დიდი ოყარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დიდი ოყარი
Ardea alba by Shantanu Kuveskar.jpg
შებუმბვლა გამრავლების პერიოდში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ვარხვისნაირნი
ოჯახი:  ყანჩისებრნი
გვარი:  ყანჩა
სახეობა:  დიდი ოყარი
ლათინური სახელი
Ardea alba (Linnaeus, 1758)
სინონიმები
  • Casmerodius albus (Linnaeus, 1758)
  • Egretta alba (Cramp & Simmons, 1977)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697043
გავრცელება
Ardea alba map.svg
  ბუდობის არეალი
  მთელი წლის განმავლობაში
  გამოზამთრება

დიდი ოყარი,[1][2][3][4] დიდი თეთრი ყანჩა[2][4][5] (ლათ. Ardea alba) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. ადრე შედიოდა ოყარის გვარში.[⇨] დიდი ზომის ფრინველია. სხეულის სიმაღლეა 94–104 სმ, ფრთების შლილი 131–145 სმ, მასა 912–1140 გრამი. აქვს თეთრი ბუმბული, გრძელი შავი ფეხები და ყვითელი ნისკარტი, რომელიც შეჯვარების პერიოდში მოყვითალო უხდება.[⇨] გავრცელებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. ბინადრობს წყალსატევებთან ახლოს, როგორც სანაპირო ზოლთან, ისე კონტინენტის შიდა ადგილებში.[⇨] საქართველოში გვხვდება როგორც მობუდარი გადამფრენი ან, ზოგჯერ, მობინადრე ფრინველი. აღწევს ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე.[⇨] ჩრდილოეთით მობუდარი პოპულაცია გადამფრენია, დანარჩენის დიდი ნაწილი — მკვიდრი. დროს ხეებზე ატარებს. ფრენისას (საშუალოდ ავითარებს 28–51 კმ/სთ სიჩქარეს) უკან სწევს თავს და კისერს ლათინური S-ის ფორმას აძლევს.[⇨] სეზონურად მონოგამური ფრინველია; სქესობრივ სიმწიფეს 2 წელში აღწევს. ბუდობს კოლონიებად, ხშირად სხვა ყანჩებთან ერთად. ბუდეს, ერთ ადგილზე შეგროვილ ჯოხებისა და ტოტების გროვას, აგებს ნაყარ ლერწამზე, მიწაზე ან ხეზე. დებს 3–6 მოცისფრო-მწვანე კვერცხს. ორივე მშობელი კრუხობს 23–26 დღის განმავლობაში. ბარტყები 42–49 დღეში ბუმბულით იმოსებიან, 7 კვირაში ფრენას სწავლობენ. ძირითად შემთხვევაში მხოლოდ ერთი ბარტყი აღწევს ზრდასრულობამდე. ზომიერ განედებში მრავლდება გაზაფხულზე ან ზაფხულში, ტროპიკებში — ნებისმიერ სეზონზე; ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ, იშვიათად — ორჯერაც.[⇨] იკვებება თევზებით, ამფიბიებით, ქვეწარმავლებით, კიბოსნაირებით, მღრღნელებითა და მწერებით.[⇨] ბუნებაში — 15, ხოლო ტყვეობაში 22 წლამდე ცოცხლობს.[⇨] მისი ლამაზი თეთრი ბუმბულის გამო დიდი რაოდენობით ანადგურებდნენ XIX–XX საუკუნეებში, რამაც დიდი ოყარის რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. დღეისათვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.[⇨] განირჩევა 4 ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება ჩრდილოური დიდი თეთრი ყანჩა.[⇨]

სისტემატიკა და ტაქსონომია

დიდი ოყარი შედის ყარყატისნაირთა (ლაკლაკისნაირთა) რიგის ყანჩისებრთა ოჯახში. რომელიმე გვარისთვის მისი მიკუთვნების საკითხი სადაოა, რადგან იზიარებს როგორც ყანჩების (Ardea), ისე ოყარების (Egretta) მახასიათებლებს.[6] უწინ ოყარის გვარში იყო, დღეისათვის წყაროების უმრავლესობა ყანჩის გვარში აერთიანებს. ზოგჯერ ცალკე გვარში გამოიყოფა — Casmerodius.[6]

