შინაარსზე გადასვლა

დავით კასრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კასრაძე.

დავით ილარიონის ძე კასრაძე (დ. 27 დეკემბერი, 1885, სოფ. ავნევი, ახლანდელი თიღვის მუნიციპალიტეტი — გ. 16 თებერვალი, 1965, თბილისი) — ქართველი მწერალი და მთარგმნელი

1901 წ. გორის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აქტიურად დაადგა თერგდალეულთა გზას, როგორც კრიტიკული რეალიზმის დამცველი. სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, ნოველებს, რომანებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „კლდე“, “საქართველო”, “ჯეჯილი”, “თერგი”, “სინათლე”, “მნათობი”, “ქართული მწერლობა”, “ლიტერატურა და ხელოვნება”, “ლიტერატურა და ცხოვრება”.

მისი რომანი “როსკიპი” ცარიზმის ცენზურამ აკრძალა, ხოლო ჟანდარმერიამ დევნა დაუწყო. დავით კასრაძე მიემგზავრება პარიზს, სადაც სწავლობდა ლიტერატურულ-ფილოსოფიურ ფაკულტეტზე. პიურეს პანსიონში მასთან ერთად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მიხელი ჯავახიშვილი, თედო სახოკია, კონდრატე თათარიშვილი, გერონტი ქიქოძე.

სისტემატურად იბეჭდებოდა მისი წერილები და ფელეტონები ფსევდონიმებით: “ქართლელი”, “დე-კა”, “X”, “დიოგენი”, “ალი აზიზი”, “კანდიდი”, “ბარონ დე-კანი”. აღსანიშნავია მისი სტატიები: “პატაგონიის ველურები”, “რა არის ფუტურიზმი?”, “აჭარლებს ასამართლებენ?”, “მიმქრალი სულის აღსარება”, “მეცნიერული სიბეცე თუ შარლატანობა?”, “ცოცხალი ლეშები”.

1914 წ. იგი ბრუნდება სამშობლოში, თანამშრომლობს ქუთაისურ გაზეთსში “ოქროს ვერძი”. მისი ხელმძღვანელობით გამოდიოდა გაზეთი “მწვერვალები” და “სამუსლიმანო საქართველო”. ამავე წლიდან იგი პირველი აქვეყნებს ლიტერატურულ პორტრეტებს: “აკაკის ჩირაღდნები”, “ბრძენი ილია”, “გოლიათი ვაჟა”, “ეკატერინე გაბაშვილი”, “ვასილ ბარნოვი”, “ანასტასია ერისთავ-ხოშტარია”, “ვლადიმერ მესხიშვილი”, “მიხეილ ჯავახიშვილი”, “იაკობ გოგებაშვილი”.

მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში ყურადღებას იპყრობს რომანები: “როსკიპი”, “კეთრი”, “თეთრი ზამბახი”, “ცხოვრება”, “სპარტაკი”, “მათიას შევარდენი”, “შურისციხელი”, “ერეკლეს ხმალი”, “ჯვარი და სიყვარული”, “განთიადამდე”, “გორის ციხე”, ჰეროიკული დრამა “ლეგენდა რუსთაველზე”, დრამები “ციხის ცრემლები”, “იუდა”, “რია”, “მეფე არლეკინი”, “ელქანანი”, “სურამის ციხე”, “ლიტერატურული პორტრეტები”.

დავით კასრაძემ კიდევ უფრო გაამდიდრა ქართული თარგმნილი ლიტერატურა. მან კარგად იცოდა რუსული, ფრანგული, ინგლისური, გერმანული ენები. ორგინალიდან თარგმნა ლ. ტოლსტოის “კაზაკები”, ნ. გოგოლის “მკვდარი სულები”, ი. ტურგენევის “მონადირის დღიურები”, ს. სტავსკის “გაქანება”, სერაფიმოვიჩის “რკინის ნიაღვარი”, ო. გონჩარის “მედროშენი”, ა. ფრანსის “თაისი”, მოლიერის “მიზანთროპი” და “ტარტიუფი”, მ. მეტერლინკის პიესები, ე. ზოლას “ბატონ შაბრის ლოკოკინები”, კ. გოლდონის “საპატარძლო აფიშით”, ე. როსტანის “სირანო დე ბერჟერაკი”, უ. შექსპირის “ზამთრის ზღაპარი”, ო. უაილდის “პადუის დედოფალი”, კრაპოტკინის “საფრანგეთის დიდი რევოლუცია”.

თავის შემოქმედებაში დ. კასრაძე ერთმანეთს უთავსებდა რომანტიკულ პათოსსა და რეალიზმს. უხვად სარგებლობდა ხალხური გამოთქმებით. დ. კასრაძე იყო ქართველ მსახიობთა პირველი პროფესიონალური კავშირის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. აქტიურად იღვწოდა თბილისის ლიტერატურული მუზეუმის ორგანიზაციასა და მუშაობაში.

როგორც შემოქმედ პატრიოტს უსაზღვროდ უყვარდა ქართველი ერი და დაინტერესებული იყო მისი მომავალით. საბავშვო ლიტერატურაში ცნობილია მისი წიგნები: “ქალპეპელა”, “მზიას გიშგიშა”, “ჩვენს საკურდღლეში”, “ორი ზღაპარი” და მრავალი სხვა.

წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს თეატრის ისტორიაზე თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.

დავით კასრაძის პირად არქივში დაცულია რამდენიმე რომანი, მოთხრობა და თარგმანი, რომელსაც ინტერესით მოელის ქართველი მკითხველი.

ღვაწლმოსილი მწერალი ვერ შეხვდა თავის საიუბილეო თარიღს – 1965 წლის 16 იანვარს გარდაიცვალა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, რომლის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორიც თვითონ იყო.

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 209, თბ., 1994