აკიტა
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
აკიტა 秋田市 | |||||
| |||||
ქვეყანა | იაპონია | ||||
კოორდინატები | 39°43′12″ ჩ. გ. 140°06′09″ ა. გ. / 39.720028° ჩ. გ. 140.102583° ა. გ. | ||||
მმართველი | Motomu Hozumi | ||||
დაარსდა | 1 აპრილი, 1889 | ||||
ფართობი | 906.09 კმ² | ||||
კლიმატის ტიპი | ზომიერი | ||||
მოსახლეობა | 317,236 კაცი (2015) | ||||
სიმჭიდროვე | 350 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+9 | ||||
სატელეფონო კოდი | 188 | ||||
საფოსტო ინდექსი | 010-8560 | ||||
ოფიციალური საიტი | city.akita.akita.jp | ||||
აკიტა — იაპონიის ცენტრალური ქალაქი, აკიტის პრეფექტურის ადმინისტრაციული ცენტრი. 2015 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით აკიტაში ცხოვრობდა 317,236 ადამიანი. ქალაქის ფართობი შეადგენს 906,09 კმ²-ს.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკიტის ვაკის ტერიტორიაზე დასახლება არსებობდა პალეოლითსა და ნეოლოთში. 1 ათასწლეულის დასაწყისში დიდი დასახლებები ქალაქებში გადაიზარდა, რომლებიც სავარაუდოდ, ემისის ტომების ცენტრებს წარმოადგენდნენ.
733 წელს აკიტის თანამედროვე ტერიტორიაზე მოვიდნენ დამპყრობლები იამატოს სახელმწიფოდან, რომლებმაც აქ დააარსეს აკიტის ციხესიმაგრე — ემისის მიწებზე არსებული ახალგაზრდა იაპონური სახელმწიფოს ადმინისტრაციული ცენტრი. XI საუკუნეში, ავტოქთონების საბოლოო დაპყრობისა და იაპონელ მმართველთა მიერ კუნძულ ჰონსიუს გაერთიანების შედეგად ციხესიმაგრე მიტოვებულ იქნა.
1604 წელს, სიოგუნატა ტოკუგავას დაწესების შემდეგ, სატაკეს საგვარეულო, რომელიც თანამედროვე იბარაკის პრეფექტურაზე ფლობდა ხიტატის პროვინციის მიწებს, ცენტრალური მმართველობის მიერ ძალით იყო გადაყვანილი აკიტის ვაკის მიწების სამართავად. ამ საგვარეულოს მეთაურმა სატაკე იოსინობუმ იადომეს ტყეში ააშენა კუბოტის ციხე-დარბაზი, რომლის ირგვლივ საფუძველი ჩაუყარა ამავე სახელწოდების დასახლებას — მომავალ აკიტას. XIX საუკუნის შუა წლებამდე ედოს მთელი პერიოდის მსვლელობისას დასახლება კუბოტამ ითამაშა როლი კუბოტის სამთავროს საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცენტრის ცხოვრებაში, რომელსაც სატაკეს საგვარეულო ფლობდა.
1871 წლის ადმინისტრაციული რეფორმის შედეგად კუბოტის სამთავროს აკიტის სამთავრო ეწოდა, ხოლო დასახლება კუბოტას — აკიტა. მალე, სამთავრო ლიკვიდირებულ იქნა, რომლის ადგილას შეიქმნა აკიტის პრეფექტურა, ხოლო დასახლება გარდაქმნეს მის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრად.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკიტა განლაგებულია აკიტის პრეფექტურის დასავლეთ ნაწილში. ტოჰოკუს რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი დასახლებული პუნქტი. მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ომონოს ქვემოთში. აკიტის პორტი ცუტიძაკი, რომელიც ქალაქის შემადგენლობაშია 1940 წლიდან იაპონიის ზღვაზეა გაწოლილი. ქალაქის ცენტრში განთავსებულია სავაჭრო-კომერციული რაიონები, ჩრდილოეთით — ნავსადგური და თბოელექტროსადგური, ხოლო სამხრეთით აეროპორტი. ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, იაბასეს რაიონშია იაპონიის უმსხვილესი ნავთობის საბადოები, რომელთა მოპოვება ჯერჯერობით შეჩერებულია. აკიტა განთქმულია „აკიტელი ლამაზმანებით“, ხარისხიანი საკეთი და მთელი იაპონიის მასშტაბის მისი მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით.
აკიტა განფენილია იაპონიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აკიტის ვაკის სამხრეთ ნაწილში, რომელზედაც გაედინება წყლის ორი დიდი არტერია — მდინარე ომონო და აკიტის არხი. ქალაქის აღმოსავლეთ რაიონებში ჭარბობს ბორცვები და მთები. ქალაქს ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი კატაგამი, დაბები გოძიომე და იკავე და სოფელი კამიკოანი. აღმოსავლეთით მას საერთო საზღვარი გააჩნია ქალაქებს კიტააკიტისთან და სემბოკუსთან, სამხრეთ-აღმოსავლეთით ებჯინება ქალაქი დაისენი, ხოლო სამხრეთით იურიხონძიო. დასავლეთით ეკვრის იაპონიის ზღვა.[2]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქ აკიტის კლიმატი ზომიერია. 1999-2007 წლებში ჰაერის საშუალო ტემპერატურა მერყეობდა 11-12 °C ფარგლებში. 2008 წელს ყველაზე დაბალმა ტემპერატურამ შეადგინა −5,0 °C, ყველაზე მაღალმა — 37,0 °C. ატმოსფერული ნალექების საშუალო რაოდენობა იაპონიის სხვა ქალაქებთან შედარებით შედარებით მაღალია — 1500-1700 მმ წელიწადში. ატმოსფერული ნალექების ასეთი მაღალი რაოდენობა დამახასიათებელია იაპონიის იაპონიის ზღვის სანაპირო რაიონებისათვის. ქალაქის ტერიტორიის დაახლოებით 45,65 ჰა ტყის მასივებს უკავია, ხოლო 18,46 ჰა პარკებს.[3]
ცნობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1889 წლის 1 აპრილს დასახლება აკიტას მიენიჭა ქალაქის სტატუსი. 1901 წელს ააშენეს ელექტროსადგური, ხოლო 1902 წელს რკინიგზის სადგური. 1914 წელს იაბასეს რაიონში იპოვეს ნავთობის საბადოები, რამაც ბიძგი მისცა ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ქალაქი კრიზისში აღმოჩნდა. ომის დროს, 1945 წელს აშშ-ის ავიაციის 134 თვითმფრინავმა დაბომბა ქალაქის პორტი — ცუტიძაკი. 1949 წელს დაარსდა აკიტის უნივერსიტეტი, 1961 წელს აეროპორტი. 1997 წლის 1 აპრილს აკიტა შეიყვანეს იაპონიის ცენტრალური ქალაქების სიაში. ზაფხულში აკიტა იმართება ცნობილი დღესასწაული „კანტო“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Geospatial Information Authority of Japan ცვლილებების გათვალისწინებით
- ↑ ქალაქ აკიტის საიტის სტატისტიკური მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2016-11-13.
- ↑ ქალაქ აკიტის საიტის სტატისტიკური მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-30. ციტირების თარიღი: 2016-11-13.