მისი ლათინური სახელი მოდის ლათინური სიტყვებიდან: ardea — „ყანჩა“ და alba — „თეთრი“.[7]

ქვესახეობები

ცნობილია 4 ერთმანეთთან ახლოს მდგომი ქვესახეობა:[8]

ადრე გამოიყოფოდა კიდევ ერთი ქვესახეობა — A. a. maoriana (Iredale et Mathews, 1914), რომელიც გავრცელებული იყო ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე,[10] თუმცა დღეს ავტორთა უმრავლესობა მას აღარ აღიარებს.[11]

ქვესახეობებს შორის განმასხვავებელია შეფერილობა, გამრავლების პერიოდი და ზომა. სამხრეთულ თეთრ ყანჩას ზოგიერთი მეცნიერი ცალკე სახეობად გამოჰყოფს, თუმცა წყაროთა უმრავლესობის თანახმად, ის დიდი ოყარის ქვესახეობაა.

აღწერა

შეჯვარების პერიოდში
(აუდიო)
დიდი ოყარის ხმის ჩანაწერი
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

საკმაოდ მსხვილი ფრინველია,[12] ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყანჩაა,[13] ბატზე ოდნავ დიდია, სიმაღლე 94–104 სმ-ს, ხოლო ფრთების შლილი 131–145 (ზოგჯერ 160–170-მდე[12][13]) სმ-ს შეადგენს.[14] მასა 912–1140 გრამს აღწევს.[15] როგორც წესი, მამალი დედალზე დიდი ზომისაა. შეფერილია მთლიანად თეთრად. ნისკარტი გრძელი, სწორი, ფერად ყვითელია. ფეხები და თითები გრძელია, მუქი რუხი ფერისა. კისერიც გრძელია, ლათინური S-ის ფორმის.[16] კისრის მეექვსე მალა გაწელილია და ისეთნაირადაა აგებული, რომ ფრინველს შეუძლია გაშალოს და შეკუმშოს კისერი.[17] კუდი მოკლე და სოლისებური ფორმისაა. შემოდგომის ბუმბულცვენის შემდეგ მამალსა და დედალს სხეულის ზედა მხარეზე მხრებიდან ეზრდება გვერდებზე და კუდის უკან გაშვერილი თეთრი ბუმბული. გამრავლების პერიოდში ეს ბუმბული იბღუნძება და ბრტყელი ხდება, კუდის უკან ნემსისებური გაგრძელებები აქვს.[18] ნისკარტი ამ პერიოდში ნარინჯისფერ-ყვითელ ელფერს იღებს მუქი წვეროთი. წვივის ბუმბულით დაუფარავი ნაწილი უვარდისფრდება.[19] ლაგამი მწვანე ფერისაა. თავისებური ქოჩორი, რომელიც სხვა ყანჩებს ჩვეულებრივ ახასიათებს, დიდ ოყარს არ გააჩნია. ხმა — უხეში ხრინწიანი ტკაცანი,[12] ისმის იშვიათად.[20] სქესობრივი დიმორფიზმი არ გამოიხატება.

გავრცელება

დიდი ოყარი გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, აზიის, ჩრდილოეთ (სამხრეთი ნაწილის, მ. შ. ანტილის კუნძულები[4]) და სამხრეთ ამერიკის, სამხრეთ აფრიკის (მ. შ. მადაგასკარი), ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის თბილ ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში.[2] ბინადრობს სხვადასხვა წყალსატევთან, როგორც ზღვის სანაპიროს სიახლოვეს, ისე კონტინენტის შიდა ადგილებში: დაჭაობებულ ბარში, მდინარის ჭალებსა და ნაპირებზე, მტკნარ და მლაშე ტბებზე,[4] ლელქაშითა და ლერწმით გარშემორტყმულ მთის ტბებზე,[2][20] მინდვრებში,[13][21] ესტუარებსა და მანგროს ტყეებში. ამის გარდა მისი ნახვა შეიძლება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში, ღია მინდვრებზე, ბრინჯის ნარგავებში, სადრენაჟო თხრილების გასწვრივ. ნადირობს წყალმარჩხ ადგილებში და ხმელეთზე. ადგილსამყოფელთა უმრავლესობა განიცდის ადამიანის სამეურნეო მოქმედების ზეგავლენას.[4]

