ივან ფრანკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივან ფრანკო
უკრ. Іван Якович Франко
დაბადების თარიღი 27 აგვისტო, 1856(1856-08-27)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ნაგუევიჩი, გალიციისა და ლოდომერიის სამეფო[5] [4]
გარდაცვალების თარიღი 28 მაისი, 1916(1916-05-28)[1] [6] [2] [3] [4] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლვივი, ცისლეიტანია, გალიციისა და ლოდომერიის სამეფო, ავსტრია-უნგრეთის იმპერია[5] [4]
დასაფლავებულია ლიჩაკივის სასაფლაო[7]
ფსევდონიმი Джеджалик, Мирон, Мирон Сторож, Мирон Ковалишин, Руслан და Іван Живий
საქმიანობა მწერალი[3] [4] , ჟურნალისტი, პოეტი[3] , კულტურის ისტორიკოსი, დრამატურგი[3] , მთარგმნელი, ეკონომისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი[3] , პოლიტიკოსი და translation into Ukrainian
ენა გერმანული ენა და პოლონური ენა
მოქალაქეობა  ავსტრიის იმპერია
ალმა-მატერი ლვივის უნივერსიტეტი, ჩერნოვცის უნივერსიტეტი და ვენის უნივერსიტეტი
ჟანრი პოეზია, მოკლე რომანი, რომანი, ნოველა, მოთხრობა და პიესა
Magnum opus Kameniari
მეუღლე ოლგა ფრანკო
შვილ(ებ)ი პეტრე ფრანკო, ანა კლუჩკო, ტარას ფრანკო და Andriy Franko
გავლენა მოახდინეს

ივან იაკოვლევის ძე ფრანკო (უკრ. Іван Якович Франко; დ. 27 აგვისტო, 1856, ნაგუევიჩი, დროგობიჩის მაზრა, გალიცია — გ. 28 მაისი, 1916, ლვოვი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია) — უკრაინელი მწერალი პოეტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ბელეტრისტი, მეცნიერი და უკრაინელი ხალხის სოციალური და ნაციონალური ჩაგვრისაგან განთავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლი.გარდა ამისა იყო მთარგმნელი,კ ერძოდ უკრაინულ ენაზე თარგმნა უილიამ შექსპირის, ვიქტორ ჰიუგოს, ბაირონის, პედრო კალდერონის, დანტე ალიგიერის, ადამ მიცკევიჩის, იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს და ფრიდრიხ შილერის ლიტერატურული ნაწარმოებები. „ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის" სამეცნიერო ხარისხის ლაურიატი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივან იაკოვლევის ძე ფრანკო დაიბადა 1856 წლის 27 აგვისტოს სოფელ ნაგუევიჩიში, დროგობიჩის მაზრაში, გალიციაში, რომელიც მაშინ ავსტრია-უნგრეთის მონარქიის შემადგენლობაში შედიოდა. მამამისი — იაკოვლევი ანუ იაცია (სიყვარულით ეძახდნენ) სოფლის მჭედელი იყო.

ივანმა სკოლაში შესვლამდე ისწავლა ანბანი, მან სკოლამდე წაიკითხა იაკობ და ივან გოლოვაცკების მიერ უკრაინულ ენაზე გამოცემული კრებულები, სადაც მოთავსებული იყო უკრაინელი მწერლების ნაწარმოებები, ხალხური სიმღერები, თქმულებები, ლეგენდები. როცა 6 წლის გახდა (1862) ივანი სოფლის სკოლას მიაბარეს. სკოლაში ბეჯითად სწავლობდა. უკვე 8 წლისა თავისუფლად კითხულობდა და წერდა არა მარტო უკრაინულად, არამედ პოლონურ და გერმანულ ენებზედაც. ამან მისცა საშუალება მას 1864 წელს შესულიყო სამაზრო ქალაქის დროგობიჩის ე.წ „ნორმალურ“ სკოლაში, სადაც სწავლა გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა. ეს იყო 4 კლასიანი სკოლა, სადაც ფრანკომ 3 წელი დაჰყო და გერმანულიც აითვისა.

