აჭარული დიალექტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აჭარული კილო)

აჭარული დიალექტიქართული ენის ერთ-ერთი დიალექტური ერთეულია აჭარაში. აჭარული მეტყველება გავრცელებულია შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ნაწილობრივ გურიის მხარეში.

აჭარული დიალექტი იყოფა ზემო და ქვემო აჭარულად: ზემოაჭარული მოიცავს ხულოს, შუახევის, ქედის და, ნაწილობრივ ხელვაჩაურის რაიონებს; ქვემოაჭარული — ხელვაჩაურსა და ქობულეთს.

თედო სახოკიამ, რომელმაც 1897 წელს აჭარაში იმოგზაურა აღწერა აჭარელთა ყოფა, მათ შორის მათი ენობრივი მხარეც:

ვიკიციტატა
„თურქთა ბატონობას, მართალია, ქრისტიანობა განუდევნია აჭარიდან და აჭარლები ძლიერ მმოსავნი გამხდარან მაჰმედისა, მაგრამ ქართული ენა მაინც შეუნარჩუნებიათ. ერთმანეთში სულ ართულად ლაპარაკობენ. მაგრამ ყური უნდა შეაჩვიოთ. პირველ ხანში გიძნელდებათ მათი ნათქვამის გაგება. დიდი განსხვავებაა გურულ სხაპასხუპით ლაპარაკსა და აქაურების დინჯ ლაპარაკს შორის. ამ მხრივ აქაური ქართლელს უფრო მოგაგონებთ, ვიდრე დასავლეთ საქართველოს მკვირცხლ მკვიდრსა. თვითონ ნელი მიმოხვრა, აუჩქარებლობა მათს ლაპარაკს შეეხამება. პირველ რიგში როგორც მე მიჭირდებოდა მათი ნათქვამის გაგება, ისე იმათაც ჩემი ნალაპარაკევის გაგება უჭირდებოდათ. ერთი ამათგანი ქართლში ყოფილა და მითხრა, პირველად სანამ კარგად არ „დავუყურებდი“, ვერ ვიგებდი იქაურების ლაპარაკსაო. ეგ სიძნელე იმისგან წარმოსდგება, ჩვენი აზრიტ, რომ ზოგი სიტყვების ქართული სახელწოდება დაჰვიწყებიათ და თურქულ სახელებს ეძახიან. ასეთი სიტყვა როცა ფრაზაში გაერევა, ხანდახან მთელი ფრაზის შინაარსი გაუგებარი რჩება მსმენელისათვის. ხშირად ხმარობენ სიტყვა ბა-ს, რაიცა ნიშნავს კი, ჰო, მაშ-ს. პირველი პირის ნაცვალ სახელს მე-ს ბოლოს ნა-ს უმატებენ ლაპარაკის დროს, როგორც ქართლის ზოგიერთ სოფელში იციან ხოლმე, მაგ. ამ ფრაზას: „მე გითხარი“, აჭარელი ასე იტყოდა „მენა გითხარი“. ამბობენ აგრეთვე, ისიც ქართლელების მსგავსად, რამდენის მაგიერ რამითი-ს. მოხევეების მსგავსად ხშირად ურევენ ლაპარაკში ჰაი, ჰაი-ს, ესე იგი, მაშ, ჰო. აქვე შევხვდებით ბევრ სიტყვებს, რომელნიც ან ძველ ქართულში ან კიდევ სამეგრელოში ხმარობენ. მაგალითად, შარვალს სამეგრელოში ძიგვა-ს ეძახიან; ამავე სახელს ეძახის აჭარელი ტანისამოსის ამ ნაწილს, მხოლოდ მცირეოდენის ცვლილებით, სახელდობრ ძიგვა-ს (ქ-ს მაგივრად ვ-ნია ხმარებული). სხვათა შორის, აქვეა დარჩენილი ძველი, საღმრტო წერილის სიტყვა, რომელიც რამდენადაც ვიცით, საქართველოში სხვაგან არსად იხმარება, ან და ჩვენ მაინც არ გაგვიგონია. ე არის საეკლესიო ნივთის, ფეშხუმის სახით გაკეთებული ხის ჭურჭელი, რომელიც სუფრის ალაგს იხმარება აქ და სახელადაც ფეშხუმი ჰქვიან. — მრგვალია, როგორც ფეშხუმი და იმასავით მრგვალი ფეხი აქვს შუაზე დიამეტრი ზოგს ორიდან სამ მტკაველამდე აქვს. ზედ აწყობენ საჭმლიან სპილენძის სინებს სადილ-ვახშმის დროს და მოსუფრალნი გარს შემოუსხდებიან. ჩვენი ყურადრება ძველი ქართულის ფორმამაც მიიქცია. არ იტყვიან: „მე არაფერი მეკარგება“, არამედ ასე უნდა თქვან: „მე არაფერი მეკარგების“. ლაპარაკში აქაურები მეტად თავაზიანები არიან. არ შეიძლება რამე თქვან, რომ არ დაატანონ: „ბატონი“, „ბრძანდები“, „თუ უკაცრავად არ გახლდეთ“ და ბევრი სხვა საბოდიშო სიტყვები, რომელნიც ქართული ენის ნიშანდობლივს თვისებას შეადგენენ. ქალებმა ოსმალური არ იციან. მხოლოდ ქართულად ლაპარაკობენ და მიამბეს, წმინდა ქართული ენა ქალებში უფროა დაცულიო.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. სახოკია, „მოგზაურობანი“, თბ., 1985, გვ. 149-150