საქართველო

დიდი ოყარის გავრცელების ადგილები საქართველოში

დიდი ოყარი საქართველოში გავრცელებულია როგორც მობუდარი გადამფრენი ფრინველი, ზოგჯერ მთელი წლის განმავლობაშიც,[21] თუმცა მეტად იშვიათია. ცალკეულ წყვილებად გვხვდება მესხეთ-ჯავახეთში (სოფ. გორელოვკის მიდამოებში), კოლხეთის დაბლობსა და სამეგრელოში;[1][2] მდინარეთა შესართავებში და ტბებზე.[4] აღრიცხულია ვაშლოვნის დაცული ტერიტორიების ალაზნის ჭალებშიც.[22] ადის ზღვის დონიდან 1800 მეტრამდე.[2]

ცხოვრების ნირი

ჩვეულებრივ ხეებზე ზიან ხოლმე.[20] გადაადგილდებიან ნელა და დიდებულად, იგრძელებენ კისერს და საკვების ძიებაში ჩასცქერიან წინ მდებარე ტერიტორიას. ნადირობენ მარტო ან ჯგუფურად, დღის ნათელ და შებინდულ დროს, დაღამებისას უერთდებიან სხვა ყანჩებს და ეძებენ თავშესაფარს. საკვებს ხშირად ართმევს სხვა მცირე ზომის ყანჩებს, ჩხუბი მოსდის თავისივე სახეობის სხვა ფრინველებთანაც. ზოგჯერ აგრესიულია, მაშინაც კი, როცა გარშემო საკვები საკმარისადაა. ფრენს ნარნარით, მისი სიჩქარე 28–51 კმ/სთ მერყეობს.[23] გამრავლების პერიოდში საკვებს ახლომახლო ეძებს, მაგრამ მისი ნაკლებობის შემთხვევაში 6–20 კმ-ითაც კი გადაადგილდება.[18] როგორც ყანჩის სხვა სახეობები, ფრენისას დიდი ოყარიც უკან სწევს თავს და კისერს S-ის ფორმას აძლევს.

გამრავლების პერიოდში ისაკუთრებს მიწის გარკვეულ მონაკვეთს და საგულდაგულოდ იცავს მას. სეზონის ბოლოს წყვილები ხშირად იშლებიან და იფანტებიან. არეალის ჩრდილოეთ საზღვართან მობუდარი პოპულაცია გადამფრენია, დანარჩენი არეალის პოპულაციის დიდი ნაწილი — მკვიდრი,[10] ზოგიერთი იზამთრებს არეალის იმ ფარგლებში, საიდანაც სხვები უფრო დიდ მანძილზე გადადიან.

გამრავლება

დიდი ოყარი ბარტყებთან ერთად

დიდი ოყარი სქესობრივ სიმწიფეს 2 წლის ასაკში აღწევს. სეზონურად მონოგამი ფრინველია, რაც იმას ნიშნავს, რომ დედალ-მამალი მხოლოდ ერთ სეზონზე არიან ერთად, თუმცა არის უფრო მყარი წყვილების შემთხვევებიც.[24] ბუდობს დიდ კოლონიებში, ხშირად ერთიანდება სხვა სახეობის ყანჩებში, როგორიცაა დიდი ცისფერი ყანჩა და თოვლის ყანჩა. ერთი წლის განმავლობაში იძლევა შთამომავლობის მხოლოდ ერთ თაობას. ზომიერ განედებში მრავლდება გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც საკვების დიდი ნაირსახეობაა, ტროპიკებში შეჯვარება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.[18]

არშიყობა (თავის მოწონება) საკმაოდ რთული პროცესია, რომლის დროსაც კანის შიშველი ადგილები თავისებური ფერისა ხდება, ხოლო საქორწინო ბუმბული დიდ მნიშვნელობას იძენს. ლაგამი (კანის მონაკვეთი თვალთან ახლოს) ყვითლიდან მწვანე ხდება. ნისკარტი ნარინჯისფერ ელფერს იღებს და ბოლოში მუქდება. კვერცხის დების შემდეგ ლაგამი თავის ძველ ფერს უბრუნდება, ნისკარტი კი მთელი გამრავლების პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებს განსხვავებულ ფერს.[17]

