში დარჩა გამოუქვეყნებელი ხელნაწერი შრომები საქართველოს ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე. 1968 წელს ის მოინახულეს შვილებმა – ციალა და გურამ გაბაშვილებმა. გარდაიცვალა 1969 წლის 14 მარტს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია პარიზში ბანიოს სასაფლაოზე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკატერინე და ალექსანდრე გაბაშვილებს ათი შვილი ჰყავდათ, მათგან პირველი ხუთი ჩვილობაში გარდაიცვალა, ხოლო მომდევნო ხუთი შერჩათ. რევაზ გაბაშვილის დედმამიშვილები იყვნენ თამარ გაბაშვილი (კოტე მაყაშვილის მეუღლე), ნინო გაბაშვილი, გიორგი გაბაშვილი და ელენე გაბაშვილი (მზია ანდრონიკაშვილის დედა).

რეზო გაბაშვილმა მეუღლე, მარიამ ცისკარიშვილი, შეირთო 1907 წელს. ჰყავდათ შვილები

ემიგრაციაში ყოფნის დროს გაბაშვილის მეუღლე იყო ელისაბედ ყიფიანი, რომელიც მასთან ერთადაა დაკრძალული ბანიოს სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანელიძე ო., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 81.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]