ქართული დამწერლობა
ვიკიპედიიდან
| ქართული დამწერლობა | ||
|---|---|---|
| ტიპი: | ანბანი | |
| ენები: | ქართული, მეგრული, სვანური, ლაზური (ლათინურთან ერთად) | |
| შექმნა | ფარნავაზ I (სავარაუდოდ) | |
| დროის პერიოდი: | ძვ. წ. I საუკუნიდან დღემდე. | |
| წინამორბედი დამწერლობები: | ქართული დამწერლობა |
|
ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ქართული დამწერლობის შემოღებას XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში. [1] ქართული ლიტერატურის უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“[2] უეჭველად ცხადყოფს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო მაღალგანვითარებული წერილობითი კულტურა, რაც მხარს უმაგრებს თქმულებას ქართული ანბანის ფარნავაზის მიერ შექმნის შესახებ. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძისმიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრება“-ში ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება.
ბოლო დრომდე, არქეოლოგიური მონაცემებით ქართული ანბანის შექმნას ახ. წ. IV—V საუკუნეებს უკავშირებდნენ (დავათის სტელის ასომთავრული წარწერა (ახ. წ. IV საუკუნე) და ბოლნისის სიონის ასომთავრული წარწერა (492—493 წწ)). უკანასკნელი მონაცემები (აკადემიკოს ლევან ჭილაშვილის ხელმძღვანელობით ნეკრესში (კახეთი) 1990-იან და 2000—2003 წლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად მოპოვებული მნიშვნელოვანი მასალები) ადასტურებს, რომ ქართული ანბანის შექმნა ქრისტიანობამდელ ხანას განეკუთვნება.
1940 წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მცხეთა-არმაზში ნაპოვნია დამწერლობის რამდენიმე ანტიკური ძეგლი. წარწერები შესრულებულია ბერძნულ ენაზე. იქვეა უცნობ ალფავიტზე შესრულებული რამდენიმე ნიშანი, რომლებიც პავლე ინგოროყვას მოსაზრებით ქართული ასომთავრული დამწერლობის უძველესი ნუმუშები უნდა იყოს[3].
არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის სომხური გადმოცემაც, რომელიც სომხურ და ალბანურ ანბანებთან ერთად, ქართულის შექმნასაც V საუკუნის სომეხ ისტორიკოსს, მესროპ მაშტოცს მიაწერს. ეს ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში ”მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა”. ივანე ჯავახიშვილმა შეისწავლა კორიუნის ეს თხზულება, და დაასკვნა, რომ მესროპის მიერ ქართული ანბანის შექმნის ვერსია VI საუკუნის ჩანართია. ამას თავად სომხური წყაროც მოწმობს: V საუკუნის სომეხი ისტორიკოსი ლაზარი პარფელი მაშტოცს მხოლოდ სომხური ანბანის შემქმნელად მიიჩნევს. ამჟამად ეს თეორია სპეციალიტების მხრიდან ნაკლებადაა ყურადღების საგანი, რადგან ბოლო დროს არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ასომთავრულის უძველესი ნიმუშები გაცილებით ადრეულ ხანას განეკუთვნება (ნეკრესისა (ახ. წ. I ს) და დავათის (IV ს) წარწერები)., ვიდრე თავად მესროპ მაშტოცი (V ს). [4]
[რედაქტირება] ქართული დამწერლობის ისტორიული სახეები
ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ხუცური (ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.
