უნგრეთის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


ევროპაში დამკვიდრება (895-1000)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნგრეთის, როგორც ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს ისტორია სათავეს იღებს ადრეული შუა საუკუნეებიდან; როდესაც პანონიის აუზი, დუნაის შუა დინების ერთ-ერთი მონაკვეთი ხაზართა სახანოს ხელშეწყობით დაიპყრეს სამხრეთ ურალიდან და ვოლგისპირეთიდან (ბაშკირეთი, მარი-ელი, უდმურტეთი, მორდვა) ემიგრირებულმა ნახევრად მომთაბარე ფინურ-უგორულმა ტომებმა — მადიარებმა; რითაც დაამხეს დიდი მორავია, ერთ-ერთი პირველი ჩეხური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. ამავე ჯგუფის სხვა ტომებმა-აესტიებმა, ესტლასედებმა დღევანდელი ესტონეთი წარმოქმნეს, ხოლო სუომონენებმა კი დღევანდელი ფინეთი.

პირველი უნგრული მონეტა. დაახლ. 970 წელი.
უნგრელთა დამკვიდრება ევროპაში. X საუკუნე.

მადიარების დასავლეთისკენ წინსწრაფვა დასრულდა ბავარიაში, რომელსაც 934 წელს მიაღწიეს. აქვე 955 წელს ლეხის, იგივე აუგსბურგის ბრძოლაში მათ გერმანული კოალიციისგან მარცხი განიცადეს-რითაც დასრულდა მათი მომთაბარეობა და პანონიის დაბლობზე უნგრული სახელმწიფოს ფორმირება დაიწყო. ამავ დროს, ისინი ავარიის სახანოს მოკავშირეები ხდებიან. ამავდროულად მადიარებმა კათოლიკურ გერმანიასა და მართლმადიდებელ ბიზანტიას შორის მერყეობისას არჩევანი პირველის სასარგებლოდ გააკეთეს.

ქრისტიანული უნგრეთი (1000-1241)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1000 წელს, წმინდა მეფემ, იშტვან I მიიღო რა კათოლიკობა, უნგრეთი ევროპაში უკვე სრულფასოვნად ჩაეწერა და დინამიურად განვითარებად ანგარიშგასაწევ ცენტრალურევროპულ ძალად იქცა. მალე უნგრეთმა სლოვაკეთი, ხორვატია, სრემი (შუადუნაის დაბლობის მონაკვეთი ხორვატიასა და სერბეთში) და ტრანსილვანია (ჩრდილო-დასავლეთ რუმინეთი) მიიერთა. კალმან I სცადა გავლენის გავრცელება კიევის რუსეთზეც, თუმცა მას ეს არ გამოუვიდა. უნგრეთის მეფეებმა სამეფოს მოსახლეობის გაზრდის მიზნით დაიწყეს წარმატებული იმიგრაციული პოლიტიკის გატარება-ეპატიჟებოდნენ რა აზიელ მომთაბარეებს-კუმანებს, პაჭანიკებს, ალანებს; ხოლო ტრანსილვანიაში გერმანელებს. (სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება გერმანელთა პირველი ემიგრაცია აღმოსავლეთ ევროპაში). XII საუკუნეში დროებით მოძლიერებულმა ბიზანტიამ უნგრეთისგან წართმეული ზოგიერთი ბალკანური რეგიონი კვლავ უკან დაიბრუნა. პარალელურად, უნგრეთი ინტენსიურ მონაწილეობას იღებს ჯვაროსნულ ლაშქრობებში. XIII საუკუნეში გაძლიერებულმა ფეოდალებმა 1222 წელს მეფე ანდრაში აიძულეს გამოეცა ოქროს ბულა, რომლის მიხედვითაც შეიზღუდა როგორც მეფის, ასევე ოლიგარქიის ძალაუფლება, დაფუძნდა სხვა წოდებების უფლებები, უზრუნველყოფილი იქნა უფლება და მდგომარეობა მცირე მიწათმოქმედების და თავისუფალი მოსახლეობის-მცირე შლიახტურმა ფენამ ოლიგარქიის და არისტოკრატიის კვალდაკვალ დაიწყო სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობის მიღება. საბოლოოდ უმაღლესმა წოდებამ სასულიერო იერარქების ჩათვლით მიიღეს კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედი მეფისადმი შეწინააღმდეგების უფლება.

