კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონსტანტინოპოლის მეორე საეკლესიო კრება (მართლმადიდებლებისთვის — მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება) — მსოფლიო საეკლესიო კრება, ჩატარდა 553 წელს კონსტანტინოპოლში, იმპერატორ იუსტინიანე I-ის ინიციატივით. მართლმადიდებელი ეკლესია კრების ხსენების დღეს აღნიშნავს 7 აგვისტოს (ძველი სტილით 25 ივლისს).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე მსოფლიო კრება გაიმართა 553 წელს, იუსტინიანე I-ის ზეობისას კონსტანტინოპოლში. მისი მიზანი იყო სამი უკვე გარდაცვლილი ეპისკოპოსის: თეოდორე მოფსუესტელის, თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის საკითხის განხილვა, რომლებიც ჯერ კიდევ მესამე მსოფლიო კრების დროს თავიანთ თხზულებებში ნესტორიანულ შეხედულებებს გამოთქვამდნენ. ქალკედონის კრებას, რომელმაც დაგმო მონოფიზიტები, ეს მღვდელმთავრები არ განუსჯია, რის გამოც ევტიქის მიმდევრები კრების მონაწილეებს ნესტორიანელობაში დებდნენ ბრალს. ერეტიკოსებისთვის მართლმადიდებელთა გმობის საბაბი რომ გაექარწყლებინა, წმიდა იუსტინიანემ გამოსცა ბრძანება, რომლის სამ თავშიც ცალ-ცალკე იყო გაკიცხული სამივე ზემოხსენებული მამა; მაგრამ, რადგან ამ ბრძანებამ ეკლესიის წარმომადგენელთა შორის საყოველთაო აღიარება ვერ ჰპოვა (განსაკუთრებით დასავლეთში, და კერძოდ, აფრიკაში), წარმოიქმნა დავა „სამი თავის“ შესახებ. სწორედ ამან გამოიწვია მეხუთე მსოფლიო კრების მოწვევის აუცილებლობა.

კრებას 165 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კონსტანტინოპოლში მყოფმა პაპმა ვიგილიუსმა უარი განაცხადა მასში მონაწილეობაზე, თუმცა სამჯერ იქნა მოწვეული შეკრებილი მღვდელმთავრებისა და თავად იმპერატორის სახელით გაგზავნილი ოფიციალური დეპუტაციის მიერ.

კრებას თავმჯდომარეობდა წმიდა კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ევტიქი. იმპერატორის ედიქტის თანახმად „სამი თავის“ საკითხი საგულდაგულოდ იქნა განხილული 553 წლის 4 მაისიდან 2 ივნისამდე გამართულ რვა სხდომაზე. საბოლოოდ თეოდორე მოფსუეტელი და მისი სწავლება ანათემას გადაეცა; შეაჩვენეს თეოდორიტე კვირელისა და იბა ედესელის რამდენიმე თხზულებაც, თავად ეს მამები კი, როგორც სინანულით განწმენდილები, შეწყალებულ იქნენ. პაპი ვიგილიუსი, როგორც ერეტიკოსთა თანამდგომი, ეკლესიიდან განკვეთეს, მაგრამ კრების შემდგომ იგი შეუერთდა მამათა საერთო აზრს და ხელი მოაწერა კრების დადგენილებას.

კრების მამებმა განიხილეს და შეაჩვენეს III საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, ხუცეს ორიგენეს რელიგიური სწავლება. დაიგმო მათი მიმდევრებიც, რომლებიც საყოველთაო მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1976 წლის“, გვ. 107-108
  • Herrin, Judith (1989). The Formation of Christendom, revised, illustrated paperback edition. London: Princeton University Press and Fontana. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]