[რედაქტირება] ასომთავრული
ასომთავრული — უძველესია აღმოჩენილ ქართულ დამწერლობებს შორის. ხელნაწერები მოიპოვება ძვ. წ. I საუკუნიდან[5] და ითვლება, რომ ამ დრომდე ეს ერთად-ერთი ქართული დამწერლობა იყო. ასომთავრულით შესრულებული ადრეული ნიმუშებია დავათის სტელა (367), პალესტინის 433 წლის ბაკურისა და გრი-ორმიზიდის წარწერა, ბოლნისის სიონის 493—494 წლების სამშენებლო წარწერა, V—VI საუკუნეების ფალიმფესტური ხელნაწერები, მცხეთის ჯვრის VI—VII საუკუნის წარწერები და სხვა. XI საუკუნემდე გვხვდება ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ასომთავრულითაა შესრულებული; შემდგომ საუკუნეებში კი ასომთავრულს იყენებდნენ ეპიგრაფული წარწერებისთვის, ასევე ხელნაწერებში სათაურებისა და საზედაო, მთავრული ასოების შესასრულებლად, რის გამოც დამწერლობის ამ სახეს უმკვიდრდება სახელწოდება „ასომთავრული“. მოხაზულობათა ფორმების მიხედვით მას "მრგლოვანიც ეწოდება. ითვლება, რომ თავიდან ასომთავრული ვითარდებოდა ბერძნულისა (ახალი აღთქმა) და არამეულის (ძველი აღთქმა) ზეგავლენით უპირატესად როგორც ქრისტიანული სარწმუნოების დამწერლობა — ტიპობრივად იგი უახლოვდება იმავე პერიოდში ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით შექმნილ სხვა დამწერლობებს — სომხურს, კოპტურს და სხვ.
ასომთავრულის გრაფიკული სისტემა მარტივი გეომეტრიული ელემენტების — წრისა და სწორი ხაზისგან არის ნაწარმოები. ყველა ასო-ნიშანი ერთი სიმაღლისაა და მათი დაწერილობა რთული მოხაზულობისაა: ისინი ხელის რამდენიმე აღებით სრულდება. შემადგენელ ელემენტთა (ხაზები, წრეები) ერთმანეთთან დაკავშირება ყოველთვის მართი კუთხით ხდება. ერთადერთი გამონაკლისია იესო ქრისტეს მონოგრამად მიჩნეული ჯვარედინი ფორმის მქონე ჯ-ის აღმნიშვნელი ასო ნიშანი
, რომელიც, როგორც ქრისტეს ქართულ ანბანში ქრისტიანობის დამკვიდრების შემდეგ დამკვიდრდა. ჯ ასო იესო ქრისტეს ინიციალების გადაკვეთის შედეგადაა მიღებული:
ასოთა მოხაზულობის აგების ერთიანი წესი მხოლოდ ასომთავრულში დასტურდება. განსაზღვრული გეომეტრიული ელემენტების საფუძველზე პირობითობის პრინციპით აგებული გრაფიკული სისტემა მიგვითითებს, რომ ჯერ ასოთა მოხაზულობები შეიქმნა, ხოლო შემდეგ მოხდა ანბანურ რიგზე გაწყობა შესაბამისი სახელწოდებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების მინიჭებით.
[რედაქტირება] ნუსხური
ნუსხური დამწერლობის მაგალითები IX საუკუნიდან გვხვდება. XI საუკუნემდე იგი უპირატესად „სასტრიქონოდ“ გამოიყენებოდა მთავრულთან ერთად. მე-12 საუკუნიდან არსებობს ხელნაწერები, რომლებიც მთლიანად ნუსხურითაა შესრულებული. ფართოდ გამოიყენებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ითვლება, რომ ნუსხური განვითარდა ბერძნული „სასტრიქონო“ დამწერლობის გავლენით (მისი სახეობა და არა ფორმა). ასომთავრულსა და ნუსხურს ერთად „ხუცურსაც“ უწოდებენ, რადგან ამ სახეობებით ძირითადად სასულიერო პირები, „ხუცები“ სარგებლობდნენ საეკლესიო საჭიროებისათვის.
ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის უკვე განვითარებული ფორმებიდან წარმოიშვა. VIII საუკუნეში დასრულდა მრგლოვანი მრგლოვანი მოხაზულობების რკალურ ფორმებზე გადასვლა და ზოგიერთ ზოგიერთ ასოებში ორხაზოვანი სისტემის დარღვევა (
,
). ნუსხურში ასოები ორ ხაზშია განაწილებული და ამდენად უკვე სხვადასხვა სიმაღლისაა. ნუსხური კუთხოვანი, სწრაფი, მარჯვნივ გადახრილი დამწერლობაა. ამასთანავე ასოები გაბმით იწერება. დამწერლობის ამ სახეს კურსივიც ეწოდება. ასოთა მოხაზულობაში უკვე თავს იჩენს ერთიანი კონტურის შექმნის ტენდენცია, რაც საბოლოოდ მხედრულ დამწერლობაში ჩამოყალიბდა. ბგერა „უ“, რომელიც ასომთავრულში ორი ასო-ნიშნით იწერებოდა, ნუსხურში გაერთიანებულია:
[რედაქტირება] მხედრული
მხედრული — თანამედროვე ქართულ ანბანს ეწოდება. მაგალითები არსებობს XI საუკუნიდან და ითვლება, რომ იგი განვითარდა ხუცურიდან არაბული დამწერლობის სტილისა და კალიგრაფიის ძლიერი ზეგავლენით. მხედრული დამწერლობის ფორმები მარტივია. ასოთა მოხაზულომოხაზულობანი ისევ ვერტიკალზეა აგებული, მხოლოდ მათი კონტურები მომრგვალებულია და ერთიან მონახაზს ქმნის. ასოთა დაწერილობაში რამდენიმე ასო ნიშანს (ს, ძ, მ) შერჩა ასომთავრულის მოხაზულობა, უმრავლესობამ კი რთული გრაფიკული სახესხვაობა განიცადა. მხედრულის ოთხხაზოვან სისტემაში ასოთა მოხაზულობანი ასევე სხვადასხვა სიმაღლისაა. მხედრულისათვის 1728 წელს ნიკოლოზ თბილელმა შექმნა „მხედრულის მთავრული“ ასოები.
[რედაქტირება] ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა
ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა — როდესაც ანბანიდან ამოაგდეს მოძველებული 5 ასო, რომელიც ცოცხალ ქართულ ენაში აღარ გამოიყენებოდა:
- ჱ — ჰე
- ჲ — იოტა
- ჳ — ვიე
- ჴ — ხარი
- ჵ — ჰოე
თუმცა ამ ასოებით აღნიშნული ბგერები დღესაც გვხვდება ქართულ კუთხურ მეტყველებებში (ხევსურული, ფშაური).
თანამედროვე ქართული დამწერლობის გასავრცელებლად ი. ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა 1879 წელს დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.
[რედაქტირება] ანბანი
ქართულ ანბანში ასოთა თანმიმდევრობა ბერძნული ანბანის მიხედვითაა დალაგებული. პირველი 25 ზუსტად ემთხვევა ბერძნული ანბანის ასოთა თანმიმდევრობას, მეორე ნაწილში კი თავმოყრილია იმ ბგერის აღმნიშვნელი ასოები, რომლის ანალოგი ბერძნულ ენაში არ მოიპოვება (ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ, წ, ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ, ჵ). ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელშიც არქაული ასოები ნაცრისფერი ფერითაა აღნიშნული.
| ასომთავრული | ნუსხური | მხედრული | სახელწოდება | რიცხვითი მნიშვნელობა |
IPA | ISO 9984 | რომანიზაცია |
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ანი | 1 | ɑ | A a | A a | |||
| ბანი | 2 | b | B b | B b | |||
| განი | 3 | g | G g | G g | |||
| დონი | 4 | d | D d | D d | |||
| ენი | 5 | ɛ | E e | E e | |||
| ვინი | 6 | v | V v | V v | |||
| ზენი | 7 | z | Z z | Z z | |||
| ჱ | 8 | — | — | — | |||
