მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუსტაფა ლალა ფაშას ბანაკი თბილისთან. მინიატურა „ნუსრეთნამეს“ ხელნაწერიდან. ბრიტანული ბიბლიოთეკა, ლონდონი

მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობა საქართველოში 1578 წელს, იყო ირანის წინააღმდეგ დაძრული ოსმალეთის მრავალრიცხოვანი ლაშქარი მუსტაფა ლალა-ფაშას სარდლობით ამიერკავკასიის ქვეყნების დასაპყრობლად გამოემართა.

7 აგვისტოს ოსმალებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს და ქართველთა მედგარ წინააღმდეგობას წააწყდნენ. მაგრამ საქართველოს პოლიტიკური აშლილობა ხელს უშლიდა ქვეყნის ძალების გაერთიანებას მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. 9 აგვისტოს ჩილდირთან ბრძოლაში ოსმალებმა დაამარცხეს ირანელები და მათ მხარეზე მებრძოლი ქართველებიც. 10 აგვისტოს ათაბაგ მანუჩარ II-ის ძმამ, ყვარყვარემ, და სამცხის ზოგიერთმა ფეოდალმა ოსმალეთის სარდალს მორჩილება გამოუცხადეს, რამაც მტერს სამცხის ციხე-ქალაქების დაპყრობა გაუადვილა. 24 აგვისტოს ოსმალებმა თბილისი აიღეს.

დაკავებულ ტერიტორიაზე ისინი თავიანთ წესებს ნერგავდნენ. დააარსეს თბილისის (ქართლის) საბეგლარბერგო, გორის სანჯაყი. მათ გამგებლად ოსმალო მოხელეები დანიშნეს. კახეთის მეფემ ალექსანდრე II-მ მტერთან მორიგება არჩია. 1 სექტემბერს სართიჭალასთან გამართული მოლაპარაკების შედეგად კახეთში ოსმალეთისათვის ყოველწლიურად ხარკი უნდა ეძლია. სართიჭალიდან ოსმალეთის ლაშქარი შირვან-აზერბაიჯანის დასაპყრობად გაემართა. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ლაშქრობის შემდეგ მუსტაფა ლალა-ფაშა ქართლსა და სამცხეზე გავლით ნოემბერში არზრუმში დაბრუნდა. დაიწყო ქართველი ხალხის პარტიზანული ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ, 1578 წელს ირანის შაჰმა ქართლის მეფე სიმონ I ტყეობიდან გაათავისუფლა. სიმონის ქართლში დაბრუნების შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სვანიძე მ., ლალა მუსტაფა ფაშას ლაშქრობა ამიერკავკასიაში (1578 წ.), «თსუ შრომები», 1965, ტ. 116 აღმოსავლეთმც. სერია, V;
  • მისივე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს., თბ., 1971;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 4, თბ., 1967
  • სვანიძე მ., ქსე, ტ. 7, გვ. 211, თბ., 1984.