ვესტ ჰემ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვესტ ჰემ იუნაიტედი
სრული სახელი West Ham United Football Club
მეტსახელი The Hammers, The Irons
The Academy of Football
დაარსდა 1895, როგორც Thames Ironworks
სტადიონი ლონდონის ოლიმპიური სტადიონი (2016-)
(ტევადობა: 57,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი დეივიდ სალივანი 55.6%
დეივიდ გოლდი 30.6%
CB Holding Ltd. 10%
Minority Investors 3.8%
მწვრთნელი ხორვატიის დროშა სლავენ ბილიჩი
კაპიტანი ინგლისის დროშა მარკ ნობლი
ლიგა პრემიერლიგა
2020-21 მე-6 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ვესტ ჰემ იუნაიტედი (ინგლ. West Ham United Football Club) — ინგლისური საფეხბურთო კლუბი. ბაზირებულია ვესტ ჰემში, ლონდონის დასავლეთ ნაწილში, პატარა რაიონ ნიუჰემში. კლუბი დაარსდა 1895 წელს, როგორც Thames Ironworks F.C., ხოლო 1900 წელს კი სახელი გადაერქვა და მოიხსენიება, როგორც „ვესტ ჰემ იუნაიტედი“. 1904 წელს გუნდმა თამაში დაიწყო აპტონ პარკზე. საწყის ეტაპზე ისინი მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთისა და დასავლეთის საფეხბურთო ლიგებში, რის შემდეგაც 1919 წელს შეუერთდნენ ინგლისის საფეხბურთო ლიგას და 1923 წელს აღზევდნენ კიდეც უმაღლეს დივიზიონში. ამავე წელს კლუბმა პირველად მიიღო მონაწილეობა ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში, რომელიც გაიმართა უემბლიზე „ბოლტონ უონდერერსის“ წინააღმდეგ. ეს იყო პირველი მატჩი, რომელსაც უემბლიმ უმასპინძლა.

1940 წელს გუნდმა მოიგო ე.წ. ომის თასი, რომელიც თამაშდებოდა 1939–დან 1945 წლის ჩათვლით და იყო ინგლისის ასოციაციის თასის შემცვლელი. რაც შეეხება სახელდობრ ასოციაციის თასს, ის „ვესტ ჰემს“ მოგებული აქვს სამჯერ: 1964, 1975 და 1980 წლებში, ხოლო ორჯერ კი იყო ფინალისტი: 1923 და 2006 წლებში. 1965 წელს "ჩაქუჩებმა" მოიგეს ევროპის თასების მფლობელთა თასი, ხოლო 1999 წელს კი ინტერტოტოს თასი. ვესტ ჰემი ერთ–ერთია იმ რვა ინგლისური კლუბიდან, რომელსაც ინგლისის რანგით მეორე ლიგაზე ქვემოთ არ უთამაშია; თუმცაღა, დანარჩენი შვიდი კლუბისაგან განსხვავებით, ლონდონელებს უმაღლესი ლიგა არასოდეს მოუგიათ. მათ მიერ პირველ დივიზიონში ნაჩვენები საუკეთესო შედეგი მესამე ადგილია, რომელსაც "ჩაქუჩებმა" 1985–86 წლების სეზონში უწიეს.

„ვესტ ჰემის“ სამმა ფეხბურთელმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების წარმატებაში. იმ პერიოდის ინგლისის ნაკრების კაპიტანი ბობი მური იყო, ხოლო ფინალში კი გოლები "ჩაქუჩების" ფეხბურთელებმა, ჯეფ ჰერსტმა და მარტინ პიტერსმა გაიტანეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემზ აირონვორქსის პირველი ფოტო, 1895 წელი.

კლუბი დაარსდა 1895 წელს, სახელწოდებით „Thames Ironworks F.C.“. მაშინ კლუბს ფლობდა მეტალურგიული და გემთმშენებელი კომპანია “Thames Ironworks and Shipbuilding Co. Ltd”, რომელსაც არნოლდ ჰილსი და წამყვანი სპეციალისტი დეივ ტეილორი მართავდნენ. გუნდი სამოყვარულო იყო და მასში კომპანიაში დასაქმებული ადამიანები თამაშობდნენ: თომას ფრიმანი (გემის მეხანძრე), უოლტერ პარკსი (მდივანი), ტომ მანდი, უოლტერ ტრენტერი და ჯეიმზ ლინდსი (საორთქლე ლითონის ქვაბების მწარმოებლები), უილიამ ჩემპენი, ჯორჯ სეიჯი, უილიამ ჩემბერლენი და ჩარლი დოუვი.

„თემზ აირონვორქსი“ პირველი კლუბი იყო, რომელმაც 1895 წელს ვესტ ჰემის საქველმოქმედო თასი მოიგო. მოგვიანებით, 1897 წელს კი გუნდმა ლონდონის ლიგაშიც მიაღწია წარმატებას. 1898 წელს „თემზ აირონვორქსი“ იქცა პროფესიონალურ კლუბად, შეუერთდა სამხრეთის ლიგის მეორე დივიზიონს და პირველივე მცდელობაზე აღზევდა პირველ დივიზიონში. მომდევნო წელს მათ ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავეს, თუმცა პლეი–ოფში იოლად გაუმკლავდნენ თანაქალაქელ „ფულემს“, 1900 წლის აპრილში მოუგეს 5–1 და ამ გზით შეინარჩუნეს ადგილი პირველ დივიზიონში.

1899 წლიდან გუნდის ტრადიციული საშინაო ფორმა არის ბორდოსფერი მაისური და ცისფერი შორტი, რომელსაც იმ პერიოდში „ასტონ ვილას“ ფეხბურთელები ატარებდნენ. ბირმინგემული კლუბი ინგლისის იმ წლის ჩემპიონი იყო.

1900 წლის ივნისში კლუბის მართვასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო „თემზ აირონვორქსი“ დაიშალა, თუმცა ძალიან მალევე, 1900 წლის 5 ივლისს ახლიდან წარმოიშვა, როგორც „ვესტ ჰემ იუნაიტედი“. გუნდის იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი სიდ კინგი იყო, რომელსაც ასისტენტობას მომავალი მთავარი მწვრთნელი ჩარლი პეინტერი უწევდა. მაშინდელ გუნდში მუშათა და ხელოსანთა თამაშის გამო, „ვესტ ჰემ“ი მედიასა და ფანებში ახლაც იწოდება, როგორც "რკინები" და "ჩაქუჩები", ხოლო გუნდის დღევანდელ ლოგოს კი ორი გადაჯვარედინებული ჩაქუჩი ამშვენებს.

ვესტ ჰემ იუნაიტედის დაბადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვესტ ჰემ იუნაიტედი“ 1901 წლის სეზონისათვის შეუერთდა დასავლეთის ლიგას, თუმცა სამხრეთის ლიგის პირველ დივიზიონშიც განაგრძობდა ასპარეზობას. 1907 წელს კლუბმა დასავლეთის ლიგის 1B დივიზიონის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო შემდეგ კი 1A დივიზიონის ჩემპიონი „ფულემი“ დაამარცხა, რითაც სრულიად დასავლეთის ლიგის ჩემპიონად იქცა.

ახლადშექმნილი კლუბი საშინაო თამაშებს კვლავ პლაისტოუში მდებარე მემორიალ გრაუნდსზე ატარებდა, რომელიც საშინაო მოედნად არნოლდ ჰილსის პერიოდიდან ითვლებოდა. თუმცა 1904 წელს ვესტ ჰემის მფლობელობაში გადავიდა აპტონ პარკზე მდებარე მოედანი, რომელიც იმ პერიოდში ბოლეინ გრაუნდად იწოდებოდა.

„ვესტ ჰემის“ პირველი საშინაო მატჩი აპტონ პარკზე ადგილობრივი მტრის, „მილუოლის“ (რომელიც კონკურენტი მეტალურგიული ქარხნის გუნდს წარმოადგენდა) წინააღმდეგ შედგა. მოედანზე შეკრებილმა 10 ათასამდე ქომაგმა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვება (3–0) იზეიმა.

თეთრი ცხენი "ბილი", 1923 წლის ასოციაციის თასის ფინალის გადამრჩენელი

1919 წელს, კვლავ სიდ კინგის ხელმძღვანელობით, „ვესტ ჰემმა“ ინგლისის მეორე დივიზიონის საგზური მოიპოვა, პირველ თამაშში კი „ლინკოლნ სიტის“ 1–1 დაუზავდა. 1923 წელს „ჩაქუჩები“ პირველ დივიზიონში აღზევდნენ და ამავე წელს ისტორიაში პირველად გავიდნენ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში. უემბლიზე გასამართ მატჩში მათ მოწინააღმდეგეს „ბოლტონ უონდერერსი“ წარმოადგენდა. ეს ფინალი ისტორიაში შევიდა, როგორც თეთრი ცხენის ფინალი. სახელის წარმოშობის ისტორია შემდეგია: მატჩზე დაახლოებით 200 ათასი ქომაგი შეიკრიბა, ტრიბუნებმა ხალხი ვერ დაიტია და ძალიან ბევრი ადამიანი პირდაპირ მოედანზე შევარდა. საჭირო გახდა პოლიციის მობილიზება. ცხენოსან პოლიციელთა შორის კი იყო ჯორჯ სქორი, რომელიც დიდ თეთრ (სინამდვილეში კი ნაცრისფერ) ცხენზე, "ბილიზე" იყო ამხედრებული. სწორედ "ბილიმ" შეიტანა დიდი წვლილი მოედნის ხალხისაგან გასუფთავებაში. მატჩი „ბოლტონის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2–0 დასრულდა. ამის შემდეგ „ვესტ ჰემს“ პირველ დივიზიონში წარმატებები არ ჰქონია, თუმცა მომდევნო 10 წლის მანძილზე სტაბილურად იყო ამ დივიზიონის წევრი და 1927 წელს ასოციაციის თასის ნახევარფინალშიც გააღწია.

