შინაარსზე გადასვლა

წითელი წიგნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წითელი წიგნი — იშვიათ და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია, მათი თანამედროვე მდგომარეობის მოკლე დახასიათებით. არსებობს წითელი წიგნის საერთაშორისო, ნაციონალური და ადგილობრივი ვარიანტი.

დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ყურადღება მიექცეს ბიომრავალფეროვნების კლების პრობლემას, რადგან დედამიწაზე სიცოცხლეს სწორედ ეს პრობლემა უქმნის მთავარ საფრთხეს. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დასაცავად აუცილებელია სახეობების მდგომარეობის ცოდნა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „წითელი წიგნი“ და „წითელი ნუსხა“. „წითელ ნუსხაში“ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია შეტანილი. ყველაზე ვრცელი და საყოველთაოდ აღიარებული წითელი ნუსხა საერთაშორისო გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ, IUCN-მა მოამზადა. მასში 16 000–ზე მეტი სახეობაა შესული. წითელ ნუსხებს ცალკეული ქვეყნებიც ადგენენ. თავისი „წითელი ნუსხა“ საქართველოსაც აქვს. მასში ქვეყანაში არსებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებია შეტანილი. ჩვეულებრივ, „წითელ ნუსხაში“ თითოეული სახეობის შესახებ მოცემულია შემდეგი ინფორმაცია: გავრცელებული სახელი, მეცნიერული სახელი (რომელიც ყოველთვის ლათინურ ენაზე იწერება), საფრთხის ხარისხი და ა.შ. წითელ ნუსხაში შეტანილ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს შორისაც არის განსხვავება: ზოგიერთი ძალიან იშვიათია, თითქმის გამქრალი, ზოგი კი — ნაკლებ სერიოზული საფრთხის წინაშე მყოფი. ამ განსხვავების აღსანიშნავად, წითელ ნუსხაში შეტანისას სახეობებს მეცნიერების მიერ სხვადასხვა კატეგორია ენიჭება.

წიგნის შექმნის იდეა XX საუკუნის I ნახევარში გაჩნდა. მისი ინიციატორი იყო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი, რომელიც 1949 წელს შეუდგა ინფორმაციის მოპოვებას მცენარეთა და ცხოველთა იშვიათ სახეობათა შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველების იშვიათი სახეობების შესახებ.

წითელი წიგნი საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში წითელი წიგნი 1982 წელს გამოიცა. მისი I ნაწილი მოიცავს იშვიათ ცხოველებს, II ნაწილი - მცენარეებს და III ნაწილი - არაორგანული ბუნების ძეგლებს.