ოქროს ბულა. 1222 წელი

მონღოლთა შემოსევები (1241-1342)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1241 წლის 11 აპრილს უნგრულ-ხორვატული კოალიცია შაიოს ბრძოლაში სასტიკად განადგურდა, ხოლო მეფე ბელა I ხორვატიაში გაიქცა. მონღოლთა შემოსევებმა იმისდა პარალელურად რომ ქვეყანას აზიელ მომთაბარეთა ახალი ტალღა მოუტანა, პარალელურად გააძლიერა უნგრეთის კავშირი კათოლიკურ ევროპასთან. 1301 წელს გარდაიცვალა არფადოკების დინასტიის უკანასკნელი მეფე. ტახტი დაიკავა დასავლურევროპული ანჟუის დინასტიის წევრმა, კარლ-რობერტ ნეაპოლიტანელმა. მის დროს ჩამოყალიბდა უნგრული რაინდობა.

შუა და ახალ საუკუნეთა მინჯაზე (1342-1526)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარლ-რობერტის შვილის, ლაიოშ I (დასავლურ ევროპული ტრადიციით ლუდოვიკო I) დროს უნგრეთმა თავისი ძლიერების ზენიტს მიაღწია. იტალიიდან აზოვის ზღვამდე და საბერძნეთიდან ლიტვამდე გადაჭიმული სამფლობელოს მფლობელი ლაიოში, რომელიც პარალელურად პოლონეთის მეფეც იყო, მცირე აზიასაც კი დაემუქრა. ლაიოშის შემდეგ უნგრეთის ტახტზე ქალი, მისი ქალიშვილი მარია ავიდა რომელიც გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის, კარლოს IV შვილს, უფლისწულ სიგიზმუნდს გაჰყვა ცოლად. ამდენად, უნგრეთი იმპერიის ფედერაციული ნაწილი გახდა. სიგიზმუნდის ძმა, ვაცლავი (ან ვანცესლავი) ამავდროულად ჩეხეთის მეფე იყო, ხოლო სიგიზმუნდმა მარიაზე ქორწინებით სლოვაკეთი მიიღო. ლაიოშის მეორე ქალიშვილი, იადვიგა უნგრეთიდან ჩამოცილებული დამოუკიდებელი პოლონეთის მმართველი დედოფალი გახდა 1384 წელს, რითაც პოლონურ სამეფო დინასტიას-იაგელონებს დაუდო სათავე. ამავდროულად უნგრეთს მარიას სახელით რეგენტი, დედამისი, დედა-დეოფალი ელიზაბეთ ბოსნიელი მართავდა, რასაც უნგრეთში მღელვარების დაწყება მოჰყვა. ჯერ ხორვატიაში, შემდეგ უნგრეთში ანჟუის დინასტიის სხვა წარმომადგენელი, კარლ ნეაპოლიტანელი მიიწვიეს მეფედ, რომელიც 1386 წელს ელიზაბეთის ბრძანებით აწამეს. რის შედეგადაც განრისხებულმა ხორვატებმა მარია და ელიზაბეთი ტყვედ აიყვანეს. ელიზაბეთი სიკვდილით დასაჯეს, თუმცა მარიამ მაინც მოახერხა განთავისუფლება და სიგიზმუნდთან დაბრუნება.

