თეთრკუდა ფსოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეთრკუდა ფსოვი
Haliaeetus albicilla (Svolvær, 2012).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Haliaeetus albicilla (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22695137
გავრცელება
Haliaeetus albicilla distribution map.png
  ბუდობის რაიონები
  გამოზამთრების რაიონები
  მთელი წლის განმვალობაში გავრცელების რაიონები

თეთრკუდა ფსოვი,[1] ან ჩვეულებრივი ფსოვი[2] (ლათ. Haliaeetus albicilla) — ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 70–90 სმ,[3] ფრთების შლილი 200–245 სმ,[4] მასა 3075–6920 გრამი.[5] ზრდასრულს აქვს დიდი და ძლიერი ყვითელი ნისკარტი, მოკლე, სოლისებრი, თეთრი ფერის კუდი და ფართო ფრთები. თავი და კისერი მუქი ყავისფერია. ახალგაზრდას აქვს მუქი ნისკარტი და მოყავისფრო-მოშავო დაწინწკლული შეფერილობა,[4] მკერდზე განივი ლაქები, კუდის ზედა მხარეს მარმარილოსებრი ნახატი,[6] გრძივი ფრთის ქვედა მხარეზე იღლიის ბუმბულები ღია ფერისაა; მუქი არშიები არტყია საჭისა და მომქნევ ბუმბულებს.[3] ხმა — ყრუ „კრა-კრა“.[7]

ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში, ასევე ისლანდიასა და გრენლანდიაზე; ზამთრობს ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ფსოვი XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე გვხვდებოდა ახალციხეში, აწყურს და ბორჯომში, მცხეთაში, თბილისის შემოგარენში, თეთრიწყაროს მიდამოებში, მდინარეების — ქვაბლიანის, აჭარისწყლის სათავეებში, მდინარე ხრამის ხეობაში. ამჟამად შეინიშნება შირაქ-ელდარის ველზე, ერწოსა და პალიასტომის ტბების სიახლოვეს და ჯავახეთში.[8] აქ მისი ბუდობა არ ფიქსირდება, თუმცა მთელი წლის განმავლობაში გვხვდება.[4] ბინადრობს მდინარეების, ტბებისა და ზღვების ნაპირებზე, ჭალებში, მეჩხერტყიან ჭაობებში.[3] 1982 წლისთვის, საქართველოში 20-მდე ფსოვი ივარაუდებოდა.[8]

იკვებება უმთავრესად თევზით. საკვებად აგრეთვე იყენებს მსხვილი ძუძუმწოვრების ლეშს.[4]

ცხოვრობს მარტო ან წყვილებში.[7] სქესობრივ სიმწიფეს აღწევს ორი წლის ასაკში. ქმნის მუდმივ წყვილებს. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე (6–25 მეტრი). ზოგჯერ რამდენიმე ბუდეც აქვს და მორიგეობით იყენებს მათ. დიდი ზომისაა, დიამეტრში 1,5 მეტრს აღწევს, სიმაღლეშე — 1–1,5 მეტრს.[8] მარტ-აპრილში დებს 1–3 თეთრ კვერცხს მოწითურო ლაქებით.[7] ინკუბაცია ერთი თვე გრძელდება. ტყვეობაში ვერ მრავლდება.[8]

საბუდარი ტერიტორიების რიცხვმა მკვეთრად იკლო სწრაფი ანთროპოგენიზაციის გამო. რიცხოვნობის შემცირების მიზეზებია: წყალსატევების გაჭუჭყიანება შხამებით, სასოფლო-სამეურნეო მავნე მღრღნელების წინააღმდეგ შხამქიმიკატების გამოყენება, საბუდრების მოშლა. 1976 წლის მონაცემებით, თბილისის ზოოპარკში ჰყავდათ ერთი ფსოვი.[8] შეტანილია საქართველოს წითელ „ნუსხაში“.[9]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 182, თბ.: გამომც. „მეცნიერება“, 1973.
  2. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 417, თბ., 1986 წელი.
  3. 3.0 3.1 3.2 გავაშელიშვილი ლ., ჯავახიშვილი ზ., დარჩიაშვილი გ., კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიათა ფრინველები, გვ. 50, თბ., 2006, ISBN 99940-857-7-8
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 42, თბ., 2002.
  5. White-tailed Eagle (Haliaeetus albicilla). BirdID's Bird Guide. BirdID. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2020.
  6. Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е. Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — М.: ABF, 1996. С. 116. 432 с.
  7. 7.0 7.1 7.2 Бёме Р. Л., Жордания Р. Г., Кузнецов А. А. Птицы Грузии, — Тбилиси: «Сабчота Сакартвело», 1987. — стр. 9.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 33, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  9. საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (2 მაისი, 2006). ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2020.