მამალი პირველი ჩადის კოლონიაში და მომავალი ბუდობის ადგილს არჩევს. რიგითობაში მნიშვნელობა აქვს ფრინველის ასაკს — უფრო ასაკოვანი მამლები პირველები ირჩევენ ადგილს, როგორც წესი, კოლონიის ცენტრის სიახლოვეს. ხშირად იცვლიან კოლონიისა და ბუდობის ადგილმდებარეობას, ამიტომ მამლები იმტკიცებენ ადგილს და იწყებენ დედლის თავისმოსაწონებელ, რიტუალურ ცეკვას. დაინტერესებული დედლები ახლომახლო ტოტებზე ჯდებიან და აკვირდებიან, შეიძლება ჩაერთონ ცეკვასა და მომავალი ბუდის გარშემო ტრიალში. ზოგჯერ დედალი შეიძლება განიდევნოს სხვა დედლის მიერ. მეწყვილეები ფრთხილად ირჩევენ ერთმანეთს. ბუდის შენებას შეწყვილებისთანავე იწყებენ.[17]

დიდი ოყარის ბუდე ერთ ადგილზე შეგროვილ ჯოხებისა და ტოტების გროვას წააგავს. აშენებენ ნაყარ ლერწამზე, ნიადაგზე, იშვიათად — ხეზე (ტირიფი).[2] დიამეტრით 90 სმ-მდეა, სიღრმეში 30 სმ.[25] იგი რამდენიმე წლის მანძილზე ინახება, თუმცა კოლონია შეიძლება სხვა ადგილზე გადავიდეს ან წყვილმა სხვა ხე აირჩიოს. მასალებს აგროვებენ ყველა შესაძლო ხერხით, მეზობლად მდებარე ბუდეებიდან მოპარვითაც კი. ჩვეულებრივ მათ მამალი აგროვებს, რა დროსაც დედალი მიზიდულ მასალებს ბუდეში ათავსებს (აშენებს მას).

ქვესახეობის, Ardea alba melanorhynchos-ის კვერცხები, ტულუზის მუზეუმი

დედალი დებს 3–6 მოცისფრო-მწვანე კვერცხს 2–3 დღის ინტერვალით. მისი სიგრძეა დაახლოებით 55–60 მმ, სიგანე 40-43 მმ.[25] კრუხობს ორივე მშობელი მორიგეობით. ინკუბაცია 23–26 დღე-ღამე გრძელდება, რის შემდეგაც იჩიკებიან მთლიანად შიშველი და უმწეო ბარტყები. მათ შორის სასტიკი შეჯიბრი იწყება მშობლის მიერ მოტანილი საკვების მიღებისათვის, ზომით დიდები ძალის გამოყენებით ღებულობენ უპირატესობას, მათ შეიძლება დაკორტნონ კიდევაც მცირე ზომის დედმამიშვილები და მონოპოლია გამოაცხადონ საკვებზე.[16] თუკი საკვების მხრივ კარგი წელია, მთელ შთამომავლობას შეუძლია დაფრთიანება, თუმცა უფრო ხშირად ორი, შესაძლოა მხოლოდ ერთი ბარტყი გადარჩეს — დანარჩენი იღუპება. 42–49 დღეში მთლიანად იმოსება ბუმბულით. 7 კვირის ასაკში კარგად ფრენას იწყებენ, თუმცა 10–11 კვირამდე მშობლებზე არიან დამოკიდებული.[17][18][24] წელიწადში ზოგჯერ ორჯერაც მრავლდება.[25]