1396 წლის 25 სექტემბერს ნიკოპოლის ბრძოლაში ოსმალეთის იმპერიამ მორავიის სერბეთის მხარდაჭერით უნგრეთის, საფრანგეთის, ჰოსპიტალიერების, ვალახების, ვენეციის რესპუბლიკის კოალიციური 70 000 კაციანი ლაშქარი პოლონელი, ბოჰემიელი, ტრანსილვანიელი, ნავარელი, არაგონელი და კასტილიელი მოხალისეების მონაწილეობით უნგრეთის მეფის, სიგიზმუნდ ლუქსემბრუგელის მეთაურობით, გაანადგურა; რასაც უნგრეთის შესუსტება მოჰყვა. ჩეხმა ჰუსისტებმა მრავალი უსიამოვნებმა მიაყენეს უნგრეთს. ადრიატიკის ზღვისპირა ხორვატია-დალმაცია კვლავ ვენეციას დაუბრუნდა. ამავდროულად, წარმოიქმნა პირველი სერბული კოლონიები უნგრეთში. სიგიზმუნდ ლუქსემბურგელის სიძე, უნგრეთის პირველი ჰაბსბურგი მეფე, ალბრეხტი 1439 წელს გარდაიცვალა-დატოვა რა შვილი ლადისლავი. მაგრამ უნგრელებმა, რეგენტობის მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, მეფედ პოლონეთის მეფე ვლადისლავი მიიწვიეს, რომელიც 1444 წელს ოსმალებთან ვარნას ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა. ალბრეხტის შვილს, ლადისლავს ერთგულება ჩრდილოეთმა, სლოვაკურმა უნგრეთმა გამოუცხადა ჩეხი მხედართმთავრის, იანომ ისკრის მეთაურობით, რომლის ხელში ყველა ჩრდილოური მიწა აღმოჩნდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ტრანსილვანიელ მატიაშ ჰუანიადისთვის 1458 წელს მეფედ აერჩიათ. მან მოახერხა ოსმალების, ჰუსისტების და ჰაბსბურგების გამკლავება. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ უნგრეთი ძალზე დასუსტდა. ავსტრიელი ჰაბსბურგების და ოსმალების ინტენსიურმა თავდასხმებმა ქვეყანა დაასუსტა. საგარეო პოლიტიკურთან ერთად, გაუარესდა შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმატა ფეოდალთა განდგომამ და გლეხთა მღელვარება-აჯანყებებმა. ამ დროს უნგრეთს პოლონელ იაგელონთა, იადვიგას შთამომავლების დინასტია მართავდა.

თურქულ მარწუხებში (1526-1687)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1526 წელს ოსმალებმა უნგრულ-ჩეხურ-ხორვატულ კოალიციას მოხაჩეს ბრძოლაში სასტიკი, გამანადგურებელი მარცხი აგემეს, რასაც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ტოტალური ეროზია მოჰყვა შედეგად. ახალი მეფე, იანოშ ზაპოლიაი ოსმალეთის ვასალი გახდა. 1541 წელს ოსმალებმა ბუდა და პეშტი (იმ დროისთვის ჯერ კიდევ სხვადასხვა ქალაქები) მიიტაცეს, რითაც უნგრეთის სამეფოს არსებობას წერტილი დაესვა. ქვეყანა ოსმალეთის იმპერიის ბუდას საფაშოდ იქცა სხვადასხვა სანყაჯებით (რაიონებით). ამით დასავლეთ ევროპას სასიკვდილო საფრთხე დაემუქრა, რადგან ქრისტიანული ევროპის გული და საყრდენი, კათოლიკური უნგრეთი ისლამის გავრცელების პლაცდარმად იქცა. თუმცა დასავლეთ ევროპას საეჭვოა ეს გაეცნობიერებინა. პირიქით, ჰაბსბურგთა ავსტრიამ უმალ ისარგებმა უნგრეთის დასუსტებით და 1547 წლის ხელშეკრულებით ოსმალეთს უნგრეთის საკუთრივ უნგრული და უნგრულ-რუმინული ოლქები დაუტოვა, თავად კი უნგრულ-სლავური რეგიონები მიითვისა. მოგვიანებით ავსტრიელებს ეს ნაბიჯი სანანებლად გაუხდათ, რადგან ოსმალეთმა თავად ვენას შემოარტყა ალყა, თუმცა ავსტრიელთა დასახმარებლად მოსულმა პოლონელ იაგელონთა მხედრობამ სტამბოლს მადა გვარიანად შეუკვეცა-დაამარცხა რა ისინი და ამით ოსმალთა ევროპაში უკუქცევას დაუდო დასაბამი. თუმცა მიუხედავად ამისა ოსმალთა ჰეგემონია უნგრეთში 1699 წლამდე გაგრძელდა, ხოლო ზოგიერთი სამხრეთ უნგრული რაიონები ოსმალთა მფლობელობაში 1718 წლამდე რჩებოდა. მთელი ამდენი ხნის მანძილზე უნგრელ პარტიზანებს-ჰაიდუკებს როგორც ოსმალთა, ასევე ავსტრიელთა მიმართ წინააღმდეგობა არ შეუწყვეტიათ.

ცენტრალური ევროპა 1683 წელს.

ჰაბსბურგთა უნგრეთი (1687-1867)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1687 წელს ავსტრიამ ოსმალეთი უნგრეთიდან და ტრანსილვანიიდან განდევნა და ამდენად, ახალ დამყრობელად თავად იქცა. (მაგალითად პრიაშევეს სისხლიანი რეპრესიები კმარა, რაც ავსტრიელებმა უნგრეთს თავს დაატეხეს). ამავე წელს სეიმმა პოჟონში (დღევანდელი ბრატისლავა) უნგრეთის გვირგვინი ჰაბსბურგთა მემკვიდრეობად ცნო.

პროტესტანტთა და სამოქალაქო უფლებების შევიწროვებამ და პარალელურად, კარდინალ კოლონიჩის მიერ შემოთავაზებულმა კონსტიტუციის პროექტმა 1703-1711 წლების როკოვიცის აჯანყება გამოიწვია, რასაც შედეგად პროტესტანთა საერთო მასიური ამნისტია, რელიგიური თავისუფლების და უნგრეთში უნგრელების უფლებების აღიარება მოჰყვა. ავსტრიული წნეხი შედარებით შესუსტდა დედოფალ მარია-ტერეზას (1740-1780) მმართველობისას. ამით ეს უკანასკნელი მადლიერებას გამოხატავდა უნგრეთისადმი, რომელიც დედოფალს ავსტრიული მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში მხარში დაუდგა. ამასობაში უფრო და უფრო გაძლიერდა ხორვატიის გაუნგრელება, ხორვატია ფაქტობრივად უნგრეთის სამხრეთ გაგრძელებად იქცა. 1794 წელს ფარდა აეხადა საფრანგეთის დიდი რევოლუციის იდეებით შთაგონებულ უნგრელ იაკობინთა შეთქმულებას. შეთქმულების მოთავენი სიკვდილით დასაჯეს.

ავსტრიის იმპერიის ყველაზე ლიბერალურმა, მადიარულმა ოპოზიციამ მიაღწია უნგრეთში საქმისწარმოების ენად უნგრულის შემოტანას და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის დაარსებას 1825 წელს. ფერდინანდ I-ის (1835-1848) მმართველობისას უნგრული პოლიტიკური ცხოვრება გააქტიურდა. კანონზომიერია რომ არისტოკრატიის და მაღალ სასულიერო იერაქების კონსერვატული პარტია მთავრობის დასაყრდენად იქცა, რაც იმდროინდელი ევროპის საერთო ტონი იყო ლიბერალური ვიქტორიანული ბრიტანეთის და რევოლუციების კასკადში გახვეული საფრანგეთის გარდა. ლაიოშ ბატიანის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ ლიბერალურ ოპოზიციასაც უდიდესი ძალა გააჩნდა. ამ უკანასკნელს ერთგულებდა არა მხოლოდ დაბალი წოდება და უბრალო ხალხი, არამედ მაღალი წოდების ლიბერალურად განწყობილი ნაწილიც. არსებობდა ფრიად უცნაური სახელწოდების, ლიბერალურ-კონსერვატული პარტიაც, რომლის მიზანიც ზომიერება იყო-თუმცა მაინცადამაინც დიდი ძალა მას არ გააჩნდა. რაიხსკანცლერ მეტერნიხის სამთავრობო სისტემას და მის დაუღალავ ინტრიგებს, რის შედეგადაც მან მოახერხა მთელი ევროპის ერთმანეთზე გადაკიდება; როგორც თავად ავსტრიაში, ასევე უნგრეთში დაღლილობა მოჰყვა. თუმცა უნგრეთი კვლავ რჩებოდა ვენას ერთგული ახალგაზრდა პალატინის (ვიცე-მეფის), ერცჰერცოგ იოსებ ავსტრიელის უზომო პოპულარობის წყალობით. უნგრულმა ენამ მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება ოფიციალურ ენად ბრძოლისთვის გერმანულთან და ლათინურთან ერთად.

