ახალი გვინეის განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნების წყალობით, ლორენცი მსოფლიოში ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ეროვნული პარკია. ის მთელ აზია-ოკეანეთის რეგიონში ერთადერთი ბუნებრივი ნაკრძალია, რომელიც სიმაღლის ყველა დონეზე ეკოსისტემებს მოიცავს, დაწყებული ზღვის ტერიტორიებით, მიქცევა-მოქცევით, მანგროს ტყეებით, მტკნარი წყლის ჭაობის ტყეებით, დამთავრებული დაბლობის და მაღლობის ტროპიკული ტყეებით, ალპური ტუნდრითა და ეკვატორული მყინვარებით. უმაღლესი ადგილია მწვერვალი ჯაია (4 884 მ).
პარკი მოიცავს ბევრ შეუსწავლელ და ისეთ ტერიტორიას, რომელიც რუკაზეც კი არაა დატანილი. შესაბამისად, უდავოდ ბევრია ფლორისა და ფაუნის ისეთი სახეობა, რომელიც დასავლელი მეცნიერებისათვის დღემდე უცნობია.
აღმოჩენილ სახეობებს შორის, 630 ფრინველია (ახალი გვინეის სახეობების 70%) და 123 ძუძუმწოვარი.
პარკს სახელი ეწოდა ჰოლანდიელი მკვლევრის — ჰენდრიკუს ალბერტუს ლორენცის პატივსაცემად, რომელიც ამ ტერიტორიას 1909-1910 წლეში იკვლევდა.