ასწლიანი ომი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასწლიანი ომი
Hundred Years' War montage.jpg
საათის ისრის მიხედვით ზემოთ მარცხენა კუთხიდან:
იოჰან ბოჰემიელი კრესის ბრძოლაში,
ფრანგულ-კასტილიური გემები ლა-როშელის ბრძოლაში
ჰენრი V აზენკურის ბრძოლაში,
ჟანა დ'არკი მიუძღვის ჯარებს ორლეანის ალყაზე
თარიღი 1337 - 1453
მდებარეობა საფრანგეთი და ისტორიული ნიდერლანდების ტერიტორიები
შედეგი ვალუას დინასტიის გამარჯვება
შეინარჩუნეს საფრანგეთის ტახტი
ტერიტორიული
ცვლილებები
პლანტაგენეტებმა დაკარგეს ყველა კონტინენტური ტერიტორია, ინგლისური კალეს გამოკლებით.
მხარეები
France moderne.svg ვალუას დინასტია
მხარს უჭერდნენ:
France moderne.svg საფრანგეთი
Escudo Corona de Castilla.png კასტილიისა და ლეონის სამეფო
Royal coat of arms of Scotland.svg შოტლანდიის სამეფო
CoA civ ITA milano.png გენუის რესპუბლიკა
Armoiries Majorque.svg მაიორკის სამეფო
Small coat of arms of the Czech Republic.svg ბოჰემიის სამეფო
Aragon Arms.svg არაგონის სამეფო
COA fr BRE.svg ბრეტანის საგრაფო (ბლოისი)
Royal Arms of England (1399-1603).svg პლანტაგენეტები
მხარს უჭერდნენ:
Royal Arms of England (1198-1340).svg ინგლისის სამეფო
Blason fr Bourgogne.svg ბურგუნდიის საგრაფო
Blason de l'Aquitaine et de la Guyenne.svg აკვიტანია
COA fr BRE.svg ბრეტანის საგრაფო (მონტფორტი)
Armoires portugal 1385.png პორტუგალიის სამეფო
Blason Royaume Navarre.svg ნავარის სამეფო
Blason Nord-Pas-De-Calais.svg ფლანდრია
Hainaut Modern Arms.svg ენოს საგრაფო
Luxembourg New Arms.svg ლუქსემბურგი
Holy Roman Empire Arms-single head.svg საღვთო რომის იმპერია

ასწლიანი ომი (1337—1453) — ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის, ფაქტობრივად გაგრძელდა 116 წელიწადს. ასწლიანი ომი თანამედროვე ისტორიკოსებმა შეარქვეს. ისტორიკოსები ამ კონფლიქტებს საერთო სახელწოდებით მოხერხებულობის გამო აერთიანებენ.

ომის მიზეზები[რედაქტირება]

ასწლიანი ომის მთავარი მიზეზი იყო ბრძოლა საფრანგეთის მიწებისათვის, რომლებიც ინგლისის მეფეებს ეპყრათ ჰენრი II პლანტაგენეტების დროიდან. ამ მიწებისათვის რამდენიმეჯერ წამოწყებული ომი XII–XIII საუკუნეები (ე. წ. „პირველი ასწლიანი ომი“) დასრულდა პარიზის ზავით (1259), რომლის ძალით ინგლისმა შეინარჩუნა მხოლოდ აკვიტანია (გიენი). დავა ამ სამფლობელოებისათვის დროდადრო (1294–1296, 1324) იწვევდა კონფლიქტებს. ამას ემატებოდა ინგლის-საფრანგეთის უთანხმოება შოტლანდიის (რომელსაც საფრანგეთი ეხმარებოდა ინგლისის წინააღმდეგ), ბრეტანის და, განსაკუთრებით, მდიდარი, შალის მრეწველობით განთქმული, ფლანდრიის გამო, რომელიც პოლიტიკურად დაკავშირებული იყო საფრანგეთთან, ხოლო ეკონომიურად დამოკიდებული იყო ინგლისის მატყლის იმპორტზე. ინგლისის მეფემ ისარგებლა ფლანდრიელი ხელოსნების ბრძოლით (ი. არტეველდეს მეთაურობით) და ფლანდრია ინგლისის ძლიერ მოკავშირედ აქცია. ასწლიანი ომის უშუალო მიზეზად იქცა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეობის საკითხი. ფილიპ IV ლამაზის უმცროსი შვილის შარლ IV-ის სიკვდილით 1328 კაპეტინგების დინასტია შეწყდა. ფრანგმა დიდკაცებმა უარყვეს ფილიპ IV-ის ასულის იზაბელას ვაჟის - ინგლისის მეფის ედუარდ III-ის პრეტენზია („სალიკური სამართლის ძალით ქალს ტახტზე უფლება არა აქვსო“) და გაამეფეს ფილპ IV-ის ძმისწული, ფილიპ VI ვალუა. ედუარდ III-მ თავდაპირველად ცნო ფილიპი საფრანგეთის მეფედ (1329), მაგრამ აკვიტანიისა და შოტლანდიის საკითხებით გამოწვეულ კონფლიქტთან დაკავშირებით განაახლა თავისი პრეტენზია და ომი გამოუცხადა მას. ასწლიანი ომი იყოფა სამ პერიოდად.

ომის პირველი პერიოდი[რედაქტირება]

ასწლიანი ომის მსვლელობა. ფრანგული ტერიტორია - ყვითელი. ინგლისი - ნაცრისფერი. ბურგუნდია - მუქი ნაცრისფერი.