1932 წელს გუნდი მეორე დივიზიონში დაქვეითდა და სიდ კინგი გათავისუფლებული იქნა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. კინგმა 32 წელი გაატარა ვესტ ჰემის სამსახურში: 1899–დან 1903 წლამდე ის ფეხბურთელი იყო, ხოლო შემდეგ კი მწვრთნელი. მის შემცვლელად მისივე ასისტენტი, ჩარლი პეინტერი დასახელდა. პეინტერი გუნდის მწვრთნელად 1950 წლამდე მუშაობდა და ამ პერიოდში მისი ხელმძღვანელობით ვესტ ჰემმა დაახლოებით 480–მდე მატჩი გამართა.

კლუბმა მომდევნო 30 წელი მეორე დივიზიონში გაატარა ჯერ პეინტერის, შემდეგ კი ყოფილი ფეხბურთელის, ტედ ფენტონის ხელმძღვანელობით. სწორედ ფენტონმა მოახერხა და 1958 წელს გუნდი კიდევ ერთხელ მიიყვანა პირველ დივიზიონამდე.

დიდების წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს ტედ ფენტონის შემცვლელად მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონ გრინვუდი დაინიშნა და სწორედ მას უკავშირდება კლუბის პირველი წარმატებები როგორც ინგლისში, ისე ევროარენაზე. კერძოდ, გრინვუდის მიერ გაწვრთნილმა ვესტ ჰემმა 1964 წელს ინგლისის ასოციაციის თასის, ხოლო 1965 წელს კი ევროპის თასების მფლობელთა თასის მოგება მოახერხა.

1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების სამი წამყვანი ფეხბურთელი სწორედ ვესტ ჰემიდან იყო: გუნდის კაპიტანი ბობი მური; მარტინ პიტერსი (რომელმაც ფინალში გოლი გაიტანა); და ჯეფ ჰერსტი, რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ჰეთ–თრიქის ავტორია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალების ისტორიაში.

"ჩემპიონების" ძეგლი ბარქინგ როუდზე

აპტონ პარკთან ახლოს, ბარქინგ როუდზე, "ჩემპიონების" ძეგლი დგას, რომელიც 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გმირებს გამოსახავს: კერძოდ, აქ არიან ბობი მური, მარტინ პიტერსი, ჯეფ ჰერსტი და „ევერტონის“ ფეხბურთელი რეი უილსონი მსოფლიო თასით ხელში.

1974–75 წლების სეზონის მძიმედ დაწყების შემდეგ გრინვუდმა კლუბის გენერალური მენეჯერის პოსტზე გადაინაცვლა და ისე, რომ ხელმძღვანელობასთან არ შეუთანხმებია, მთავარ მწვრთნელად თავისი ასისტენტი, ჯონ ლაიალი დანიშნა. ამ გადაწყვეტილებამ შედეგი მალევე მოიტანა – ლაიალის პირველ ოთხ მატჩში გუნდმა 20 გოლის გატანა მოახერხა და 1975 წელს ინგლისის ასოციაციის თასიც მოიგო, დამაარცხა რა ფინალში „ფულემი“ ანგარიშით 2–0. იმ დროინდელი „ვესტ ჰემი“ უკანასკნელი გუნდია, რომელმაც ასოციაციის თასის მოგება ისე მოახერხა, რომ შემადგენლობაში ყველა ფეხბურთელი ინგლისელი ჰყავდა.

ლაიალმა ვესტ ჰემი 1976 წელს კიდევ ერთხელ გაიყვანა ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში, თუმცა ლონდონელები ბელგიურ „ანდერლეხტთან“ 4:2 დამარცხდნენ. გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე გრინვუდის ყოფნამ სამ წელიწადზე ნაკლები გასტანა; 1977 წელს მან ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დონ რევი შეცვალა.

აღმასვლა და დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1978 წელს „ვესტ ჰემი“ კიდევ ერთხელ დაქვეითდა მეორე დივიზიონში, თუმცა ლაიალმა მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნა და გუნდს 1980 წელს კიდევ ერთხელ მოაგებინა ასოციაციის თასი, ფინალში თანაქალაქელი „არსენალის“ დამარცხებით. ეს არის უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც ასოციაციის თასი ისეთმა გუნდმა მოიგო, რომელიც უმაღლეს ლიგაში არ ასპარეზობდა. 1981 წელს „ვესტ ჰემი“ პირველ დივიზიონში აღზევდა და მომდევნო სამი სეზონის მანძილზე სტაბილურად ასრულებდა გათამაშებას საუკეთესო ათეულში, ხოლო 1985–86 წლების სეზონში, ისტორიაში ყველაზე მაღალი, მესამე პოზიცია დაიკავა. 1989 წელს „ჩაქუჩები“ კიდევ ერთხელ დაქვეითდნენ და ამას ლაიალის გათავისუფლებაც მოჰყვა.

ლაიალის შემდეგ გუნდი ლუ მაკარიმ ჩაიბარა, რომლის მოღვაწეობაც „ვესტ ჰემში“ წელიწადზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, რადგან მაკარის „სუინდონ თაუნის“ მწვრთნელობის დროს გარიგებულ მატჩებში სდებდნენ ბრალს. შოტლანდიელი სპეციალისტის შემცვლელად ყოფილი ფეხბურთელი, ბილი ბონდსი დასახელდა. ბონდსის პირველ სრულ სეზონში (1990–91) „ვესტ ჰემმა“ კიდევ ერთხელ მოიპოვა პირველი დივიზიონის საგზური. მომდევნო სეზონში „ჩაქუჩები“ კვლავ გავარდნენ, თუმცა 1992 წელს პრემიერლიგის ჩამოყალიბების შემდეგ რანგით მეორე დივიზიონს პირველი ლიგა დაერქვა და ამრიგად, „ვესტ ჰემმაც“ პირველ ლიგაში განაგრძო ასპარეზობა. 1992–93 წლების სეზონში ლონდონელებმა პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავეს და 1993 მაისში პრემიერლიგაში აღზევდნენ.

1993–94 წლების სეზონის შემდეგ ბონდსმა კლუბი დატოვა და მის შემცვლელად ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა სპეციალისტი, ჰარი რედნაპი მოიყვანა. მან 1998–99 წლების სეზონში „ჩაქუჩები“ მეხუთე ადგილზე გაიყვანა, თუმცა გუნდი უეფა-ს თასზე ავტომატურად ვერ მოხვდა და ამის სანაცვლოდ 1999 წელს ინტერტოტოს თასი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ რედნაპის ხელში „ვესტ ჰემი“ სტაბილურად თამაშობდა პრემიერ ლიგაში, მასსა და ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტის გამო ჰარიმ კლუბი დატოვა და 2001 წელს მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი, გლენ როდერი დაინიშნა.

როდერის პირველ სეზონში „ვესტ ჰემი“ მეშვიდე ადგილზე კი გავიდა, მაგრამ რამდენიმე მატჩი დიდი ანგარიშით წააგო (7–1 „ბლექბერნთან“, 5–0 „ევერტონთან“ და 5–1 „ჩელსისთან“). მომდევნო სეზონი გუნდმა ცუდად დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ 38 თამაშის შემდეგ 42 ქულა დააგროვა, დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან. ქულათა ეს რაოდენობა უმაღლესია, რაც პრემიერლიგიდან დაქევითებულ გუნდს სეზონის ბოლოს დაუგროვებია. როდერი, რომელმაც სეზონის რამდენიმე მატჩი ტვინის სიმსივნის მკურნალობის გამო (საბოლოოდ ის ამ დაავადებისაგან განკურნეს) გამოტოვა, 2003 წლის 24 აგვისტოს გაათავისუფლეს.

როდერის დროებით შემცვლელად გუნდის ლეგენდა, ტრევორ ბრუკინგი დასახელდა, თუმცა სულ რამდენიმე მატჩის შემდეგ, 2003 წლის ოქტომბერში „ვესტ ჰემი“ ალან პარდიუმ ჩაიბარა. პარდიუმ წინა სეზონში „რედინგის“ აღზევება მოახერხა პრემიერლიგაში და „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ბოსებსაც ამის ეიმედებოდათ.

„ვესტ ჰემის“ ფეხბურთელები ღიასახურავიანი ავტობუსით აპტონ პარკთან ახლოს 2005 წლის პლეი–ოფის ფინალში გამარჯვებას აღნიშნავენ

პარდიუმ გუნდი ჩემპიონშიფის პლეი–ოფის ფინალში გაიყვანა, სადაც „ჩაქუჩები“ „კრისტალ პალასთან“ დამარცხდნენ. მომდევნო წელს „ვესტ ჰემი“ კვლავ გავიდა ფინალში და ამჯერად გამარჯვება მოიპოვა, დაამარცხა რა „პრესტონ ნორთ ენდი“ 1–0, რითაც პრემიერლიგაში დაბრუნდა.