სკოლაში სწავლა არაადამიანურად მკაცრი აღმოჩნდა. შემდგომში ფრანკო თავის ნაწარმოებებში — „სუფთა წერის გაკვეთილი“, „მამაო-იურისტი“ „ფანქარი“ და სხვა — გულისტკივილით მოგვითხრობს ამ სკოლაში გატარებულ წლებს, რადგან აქ გამეფებული ჰყოფილა საშინელი „წესრიგი„ და ის წერს: „გაროზგვა დროგობიჩში მაშინ პედაგოგიკის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად იყო მიჩნეული“. კლასის ხელმძღვანელი — მამა ტელესნიცკი, სულ აწამებდა ბავშვებს, სცემდა კორძიანი ჯოხებით. ბავშვების კვნესაზე და ტკივილზე კი იცინოდა და კლასში დარბოდა.

მომავალ მწერალს მამა 1865 წელს გარდაეცვალა. დედა კი მეორედ დაქორწინდა. მამინაცვალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ივანს კარგი განათლება ჰქონოდა.

1868 წელს მან სწავლა განაგრძო დროგობიჩის გიმნაზიაში, სადაც სწავლა გერმანულ და პოლონურ ენაზე მიმდინარეობდა. ფრანკო გიმნაზიაშიც ბეჯითად სწავლობდა.

ლიტერატურული მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურული მოღვაწეობა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო. გიმნაზიაში სწავლისას დაწერა უამრავი ლექსი, პროზაული და დრამატული ნაწარმოებები. 1873 წელს, როცა გიმნაზიის 6 კლასში იყო, დაწერა ტრაგედია — „იუგურტა“, რომლის სიუჟეტი რომის იმპერიის ისტორიის საფუძველზე იყო განვითარებული, შემდეგ თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე" და „ელექტრა“ და შეუდგა ტრაგედია „აქილევსის“ წერას. 1874 წელს შექმნა დრამა „სამი მთავარი ერთ ტახტზე“, რომელიც ლვოვში დაიდგა სტუდენთა მოყვარულთა წრის მიერ და მისი შინაარსი პირველად ამუშავებდა თემას, რომელიც სლავების ისტორიიდან იყო აღებული, ამდაგვარ თემას ეხებოდა მისი შემდეგი ნაწარმოები — „სლავოი და ხრუდოში“. მალევე თარგმნა კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, „სიმღერა ნიბელუნგებზე“ (ნაწყვეტები), ორი სიმღერა „ოდისეიდან“ და მრავალი სხვა.

ფრანკო 1910 წელს

ივან ფრანკოს უყვარდა ხალხური შემოქმედება. სკოლიდან მოყოლებული აგროვებდა ხალხურ სიმღერებს, სულ მალე 800-მდე სიმღერა ჩაწერა, რამაც ხელი შეუწყო მისი პოეზიით გატაცებას.

1874 წელს ლვოვის ჟურნალ „დრუგში“ დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები, 1875 წელს „დრუგის“ მუდმივი თანამშრომელი გახდა და აქ დაბეჭდა: მოთხრობა „პეტრიები და დოვბუშჩუკები“, ნ. გ. ჩერნიშევსკის რომანი „რა ვაკეთოთ?“, ასევე პუშკინის ლექსების თარგმანი და სხვა, ხოლო 1876 წელს ამავე ჟურნალში გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებული.

1875 წლის შემოდგომაზე სწავლა განაგრძო ლვოვის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე. ფრანკო სწორედ ამ უნივერსიტეტის ჟურნალში აგზავნივდა საკუთარ ნაწარმოებებსს. სდუტენტობის პერიოდში შევიდა სტუდენტთა „აკადემიურ წრეში“ და ამავე დროს ის დაეწაფა რუსი მწერლების: პუშკინის, ტოლსტოის, ტურგენევის, ჩერნიშევსკის, გერცენის და სხვათა ნაწარმოებებს. სწორედ ტარას შევჩენკოსა და რუსი რევოლუციურ-დემოკრატიული ლიტერატურის ზეგავლენით ჩამოყალიბდა მისი იდეურ-ესთეტიკური შეხედულებანი.