1848 წლის ექსტრავაგანტური საფრანგეთის მორიგმა მიგნებამ-თებერვლის რევოლუციამ მთელი ევროპა დამუხტა. გამონაკლისს არც უნგრეთი წარმოადგენდა. 15 მარტს პეშტში ანტიჰაბსბურგული დიდი გამოსვლები დაიწყო. ხალხი ბეჭვდის და აღმსარებლობის თავისუფლებას, ეროვნული არმიის ჩამოყალიბებას და ბატონყმობის გაუქმებას ითხოვდა. იმპერატორი იძულებული გახდა უნგრეთისთვის ავტონომია შეეთავაზებინა. მაგრამ ეროვნებათშორისი წინააღმდეგობების გაძლიერებამ, ღია სეპარატიზმა და ანტიმონარქულმა დემარშებმა ავსტრია ასევე იძულებული გახადა რუსეთისთვის მიემართა დახმარების თხოვნით. ფელდმარშალმა პასკევიჩმა 1849 წლის აგვისტოში გამოსვლები, რომელიც ჯერ მღელვარებაში, ხოლო შემდეგ ფაქტობრივად აჯანყებაში იყო გადაზრდილი, სასტიკად ჩაახშო. ავსტრიის იმპერატორმა დასჯის მიზნით უნგრეთს წაართვა ტრანსილვანია, ბანატი, სლავონია, ხორვატია და ვოევოდინა. წამყვან პოსტებზე ავსტრიელები დაინიშნენ. თუმცა საგარეო პოლიტიკაში ზედიზედ განცდილ მარცხთა სერიამ ავსტრია კვლავ აიძულა დათმობებზე წასულიყო.

ავსტრია-უნგრეთი (1867-1918)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრუსიასთან მარცხმა ავსტრია კომპრომისის გამოძებნამდე მიიყვანა. სრული ავტონომიის შეთავაზებამ უნგრეთისთვის (რომელსაც დაუბრუნდა ტრანსილვანია, ბანატი და ხორვატია) მსოფლიოსთვის აქამდე უცნობი მმართველობითი სისტემა, ორერთიანი, დუალისტური მონარქია გააჩინა. 1867 წლის თებერვლის სეიმმა აღადგინა 1848 წლის კონსტიტუცია (მცირეოდენი ცვლილებებით). გრაფი გიულა ანდრაში უნგრეთის განსაკუთრებულ საქმეთა რაიხსმინისტრად იქცა. მოგვიანებით კი ანდრაში ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პირველი (და უკანასკნელი) უნგრელი რაიხსკანცლერიც კი გახდა. რაიხსბიუჯეტის 30%-ის მფლობელად და განმკარგავად უნგრეთი იქცა. ჩამოყალიბდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი, სახელმწიფო მოწყობის ავსტრიისგან განცალკევებული აპარატი. თუმცა დინასტიური კავშირები და მნიშვნელოვანი ინსტიტუციები-თავდაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროები და სხვ. კვლავ საერთო და ავსტრიული დარჩა. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელ აქტად იქცა 1867 წლის 8 ივნისს ბუდაპეშტში (უკვე ერთიან ქალაქში) იმპერატორ ფრანც-იოსების უნგრეთის მეფედ ემოციური კურთხევა, რასაც უნგრეთის დიდი აღტაცება მოჰყვა- საუკუნეების შემდეგ უნგრეთს საკუთარი მეფე დაუბრუნდა.

უნგრეთი 1880 წელს
უნგრელები უნგრეთში 1890 წელს

1916 წლის 30 დეკემბერს ავსტრია-უნგრეთის ტახტზე ახალი იმპერატორი, კარლ I, იგივე კარლ IV, როგორც უნგრეთის მეფე ავიდა. 1918 წელს ის გადადგა, ხოლო 1922 წელს დევნილობაში გარდაიცვალა. 2004 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.

მღელვარე მემკვიდრეობა (1918-1920)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მსოფლიო ომის დამთავრებას ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლა მოჰყვა, რომლის ნანგრევებზე 1918 წლის 31 ოქტომბერს უნგრეთის რესპუბლიკა წარმოიშვა გრაფ მიხაი მიკლოშ კაროიის პრეზიდენტობით. თუმცა პირველმა მთავრობამ ვერ შესძლო ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. 1919 წლის იანვარში რუმინეთმა ტრანსილვანიის ოკუპაცია მოახდინა, რამაც კაროიის მთავრობის პოპულარობა მკვეთრად დასცა. ხელისუფლება გადავიდა სოციალ-დემოკრატების ხელში, რომლებმაც ალიანსი გააფორმეს კომუნისტებთან. ამას შედეგად კი 21 მარტს უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკად გამოცხადება მოჰყვა. ჩამოყალიბდა უნგრეთის წითელი არმია, რომელმაც ივნისში სლოვაკეთი დაიკავა. 6 აგვისტოს რუმინეთი ბუდაპეშტში შევიდა და წერტილი დაუსვა უნგრეთის საბჭოთა რესპუბლიკის არსებობას.

ჰორტის რეგენტობა, სალაშის დიქტატურა (1920-1945)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომუნისტური რეჟიმის დამხობას 1920 წელს უნგრეთის სამეფოდ გამოცხადება მოჰყვა. ქვეყანას სათავეში ჩაუდგა რეგენტი, რომელსაც „თქვენო უგანათლებულესობათი“ მიმართავდნენ. 1 მარტს რეგენტი გახდა ადმირალი მიკლოშ ჰორტი. მეორე მსოფლიო ომის დროს ბუდაპეშტი ბერლინი-რომი-ტოკიოს ღერძს შეუერთდა. 1938 წლის 2 ნოემბერს ჩეხოსლოვაკიის გაყოფის შედეგად სამხრეთ სლოვაკეთი, 1939 წლის 9 მარტს კარპატეთი, ხოლო იმავე წლის 4 აპრილს აღმოსავლეთ სლოვაკეთი უნგრეთს მიუერთდა. 1940 წლის 30 აგვისტოს უნგრეთს მიუერთდა ტრანსილვანიაც. 1941 წელს უნგრეთმა მონაწილეობა მიიღო იუგოსლავიის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიაში. უნგრული დივიზიები გაიგზავნა საბჭოთა კავშირშიც. 1944 წლის 15 ოქტომბერს მოხდა პრონაცისტური გადატრიალება, რაშიც მონაწილეობა მიიღო სს-ის დანაყოფებმა ოტო სკორცენის მეთაურობით. ძალაუფლება გადავიდა დიქტატორ ფერენც სალაშის და მისი პარტიის, „გადაჯვარედინებული ისრების“ ხელში. დაიწყო რეპრესიები ბოშათა და ებრაელთა წინააღმდეგ. 1945 წლის მარტის ბრძოლებმა ბალატონის ტბის რაიონებში ბუდაპეშტს ნაციზმისგან განთავისუფლება და საბჭოთა ტირანია მოუტანა.