| თან | 9 | tʰ | T' t' | T t | |||
| ინი | 10 | ɪ | I i | I i | |||
| კანი | 20 | k' | K k | K' k' | |||
| ლასი | 30 | l | L l | L l | |||
| მანი | 40 | m | M m | M m | |||
| ნარი | 50 | n | N n | N n | |||
| ჲოტა | 60 | — | — | — | |||
| ონი | 70 | ɔ | O o | O o | |||
| პარი | 80 | p' | P p | P' p' | |||
| ჟანი | 90 | ʒ | Ž ž | Zh zh | |||
| რაე | 100 | r | R r | R r | |||
| სანი | 200 | s | S s | S s | |||
| ტარი | 300 | t' | T t | T' t' | |||
| ჳე | 400 | — | — | — | |||
| უნი | — | u | U u | U u | |||
| ფარი | 500 | pʰ | P' p' | P p | |||
| ქანი | 600 | kʰ | K' k' | K k | |||
| ღანი | 700 | ɣ | Ḡ ḡ | Gh gh | |||
| ყარი | 800 | q' | Q q | Q' q' | |||
| შინი | 900 | ʃ | Š š | Sh sh | |||
| ჩინი | 1000 | tʃ | Č' č' | Ch ch | |||
| ცანი | 2000 | ts | C' c' | Ts ts | |||
| ძილი | 3000 | dz | J j | Dz dz | |||
| წილი | 4000 | tsʼ | C c | Ts' ts' | |||
| ჭარი | 5000 | tʃʼ | Č č | Ch' ch' | |||
| ხან | 6000 | x | X x | Kh kh | |||
| ჴარი | 7000 | — | — | — | |||
| ჯანი | 8000 | dʒ | J̌ ǰ | J j | |||
| ჰოე | 9000 | h | H h | H h | |||
| — | ჵ | 10000 | — | — | — |
[რედაქტირება] რიცხვითი მნიშვნელობები
არაბული ციფრებით რიცხვების გამოხატვა საქართველოში უკვე X საუკუნეში გვხვდება, მაგრამ მაინც ციფრების საყოველთაოდ გვიან მოიკიდა ფეხი. XVIII საუკუნემდე რიცხვების ჩასაწერად ანბანის ასოებს ხმარობნდენ (ისევე როგორც სხვა ევროპულ ანბანებში: ბერძნულში, სომხურში, კირილიცაში). ჩვეულებრივ გამოყენებული იყო მთელი ანბანი (უნის გამოკლებით):37 ასოთაგან თვითეულს საკუთარი რიცხვითი მნიშვნელობა ჰქონდა მინიჭებული (რიცვითი მნიშვნელობები იხილეთ ცხრილში). პირველი ცხრა ასო ერთეულებს აღნიშნავდა, მეორე ცხრა — ათეულებს, მესამე ცხრა — ასეულებს, მეოთხე ცხრა — ათასეულებს, უკანასკნელი ასო ჵ კი — ათი ათასს. მაგალითისთვის, ქართული ასოებით 1852 ამგვარად ჩაიწერება: ჩყნბ — ჩ=1000, ყ=800, ნ=50, ბ=2; 1000+800+50+2=1852.
[რედაქტირება] დამატებითი ასო-ნიშნები
ქართულ ანბანში, გარდა ისტორიული 38 ასოსი, არსებობს დამატებითი ნიშნებიც. ზოგიერთი მათგანი გამოიყენებოდა უცხოური ენებიდან შემოსული და დამკვიდრებული სიტყვების ჩასაწერად (მაგალითად: ჶილოსოჶია), თუმცა ახალი ასო-ნიშნები ანბანში ვერ დამკვიდრდა და დღეს მათ ნაცვლად კვლავ ტრადიციული ასოები გამოიყენება. ზოგიერთი დამატებითი ნიშანი კი დღესაც იხმარება ქართველურ ენებსა და დიალექტებში არსებული ისეთი ბგერების ჩასაწერად, რომლებიც ლიტერატურულ ქართულში არ მოიპოვება. დამატებითი ასო ნიშნებია:
- ჷ — სვანურში, მეგრულსა და ლაზურში, აფხაზურსა და ოსურში, არის ყრუ ხმოვანი. წარმოადგენს შუა რიგის ხმოვანს [ə].
- ჸ — მეგრულ ენაში — ყრუ ბგერაა, დაახლოებით ქართული ყ. ხორხისმიერ ყრუ ხშულ თანხმოვანს [ʔ] წარმოადგენს.
- ჶ — ლაზურსა და ოსურში — ლათინური „f“
- უ̌ — უ-ბრჯგუ — სვანურში, მეგრულსა და ლაზურში — მოკლე უ. ხშირად შეიძლება ჩაენაცვლოს ვ, ან უ. იშვიათად ხმარობენ ძველი ქართული სიტყვების ჩასაწერადაც, მაგალითად — ჩუ̌ენ.