კვება

დიდი ოყარი იკვებება ბაყაყებით, გველებით, თევზით, მდინარის კიბოებით, მცირე ზომის მღრღნელებით, ჭრიჭინებით, კუტკალიებითა და სხვა მწერებით. რამდენადაც სხვა სახეობის ფრინველებსაც აქვთ კვების იგივე რაციონი, მათ ნადავლის ძიებისას ერთმანეთში უწევთ კონკურენცია. საკვების არჩევისას მცირედ მომთხოვნები არიან, ითვლებიან ჰეტეროტროფებად. კვლევების შედეგად აღნიშნულია, რომ ერთ ადგილას დგომისას დიდ ოყარს შეუძლია უფრო მეტი საშუალო ზომის ნადავლი მოიპოვოს, ვიდრე ნელა გადაადგილებისას.[26][27]

მტაცებლები და მავნებლები

დიდი ოყარი ნადავლით

ზრდასრულ ოყარს ბუნებრივი მტრები იშვიათად მოეპოვება. ზოგჯერ ისინი ნიანგების მსხვერპლი ხდებიან. ახალგაზრდა ფრინველებს ცხოვრების პირველ წელს არწივები (მთის არწივი, ბეგობის არწივი) და თეთრკუდა ფსოვები მტრობენ. დიდი ოყარის კვერცხებზე ყვავები, ამერიკული სვავები და ენოტები ნადირობენ.

მავნებლებიდან რეგისტრირებულია ტრემატოდების — სამი, ნემატოდების — ხუთი და აკანთოცეფალების ერთი სახეობა.[4]

სიცოცხლის ხანგრძლივობა

ველურ ბუნებაში დიდი ოყარის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 15 წელს შეადგენს, ტყვეობაში — 22 წლამდე.[28] სიკვდილიანობა ამ ფრინველებში მაღალია, განსაკუთრებით ბუდეში ყოფნის დროს ან დაფრთიანებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში. მისი სიკვდილიანობა სიცოცხლის პირველ წელს 76%-ია, ხოლო მომდევნო წლებში — 26%.[17]

მდგომარეობა და დაცვა

XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში დიდი მოთხოვნილება იყო მის ლამაზ განუჟრილ თეთრ ბუმბულზე (ე. წ. „ეგრეტკებზე“), რომლითაც ქუდებს ამკობდნენ. ამის გამო დიდი რაოდენობით ფრინველი ნადგურდებოდა.[2] მათი რაოდენობა ამ პერიოდისათვის დაახლოებით 95%-ით შემცირდა.[16] საფრთხეს უქმნის ადამიანის საქმიანობის შედეგად მისი ადგილსამყოფელის დეგრადაცია.[4] საბჭოთა პერიოდში დიდი ოყარი დაცული იყო, საქართველოში იშვიათია,[20] შეტანილი იყო საქართველოს სსრ „წითელ წიგნში“, დაცული იყო საქართველოს სსრ სამონადირეო კოდექსითაც.[4] თუმცა, „საქართველოს წითელ ნუსხაში“ არ არის შესული.[29] დღეს, IUCN-ის მონაცემებით, შედის მინიმალური რისკის ქვეშ მყოფ ცხოველთა კატეგორიაში (LC).[30]

