დიაოხი
დიაოხი | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დიაოხი ძვ. წ. მე-12 საუკუნეში. | ||||
დედაქალაქი | ზუა | |||
ენა | ქართველური ენები | |||
რელიგია | წარმართობა | |||
დიაოხი ასევე დაიაენი და ტაოხი — ქართველ ტომთა უძველესი სახელმწიფო, რომელიც წარმოიქმნა ძვ. წ. XII საუკუნეში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით და განადგურდა კიდევ ერთი ქართული სამეფოს კოლხას მიერ ძვ. წ. VIII საუკუნეში. დიაოხი მოიხსენიება ასურულ, ბერძნულ და ურარტულ წარწერებში.[1]
გეოგრაფია და ტოპონიმიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიაოხი ასურეთის ჩრდილოეთითა და შავი ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობდა, ანუ თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე. ასურელები ქვეყანას დაიაენს უწოდებენ, ხოლო ურარტუ დიაოხის სახელით მოიხსენიებს. ძვ. წ. V საუკუნეში ქსენოფონტი დიაოხის მკვიდრთა შთამომავლობას ტაოხების სახელით იხსენიებს. აქედან მომდინარეობს საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული მხარის – ტაოს – სახელწოდება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაპირისპირება ასურეთთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიაოხი ჩამოყალიბდა ძვ. წ. XII საუკუნეში ევფრატის ზემოთში. ამ პერიოდში მას უხდება დაპირისპირება ასურეთთან, კერძოდ, ტიგლათფილესერ I-თან (ძვ. წ. 1115-1077). ამას მოწმობს ძვ. წ. 1112 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც ტიგლათფილესერ I იხსენიებს „60 მეფის გაერთიანებას“ (ნაირის ქვეყნებს). სწორედ ეს გაერთიანება დაამარცხა ასურეთმა ძვ. წ. 1112 წელს და ჩრდილოეთის, ანუ შავ ზღვამდე სდია.
დაპირისპირება ურარტუსთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მართალია ტიგლათფილესერის გარდაცვალების შემდეგ ასურეთი სუსტდება, მაგრამ დიაოხს ახალი მეტოქე უჩნდება ურარტუს სახით. ურარტუ საფრთხეს უქმნის, არა მარტო დიაოხის, არამედ ასურეთის სამეფოსაც, ამიტომ თუკი აქამდე ერთმანეთს ეომებოდნენ დიაოხის მეფე სიენი და ასურეთის მონარქი ტიგლათფილესერ I, ამჯერად მათმა შთამომავლებმა ასიამ და სალმანასარ III-მ კოალიცია შექმნეს და ერთობლივი ძალით დაუპირისპირდნენ ურარტუს. ძვ. წ. IX საუკუნის ბოლოს და VIII საუკუნის დასაწყისში ურარტუმ დაამარცხა ასურეთი და დიაოხი მარტოდმარტო აღმოჩნდა მის წინააღმდეგ. დიაოხი ჯერ მენუამ დაამარცხა და დახარკა. ამის შესახებ ნახსენებია მის ერთ-ერთი წარწერაში, სადაც მენუა უტუფურსს იხსენიებს, ხოლო დიაოხს ძლიერ ქვეყანას უწოდებს. ამავე უტუფურსს მოუხდა ბრძოლა მენუას ძის - არგიშთის წინააღმდეგ. მანაც დაამარცხა და დახარკა დიაოხი.
დაპირისპირება კოლხასთან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასუსტებულ დიაოხს ამჯერად კოლხას წინააღმდეგ უხდება წასვლა, რომელიც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ადრეკლასობრივი სახელმწიფოა. კოლხას არ გასჭირვებია ძლიერ დასუსტებული დიაოხის დამარცხება. ძვ. წ. VIII საუკუნეში დიაოხის ქვეყანამ არსებობა შეწყვიტა, იგი კოლხეთის სამეფომ გაანადგურა. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს არგიშთი I-ს მემკვიდრის სარდურ II-ს წარწერა, რომელიც ამ ტერიტორიაზე ლაშქრობისას აღარ იხსენიებს დიაოხს, მის წარწერაში მხოლოდ კოლხა მოიხსენიება.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიაოხში განვითარებული იყო ლითონების (განსაკუთრებით სპილენძის, აგრეთვე ოქრო-ვერცხლის) მოპოვება-დამუშავება. ასევე განითარებული იყო მესაქონლეობა.
დიაოხის მეფეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიენი — დაახლ. ძვ. წ. 1120 - ძვ. წ. 1100 წწ.
- ასია — დაახლ. ძვ. წ. 850 - ძვ. წ. 825 წწ.
- უტუფურსი — დაახლ. ძვ. წ. 810 - ძვ. წ. 770 წწ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 504.
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბილისი, 1970
- ქავთარაძე გ. „დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი «სამეფო ქალაქის» ლოკალიზაციისათვის“. ქართველური მემკვიდრეობა. IX, 2005. გვ. 371–381.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ A. G. Sagona. Archaeology at the North-East Anatolian Frontier, p. 30.
|