უკანასკნელი სეზონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიერლიგაში დაბრუნებიდან პირველივე სეზონში „ვესტ ჰემი“ მე–9 ადგილზე გავიდა, თუმცა იმ სეზონის მთავარი მოვლენა მაინც ასოციაციის თასის ფინალში გასვლა იყო, სადაც „ჩაქუჩები“ „ლივერპულს“ შეხვდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, „ვესტ ჰემმა“ უეფა-ს თასის საგზური მაინც მოიპოვა, რადგან „ლივერპული“ თავის მხრივ ჩემპიონთა ლიგა იყო გასული.

2006 წლის აგვისტოში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „ვესტ ჰემმა“ ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელა, ერთდროულად კარლოს ტევესი და ხავიერ მასკერანო გაიფორმა. 2006 წლის ნოემბერში კლუბი ისლანდიურმა ბანკმა შეიძინა, რომელსაც ეგერტ მაგნუსონი მართავდა. არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ალან პარდიუ გათავისუფლებული იქნა, ხოლო მის ნაცვლად კი „ჩარლტონის“ ყოფილი დამრიგებელი, ალან კერბიშლი დაინიშნა.

ტევესისა და მასკერანოს ტრანსფერები მოგვიანებით პრემიერლიგამ გამოიძია და მათში დარღვევები აღმოჩნდა. ამ დარღვევებში დამნაშავედ „ვესტ ჰემ იუნაიტედი“ გამოცხადდა და 2007 წლის აპრილში კლუბს 5,5 მილიონი ფუნტის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თუმცა, „ჩაქუჩები“ ქულების დაკლებას მაინც გადაურჩნენ, რაც მათი პრემიერლიგაში დარჩენის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდა. 2006–07 წლების სეზონის ბოლოს კლუბმა სეზონის უკანასკნელი 9 მატჩიდან 7–ის მოგება მოახერხა (მათ შორის გასვლაზე 1–0 დაამარცხა „არსენალი“ და პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ იუნაიტედი“) და უმაღლესი ლიგიდან გავარდნას გადაურჩა.

2007–08 წლების სეზონში „ვესტ ჰემმა“ პრემიერლიგაში რესპექტაბელური პოზიცია დაიკავა. იმ წელს გუნდში შვედი ვარსკვლავი, ფრედერიკ ლიუნგბერგი ირიცხებოდა. ახალწვეულებმა, კირონ დაიერმა და კრეიგ ბელამიმ კი სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმების გამო გამოტოვეს. სეზონის უკანასკნელი მატჩი აპტონ პარკზე ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ ფრედ, 2–2 დასრულდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვესტ ჰემმა მე–10 ადგილი დაიკავა და მტერ „ტოტენჰემ ჰოტსპურს“ 3 ქულით გაასწრო. ამრიგად, „ჩაქუჩებმა“ ხუთი ადგილით გააუმჯობესეს წინა სეზონის შედეგი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, პრემიერლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე მთელი სეზონის მანძილზე არც ერთხელ არ დამდგარა.

კლუბის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობის გამო, 2008 წლის 3 სექტემბერს ალან კერბიშლი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. კერბიშლის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას კლუბმა ანტონ ფერდინანდი და ჯორჯ მაკარტნი „სანდერლენდში“ მისი ნებართვის გარეშე გაყიდა. მის შემცვლელად „ვესტ ჰემმა“ ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი, იტალიელი ჯანფრანკო ძოლა მოიყვანა, რომელსაც სამწვრთნელო კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა. ძოლამ გუნდი 2008 წლის 11 სექტემბერს ჩაიბარა და გახდა პირველი არაბრიტანელი მწვრთნელი, რომელიც „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ ჩაუდგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით „ჩაქუჩებმა“ სეზონი მე–9 ადგილზე დაასრულეს, რითაც წინა სეზონის მიღწევა ერთი პოზიციით გააუმჯობესეს.

2009–10 წლების სეზონი „ვესტ ჰემმ“ა კარგად დაიწყო და მარტ კობლისა და ახლადდანიშნული კაპიტნის, მეთიუ აპსონის გოლებით გასვლაზე „ვულვერჰემპტონ უონდერერსი“ დაამარცხა. რამდენიმე დღის შემდეგ, ლიგის თასზე „მილუოლის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩს გულშემატკივარს შორის არეულობა და ჩხუბი მოჰყვა. 2009 წლის აგვისტოში ფინანსური კრიზისის გამო ისლანდიელმა მფლობელმა კლუბის საჭირო თანხებით უზრუნველყოფა ვეღარ შეძლო, სანამ ახალი ინვესტორი არ გამოჩნდა. გუნდს დახმარება სპონსორმა, SBOBET-მა გაუწია, რათა სასურველი თავდამსხმელი, ალესანდრო დიამანტი შეეძინა.

ენდი კეროლი, „ვესტ ჰემის“ რეკორდული შენაძენი

კლუბმა სეზონი ძალიან ცუდად ჩაატარა და მთელი წლის მანძილზე ემუქრებოდა პრემიერლიგიდან გავარდნა. თუმცა სეზონის დასრულებამდე ორი მატჩით ადრე გუნდმა მოახერხა და საკუთარ მოედანზე დაამარცხა „უიგან ატლეტიკი“ 3–2, რითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. 38 მატჩის შემდეგ „ჩაქუჩებმა“ სულ რაღაც 35 ქულის დაგროვება შეძლეს – 7 ქულით ნაკლების, ვიდრე 2002–03 წლების სეზონში, როცა „ვესტ ჰემი“ პრემიერლიგიდან გავარდა.

2010 წლის 11 მაისს, 2009–10 წლების სეზონის დასრულებიდან ორი დღის შემდეგ, „ვესტ ჰემმა“ გამოაცხადა, რომ ჯანფრანკო ძოლასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. 2010 წლის 3 ივნისს „ჩაქუჩები“ ებრაელმა სპეციალისტმა, ავრამ გრანტმა ჩაიბარა და კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კლუბმა მომდევნო სეზონი ცუდად დაიწყო და ძალიან იშვიათად თუ ხვდებოდა გასავარდნი ზონის გარეთ. ლიგის თასზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ 4–0 დამარცხება იშვიათი გამობრწყინება იყო. თუმცა, პრემიერლიგაში გუნდის ცუდ ფორმას გავლენა არ მოუხდენია თასებზე ასპარეზობაზე. ამ სეზონში „ჩაქუჩებმა„ ლიგის თასის ნახევარფინალში გააღწიეს, თუმცა შემდგომში თასის მფლობელ „ბირმინგემ სიტისთან“ დამარცხდნენ. რაც შეეხება ასოციაციის თასს, აქ „ვესტ ჰემი“ ასპარეზობას მეოთხედფინალში, „სტოკ სიტისთან“ 2–1 წაგების შემდეგ გამოეთიშა.

2011 წლის 15 მაისს გასვლაზე „უიგან ატლეტიკთან“ წაგების შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა „ვესტ ჰემის“ დაქვეითება ჩემპიონშიფში. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩს გრანტის გუნდი დემბა ბას დუბლის წყალობით 2–0 იგებდა, თუმცა „უიგანმა“ მოახერხა და დამატებით დროში შარლ ნ'ზოგბიას მიერ გატანილი გოლით 3–2 მოიგო. წაგებიდან რამდენიმე საათში „ვესტ ჰემმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გრანტის გათავისუფლება. მის ნაცვლად კლუბი 2011 წლის 1 ივნისს, გამოცდილ ინგლისელ სპეციალისტს, სემ ელერდაისს ჩააბარეს.

ელერდაისის ხელმძღვანელობით „ვესტ ჰემმა“ 2011–12 წლების სეზონში ჩემპიონშიფში 86 ქულას მოუყარა თავი, რითაც მესამე ადგილზე გავიდა და პლეი–ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. ნახევარფინალში „ჩაქუჩებმა“ ორი მატჩის ჯამში „კარდიფ სიტი“ 5–0 დაამარცხეს და ფინალში 2012 წლის 19 მაისს უემბლიზე „ბლექპულს“ შეხვდნენ. მატჩში ანგარიში კარლტონ კოულმა გახსნა და მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმის სტარტზე „ბლექპულმა“ გაათანაბრა, 87–ე წუთზე რიკარდო ვაზ ტემ გამარჯვების გოლი გაიტანა, რითაც ვესტ ჰემს პრემიერლიგის საგზური მოუპოვა.

უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთანავე კლუბმა ყოფილ ფეხბურთელებს, ჯეიმზ კოლინსსა და ჯორჯ მაკარტნის კონტრაქტები გაუფორმა. ამასთან ერთად, გუნდში რეკორდული თანხის სანაცვლოდ მოვიდა მეთ ჯარვისი „ვულვერჰემპტონ უონდერერსიდან“და ენდი კეროლი იჯარით „ლივერპულიდან“. სეზონის პირველი მატჩი 2012 წლის 18 აგვისტოს „ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ კევინ ნოლანის გოლის წყალობით „ასტონ ვილასთან“ 1–0 მოიგო. სეზონის პირველი წრის მთავარი მოვლენა საკუთარ მოედანზე ევროპის მოქმედი ჩემპიონის, „ჩელსის“ 3–1 დამარცხება იყო, რითაც ელერდაისის შეგირდები მე–8 პოზიციაზე გადავიდნენ. 2013 წლის 22 მარტს „ვესტ ჰემმა“ მიაღწია შეთანხმებას და 99-წლიანი იჯარის წესით მოიპოვა ლონდონის ოლიმპიური სტადიონი, რომელიც მათი საშინაო არენა 2016–17 წლების სეზონიდან გახდა. ცხრა საშინაო და მხოლოდ სამი გასვლითი გამარჯვებით „ვესტ ჰემმა“ 2012–13 წლების სეზონში მე–10 ადგილი დაიკავა, თუმცა გასვლით მატჩებში ლიგაში ყველაზე ცოტა, 11 გოლი გაიტანა. 2013 წლის ივნისში გუნდმა კიდევ ერთხელ დაამხო საკუთარი სატრანსფერო რეკორდი და 15 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ „ლივერპულისგან“ ენდი კეროლი გამოისყიდა, რომელსაც ექვსწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლოგო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბის ოფიციალურ სიმბოლოდ ითვლება ორი გადაჯვარედინებული ჩაქუჩი. მოგეხსენებათ, ეს იარაღი მაშინდელი რკინისა და გემთმშენებლობის ინდუსტრიაში ფართოდ გამოყენებადი იყო. ლოგოს მოგვიანებით (დაახლოებით 1903–1904 წლებში) დაემატა სასახლე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ანა ბოლეინის სასახლეს წარმოადგენს. კიდევ ერთი ვერსიით, ლოგოზე სასახლე შესაძლოა კლუბის განვითარებაში ოლდ ქასლ სვიფთსის ფეხბურთელების მიერ შეტანილი წვლილის გამო გამოჩნდა.

ლოგოს ადაპტაცია 90–იანი წლების ბოლოს დიზაინერული კომპანია სპრინგეტ ასოსიეთსის მიერ მოხდა. ოდნავ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კლუბმა სტადიონის გარე ფასადის რეკონსტრუქცია დაასრულა, ლოგო კიდევ ერთხელ შეიცვალა და მასზე გამოსახული სასახლე აპტონ პარკის შესასვლელში მდებარე სასახლეს დაემსგავსა.

ფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად გუნდის ფორმა მუქი ლურჯი ფერის იყო, ვინაიდან „თემზ აირონვორქსის“ მფლობელი, არნოლდ ჰილსი ოქფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო. თუმცაღა, ზოგჯერ კლუბის ფეხბურთელები ბორდოსფერ, ცისფერ და თეთრს ფორმებსაც ირგებდნენ.

„ჩაქუჩების“ ტრადიციულ საშინაო ფორმის ფერად 1899 წლის შემდეგ ბორდოსფერი იქცა, ხოლო მკლავები კი ცისფერი ფერის იყო. „თემზ აირონვორქსის“ ფეხბურთელბმა, ჩარლი დოუვმა, „ასტონ ვილას“ მაისური საჩუქრად მამისგან, ბილი დოუვისგან მიიღო. ბილი პროფესიონალი მორბენალი იყო და „თემზ აირონვორქსის“ სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა. ერთხელ ის ვილა პარკზე ოთხ ბირმინგემელ ფეხბურთელს სირბილში გაეჯიბრა და ფულიც მოუგო. ერთ–ერთმა ფეხბურთელმა, რომელიც „ასტონ ვილას“ მაისურების რეცხვაზე იყო პასუხისმგებელი, ბილის ფულის სანაცვლოდ კლუბის ეკიპირება გადასცა. სწორედ ამის მერეა, რომ „ვესტ ჰემისა“ და „ასტონ ვილას“ საშინაო ფორმები თითქმის იდენტურად გამოიყურება.

„თემზ აირონვორქსმა“ და მოგვიანებით „ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ საშინაო ფორმის ეს ფერები დღემდე შეინარჩუნეს, თუმცა გასვლითი ფორმის ასეთი ტრადიციული ფერები არ არსებობს.

გულშემატკივრები, ხულიგნობა და მტრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულშემატკივრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულშემატკივრები ცნობილი არიან გუნდის ჰიმნის მისამღერის თავისებური თარგმნითა და სიმღერით. „ვესტ ჰემის“ ჰიმნი არის სიმღერა „მე ყოველთვის ვბერავ ბუშტებს“, რომელიც გულშემატკივრებს 20–იან წლებში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩარლი პეინტერმა წარუდგინა. ეს სიმღერა იმ დროს ერთ–ერთი საპნის კომპანიის რეკლამას ედო ფონად, ხოლო თავად რეკლამაში კი პატარა ხუჭუჭა ბიჭი მონაწილეობდა, რომელიც ფეხბურთელ ბილ "ბაბლს" მიურეის განასახიერებდა. მიურეი ადგილობრივი სკოლის გუნდში თამაშობდა, ხოლო ამ სკოლის დირექტორი კი კორნელიუს ბილი იყო. სწორედ კორნელიუს ბილს ეკუთვნის სიმღერის სათაური.

თავად ბილი პეინტერის მეგობარი იყო, ხოლო მიურეი კი იმ დროს „ვესტ ჰემში“ ისინჯებოდა. ამ დამთხვევათა გამო კი კლუბის გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, სიმღერა საშინაო მატჩების დაწყების წინ ემღერათ. ხანდახან მისამღერს თავად პეინტერსაც კი ამღერებდნენ ხოლმე.

თუმცა, გულშემატკივრებმა სიმღერის ტექსტში მცირე ცვლილებაც შეიტანეს. მაგალითად, ტექსტის მეორე ხაზში ფრაზა " თითქმის აღწევენ ცამდე " შეიცვალა " ისინი აღწევენ ცამდე ", ხოლო " შემდეგ კი ჩემი ოცნებებივით " შეიცვალა, როგორც "და ჩემი ოცნებებივით ". დამატებით გულშემატკივრები ტექსტის ბოლოს "იუნაითედ!"–საც გაჰყვირიან ხოლმე.

დღესდღეობით, საშინაო მატჩების დაწყებამდე სტადიონზე სიმღერის 1975 წლის ვერსია ისმის, რომელიც ასოციაციის თასის ფინალის დაწყებამდე გუნდის ფეხბურთელებმა შეასრულეს. ტექსტზე, " წარმატება ყოველთვის იმალება " მუსიკა ჩერდება და სიმღერას გულშემატკივრები განაგრძობენ ხოლმე.

„ვესტ ჰემის“ გულშემატკივრებმა ინგლისში დიდი ყურადღება მაშინ მიიპყრეს, როდესაც 1998–99 წლების სეზონის პირველ საშინაო მატჩში დეივიდ ბექჰემს ჯოჯოხეთური საღამო მოუწყვეს. გულშემატკივართა გაბრაზება ბექჰემის წითელმა ბარათმა გამოიწვია, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო სიმეონეს წაქცევისთვის მიიღო. გუნდის გულშემატკივრები თავს მაშინაც გამოიჩენენ ხოლმე, თუ საქმე აპტონ პარკზე ვესტ ჰემის ყოფილი ფეხბურთელის სტუმრობას ეხება. მაგალითად, პოლ ინსს, ფრენკ ლამპარდს, ჯერმეინ დეფოს, კრეიგ ბელამისა და ნაიჯელ რეო–კოკერს გულშემატკივრები სტვენითა და გინებით ხვდებიან, ხოლო თუ სტადიონს მაიკლ კერიკი, რიო ფერდინანდი, ბობი ზამორა ან კარლო ტევესი სტუმრობს, მათ თბილი დახვედრა გარანტირებული აქვთ.

ხულიგნობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვესტ ჰემის“ ფანების კავშირი ორგანიზებულ ძალადობასთან და ხულიგნობასთან სათავეს გასული საუკუნი 60–იანი წლებიდან იღებს, თუმცა ამ მხრივ განსაკუთრებული პერიოდი მაინც 70–იანი და 80–იანი წლები იყო, როდესაც საფეხბურთო ხულიგნობამ ბრიტანეთში განვითარების პიკს მიაღწია. ხულიგან გულშემატკივართა გაერთიანებას იმ პერიოდში „ფირმები“ ეწოდებოდა, ხოლო ვესტ ჰემის „ფირმას“ კი „ინთერსითი“ ერქვა. „ფირმის“ წევრები კლუბის ატრიბუტიკაზე უარს ამბობდნენ და მატჩებზე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები მიდიოდნენ, რათა პოლიციისათვის რთულად ცნობადები ყოფილიყვნენ. გარდა ამისა, გასვლი მატჩებზე ისინი „ინთერსითის“ მატარებლებით გადაადგილდებოდნენ და არა სპეციალურად ფანებისთვის გამოყოფილი იაფი მატარებლებით, რომელსაც პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა. „ინთერსითი“ იმ დროს სახელოვანი დაჯგუფება იყო და მათგან პრობლემებს ნებისმიერი გუნდის ფანობა მოელოდა.

მტრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვესტ ჰემ იუნაიტედს“ განსაკუთრებული მტრობა რამდენიმე კლუბთან აკავშირებს. ამ კლუბთა შორის არიან ჩრდილო ლონდონის წარმომადგენელი „ტოტენჰემ ჰოტსპური“ და დასავლეთ ლონდონის წარმომადგენელი „ჩელსი“. „ვესტ ჰემსა“ და „ტოტენჰემს“ შორის მტრობის გაღვივება სხვადასხვა პერიოდებში „ჩაქუჩთაგან“ მაიკლ კერიკის, მარტინ პიტერსის, პოლ ალენის, ჯერმეინ დეფოსა და სკოტ პარკერის „მამლებში“ გადასვლამ, ხოლო „ტოტენჰემის“ მწვრთნელად კი „ვესტ ჰემი“ს ყოფილი დამრიგებლის ჰარი რედნაპის დანიშვნამაც გამოიწვია. 2006–07 წლების სეზონის შემდეგ „ვესტ ჰემს“ მტრული დამოკიდებულება იორკშირის კლუბთან, „შეფილდ იუნაიტედთანაც“ ჩამოუყალიბდა კარლოს ტევესის ტრანსფერის გარშემო ატეხილი ამბების გამო.

