დიაფრა სახო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიაფრა სახო
სახო ვესტ ჰემ იუნაიტედში 2014 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დიაფრა სახო
დაბადების
თარიღი
24 დეკემბერი, 1989 (25 წლის)
დაბადების
ადგილი
გედიავეი, სენეგალი
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვესტ ჰემ იუნაიტედი
ნომერი 15
ახალგაზრდული კარიერა
2006-2007 ჯენერეიშენ ფუტი
2007-2009 მეცი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2009-2014 მეცი 114 (44)
2012ბულონი (იჯარით) 7 (0)
2014- ვესტ ჰემ იუნაიტედი 14 (8)
ეროვნული ნაკრები
2014- სენეგალი 3 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 თებერვალი, 2015 (UTC)
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 15 ნოემბერი, 2014 (UTC)

დიაფრა სახო (დ. 24 დეკემბერი, 1989) — სენეგალელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს საფეხბურთო კლუბ ვესტ ჰემ იუნაიტედში თავდამსხმელის პოზიციაზე. მან კარიერა საფრანგეთის დაბალ ლიგებში დაიწყო, ასპარეზობდა მეცისა და ბულონის რიგებში, რის შემდეგაც 2014 წლის აგვისტოში ვესტ ჰემ იუნაიტედს შეუერთდა. 2014 წლის მაისიდან ის სენეგალის საფეხბურთო ნაკრების წევრია.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახომ კარიერა 16 წლის ასაკში, დაკარში, ჯენერეიშენ ფუტში, დაიწყო. ეს არის საფეხბურთო აკადემია, რომელიც ფეხბურთელებით ამარაგებს ფრანგულ კლუბ მეცს. აქ გატარებული 6 თვის შემდეგ 2007 წელს სახომ საფრანგეთს მიაშურა და მეცში ვარჯიში დაიწყო. 2009-10 წლების სეზონში მეცის სარეზერვო გუნდში ჩატარებულ 22 შეხვედრაში გატანილი 17 გოლით მან გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა. სახოს დებიუტი 2010 წლის 19 იანვარს ბრესტთან საშინაო შეხვედრაში შედგა, რომელიც ფრედ, 0-0 დასრულდა. პირველი გოლი კი მან 10 სექტემბერს, ნანტთან ფრედ დასრულებულ (1-1) შეხვედრაში გაიტანა. საწყისი სამი სეზონის განმავლობაში სახო ძირითადად მეცის სათადარიგო ფეხბურთელი იყო და 2012 წლის იანვარში ის ბულონშიც გაანათხოვრეს. 2012 წლის მაისში, საფრანგეთის მესამე ლიგაში მოასპარეზე მეცის ახლადდანიშნულმა მწვრთნელმა, ალბერტ კარტიემ დიაფრა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. იმ სეზონში 33 ჩატარებულ მატჩში სახომ 19 გოლი გაიტანა, მეცმა კი მეორე ადგილი დაიკავა და საფრანგეთის ლიგა 2-ში აღზევდა. 2013-14 წლების სეზონში 36 შეხვედრაში სახომ 20 გოლს უწია და მეცს ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტული გაანაღდებინა. ბრწყინვალე სეზონის შემდეგ დიაფრა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

ვესტ ჰემ იუნაიტედი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 14 აგვისტოს სახომ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა პრემიერ ლიგის კლუბ ვესტ ჰემ იუნაიტედთან და მათი მეშვიდე საზაფხულო შენაძენი გახდა. მისი პირველი კომენტარი ასეთი იყო: "დღეს ძალიან საამაყო დღეა ჩემთვის, რადგან ვესტ ჰემში ჩავირიცხე. ინგლისური ფეხბურთი ძალიან მიყვარს და ყოველთვის ვოცნებობდი რომელიმე დიდ ინგლისურ კლუბში თამაშზე. დღეს ვესტ ჰემმა მომცა ეს შესაძლებლობა და დიდ ხანს არ მიფიქრია, რომ ჩავჭიდებოდი ამ შანსს".

