რეზო გაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

რეზო გაბაშვილი ( დ. 6 ნოემბერი, 1882, თბილისი — გ. 14 მარტი, 1969, პარიზი) — ქართველი პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და სწავლა ბელგიაში, ლიეჟის მონტეფიორეს სახელობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც არ დაუსრულებია. 1905 წელს დაბრუნდა სამშობლოში, ფედერალისტთა პარტიას დაუკავშირდა და აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ორჯერ იყო დატუსაღებული და გარკვეული ვადით აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება. 1906, პარტიის დავალებით, კვლავ უცხოეთში – ბელგიასა და საფრანგეთში გაემგზავრა. ექვსი თვის შემდეგ ბაქოში ჩავიდა და მუშაობას ნავთობის მრეწველობაში შეუდგა. 1907 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ გადავიდა ქიმიურ განყოფილებაზე. კურსი აქაც ვერ დაასრულა, რადგან „ტოლსტოის დღეებთან“ დაკავშირებულ სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან დაითხოვეს. 1911 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მუშაობაში. 1912 იყო ეროვნულ-დემოკრატიული ჟურნალის „კლდე“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და გამოცემის რედაქტორი, წერდა ფსევდონიმებით: „რაე“, „ღამურა“ და სხვ. ჩაბმული იყო კოოპერაციული მოძრაობის განვითარებაში. შედიოდა ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებაში და არჩეული იყო მისი გამგეობის მდივნად. 1917 წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში. ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, 1918 წლის მაისში, ედპ-ის სიით გახდა საბჭოს წევრი, არჩეული იყო საბჭოს გზათა კომისიის შემადგენლობაში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი, ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. 1918 წლის სექტემბერში გადავიდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატთა ფრაქციაში და გახდა მისი მდივანი. იყო ამ ფრაქციის საფუძველზე შექმნილი ეროვნული (მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

1919 წლის ივლისში გაზეთ „სალ კლდეში“ გამოქვეყნდა რ. გაბაშვილის ანტიინგლისური ხასიათის სტატია, რომელიც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსაც შეიცავდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, გაზეთი დახურეს, ავტორი კი ორი კვირით დააპატიმრეს. 1919 წლის თებერვალში ეროვნული პარტიის სიით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვა. 1921 წლის იანვარში, ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, რ. გაბაშვილი გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს. 1921 საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად – თურქეთში, 1924 კი საფრანგეთში ცხოვრობდა. შეისწავლა თურქული ენა, ასევე ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და სპარსულ ენებს. შედიოდა ედპ-ის კონსტანტინოპოლის ბიუროს შემადგენლობაში, იყო სტამბოლის პოლიტკომისიის წევრი. 1922 წელს მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და შექმნა „საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“. შედიოდა ემიგრაციაში აღმოცენებულ „საერთო ფრონტში“. ემიგრაციაში ედპ-ს პირველად მისი ჯგუფი გამოეყო, რომელიც 1926-1928 წლებში გაზეთ „მამულიშვილის“ ირგვლივ შემოიკრიბა, შემდეგ კი ა. ასათიანის ჯგუფს შეუერთდა. მოგვიანებით რ. გაბაშვილი კავკასიის კონფედერაციის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ჰ. ბამატის ჯგუფში გაერთიანდა, 1937-1939 წლებში, როგორც პასუხისმგებელი რედაქტორი, თანამშრომლობდა ჟურნალ „კავკასიასთან“. პოლიტიკური საკითხების გარდა აინტერესებდა და იკვლევდა საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის პრობლემებსაც. 1967 პარიზში ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი „კავაკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში“. 1951-1956 წლებში იყო ხელახლა შექმნილი „ეროვნული ცენტრისა“ და მისი გაზეთის „საქართველოს დამოუკიდებლობა“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ასევე წერილებს ბეჭდავდა პარიზულ ჟურნალ „კავკასიონში“, აშშ-ში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში - „კრებული“ და „ქართული აზრი“. 1959 მიუნხენში გამოქვეყნდა მისი დიდად გახმაურებული მოგონებათა წიგნი „რაც მახსოვს“. საქართველოში ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. ემიგრაციაში მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო ელისაბედ ყიფიანი. რ. გაბაშვილი გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანელიძე ო., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 81, თბ., 2018 წელი.