"ჩემპიონების" ძეგლი მილუოლის ვიზიტის წინ პოლიციას კონტროლზე ჰყავს აყვანილი, 2009 წლის 25 აგვისტო.

კლუბის უმთავრესი და უძველესი მტერი მეზობელ რაიონში მდებარე „მილუოლია“. მტრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც კლუბები კონკურენტმა გემთმშენებელმა კომპანიებმა დააარსეს. „ვესტ ჰემი“ ყოველთვის უფრო წარმატებული იყო, ვიდრე „მილუოლი“ და ურთიერთშეხვედრებიც ძირითადად „ჩაქუჩთა“ გამარჯვებით სრულდებოდა. თავის დროზე „მილუოლმა“ ინგლისის საფეხბურთო ლიგაში გაწევრიანებაზე უარი თქვა, მაშინ როცა „ვესტ ჰემი“ გაწევრიანდა, უმაღლეს ლიგაში აღზევდა და იმ წელს ასოციაციის თასის ფინალშიც გავიდა. 20–იანი წლების ბოლოს ისტ ენდის (ვესტ ჰემის ფანები) მიერ წამოწყებულ გაფიცვას აილ ოფ დოგსი (მილუოლის ფანები) არ შეუერთდნენ, რამაც ორ მეზობელ ბანაკს შორის მტრობა კიდევ უფრო გააღვივა და ეს მტრობა დღესაც გრძელდება.

„ვესტ ჰემისა“ და „მილუოლის“ დაპირისპირებებს ხმაურისა და შეხლა–შემოხლის გარეშე არც ბოლო წლებში ჩაუვლია. 2009 წლის 25 აგვისტოს აპტონ პარკზე გამართულ მატჩს გულშემატკივრებს შორის ჩხუბი და ადამიანების დასახიჩრება მოჰყვა, რის გამოც პოლიციამ რამდენიმე ათეული გულშემატკივარი დააკავა.

მეტსახელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გუნდი და გულშემატკივრები ცნობილნი არიან, როგორც "ჩაქუჩები". ამის უპირველესი მიზეზი კვლავდაკვლავ თეიმზ აირონვორქსია, რომელშიც ხელოსნები და მუშები მუშაობდნენ. ორ გადაჯვარედინებულ ჩაქუჩს კლუბის ლოგოზეც შეხვდებით. ასევე ვესტ ჰემი იწოდება, როგორც "რკინები", "ქოქნი ბოისი", "ფეხბურთის აკადემია", ანაც უბრალოდ "აკადემია".

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვესტ ჰემის“ საშინაო არენას 194 წლიდან ბოლეინ გრაუნდი, იგივე აპტონ პარკი წარმოადგენდა, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონის რაიონ ნიუჰემში მდებარეობს. ბოლეინ გრაუნდი 35 016 მაყურებელს იტევს.

კლუბის ყოფილმა მფლობელმა ეგერტ მაგნუსონმა ღიად დააფიქსირა საკუთარი სურვილი იმის შესახებ, რომ 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის შემდეგ ლონდონის ოლიმპიური სტადიონი „ვესტ ჰემის“ მფლობელობაში გადასულიყო. ამ იდეას მხარი მომდევნო მფლობელებმა, დეივიდ გოლდმა და დეივიდ სალივანმაც დაუჭირეს და განაცხადეს, რომ მთავრობისაგან ეს ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა.

შედეგად 2013 წლის 22 მარტს ვესტ ჰემი ოფიციალურად გამოცხადდა ოლიმპიური სტადიონი 99-წლიან მეიჯარედ. მთავრობამ კლუბს სტადიონის რეკონსტრუქციისთვის 25 მილიონ ფუნტიანი დახმარება აღუთქვა. ოლიმპიურ სტადიონზე კლუბი 2016–17 წლების სეზონის სტარტისთვის გადავიდა.

აპტონ პარკი, ხედი სერ ტრევორ ბრუკინგის ტრიბუნაზე.

ფეხბურთის აკადემია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვესტ ჰემი“ ხშირად იწოდება, როგორც "ფეხბურთის აკადემია". ეს წარწერა იყო აპტონ პარკის სარბენ ბილიკზეც. კლუბს ეს სახელი მას შემდეგ დაერქვა, რაც 50–იან წლებში ტედ ფენტონმა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის წარმატებული სისტემა შეიმუშავა და ამას მოჰყვა ინგლისის ნაკრებში „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ფეხბურთელების დამკვიდრებაც. იმ პერიოდში კლუბმა ინგლისის ნაკრებს წარმატებული ფეხბურთელები, ბობი მური, მარტინ პიტერსი და ჯეფ ჰერსტი აღუზარდა, ხოლო მოგვიანებით კი ნაკრებში ტრევორ ბრუკინგმა, ელვინ მარტინმა, ტონი კოტიმ და პოლ ინსმაც ითამაშეს.

"ფეხბურთის აკადემია"

90–იან წლებში „ვესტ ჰემში“ კარიერა რიო ფერდინანდმა, ფრენკ ლამპარდმა, მაიკლ კერიკმა, ჯო კოულმა და გლენ ჯონსონმა დაიწყეს და თუ არ ჩავთვლით ჯო კოულს, ახლა ყველანი ე.წ. "დიდი ოთხეულის" კლუბებში თამაშობდნენ. გუნდის ახლანდელ ძირითად გუნდშიც ირიცხება და გუნდის კაპიტანია აკადემიის აღზრდილი მარკ ნოუბლი. 2007–08 წლების სეზონში „ვესტ ჰემს“ მოედანზე საშუალოდ 6.61 ინგლისელი ფეხბურთელი ჰყავდა და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლი იყო პრემიერლიგაში. 2000–დან 2011 წლებამდე კლუბმა რვა ფეხბურთელი აღუზარდა ინგლისის ნაკრებს, რაც იმდენივეა, რამდენიც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და ერთით ნაკლებია „არსენალზე“. ამ ნიჭიერი ფეხბურთელების აღზრდაში უდიდესი როლი აკადემიის მწვრთნელ ტონი კარს მიუძღვის, რომელიც „ვესტ ჰემში“ 1973 წლის შემდეგ მუშაობს.

შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე ირლანდია ირლანდია დარენ რენდოლფი
2 მცველი ახალი ზელანდია ახალი ზელანდია უინსტონ რიდი (ვიცე–კაპიტანი)
3 მცველი ინგლისი ინგლისი აარონ კრესველი
4 ნახევარმცველი ნორვეგია ნორვეგია ჰოვარდ ნორდვეიტი
5 მცველი ესპანეთი ესპანეთი ალვარო არბელოა
7 ნახევარმცველი ალჟირი ალჟირი სოფიან ფეგული
8 ნახევარმცველი სენეგალი სენეგალი შეიხუ კუიატე
9 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი ენდი კეროლი
10 ნახევარმცველი არგენტინა არგენტინა მანუელ ლანსინი
11 ნახევარმცველი შოტლანდია შოტლანდია რობერტ სნოდგრასი
13 მეკარე ესპანეთი ესპანეთი ადრიანი
14 ნახევარმცველი ესპანეთი ესპანეთი პედრო ობიანგი
15 თავდამსხმელი სენეგალი სენეგალი დიაფრა სახო
16 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი მარკ ნობლი (კაპიტანი)
17 ნახევარმცველი თურქეთი თურქეთი გიოქჰან თიორე
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
19 მცველი უელსი უელსი ჯეიმზ კოლინზი
20 თავდამსხმელი განა განა ანდრე აიუ
21 მცველი იტალია იტალია ანჯელო ოგბონა
22 მცველი ინგლისი ინგლისი სემ ბაირამი
23 მცველი პორტუგალია პორტუგალია ჟოზე ფონტე
24 თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი ეშლი ფლეტჩერი
25 მცველი კანადა კანადა დონეილ ანრი
26 მცველი საფრანგეთი საფრანგეთი არტურ მასუაკუ
28 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ჯონათან კალიერი
30 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი მაიკლ ანტონიო
31 ნახევარმცველი შვეიცარია  შვეიცარია ედმილსონ ფერნანდეში
34 მეკარე შვეიცარია  შვეიცარია რაფაელ შპიგელი
36 ნახევარმცველი პორტუგალია პორტუგალია დომინგუშ კინა
42 ნახევარმცველი ნორვეგია ნორვეგია მარტინ სამუელსენი