[რედაქტირება] კალიგრაფია
ხელნაწერეში ნიშნების მოყვანილობებს შორის განსხვავება შორს მიდის და დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ წერს და წერის რომელ საფეხურზე წერს. ამ სტატიის თვითეული მკითხველი დღეს თავისებურად გამოიყვანს ქართულ ასოებს, თუმცა ერთი დროის ხელნაწერებს საერთო კალიგრაფიული დამახასიათებელი ნიშნებიც ახასიათებთ.
წინა- და ადრექრისტიანული ასომთავრული წარწერები ძირითადად შესრულებულია ქვებზე, კედლებზე. ამ პერიოდის ნიმუშებში ასოებს ახასიათებთ თავშეკრულობა, არ გვხდება მარცხნივ გადაზიდული ხაზი და ქარაგმები[7]. IX—X საუკუნეებიდან არსებობს ეტრატზე მთლიანად ასომთავრულით შესრულებული წარწერები, რომლებში უკვე განვითარებულია დაქარაგმება. ზოგიერთ თავშეკრულ ასოს, რომელიც ხაზისა და წრის კომბინაციას წარმოადგენდა, თავი ეხსნება და წრის ადგილს გახსნილი რკალი იკავებს:
IX—X საუკუნეებისა და უფრო ახალ ხელნაწერებში ასოების ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურთან შედარებით სქელია (შეადარეთ წინაქრისტიანობამდელი და X საუკუნის „ნ“:
). თავდაპირველად ასომთავრულად წერისას სიტყვებს ერთმანეთისგან არ გამოყოფდნენ და ტექსტი გაბმულად იწერებოდა. წარმართობის პერიოდში ძირითადად სტელებზე, საფლავის ქვებზე კეთდებოდა მცირე წარწერები და ორი ან რამდენიმე გადაბმული სიტყვის წაკითხვა რთული არ იყო. ქრისტიანობისა და სასულიერო მწერლობის შემოსვლასთან ერთად გაჩნდა სიტყვებს შორის მცირე დაშორებები, რადგან დიდი მოცულობის გაბმულად ნაწერი ტექსტის კითხვა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ზოგჯერ სიტყვებს შორის ცარიელ ადგილს სამი ან ორი წერტილით ავსებდნენ.
ნუსხურში ასოები მაჯვნივაა გადახრილი და კუთხოვანი ფორმა აქვს. ისევე როგორც ასომთავრულში, ნუსხურშიც ასოთა ვერტიკალური ხაზები ჰორიზონტალურზე სქელია. ხშირია საერო და სასულიერო პირთა სახელების, ასევე რელიგიური მნიშვნელობის სიტყვების დაქარაგმება. ნუსხურში იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ორი და სამი წერტილით გამოყოფილი სიტყვები (მაგალითად სვეტიცხოვლის გულანი 1681 წ.), უმეტეს ხელნაწერში კი სიტყვებს შორის ცარიელი დაშორებებია. ნაწერის მრავალფეროვნების მიზნით, ზოგიერთი ხელნაწერი შესრულებულია ორგვარი, შავი და წითელი მელნით.
მხედრული სპეციალურად საერო პირებისთვის, სწრაფად წერისათვის იყო განკუთვნილი, რის გამოც დროთა განმავლობაში განვითარდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა (მაგ.
— „ეს“,
— „ელ“,
— „ყო“). ამ სისტემის შექმნა გარკვეულწილად განაპირობა იმანაც, რომ მხედრული კალიგრაფია არაბულის ზეგავლენით შეიქმნა, რომელშიც თითქმის ყველა ნიშნის ერთმანეთზე გადაბმაა შესაძლებელი. ასოთა გადაბმის ზოგიერთი ხერხი დღევანდელ თანამედროვე მხედრულშიც შემორჩა. XI—XVII საუკუნეების მხედრულ ნაწერებში სიტყვები კვლავ ორი ან სამი წერტილითაა გამოყოფილი და ზოგიერთი სიტყვა წითელი კალმითაა დაწერილი. შემდგომი ხანის ხელნაწერებში კი სიტყვებს შორის უბრალოდ ცარიელი დაშორებებია.