2014-15 წლების სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესტ ჰემში სახოს დებიუტი 23 აგვისტოს, კრისტალ პალასთან 3-1 მოგებულ შეხვედრაში შედგა, როდესაც ის 63-ე წუთზე კარლტონ კოულის ნაცვლად გამოვიდა ცვლილებაზე. 26 აგვისტოს ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაშო შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ მან პირველი გოლი გაიტანა ახალი კლუბის რიგებში. 15 სექტემბერს კი ჰალ სიტისთან გასვლით მატჩში მან თავი პრემიერ ლიგაშიც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში, 2-2 დააფიქსირა. სახოს საშინაო დებიუტი 20 სექტემბერს ლივერპულის წინააღმდეგ შედგა, სადაც მან მეორე პრემიერლიგური გოლი გაიტანა. 29 სექტემბერს დიაფრამ მანჩესტერ იუნაიტედთან გასვლით შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი. ეს იყო მისი მეოთხე გოლი ვესტ ჰემის რიგებში ჩატარებულ პირველ ოთხ შეხვედრაში, რითაც მან ლეროი როსენოიროს რეკორდი დაამხო 26 წლის შემდეგ. 25 ოქტომბერს სახომ ვესტ ჰემის მეორე გოლი გაიტანა მოქმედი ჩემპიონის, მანჩესტერ სიტის კარში. ამით ის ვესტ ჰემის პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პირველ ექვს შეხვედრაში ექვსი გოლი გაიტანა და გაიმეორა 1992 წელს მიკი ქუინის მიერ დამყარებული რეკორდი. ამ ბრწყინვალე მატჩების გამო დიაფრა ოქტომბერში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ვესტ ჰემის მწვრთნელმა სემ ელერდაისმა კი თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიიღო.

2015 წლის 1 იანვარს ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან საშინაო შეხვედრაში სახომ ტრავმა მიიღო. ამის გამო ის 2015 წლის აფრიკის თასზეც ვერ გაემგზავრა. სენეგალის სამწვრთნელო შტაბმა განაცხადა, რომ დიაფრა ამ დროის განმავლობაში ვერც ვესტ ჰემის შემადგენლობაში ითამაშებდა. თუმცა 2015 წლის 25 იანვარს სახო ინგლისის ასოციაციის თასის მატჩში, ბრისტოლ სიტის წინააღმდეგ ცვლილებაზე გამოვიდა და გამარჯვების გოლიც გაიტანა. ამის შესახებ სენეგალის ფეხბურთის ფედერაციამ საჩივრით მიმართა ფიფას და სახომ 31 იანვარს ლივერპულთან საგარეო მატჩი გამოტოვა. ფიფამ შემთხვევა გამოიძია და ვესტ ჰემ იუნაიტედი 100 ათასი შვეიცარული ფრანკით (71 ათასი ფუნტით) დააჯარიმა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახოს დებიუტი სენეგალის საფეხბურთო ნაკრებში 2014 წლის 21 მაისს, ბურკინა ფასოსთან ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. პირველი სანაკრებო გოლი კი მან ოთხი დღის შემდეგ, კოსოვოს წინააღმდეგ გაიტანა. ვესტ ჰემში წარმატებული სეზონის შემდეგ მან საფრანგეთის მთავარი მწვრთნელის, დიდიე დეშამის ყურადღებაც მიიპყრო. იმის გამო, რომ 2014 წლის ოქტომბრისთვის სახოს სენეგალის რიგებში არც ერთი ოფიციალური შეხვედრა არ ჰქონდა ნათამაშები, მას საფრანგეთის ნაკრებში თამაშო შეეძლო. 2014 წლის ნოემბერში სახოს სენეგალის თავკაცმა, ალენ ჟირესმა უხმო აფრიკის თასის საკვალიფიკაციო მატჩებში მონაწილეობის მისაღებად. დიაფრამ ტურნირი ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეცი

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]