იჯარით წასული ფეხბურთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა მათგანის იჯარის ხელშეკრულება იწურება 2017 წლის 30 ივნისს. შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
29 თავდამსხმელი ესპანეთი ესპანეთი ტონი მარტინესი („ოქსფორდ იუნაიტედში“)
32 მცველი ინგლისი ინგლისი რის ბიორკი („უიგან ატლეტიკში“)
33 მცველი შოტლანდია შოტლანდია სტივენ ჰენდრი („ბლექბერნ როვერსი“)
35 მცველი ინგლისი ინგლისი რის ოქსფორდი („რედინგში“)
39 ნახევარმცველი ირლანდია ირლანდია ჯოშ კალენი („ბრედფორდ სიტიში“)
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
43 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი მარკუს ბრაუნი („უიგან ატლეტიკში“)
44 ნახევარმცველი ინგლისი ინგლისი ჯორჯ დობსონი („უოლსოლში“)
47 მეკარე ინგლისი ინგლისი სეიმ ჰოუესი („ემპტონ ენდ რიჩმონდ ბოროში“)
თავდამსხმელი ეკვადორი ეკვადორი ენერ ვალენსია („ევერტონში“)
თავდამსხმელი ინგლისი ინგლისი ჯანაი გორდონი („ნიუპორტ ქაუნთში“)

გუნდის კაპიტნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი სახელი შენიშვნა
1895 შოტლანდიის დროშა ბობ სტივენსონი
1895–98 უცნობია
c.1898–99 ინგლისის დროშა უოლტერ ტრენტერი
1899 ინგლისის დროშა ტომ ბრედშოუ თავის ტრავმის გამო ბრედშოუ შობიდან რამდენიმე დღეში დაიღუპა
1899–03 ინგლისის დროშა ჩარლი დოუვი
c.1903–04 ინგლისის დროშა ერნესტ უოტსი
1904–07 ინგლისის დროშა დეივიდ გარდნერი
1907–11 ინგლისის დროშა ფრენკ პირსი
1911–15 ინგლისის დროშა რომი რენდალი
1915–19 არავინ პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფეხბურთი არ ითამაშებოდა
1919–21 უცნობია
c.1921–22 ინგლისის დროშა ბილი კოუპი
1922–26 ინგლისის დროშა ჯორჯ ქეი
1926–27 ინგლისის დროშა ჯეკ ჰებდენი
1927–28 უცნობია
1928–29 ინგლისის დროშა ტომი ჰოჯსონი
1929–36 უცნობია
c.1936–39 ინგლისის დროშა ჩარლზ ბიქნელი
1939–45 არავინ მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ფეხბურთი არ ითამაშებოდა
1945–47 ინგლისის დროშა ჩარლზ ბიქნელი კაპიტნად დარჩა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
1947–51 ინგლისის დროშა დიკ უოკერი კარიერის დასრულების შემდეგ ის ახალგაზრდა ფეხბურთელების ამუნიციებს ასუფთავებდა
1951–57 ინგლისის დროშა მალკოლმ ელისონი 1957 წელს მატჩის შემდეგ ტუბერკულოზით დაავადდა, რის გამოც ფილტვი ამოაჭრეს
1957–60 ირლანდიის დროშა ნოელ ქენთველი პირველი კაპიტანი ბრიტანეთის საზღვრებს გარედან
1960–61 ინგლისის დროშა კენ ბრაუნი
1961–74 ინგლისის დროშა ბობი მური
1974–84 ინგლისის დროშა ბილი ბონდსი
1984–90 ინგლისის დროშა ელვინ მარტინი
1990–92 ინგლისის დროშა იან ბიშოპი
1992–93 ინგლისის დროშა ჯულიან დიქსი
1993–96 ინგლისის დროშა სტივ პოტსი
1996–97 ინგლისის დროშა ჯულიან დიქსი
1997–01 ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა სტივ ლომასი
2001–03 იტალიის დროშა პაოლო დი კანიო პირველი კაპიტანი ბრიტანეთის კუნძულების საზღვრებს გარედან
2003 ინგლისის დროშა ჯო კოული
2003–05 შოტლანდიის დროშა კრისტიან დეილი
2005–07 ინგლისის დროშა ნაიჯელ რეო–კოკერი
2007–09 ავსტრალიის დროშა ლუკას ნილი პირველი კაპიტანი ევროპის საზღვრებს გარედან
2009–11 ინგლისის დროშა მეთიუ აპსონი
2011– ინგლისის დროშა კევინ ნოლანი

წლის ჩაქუჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ მოცემულია "წლის ჩაქუჩის" გამარჯვებულთა სია. ამ პრიზით ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ ვესტ ჰემის წლის საუკეთესო ფეხბურთელს აჯილდოვებენ. ტრევორ ბრუკინგი არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც ამ ჯილდოთი ზედიზედ სამი წლის მანძილზე დაჯილდოვდა (1976, 1977 და 1978 წლებში). ეს მიღწევა სკოტ პარკერმა გაიმეორა 2009–2011 წლებში. ბრუკინგმა კარიერის მანძილზე "წლის ჩაქუჩის" პრიზი ყველაზე მეტჯერ, 5–ჯერ მოიპოვა (1972, 1976, 1977, 1978 და 1982 წლებში). ბობი მურს, ბილი ბონდსს და ჯულიან დიქსს ჯილდო ოთხჯერ აქვთ მოპოვებული.

ბობი მურმა მეორე ადგილი ოთხჯერ დაიკავა, ხოლო ბილი ბონდსმა და ტონი კოტიმ – სამჯერ.

ბილი ბონდსი და ტრევორ ბრუკინგი ცნობილი არიან იმ მიღწევით, რომ პირველი და უკანასკნელი ჯილდოს მოპოვებისთვის ყველაზე დიდი დრო დასჭირდათ. ბონდსს პირველსა და უკანასკნელ ჯილდოს შორის 16 წელი აშორებს, ხოლო ბრუკინგს – 12.

წელი გამარჯვებული მეორე ადგილი
1958 ინგლისის დროშა ენდი მალკოლმი
1959 ინგლისის დროშა კენ ბრაუნი
1960 ინგლისის დროშა მალკოლმ მასგროუვი
1961 ინგლისის დროშა ბობი მური
1962 შოტლანდიის დროშა ლოური ლესლი შოტლანდიის დროშა ჯონ დიკი
1963 ინგლისის დროშა ბობი მური ინგლისის დროშა ჯიმ სტენდენი
1964 ინგლისის დროშა ჯონი ბირნი ინგლისის დროშა ბობი მური
1965 ინგლისის დროშა მარტინ პიტერსი ინგლისის დროშა ბობი მური
1966 ინგლისის დროშა ჯეფ ჰერსტი ინგლისის დროშა მარტინ პიტერსი
1967 ინგლისის დროშა ჯეფ ჰერსტი ინგლისის დროშა ბობი მური
1968 ინგლისის დროშა ბობი მური ინგლისის დროშა ტრევორ ბრუკინგი
1969 ინგლისის დროშა ჯეფ ჰერსტი ინგლისის დროშა ბილი ბონდსი
1970 ინგლისის დროშა ბობი მური ინგლისის დროშა ბილი ბონდსი
1971 ინგლისის დროშა ბილი ბონდსი ინგლისის დროშა ბობი მური
1972 ინგლისის დროშა ტრევორ ბრუკინგი შოტლანდიის დროშა ბობი ფერგიუსონი
1973 ინგლისის დროშა პოპ რობსონი ინგლისის დროშა ტრევორ ბრუკინგი
1974 ინგლისის დროშა ბილი ბონდსი ინგლისის დროშა მერვინ დეი
1975 ინგლისის დროშა ბილი ბონდსი ინგლისის დროშა მერვინ დეი
1976 ინგლისის დროშა ტრევორ ბრუკინგი ინგლისის დროშა გრემ პედონი
1977 ინგლისის დროშა ტრევორ ბრუკინგი ინგლისის დროშა ალან დევონშაირი
1978 ინგლისის დროშა ტრევორ ბრუკინგი
1979 ინგლისის დროშა ალან დევონშაირი ინგლისის დროშა პოპ რობსონი
1980 ინგლისის დროშა ელვინ მარტინი შოტლანდიის დროშა რეი სტიუარტი
1981 ინგლისის დროშა ფილ პერკსი ინგლისის დროშა ჯეფ პაიკი
1982 ინგლისის დროშა ელვინ მარტინი ინგლისის დროშა ტრევორ ბრუკინგი
1983 ინგლისის დროშა ელვინ მარტინი ინგლისის დროშა ფილ პერკსი
1984 ინგლისის დროშა ტრევორ ბრუკინგი ინგლისის დროშა ტონი კოტი
1985 ინგლისის დროშა პოლ ალენი ინგლისის დროშა ტონი კოტი
წელი გამარჯვებული მეორე ადგილი
1986 ინგლისის დროშა ტონი კოტი შოტლანდიის დროშა ფრენკ მაკევენი
1987 ინგლისის დროშა ბილი ბონდსი ინგლისის დროშა მარკ უორდი
1988 ინგლისის დროშა სტიუარტ რობსონი ინგლისის დროშა ბილი ბონდსი
1989 ინგლისის დროშა პოლ ინსი ინგლისის დროშა ჯულიან დიქსი
1990 ინგლისის დროშა ჯულიან დიქსი ინგლისის დროშა სტიუარტ სლეიტერი
1991 ჩეხეთის დროშა ლუდეკ მიკლოშკო ინგლისის დროშა ჯორჯ პერიში
1992 ინგლისის დროშა ჯულიან დიქსი ინგლისის დროშა სტივ პოტსი
1993 ინგლისის დროშა სტივ პოტსი ინგლისის დროშა კევინ კინი
1994 ინგლისის დროშა ტრევორ მოურლი ინგლისის დროშა სტივ პოტსი
1995 ინგლისის დროშა სტივ პოტსი ინგლისის დროშა ტონი კოტი
1996 ინგლისის დროშა ჯულიან დიქსი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა იან დაუი
1997 ინგლისის დროშა ჯულიან დიქსი ხორვატიის დროშა სლავენ ბილიჩი
1998 ინგლისის დროშა რიო ფერდინანდი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა სტივ ლომასი
1999 ტრინიდადი და ტობაგოს დროშა შაკა ჰისლოპი ინგლისის დროშა იან პირსი
2000 იტალიის დროშა პაოლო დი კანიო ინგლისის დროშა ტრევორ სინკლერი
2001 ინგლისის დროშა სტიუარტი პირსი იტალიის დროშა პაოლო დი კანიო
2002 საფრანგეთის დროშა სებასტიენ შემელი ინგლისის დროშა ჯო კოული
2003 ინგლისის დროშა ჯო კოული ინგლისის დროშა ჯერმეინ დეფო
2004 ინგლისის დროშა მეთიუ ეთერინგტონი ინგლისის დროშა მაიკლ კერიკი
2005 ინგლისის დროშა ტედი შერინგემი ინგლისის დროშა მარკ ნოუბლი
2006 უელსის დროშა დენი გებიდონი ინგლისის დროშა მერლონ ჰეირვუდი
2007 არგენტინის დროშა კარლოს ტევესი ინგლისის დროშა ბობი ზამორა
2008 ინგლისის დროშა რობერტ გრინი ჩრდილოეთ ირლანდიის დროშა ჯორჯ მაკარტნი
2009 ინგლისის დროშა სკოტ პარკერი ინგლისის დროშა რობერტ გრინი
2010 ინგლისის დროშა სკოტ პარკერი იტალიის დროშა ალესანდრო დიამანტი
2011 ინგლისის დროშა სკოტ პარკერი ინგლისის დროშა რობერტ გრინი
2012 ინგლისის დროშა მარკ ნოუბლი ინგლისის დროშა ჯეიმზ ტომკინსი
2013 ახალი ზელანდიის დროშა უინსტონ რიდი ფინეთის დროშა იუსი იასკილაინენი
2014 ინგლისის დროშა მარკ ნოუბლი ესპანეთის დროშა ადრიანი
2015 ინგლისის დროშა აარონ კრესველი ესპანეთის დროშა ადრიანი

ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის 12 დეკემბრისთვის.
კლუბის ხელმძღვანელობა/დირექცია
თანამდებობა სახელი
მფლობელი უელსის დროშა დეივიდ სალივანი
მფლობელი ინგლისის დროშა დეივიდ გოლდი
ვიცე–პრეზიდენტი ინგლისის დროშა კარენ ბრეიდი
აღმასრულებელი დირექტორი ინგლისის დროშა დენიელ ჰარისი
აღმასრულებელი დირექტორი ინგლისის დროშა ბობ ელისი
მუდმივი საპატიო პრეზიდენტი ინგლისის დროშა ტერი ბრაუნი (ყოფილი მფლობელი)
საფეხბურთო მდივანი ინგლისის დროშა ლიზ კოული
ფინანსური დირექტორი ინგლისის დროშა ნიკ აიგო
ოლიმპიური პროექტის დირექტორი ინგლისის დროშა იან ტომპკინსი
ოპერაციების დირექტორი ინგლისის დროშა ბენ აილინგვორსი
კომერციული დირექტორი ინგლისის დროშა ბერი ვებერი
მედია ხელმძღვანელი ინგლისის დროშა გრეგ დემეტრიო
სამწვრთნელო შტაბი
თანამდებობა სახელი
მთავარი მწვრთნელი ინგლისის დროშა სემ ელერდაისი
ასისტენტი ინგლისის დროშა ნილ მაკდონალდი
პირველი გუნდის მწვრთნელი ინგლისის დროშა იან ჰენდონი
მეკარეთა მწვრთნელი უელსის დროშა მარტინ მარგეტსონი
სარეზერვო გუნდის მწვრთნელი ნიკ ჰეიქოქი
ფიტნესის მწვრთნელი იმონ სვიფტი
ფიზიოთერაპევტი სტინ ვანდენბრუკე
მედიცინის სპეციალისტი ენდი როლსი
ექიმი რიჩარდ ვეილერი
სამედიცინო ოფიცერი შონ ჰაულეთი
მატჩების ანალიზის ხელმძღვანელი დეივიდ ვუდფაინი
აკადემიის დირექტორი ინგლისის დროშა ტონი კარი

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტ ჰემს ისტორიის მანძილზე სულ თოთხმეტი მთავარი მწვრთნელი და სამი დროებითი მწვრთნელი ჰყოლია. 1989 წლამდე კლუბს მხოლოდ ხუთი სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავდა. 2008 წელს ჯანფრანკო ძოლას დანიშვნამდე ვესტ ჰემში არასოდეს უმუშავია არაბრიტანელ მწვრთნელს, ერთადერთი უცხოელი მწვრთნელი კი შოტლანდიელი ლუ მაკარი იყო. გუნდის ახლანდელი თავკაცი, სემ ელერდაისი, პოსტზე 2011 წლის ივნისში დანიშნეს.

მწვრთნელი დროებითი მწვრთნელი პერიოდი მოგების % მიღწევები/შენიშვნები
ინგლისის დროშა სიდ კინგი 1901–32 638 248 146 244 38.87 მთავარი მწვრთნელი ყველაზე დიდი დროის მანძილზე (31 წელი). ასოციაციის თასის ფინალისტი 1923 წელს.
ინგლისის დროშა ჩარლი პეინტერი 1932–50 480 198 116 166 41.25
ინგლისის დროშა ტედ ფენტონი 1950–61 483 192 107 184 39.75 მეორე დივიზიონის ჩემპიონი 1957–58 წლების სეზონში.
ინგლისის დროშა რონ გრინვუდი 1961–74 613 215 165 233 35.07 ასოციაციის თასის მფლობელი 1964 წელს, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1965 წელს.
ინგლისის დროშა ჯონ ლაიალი 1974–89 708 277 176 255 39.12 ასოციაციის თასის მფლობელი 1957 და 1980 წლებში. კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალი პოზიცია დივიზიონში (1985–86 წლების სეზონში).
შოტლანდიის დროშა ლუ მაკარი 1989–90 38 14 12 12 36.84 კლუბის პირველი უცხოელი მწვრთნელი.
ინგლისის დროშა რონი ბოისი 1990 1 0 1 0 0.00
ინგლისის დროშა ბილი ბონდსი 1990–94 227 99 61 67 43.61 მოგების უმაღლესი პროცენტი.
ინგლისის დროშა ჰარი რედნაპი 1994–01 327 121 85 121 37.00 ინტერტოტოს თასის მფლობელი 1999 წელს (ევროთასებზე კვალიფიკაცია).
ინგლისის დროშა გლენ როდერი 2001–03 86 27 23 36 31.40
ინგლისის დროშა ტრევორ ბრუკინგი 2003 14 9 4 1 64.29 მოგების უმაღლესი პროცენტი კლუბის დროების მწვრთნელთა შორის.
ინგლისის დროშა ალან პარდიუ 2003–06 163 67 38 58 41.10 ჩემპიონშიფის პლეი–ოფის გამარჯვებული 2005 წელს, ასოციაციის თასის ფინალისტი 2006 წელს (ევროთასებზე კვალიფიკაცია).
ინგლისის დროშა ალან კერბიშლი 2006–08 71 28 14 29 39.44 პრემიერ ლიგაში მოგების ყველაზე მაღალი პროცენტი (37.10%).
ინგლისის დროშა კევინ კინი 2008 1 0 0 1 0.00
იტალიის დროშა ჯანფრანკო ძოლა 2008–10 80 23 21 36 28.75 პირველი არაბრიტანელი მწვრთნელი. მოგების ყველაზე დაბალი პროცენტი ყველა ტურნირზე კლუბის მწვრთნელებს შორის.
ისრაელის დროშა ავრამ გრანტი 2010–11 47 15 12 20 31.91 კლუბის პირველი არაევროპელი მწვრთნელი. მოგების ყველაზე დაბალი პროცენტი პრემიერ ლიგაში კლუბის მწვრთნელებს შორის. (18.92%).
ინგლისის დროშა კევინ კინი 2011 1 0 0 1 0.00
ინგლისის დროშა სემ ელერდაისი 2011– 93 40 25 28 43.01 ჩემპიონშიფის პლეი–ოფის გამარჯვებული 2012 წელს.

მაისურის სპონსორები და მწარმოებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 11 სექტემბერს, ბიბისიმ გამოაცხადა, რომ გუნდის სპონსორი იქსელ გრუფი ადმინისტრაციაში გადავიდა, თუმცა ინდენფენდენტის ჟურნალისტმა, საიმონ კალდერმა განაცხადა, რომ კომპანიის ვებსაიტი კვლავაც იღებდა ფსონებს.

იქსელ გრუფმა საკუთარ საიტზე 2008 წლის 12 სექტემბერს დაადასტურა, რომ კომპანიის მმართველობაში მყოფი 11 კომპანია გაკოტრდა და ადმინისტრაციაში გადავიდა. ეს ჯგუფი შეიცავდა შემდეგ კომპანიებს: XL Airways UK Limited, Excel Aviation Limited, Explorer House Limited, Aspire Holidays Limited, Freedom Flights Limited, The Really Great Holiday Company plc, Medlife Hotels Limited, Travel City Direct და Kosmar Villa Holidays plc. ამ ფაქტს არ უმოქმედია გერმანიისა და საფრანგეთის დივიზიონებში კომპანიის ოპერაციებზე.

