კარლ ლინე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარლ ლინე

კარლ ლინე
კარლ ლინე
დაბადების თარიღი 23 მაისი 1707
დაბადების ადგილი როსჰულტი
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი 1778
გარდაცვალების ადგილი უფსალა
მოქალაქეობა შვედი
სამეცნიერო სფერო ბოტანიკა
ბიოლოგია
ზოოლოგია
ალმა-მატერი ლუნდის უნივერსიტეტი
უფსალის უნივერსიტეტი
ჰარდერვეიკის უნივერსიტეტი
Linne autograph.svg

კარლ ლინე (შვედ. Carl Linnaeus, Carl Linné; ლათ. Carolus Linnaeus; თავადაზნაურის წოდების მიღების შემდეგ 1761 წელს – Carl von Linné; დ. 23 მაისი 1707, როსჰულტი — გ. 10 იანვარი 1778, უფსალა) — შვედი ბუნებისმეტყველი და ექიმი. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1762). მსოფლიოში ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც საფუძველი ჩაუყარა მცენარეთა და ცხოველთა მეცნიერულ სისტემატიკას. დაიბადა სოფლის მღვდლის ოჯახში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მედიცინას სწავლობდა ჯერ ლუნდის (1727), შედეგ უფსალის (1728-1734) უნივერსიტეტებში. 1732 წელს იმოგზაურა ლაპლანდიაში; იმავე წელს გამოსცა „ლაპლანდიის ფლორა“. 1735-1738 წლებში ცხოვრობდა ჰოლანდიაში, სადაც გამოაქვეყნა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაშრომი (ლინეს სიცოცხლეში ეს ნაშრომი 12-ჯერ გამოიცა). 1739-1741 წლებში მუშაობდა სტოკჰოლმის საზღვაო ჰოსპიტალში; ეწეოდა კერძო საექიმო პრაქტიკასაც. მონაწილეობა მიიღო შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებაში; იყო ამ აკადემიის პირველი პრეზიდენტი (1739). 1741 წელს დანიშნეს უფსალის უნივერსიტეტის მედიცინისა და ბოტანიკის პროფესორად.

1762 წელს კარლ ლინე აირჩიეს პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად (იგი იყო აგრეთვე ლონდონის სამეფო სამეცნიერო საზოგადოების, ბერლინის, პეტერბურგისა და სხვა აკადემიების წევრი). მცენარეთა და ცხოველთა უნივერსალური კლასიფიკაციური სისტემა ლინემ გამოაქვეყნა 1735 წელს. მცენარეთა და ცხოველთა კლასიფიკაციის ერთეულად მას მიაჩნდა სახეობა. სახეობას ლინე უწოდებდა ისეთი ინდივიდების ერთობლიობას, რომლებიც ეჯვარებიან ერთმანეთს და ნაყოფიერ შთამომავლობას იძლევიან. მსგავს სახეობებს იგი აერთიანებდა გვარებად, გვარებს — რიგებად, რიგებს — კლასებად; სახეობის შიგნით გამოყოფდა სახესხვაობებს. გამრავლების ორგანოთა აგებულების თავისებურებების საფუძველზე ლინემ მცენარეები 24 კლასად დააჯგუფა. ყვავილოვანი მცენარეები მტვრიანებისა და ბუტკოების რაოდენობის, ზომის, ფორმის და განლაგების მიხედვით 23 კლასად დაყო; 24-ე კლასში გააერთიანა გვიმრები, ხავსები, წყალმცენარეები და სოკოები.

ცხოველთა სამეფო ლინემ დაყო 6 კლასად: ძუძუმწოვრებად, ფრინველებად, ქვეწარმავლებად (ამ კლასს მიაკუთვნა ამფიბიებიც), თევზებად, ჭიებად (ჭიების კლასში გააერთიანა ყველა უხერხემლო ცხოველი, გარდა მწერებისა) და მწერებად. ადამიანი ლინემ მიაკუთვნა ძუძუმწოვრების კლასს, პრიმატების რიგს. ლინემ განახორციელა ბოტანიკური და ზოოლოგიური ნომენკლატურის რეფორმა. მან მეცნიერებაში საბოლოოდ დაამკვიდრა ეგრეთ წოდებული ბინარული ნომენკლატურა. ლინემ აღწერა და სახელწოდება მიაკუთვნა მცენარეთა და ცხოველთა 10000-ზე მეტ სახეობას. ლინემ გაამარტივა და დახვეწა აღწერილობითი ბოტანიკური და ზოოლოგიური ენა; შეიმუშავა ბოტანიკური ტერმინოლოგია (მის მიერ შემოღებულ ტერმინთაგან ბევრი ამჟამადაც იხმარება).

ლინე მეტაფიზიკური მსოფლმხედველობის პოზიციებზე იდგა. მას მიაჩნდა, რომ სახეობები მათი „შექმნის“ დღიდან არ შეცვლილა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებში ლინემ გამოთქვა ვარაუდი საწყისი სახეობების შეჯვარების შედეგად ახალ ფორმათა წარმოქმნის შესაძლებლობის შესახებ. გარდა ბოტანიკური და ზოოლოგიური ნაშრომებისა, ლინეს ეკუთვნის გამოკვლევები მედიცინის, აგრეთვე გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის დარგში. იმ დროინდელ საექიმო პრაქტიკაში მან ბევრი მცენარეული საშუალება შეიტანა. ლინემ შექმნა თერმომეტრი, რომელიც ახლა „ცელსიუსის თერმომეტრის“ სახელითაა ცნობილი.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Flora lapponica, L., 1732;
  • Systema naturae, 13 ed., t. 1—3, Lugduni, 1789-96;
  • Flora suecica..., 2 ed., Stockholmiae, 1755;
  • Fauna suecica, 2 ed., Stockholmiae, 1761;
  • Entomologia, faunae suecicae descriptionibus aucta..., v. 1-4, Lugduni, 1789.

ლიტერატურა[რედაქტირება]