[რედაქტირება] ლიგატურები
ლიგატურიან დამწერლობას ქართულში როგორც ირკვევა ადრინდელი ტრადიცია აქვს. იგი წარმოდგენილია ერთ-ერთ უძველეს ჩვენს დრომდე მოღწეულ წარწერაში — ვახტანგ გორგასლის დროის „ანაგ-კახაჲს“ ძეგლში (V ს.), აგრეთვე სასანური ხანის ფულზე (VI ს), რომელში ერთ სიმბოლოდა გაერთიანებული ასომთავრული „გ“ და „ნ“:
ლიგატურები გვხვდება შუა საუკუნეების ასომთავრულ წარწერებშიც. ამ პერიოდში გავრცელებული ლიგატურები იყო: დ+ა, დ+ი, ო+ა, ო+ი, ასევე ხდებოდა ორნიშნიანი უ-ს (ოჳ) ერთი ლიგატურით გამოსახვა. იყო ორი, სამი და მეტი ასოს შემცველი ლიგატურები:
XI—XVII საუკუნეების მხედრულ ხელნაწერებში არსებობდა ასოთა გადაბმის რთული სისტემა. მხედრულის ლიგატურად შეიძლება ჩაითვალოს „დონისა“ და „ანის“ გადაბმა —
(ანალოგიურად დონისა და ინის, დონისა და ონის გადაბმა), ვინისა და ენის გადაბმა —
(ანალოგიურად ჟ+ე, უ+ე, ფ+ე, ყ+ე), განისა და ანის გადაბმა —
(ამგვარადვე გ+ი). მხედრულის ზოგიერთი ამგვარი ასოთა კომბინაცა ნაბეჭდ წიგნებშიც გვხვდება, თუმცა უმეტესობა საბეჭდი შრიფტების განვითარების შემდეგ აღარ გამოიყენება.
[რედაქტირება] ქარაგმები
ქართულ დამწერლობაში ადრევე შემუსავდა სიტყვების შემოკლების თავისებური ხერხი — დაქარაგმება. სიტყვების შემოკლებით წერის ძირითადი მიზეზი საწე ვმასალის სიძვირე იყო. საწერ მასალად უმთავრესად საგანგებოდ დამზადებული ტყავი — ეტრატი იხმარებოდა (ხბოსი, ცხვრისა და სხვა. ერთი წიგნისათვის ზოგჯერ 100-ზე მეტი ცხვრისა თუ ხბოს ტყავი იყო საჭირო.[10]). ქაღალდი საქართველოში პირველად XI საუკუნეში გვხვდება და შემდეგ თანდათან იჭერს ეტრატის ადგილს, თუმცა ეტრატზე ნაწერი წიგნები XVIII საუკუნემდეც არსებობს. დაქარაგმებით წერისას გამოტოვებდნენ ცალკეულ ასოებს, მთელ მარცვლებს. ზოგჯერ მხოლოდ სიტყვის დასაწყისი ასო იწერებოდა, ან პირველი და უკანასკნელი. შემოკლებულ სიტყვას შემოკლეს ნიშანს — ქარაგმას (~) უკეთებდნენ:
— ყ~ი = ყოველი,
— რ~ი = რომელი,
— თქ~ნ = თქუენ,
— ი~ჳ ქ~ე = იესოჳ ქრისტე.
[რედაქტირება] საბეჭდი შრიფტები
პირველი ქართული ნაბეჭდი ქართული წიგნი, „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ 1629 წელს ქალაქ რომში გამოიცა. წიგნში წარმოდგენილია ქართული მხედრული ანბანი, ლოცვები, მრწამსი, ათი მცნება და ღვთისმშობლის საგალობლები ქართულად და ასევე ლათინურ ენაზე ქართული ტრანსკრიფციით. ამ წიგნისათვის ქართული შრიფტი შექმნა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკოფორე ირბახი), რომელიც თეიმურაზ I-ის ელჩი იყო იტალიაში.
თბილისში პირველი სტამბა 1708—1709 წლებში დაარსდა ვახტანგ VI-ის დროს, რის გამოც ამ სტამბას ვახტანგ VI-ის სტამბა ეწოდება. ვახტანგ VI-ის სტამბაში პირველად დაიბეჭდა „სახარება“. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით). სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ. ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანის ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვანი. ვახტანგის სტამბის ქართული შრიფტი, ერთ-ერთი გადმოცემით ანთიმოზ ივერიელს ეკუთვნის.