ომის პირველი პერიოდი (1337 - 1360) წარიმართა ინგლისის წარმატებით, რაც განპირობებული იყო მისი ეკონომიური განვითარებისა და სამხედრო მომზადების უპირატესობით. სლეისის ბრძოლაში 1340 წლის 24 ივნისს ინგლისმა გაანადგურა საფრანგეთის სამხედრო ფლოტი. კრესის ბრძოლაში ( 1346 წლის 26 აგვისტო), როცა ინგლისელებმა პირველად გამოიყენეს არტილერია, მათ მძიმე დამარცხება აგემეს ფრანგებს და აიღეს ქ. კალე (1347). პუატიეს ბრძოლაში (1356 წლის 19 სექტემბერს) ინგლისელებმა შავი პრინცის სარდლობით სასტიკად დაამარცხეს ფრანგები, ტყვედ იგდეს ჟან II კეთილი და მრავალი ფრანგი დიდებული. ამას მოჰყვა საფრანგეთის საქმეების აწეწვა, პარიზის აჯანყება 1357-1358, ჟაკერია. ბრეტანიის ზავით (1360 წლის 8 მაისი) ინგლისმა მიიღო დიდძალი მიწები სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. სამაგიეროდ ზავით მიღებული შესვენება შარლ V-მ გამოიყენა საფრანგეთის მნიშვნელოვანი გარდაქმნებისათვის (ფინანსური და სამხედრო რეფორმები, დაქირავებული ჯარისა და არტილერიის შექმნა, სამხედრო ფლოტის აღდგენა).

ომის მეორე პერიოდი[რედაქტირება]

ასწლიანი ომის მეორე პერიოდი (1369—1380) წარიმართა ფრანგების წარმატებით. ინგლისს შერჩა მცირედი, განცალკევებულად მდებარე მიწები (კალე, შერბური, ბრესტი, ბორდო). საერთო შინაგანმა კრიზისმა ორივე სახელმწიფო ხანგრძლივად დააზავა ერთმანეთს (1380—1415). XV საუკუნის დამდეგს საფრანგეთში შექმნილი მძიმე მდგომარეობა (ფეოდალური არეულობა, შარლ VI-ის გაგიჟება, კაბოშინების აკებსა და ბურგინიონებს შორის) გამოიყენა ინგლისის მეფემ ჰენრი V-მ და განაახლა ომი.

ომის მესამე პერიოდი[რედაქტირება]

ევროპის რუკა 1430 წლისთვის, ომის დასასრულს.

ასწლიანი ომის მესამე პერიოდი (1415 - 1453) თავდაპირველად წარიმართა ინგლისის სასარგებლოდ. ჰენრი V-მ სასტიკად დაამარცხა არმანიაკები აზენკურის ბრძოლაში (1415 წლის 25 ოქტომბერი). ბურგუნდიელები, რომლებიც „ნეიტრალიტეტს“ იცავდნენ, მოგვიანებით (1419) ინგლისის აშკარა მოკავშირენი გახდნენ. ჰენრი V-მ დაიპყრო ჩრდილოეთ საფრანგეთი პარიზითურთ და შარლ VI-თან დადებული ტრუას ხელშეკრულებით (1420 წლის 21 მაისი) იგი ცნობილი იქნა საფრანგეთის რეგენტად და ტახტის მემკვიდრედ. ორივე მეფის სიკვდილის შემდეგ (1422), „ინგლისისა და საფრანგეთის მეფედ“ აღიარეს მცირეწლოვანი ჰენრი VI (ჰენრი V-ის ძე). რეგენტის ჯ. ბედფორდის სარდლობით ინგლისელებმა და ბურგუნდიელებმა დაასრულეს ლუარის ჩრდილოეთით მდებარე მიწების დაპყრობა და ალყა შემოარტყეს ქ. ორლეანს — „ლუარის გაღმა მიწების გასაღებს“ (1428 წლის 12 ოქტომბერი). საფრანგეთში დაიწყო სახალხო-პატრიოტული მოძრაობა ჟან დ’არკის მეთაურობით, რომელმაც ინგლისელებსა და მათ მოკავშირეებზე ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა (ორლეანის ალყის მოხსნა 1429 წლის 8 მაისი, პატეს ბრძოლა 1429 წლის 18 ივნისი და სხვა), გაათავისუფლა რამდენიმე ქალაქი და უზრუნველყო შარლ VII-ის მეფედ კურთხევა რეიმსში (1429 წლის 17 ივლისი). მიუხედავად კომპიენთან ჟანა დ’არკის დატყვევებისა (1430 წლის 23 მაისი) და კოცონზე დაწვისა (1431 წლის 30 მაისი), გამარჯვება საფრანგეთის მხარეზე იყო, რაც დააჩქარა ბურგუნდიის ჰერცოგთან დაზავებამ (არასის ზავი, 1435 წლის 20 ოქტომბერი). განთავისუფლებულ იქნა პარიზი (1436), შამპანი (1441), მენი და ნორმანდია (1450).

გიენის განთავისუფლებით (1453) ომი ფაქტობრივად შეწყდა, მაგრამ საომარი მდგომარეობა გრძელდებოდა. მას ბოლო მოუღო ედუარდ IV-სა და ლუი XI-ს შორის დადებულმა პიკინის ზავმა (1475 წლის 29 აგვისტო). ინგლისს საფრანგეთში მხოლოდ კალე შერჩა (ფლობდა 1558-მდე), ხოლო ინგლისის მეფეს — „საფრანგეთის მეფის“ ტიტული, რომელზეც იგი იძულებული იყო უარი ეთქვა ამიენის ზავის თანახმად 1802 წლის 27 მარტს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: