აკიტის პრეფექტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აკიტის პრეფექტურა
秋田県
პრეფექტურის მდებარეობა აკიტის პრეფექტურა
აკიტის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე
მდებარეობა
ქვეყანა იაპონია
რეგიონი ტოჰოკუ
კუნძული ჰონსიუ
კოორდინატები 39°43′05″ ჩ. გ. 140°06′12″ ა. გ. / 39.71806° ჩ. გ. 140.10333° ა. გ. / 39.71806; 140.10333
ინფორმაცია
ადმინისტრაციული ცენტრი აკიტა
ISO 3166-2:JP JP-05
სტატისტიკა
ფართობი 11 636,28 კმ² (6)
     % წყალი 0,7 %
მოსახლეობა (2014)
     სულ 1 038 364 ად. (35)
     სიმჭიდროვე 89,24 ად./კმ²
რაიონი 6
მუნიციპალიტეტი 25
სიმბოლიკა

პრეფექტურის დროშა
პრეფექტურის დროშა

პრეფექტურის ემბლემა
პრეფექტურის ემბლემა
ხე Cryptomeria japonica
ყვავილი Petasites japonicus
ფრინველები Phasianus soemmerringii
ადმინისტრაცია
გუბერნატორი სატაკე ნოროჰისა
ოფიციალური საიტი (იაპონური)

აკიტის პრეფექტურა (იაპონ. 秋田県) — პრეფექტურა იაპონიის ჩრდილო ნაწილში, რომელიც შედის ტოჰოკუს რეგიონის შემადგენლობაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი აკიტა.

ფართობი 11 636,28 კმ².[1] იაპონიის პრეფექტურებს შორის ფართობია მე-6 ადგილს იკავებს. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით აკიტის პრეფექტურის მოსახლეობა შეადგენდა 1 038 364 ადამიანს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკიტის პრეფექტურა განლაგებულია კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო ნაწილში, ტოჰოკუს რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება აომორის პრეფექტურა, აღმოსავლეთით — ივატეს პრეფექტურა, ხოლო სამხრეთით მიიაგისა და იამაგატის პრეფექტურები. დასავლეთით აკიტის პრეფექტურას ეკვრის იაპონიის ზღვა.

აკიტის პრეფექტურაში ჭარბობს მთიანი რელიეფი. აღმოსავლეთით მდებარე მაღალი მთები დაფარულია წიწვოვანი და შერეული ტყეებით, თანდათანობით მას ცვლის დასავლეთით მდებარე ბორცვები. ძირითადი მთის მასივებია: ოუ, დევა, ტაიჰეი, სირაკამი და სასამორის ბორცვები. აკიტის პრეფექტურის უმაღლესი წერტილია მთა ტიოკაია, რომელსაც ხშირად „აკიტის ფუძიამას“ უწოდებენ.

პრეფექტურის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ომონოს ქვემო დინებაში მდებარეობს აკიტის ვაკე. ჩრდილო და სამხრეთ სანაპიროს გასწვრივ განფენილია შესაბამისად ნოსიროსა და ხონძიოს ვაკეები. მთიან ადგილებშია ოდატეს, ტაკასუს, კარინისა და იოკოტეს ბარები. ვაკეებისა და ბარის ფარგლებში გაედინება მდინარეები, რომლებიც იაპონიის ზღვას ერთვიან. სიდიდით გამოირჩევა მდინარეები: იონესირო, ომონო და კოიოსი. პრეფექტურის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ოგის ნახევარკუნძული, რომლის კიდეზეა ტბა ჰატიროგატა. თავის დროზე ეს ტბა იაპონიის ტბებს შორის სიდიდით მეორე ადგილზე იყო, თუმცა 1967-1977 წლებში იგი ნაწილობრივ ამოაშრეს.

აკიტის პრეფექტურის ფარგლებშია ასევე ტბა ტოვადა, — ვულკანის კრატერში არსებული უნიკალური წყალსატევი, იაპონიის უღრმესი ტბა ტაძავა, რომლის სიღრმე 423,4 მ აღწევს და ტბა ტაიხეი.

პრეფექტურის ტერიტორიაზე განლაგებულია რიგი ნაკრძალი და პარკი. აკიტის პრეფექტურისთვის ნიშანდობლივია ატმოსფერული ნალექების დიდი რაოდენობა. გაზაფხულსა და შემოდგომაზე წვიმებია, ზამთარში თოვს. ასეთი კლიმატი ადგილობრივი გეოგრაფიული პირობებითაა განპირობებული.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, ვაჭრობა, ტურიზმი. პრეფექტურის ტერიტორიაზე განფენილია შირაკამი-სანჩის მთები, რომლებიც ხელუხლებელი წიფლის ტყეებითაა დაფარული და რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. პრეფექტურა დაცილებულია იაპონიის ძირითად პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრებს. 2005 წლისათვის აკიტის პრეფექტურის მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა დაახლოებით 3,7 ტრილიონ იენს. აკიტის პრეფექტურის ფარგლებშია 13 ქალაქი და 6 რაიონი.

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკიტის მოსახლეობამ შემოინახა ხალხური სიმღერების დიდი რაოდენობა. პრეფექტურა ცნობილია აგრეთვე პირთეთრი „აკიტელი ლამაზმანებით“, რომლებსაც ტრადიციულად მიიჩნევენ იაპონიის ულამაზეს ქალებად. აღსანიშნავია ასევე ძაღლის ჯიში აკიტა-ინუ, რომელიც აკიტის პრეფექტურაში გამოიყვანეს.

აკიტის პრეფექტურის ქალაქ კატაგამიში დაბადებულია პროფესიონალი რესლერი და შერეული სტილის მებრძოლი კაძუსი საკურაბა. ძაღლი ჰაჩიკო იაპონიაში გახდა ერთგულების სიმბოლო. ჰაჩიკო აკიტა-ინუს ჯიშის ძაღლია, რომელსაც რკინიგზის სადგურ სიბუიასთან ძეგლი უდგას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]