დღეს უკვე ყველა გამოცემა ბეჭდურია, თანამედროვე ხელნაწერი წიგნები კი აღარ არსებობს. თანამედროვე ბეჭდურ წიგნებსა და გამოცემებში ძირითადად მხედრულის საფუძველზე შექმნილი შრიფტებია გამოყენებული.
[რედაქტირება] ქართული დამწერლობის ასახვა კომპიუტერულ სისტემებში
ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში უნიფიცირებულია „უნიკოდი“-ს (Unicode) სტანდარტის მიხედვით, რომელშიც ასომთავრული, ნუსხური და მხედრული აღიარებულია დამოუკიდებელ ქართულ დამწერლობებად და სწორედ მათთვის და მხოლოდ მათთვის მისაკუთრებული ოთხნიშნა კოდები გააჩნიათ. დღეისათვის ყველაზე გავრცელებული ქართული კომპიუტერული შრიფტებია BPG, Sylfaen და სხვა. ტექსტი, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ, ერთ-ერთი ქართული კომპიუტერული შრიფტითაა შესრულებული.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ე. მაჭავარიანი, მწიგნობრობაჲ ქართული, თბ., 1989.
- გ. აბრამიშვილი, ატენის სიონის უცნობი წარწერები ”მაცნე” (ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1976, #1.
- თ. ბარნაველი, ატენის სიონის წარწერები, თბ., 1977.
- ზ. გამსახურდია, ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ. ”ცისკარი”, 1987, #3
- თ. გამყრელიძე, წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბ., 1989.
- მ. თარხნიშვილი, ახლად აღმოცენებული ქართველთა მონასტერი ბეთლემში, ”ბედი ქართლისა”, 1954, #16
- პ. ინგოროყვა, თხზ. კრ. IV, თბ., 1978
- ბ. კილანავა, ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან, თბ., 1990.
- ე. მაჭავარიანი, ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები, თბ., 1982.
- გ. ნარსიძე, დავათის ქვაჯვარი, ”მნათობი”, 1987, #4.
- რ. პატარიძე, ქართული ასომთავრული, თბ., 1980.
- რ. პატარიძე, ქართული მწიგნობრობა, თბ., 1989.
- რ. პატარიძე, ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები
- ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1949.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ „ქართლის ცხოვრების“ ხელნაწერი Q-207, 12 გვ.
- ↑ „შუშანიკის წამება“ არის უძველესი ქართული ლიტერატურული ნაწარმოები და არა უძველესი წერილობითი ძეგლი.
- ↑ პავლე ინგოროყვა, „ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა“
- ↑ რ. პატარაიძე, ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები
- ↑ ნეკრესის წარწერები.
- ↑ ელენე მაჭავარიანი, „მწიგნობრობაჲ ქართული“ თბ., 1989
- ↑ ლევან ჭელიშვილი, წინაქრისტიანული ხანის წარწერები.
- ↑ პავლე ინგოროყვა, „ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა“
- ↑ ფრაგმენტები დავით გარეჯის მონასტრის კარზე არსებული ასომთავრული წარწერიდან.
- ↑ აკაკი შანიძე, ქართული ენა, თბ., 2003
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ქართული დამწერლობის ისტორია
- ქართული დამწერლობის ფოტომაგალითები
- ქართული დამწერლობის კომპიუტერიზება
- ქართული კომპიუტერული ფონტები
- უნიკოდის ძირითადი ქართული ჯგუფი (მთავრული და მხედრული)
- უნიკოდის დამატებითი ქართული ჯგუფი (ხუცური)
- პავლე ინგოროყვა: ქართული დამწერლობის ძეგლები ანტიკური ხანისა
- რ. პატარიძე, ერკათაგირის გრაფიკული საფუძვლები
- M.Tabidze, Sociolinguistic aspects of the development of Georgian, Lund university, dept.of Linguistics
- T.Phutkaradze, The Georgians (the Kartvels)