მიკლოშ ჰორტი, უნგრეთის რეგენტი

უნგრეთის სახალხო რესპუბლიკა (1945-1990)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტალინის იმპერიის ნაწილი 1945 წლის მაისიდან უნგრეთიც გახდა. თუმცა 1956 წელს მთავრობის ცვლილების შედეგად ხელისუფლების სათავეში ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი მოვიდა უნგრეთის კომპარტიის ცეკას მდივანის, იანოშ კადარის ხელმძღვანელობით, რომელთა მიზანი ე. წ. „გულიაშ-კომუნიზმის“, „ადამიანური სახის მქონე სოციალიზმის“ დამყარება იყო. კადარმა მართვა შეარბილა და ფრთხილი ლიბერალური რეფორმების გატარება დაიწყო, რამაც მოსკოვი შეაშფოთა. ლიბერალიზაციას 1956 წლის ოქტომბერ-ნოემბრის შეიარაღებული აჯანყება მოჰყვა. მოსოვი უნგრეთში შეიჭრა. ბუდაპეშტში და დიდ ქალაქებში სისხლიანი რეპრესიები დაიწყო. კადარი დააპატიმრეს. 1989 წლის ხავერდოვან რევოლუციების ტალღამ უნგრეთსაც გადაუარა. ქვეყანამ საბჭოთა მემკვიდრეობას ხაზი გადაუსვა. კომუნისტურ პარტიას სახელის შეცვლამაც არ უშველა (იგი უნგრეთის სოციალისტური პარტია გახდა). პარტია აბსოლუტურ ბანკროტად იქცა.

უნგრეთის რესპუბლიკა (1990-)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფორმების შედეგად უნგრეთი საპარლამენტო რესპუბლიკად იქცა. 1990 წელს ჩატარდა პირველი მრავალპარტიული და თავისუფალი არჩევნები. ახალ ღირებულებებად საბაზრო ეკონომიკა, კერძო საკუთრება და პიროვნული თავისუფლება იქცა. ქვეყანამ კურსი ევროპულ ინტეგრაციაზე აიღო. 1991 წელს საბჭოთა არმიამ უნგრეთი მთლიანად დატოვა. წარმოიქმნა სირთულეებიც-გაუარესდა ეკონომიკური სიტუაცია. 1994 წელს სათავეში რეფორმირებული სოციალისტები დაბრუნდნენ. დაიძაბა ეთნიკური სიტუაცია სლოვაკეთსა და რუმინეთში უნგრული უმცირესობის არეალში. თუმცა უნგრეთმა მაინც გააგრძელა რეფორმების წარმატებული კურსი. 1999 წელს ქვეყანა ნატოს, ხოლო 2004 წელს ევროკავშირის წევრი გახდა.

2006 წელს ბუდაპეშტში ადგილი ჰქონდა მძლავრ ანტისამთავრობო გამოსვლებს. 2009 წელს სოციალისტების მთავრობის პრემიერის სავარძელი უპარტიო გორდონ ბაინაიმ დაიკავა, რომელიც 2010 წელს მემარჯვენე ვიქტორ ორბანმა შეცვალა.

წყაროები და ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Cartledge, Bryan. The Will to Survive: A History of Hungary (2012) excerpt and text search
  • Frucht, Richard. Encyclopedia of Eastern Europe: From the Congress of Vienna to the Fall of Communism (2000) online edition
  • Hoensch, Jörg K., and Kim Traynor. A History of Modern Hungary, 1867-1994 (1996) online edition
  • Hanak, Peter et al. A History of Hungary (1994)
  • Kontler, László. A History of Hungary (2006) excerpt and text search
  • Lendvai, Paul. Hungary: Between Democracy and Authoritarianism (Columbia University Press; 2012) 256 pages). explores trends in post-communist Hungary, including ethnic tensions, deeply rooted corruption, and authoritarian tendencies.
  • Molnár, Miklós, and Anna Magyar. A Concise History of Hungary (Cambridge Concise Histories) (2001) excerpt and text search
  • Sinor, Denis. History of Hungary (1976)
  • Sugar, Peter F. A History of Hungary (1990)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Encyclopaedia Humana Hungarica (1–5)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]