საინტერესო ფაქტები

  • დიდი ოყარი არის ოდიუბონის ეროვნული საზოგადოების, ჩრდილოეთ ამერიკაში ერთ-ერთი უძველესი ეკოლოგიური ორგანიზაციის, სიმბოლო (1953 წლიდან).[16] ორგანიზაცია იცავს ფრინველებს, რომლებზეც ბუმბულის გამო ნადირობენ.[31][32][33]
  • ადგილებში, სადაც სხვადასხვა სახეობის ფრინველები შერეულად ბუდობენ, დიდი ოყარები, ხშირად, პირველები ჩადიან.[31]
  • ფრენენ ნელა, მაგრამ ძლევამოსილად: წამში ფრთის ორი მოქნევით ავითარებენ 40 კმ/სთ სიჩქარეს.[31]
  • საკვებს ძირითადად სირბილის დროს მოიპოვებს, თუმცა ხანდახან ცურვის დროს იჭერს მსხვერპლს, ზოგჯერ კი ყარაულობს მას.[31]
  • ყველაზე ხნიერი დიდი ოყარი 22 წლისა და 10 თვის ინდივიდი იყო, რომელიც ოჰაიოში დააფიქსირეს.[31]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 619, თბ., 1984 წელი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 ჟორდანია რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 419, თბ., 2012 წელი.
  3. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 89, 162, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 50–51, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  5. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 89, 162, 182.
  6. 6.0 6.1 Martin, A. P. Great white heron (ინგლისური). The Atlas of Southern African Birds. Southern African Bird Atlas Project. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
  7. Jobling, James A (2010). The Helm Dictionary of Scientific Bird Names. London: Christopher Helm, გვ. 37, 54. ISBN 978-1-4081-2501-4. 
  8. Gill, F.; Donsker, D. (eds.). (2014)IOC World Bird List (v 4.4). ციტირების თარიღი: 28 დეკემბერი, 2014.
  9. 9.0 9.1 ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 162.
  10. 10.0 10.1 Дементьев Г. П., Мекленбурцев Р. Н., Судиловская А. М., Спангенберг Е. П. Птицы Советского Союза. Т. 2 / Под общ. ред. Г. П. Дементьева и Н. А. Гладкова — М.: «Советская наука», 1951. С. 412–413. 480 с.
  11. Pratt, H. D. (2011)Observations on species limits in the Great Egret (Ardea alba) complex. Journal of Heron Biology and Conservation. ResearchGate. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
  12. 12.0 12.1 12.2 Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 59. 432 с.
  13. 13.0 13.1 13.2 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 12, თბ., 2002.
  14. McCrimmon, D. A., Jr., J. C. Ogden, and G. T. Bancroft. 2001. Great Egret (Ardea alba). In The Birds of North America, No. 570 (A. Poole and F. Gill, eds.). The Birds of North America, Inc., Philadelphia, PA
  15. Gough, G.; Sauer, J.; Iliff, M. (1998) Patuxent Bird Identification Infocenter. ციტირების თარიღი: 20.11.2003. 
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Great Egret (Ardea alba) (ინგლისური). National Geographic Society. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 Pratt Helen. 1993. Herons and Egrets of Audubon Canyon Ranch. California. Audubon Canyon Ranch
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 Martinez-Vilalta, Albert and Anna Motis. 1992. Family Ardeidae (Herons). Pp. 376—429. In Handbook of the Birds of the World, Volume 1. Barcelona, Spain. Lynx Editions
  19. კრწანისის ტყეპარკის ფრინველები. environment.cenn.org (თბილისი, 2018). ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
  20. 20.0 20.1 20.2 20.3 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии, — Тбилиси: «Сабчота Сакартвело», 1987. — стр. 13.
  21. 21.0 21.1 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 26, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  22. საქართველოს მთავრობის დადგენილება №18: ტექნიკური რეგლამენტის — ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე. საკანონმდებლო მაცნე (3 იანვარი, 2014). ციტირების თარიღი: 18 მაისი, 2020.
  23. Drummond, H. (2001). A revaluation of the role of food in broodmate aggression. 61. Animal Behaviour. pp. 517—526.
  24. 24.0 24.1 Elphick, Chris, John Dunning, and David Allen Sibley. 2001. The Sibley Guide to Bird Life and Behavior. New York. Alfred A. Knopf
  25. 25.0 25.1 25.2 Great Egret Life History (ინგლისური). All About Birds. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
  26. GREAT EGRET. Wildlife in Connecticut. Connecticut Department of Environmental Protection (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-06. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
  27. Hill, K. (2001) Ardea alba. Smithsonian Marine Station at Fort Pierce. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-28. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
  28. Burger, J.; Gochfeld, M. (1997). "Risk, mercury levels, and birds: relating adverse laboratory effects to field biomonitoring". Environmental Research 75: 160—172.
  29. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 30 აპრილი, 2020.
  30. BirdLife International. Ardea alba. IUCN-ის საფრთხეში მყოფი სახეობების წითელი ნუსხა. ვერსია 3.1. International Union for Conservation of Nature (2016).
  31. 31.0 31.1 31.2 31.3 31.4 Great Egret (ინგლისური). All About Birds. ციტირების თარიღი: 1 მაისი, 2020.
  32. Timeline of Accomplishments (ინგლისური). National Audubon Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი, 2013. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2011.
  33. Historical Highlights: Signature Species (ინგლისური). National Audubon Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი, 2009. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2011.