დიდი თურქობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„დიდი თურქობა“, ამ ტერმინით ცნობილია თურქ-სელჩუკთა განუწყვეტელი შემოსევები საქართველოში XI საუკუნის 80-იან წლებში.

მცირე აზიაში სელჩუკთა სახელმწიფოს შექმნის უარყოფითი შედეგი მოჰყვა საქართველოსა და ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის. საქართველოს მეზობლად დამკვიდრდნენ მომთაბარე-მეჯოგე ტომები, რომლებიც სისტემატურად ესხმოდნენ თავს საქართველოს სხვადასხვა მხარეს. მეფე გიორგი II-მ (1072-1089) მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა ქვეყნის შინაგანი ძალების შემომტკიცებისა და საზღვრების გაფართოების მიზნით, მაგრამ ეს წარმატებანი ხანმოკლე აღმოჩნდა. თურქ-სელჩუკთა სულთნის მალიქ-შაჰის საგანგებო ლაშქარმა დაამარცხა ყველისციხეში მდგომი მეფე გიორგი. ამას მალე უფრო დიდი ლაშქრობა მოჰყვა იასისა და ბუჟღობის მეთაურობით. სელჩუკები მთელ საქართველოს მოედვნენ. მემატიანის გადმოცემით „ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი და არტანუჯი და უდაბნონი კლარჯეთისანი“. ეს იყო თურქ-სელჩუკთა პირველი დიდი შემოსევა, რომელიც 1080 წელს დაიწყო.

ამიერიდან სელჩუკები საქართველოში საძარცვავად ყოველი წლის გაზაფხულზე მოდიოდნენ და დაზამთრებამდე რჩებოდნენ. ასეთ ვითარებაში ქართველი მწარმოებელი საზოგადოება ინტენსიურ მეურნეობას ვეღარ უძღვებოდა. ამის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე მომთაბარეთა ჩამოსახლება ყოველწლიურად მატულობდა. ქვეყანა გადაშენების საფრთხეს წინაშე იდგა, გიორგი II ისპაანში ეახლა სულთან მალიქ-შაჰს და ყოველწლიური გადასახადი აღუთქვა. ამ გზით ქვეყანამ დროებით მოისვენა „ზედამარბეველთაგან“. ასევე მოიქცა კახთა მეფე აღსართანიც, რომელიც სულთანს ეახლა, მორჩილება გამოუცხადა და ქრისტიანობა დათმო. მაგრამ სელჩუკები მაინც თავისუფლად დათარეშობდნენ მთელ საქართველოში. შემოდგომის დადგომისთანავე მთლი თავისი ავლა-დიდებითა და საქონლით გაჩიანს ჩამოდგებოდნენ, თბილისიდან ბარდავამდე მთელი მტკვრის სანაპირო და ივრის პირის საუკეთესო საზამთრო საძოვრები მათ ეჭირათ, ხოლო საზაფხულო საძოვრებზე სომხეთის მთებში მიდიოდნენ. შინაკლასობრივმა ბრძოლამ, რომელსაც სულთანიც უწყობდა ხელს, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ქვეყანა. რუსთავი, დმანისი, სამშვილდე და სხვა ქალაქები მტრის ხელში გადავიდა; ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ იყო ხორნაბუჯი, არადეთი, აგარანი, გავაზნი, გაგი და სხვა ციხეები. თურქ-სელჩუკთა მომთაბარულ-მეჯოგური მეურნეობა უპირისპირდებოდა განვითარებული დეოდალური ქვეყნის კულტურულ მეურნეობას, ანგრევდა და ანადგურებდა ქალაქებს და დაცემის პირამდე მიჰყავდა საქალაქო ცხოვრება, ვაჭრობა-ხელოსნობა. დიდი მსხვერპლის ფასად ქართველმა ხალხმა მაინც შეძლო თავისი თვითმყოფობის, პროგრესული ფეოდალური მეურნეობის შენარჩუნება. თურქ-სელჩუკთა სოციალური-პოლიტიკური სისტემას მზარდი ქართული ფეოდალური წყობილების საფუძვლები არ დაურღვევია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.,), თბ., 1973;
  • შენგელია ნ., სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
  • შენგელია ნ., ქსე, ტ. 3, გვ. 525, თბ., 1987