ივან ფრანკოს იდეურ-ესთეტიკური შეხედულებანი შეუმჩნეველი არ დაუტოვებით გალიციელ რეაქციონერებს. ის და ჟურნალ — „დრუგის“ რედაქციის წევრები დააპატიმრეს 1877 წლის 12 ივნისს. დაპატიმრებისას მას აღმოუჩნდა 180-ზე მეტი აკრძალული და „საეჭვო“  გამოცემა, მათ შორის იყო კარლ მარქსის „კაპიტალი“, ნიკოლოზ ჩერნიშევსკის რომანი „რა ვაკეთოთ?“და სხვა. მწერალს ბრალი დასდეს საიდუმლო სოციალისტური საზოგადოების წევრობა, ამიტომ საგამომძიებლო განყოფილებაში 1878 წლის 21 იანვრამდე იჯდა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩაება გალიციის სოციალისტურ და მუშათა მოძრაობაში. ასევე სწავლა განაგრძო ლვოვის უნივერსიტეტში. ამ პერიოდშივე ქმნის რევოლუციური სულისკვეთებით გაჟღენთილი ლექსებს, პუბლიცისტურ წერილებს და თარგმნის წიგნებს, რომელთა მიზანია დასავლეთ უკრაინის გლეხებში და მუშებში რევოლუციური სულისკვეთების გაღრმავება.

ივან ფრანკო გახდა „მუშათა კომიტეტის“ წევრი და ასევე პოლონურ ენაზე გამომალი გაზეთის „Praca“-ს (ქართულად: „შრომა“) რედაქტორი. აქტიურად ჩაება პროპაგანდისტულ მოძრაობებში. ამავე წელს დაწერა ეკონომიკური სოციალიზმის მომცრო კატეხიზისი (ღვთისმეტყველების საწყისი, სასწავლოდ გამიზნული წიგნი, ქრისტიანული მოძღვრების გადმოცემა კითხვა — პასუხის სახით), რომელიც ლვოვის მუშებმა გამოსცეს კიდეც. 1879-1880 წლებში თვითგანვითარების წრეებში ასწავლიდა პოლიტიკურ ეკონომიას.

1878 წელს მ. პავლიკთან ერთად ლვოვში დაიწყო ჟურნალ „გრომადსკიი დრუგის“ (ქართულად: „საზოგადოების მეგობარი“) გამოცემა, სადაც დაბეჭდა: ლექსები — „ამხანაგებს საპყრობილედან“, ნარკვევი — „პატრიოტული აღტკინება“, რომანი — „მახრჩობელა გველი“. მალევე პოლიციამ მოახდინა ჟურნალის კონფისკაცია, ამიტომ რედაქტორები იძულებულნი შეიქმნენ ჟურნალისთვის სახელი შეეცვალათ, ჟურნალს დაარქვეს „დზვინ“ (ქართულად:„ზარი“). მის ფურცლებზე ფრანკომ დაბეჭდა ცნობილი საპროგრამო ლექსი „ქვისმტეხელი“ და მოთხრობა  „ჩემი შეხვედრა ოლექსასთან“, სატირული ნაწარმოებები „ფიქრი ნაუმ ბეზომოვიჩზე“ და სტატია „ლიტერატურა, მისი დანიშნულება და უმნიშვნელოვანესი ნიშან თვისებები’’, რომელიც არსებითად მიმართული იყო ნაროდოვცეკების ნაციონალისტური შეხედულებებისა და მათი ორგანოს „პრავდას“ წინააღმდეგ. ჟურნალი აქტიურად აგრძელებდა რევოლუციურ პროპანგანდას, ამიტომ ჟურნალმა დროებით იარსება.