2008 წლის 12 სექტემბერს კლუბმა იქსელ გრუფთან კონტრაქტი შეაჩერა.

ამ პერიოდის მანძილზე ფეხბურთელებს მაისურებზე სპონსორის ლოგოს მაგივრად საკუთარი ნომრები ეწერათ. 2008 წლის 3 დეკემბერს ვესტ ჰემმა განაცხადა, რომ კლუბმა სასპონსორო შეთანხმებას მიაღწია ტოტალიზატორების აღმოსავლურ კომპანია SBOBET–თან. კონტრაქტი 2009–10 წლების სეზონის ბოლომდე იყო გათვლილი და ძირითადი და სარეზერვო გუნდის ფორმებზე კომპანიის ლოგოს განთავსებას ითვალისწინებდა. 2009 წლის სექტემბერში ვესტ ჰემმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ SBOBET–თან მოქმედი ხელშეკრულება 2013 წლამდე გაგრძელდა და რომ სწორედ SBOBET–ის დახმარებით მოხდა გუნდში იტალიელი ფორვარდის, ალესანდრო დიამანტის მოყვანა.

2013 წელს გუნდის ოფიციალურ სპონსორად ბრიტანული კომპანია ალპარი გამოცხადდა, რომელთან კონტრაქტის თანახმადაც ყოველწლიურად ვესტ ჰემი 3 მილიონ ფუნტს მიიღებს. რაც შეეხება ფორმის მწარმოებელს, ამავე წელს გაფორმდა კონტრაქტი ადიდასთან. გიგანტი გერმანული კომპანია გუნდის ეკიპირებას უახლოესი სამი სეზონის მანძილზე მოახდენს. სხვათა შორის, ეს არის პირველი შემთხვევა 1987 წლის შემდეგ, როდესაც ვესტ ჰემის მაისურებს ადიდასი შეკერავს.

პერიოდი ფორმის მწარმოებელი სპონსორი
1976–80 ადმირალი არავინ
1980–83 ადიდასი
1983–87 ეივიქო თრასთი
1987–89 სქორლაინი
1989–93 ბუკტა ბიეისი ვინდოუსი
1993–97 პონი ინთერნეიშნლი დაგენჰემ მოთორსი
1997–98 არავინ
1998–99 დრ. მარტენსი
1999–03 ფილა
2003–07 რიბოკი ჯობსერვი
2007–08 უმბრო იქსელ გრუფი
2008–10 ესბიობეთი
2010–13 მაკრონი
2013– ადიდასი ალპარი

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკა და რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასწრებადობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრანსფერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარეკორდო შედეგები და მატჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლიგა:
  • ლიგის თასი :
    • სახლი: 10–0 v ბერი (რდ. 2 წრე 2) (12–1 ჯამში) 1983 წლის 25 ოქტომბერს
    • გასვლა: 5–1 v კარდიფ სიტი (ნახ. ფინალი წრე 2) (10–3 ჯამში) 1966 წლის 2 თებევრალს
    • გასვლა: 5–1 v უოლსოლი (რდ. 2) 1967 წლის 13 სექტემბერს
  • ევროპის თასების მფლობელთა თასი :
    • სახლი: 5–1 v კასტილია (რდ. 1 წრე 1) (6–4 ჯამში) 1980 წლის 1 ოქტომბერს
    • გასვლა: 2–1 v ლოზანა (კვ. წრე 2) (6–4 ჯამში) 1965 წლის 16 მარტს
  • უეფას თასი :
    • სახლი: 3–0 v ოსიეკი (რდ. 1 წრე 1) 1999 წლის 16 სექტემბერს
    • გასვლა: 3–1 v ოსიეკი (რდ. 1 წრე 2) 1999 წლის 30 სექტემბერს

დამარცხებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლიგა:
  • ევროპის თასების მფლობელთა თასი:
    • სახლი: 1–4 v დინამო თბილისი (მეოთხედფინალი წრე 1) (2–4 ჯამში) 1981 წლის 4 მარტს
    • გასვლა: 2–4 v დენ ჰააგი (მეოთხედფინალი წრე 1) (5–5 ჯამში, ვესტ ჰემი გავიდა გასვლაზე გატანილი გოლების წყალობით) 1976 წლის 3 მარტს
    • ნეიტრალური: 2–4 v ანდერლეხტი (ფინალი) 1976 წლის 5 მაისს
  • უეფას თასი:
    • სახლი: 0–1 v პალერმო (რდ. 1 წრე 1) 2006 წლის 14 სექტემბერს
    • გასვლა: 0–3 v პალერმო (რდ. 2 წრე 2) 2006 წლის 28 სექტემბერს

ყველაზე ბევრი და ყველაზე ცოტა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სახლი:
    • ყველაზე ბევრი:
    • ყველაზე ბევრი საშინაო გამარჯვება: 19 (1980–81)
    • ყველაზე ბევრი საშინაო ფრე: 10 (1981–82)
    • ყველაზე ბევრი საშინაო მარცხი: 10 (1988–89)
    • ყველაზე ბევრი საშინაო გატანილი გოლი: 59 (1958–59)
    • ყველაზე ბევრი საშინაო გაშვებული გოლი: 44 (1930–31)
    • ყველაზე ცოტა:
    • ყველაზე ცოტა საშინაო გამარჯვებაა: 3 (1988–89)
    • ყველაზე ცოტა საშინაო ფრე: 1 (1934–35), (1980–81)
    • ყველაზე ცოტა საშინაო მარცხი: 1 (1957–58), (1980–81)
    • ყველაზე ცოტა საშინაო გატანილი გოლი: 19 (1988–89)
    • ყველაზე ცოტა საშინაო გაშვებული გოლი: 11 (1920–21), (1922–23)
 
  • გასვლა:
    • ყველაზე ბევრი:
    • ყველაზე ბევრი საგარეო გამარჯვებაა: 13 (2011–12)
    • ყველაზე ბევრი საგარეო ფრე: 10 (1968–69)
    • ყველაზე ბევრი საგარეო მარცხი: 17 (1932–33)
    • ყველაზე ბევრი საგარეო გატანილი გოლი: 45 (1957–58)
    • ყველაზე ბევრი საგარეო გაშვებული გოლი: 70 (1931–32)
    • ყველაზე ცოტა:
    • ყველაზე ცოტა საგარეო გამარჯვება: 1 (1925–26), (1932–33), (1937–38), (1960–61), (2009–10)
    • ყველაზე ცოტა საგარეო ფრე: 1 (1982–83)
    • ყველაზე ცოტა საგარეო მარცხი: 3 (1980–81)
    • ყველაზე ცოტა საგარეო გატანილი გოლი: 12 (1996–97)
    • ყველაზე ცოტა საგარეო გაშვებული გოლი: 16 (1990–91)
 
  • სულ:
    • ყველაზე ბევრი:
    • ყველაზე ბევრი გამარჯვება: 28 (1980–81)
    • ყველაზე ბევრი ფრე: 18 (1968–69)
    • ყველაზე ბევრი მარცხი: 23 (1931–32)
    • ყველაზე ბევრი გატანილი გოლი: 101 (1957–58)
    • ყველაზე ბევრი გაშვებული გოლი: 107 (1931–32)
    • ყველაზე ცოტა:
    • ყველაზე ცოტა გამარჯვება: 7 (2010–11)
    • ყველაზე ცოტა ფრე: 4 (1934–35), (1964–65), (1982–83)
    • ყველაზე ცოტა მარცხი: 4 (1980–81)
    • ყველაზე ცოტა გატანილი გოლი: 37 (1988–89), (1991–92)
    • ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი: 29 (1980–81)

საკლუბო რეკორდები გოლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყველაზე ბევრი გოლი ერთ სეზონში:
    • 101, მეორე დივიზიონი (1957–58)
  • ყველაზე ბევრი გოლის გამტანი ლიგაში ერთ სეზონში:
  • ყველაზე ბევრი გოლის გამტანი ერთ სეზონში:
 

ინდივიდუალური რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატჩები

  1. 804 ბილი ბონდსი (1967–88)
  2. 674 ფრენკ ლამპარდი (უფროსი) (1967–85)
  3. 647 ტრევორ ბრუკინგი (1967–84)
  4. 646 ბობი მური (1958–74)
  5. 600 ელვინ მარტინი (1977–96)
  6. 548 ჯიმი რაფელი (1921–37)
  7. 505 სტივ პოტსი (1985–02)
  8. 505 ვიკ უოტსონი (1920–35)
  9. 502 ჯეფ ჰერსტი (1959–72)
  10. 467 ჯიმ ბარეტი (1924–43)
 

გოლები

  1. 326 ვიკ უოტსონი (1920–35)
  2. 252 ჯეფ ჰერსტი (1959–72)
  3. 166 ჯონ დიკი (1953–63)
  4. 166 ჯიმი რაფელი (1921–37)
  5. 146 ტონი კოტი (1983–88), (1994–96)
  6. 107 ჯონი ბირნი (1961–67)
  7. 104 პოპ რობსონი (1970–74), (1976–79)
  8. 102 ტრევორ ბრუკინგი (1967–84)
  9. 100 მალკოლმ მესგროუვი (1953–63)
  10. 100 მარტინ პიტერსი (1962–70)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]