1880 წელს ფრანკო გაემგზავრა კოლომინის მაზრაში თავის მეგობართან. გზაში დააპატიმრეს, რადგან ავსტრიის ხელისუფლებამ წამოიწყო სასამართლო პროცესი კოლომინში გლეხების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალად დასდეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები, ივან ფრანკო კი დაადანაშაულეს გლეხთა მოძრაობაში მონაწილეობაში, თუმცა დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და 3 თვეში პოლიციის ესკორტით გაამზავრეს ნაგუევიჩიში, სადაც 1 კვირა ციებ-ცხელებით ავადმყოფობდა. ავადმყოფობის  მიუხედავად ფრანკო ფეხით გაემგზავრა ბერეზოვოში.  გზაში ავადმყოფი ფრანკო „შენიშნეს“ და ჟანდარმა კოლომინში ფეხით წაიყვანა პასპორტის შესამოწმებლად.

ამ ამბის შემდეგ ფრანკომ კვლავ განაგრძო გაზეთ „Praca“-ს (ქართულად: „შრომა’’) თანამშრომლობა და დაიწყო წერა სოციალისტური პროგრამისა — „რა სურს გალიციის მუშათა საზოგადოებას?“. ამავე გაზეთში ფრანკომ დაბეჭდა თავისი ცნობილი ლექსი „ჰიმნი“ („მარად რევოლუციონერი“).

სულ ცოტა ხანი მძიმე მატერიალური პირობების გამო ფრანკო იძულებული გახდა ლვოვიდან სოფელ ნაგუევიჩიში გადასხლებულიყო. 1880 წლის ბოლოს მოხერხდა ჟურნალ „სვიტის“ გამოცემა. მისი პირველი ნომერი გამოვიდა 1881 წლის 10 იანვარს, სადაც დაიწყო ფრანკოს რომანის „ბორისლავი იცინის“ ბეჭდვა. ამავე ჟურნალში თარგმნა და გამოაქვეყნა ა.ნეკრასოვის „თავადის ქალი ტრუბეცკაია“, პომიალიავსკის „ბურსას ნარკვევებიდან“ რამდენიმე თავი, სტატია მ.ე. სალტიკოვ-შჩედრინის პიპინის შემოქმედების შესახებ, თავისი ბოლო გამოკვლევა ტარას შევჩენკოს პროზაზე — „ტარას შევჩენკოს პოეზიის შეფასების საკითხისათვის“, თავისი სტატია „კათოლიკური პანსლავიზმი“, რომელიც მიმართული იყო რომის პაპის ბოროტი ჩანაფიქრის წიბააღმდეგ, მას სურდა რუსეთისგან მოეწყვიტა აღმოსავლეთ სლავები. ფრანკო კათოლიციზმს „სლავების დაუძინებელ მტერს“ უწოდებს.

ჟურნალი „სვიტი“ დაარსებიდან 2 წელში დაიხურა, ამიტომ ფრანკო იძულებული შეიქმნა, რადგან საკუთარი ბეჭდვითი ორგანო არ ჰქონდა, ეთანამშრომლა ჟურნალ „ზორიასთან“ და გაზეთ „დილოსთან“, რომლის რედაქციის შემადგენლობაში შევიდა.80-იანებში თანამშრომლობა დაიწყო მწერლისა და მხატვრის კ. უსტიანოვიჩის ლიბერალურ-სატირულ ჟურნალში „ზერკალო“.


1883 წელს ფრანკომ დაასრულა და საკონკურსოდ გააგზავნა ჟურნალ „ზორიასთან“ თავისი რომანი „ზახარ ბერკუტი“. 1885-1886 წლებში ის ორგზის იყო კიევში საკუთარი ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებით, თუმცა ჟურნალის გამოცემა ვერ მოხდა. კიევის ლიბერალებმა, რომლებიც გალიელი ნაციონალისტების თანამზრახველები იყვნენ, მატერიალური დახმარება ფრანკოს კი არს, „ზორიას“ გაუწიეს, 1887 წელს გამოსცა კრებული „მაღლობებიდან და დაბლობებიდან“; იმავე წელს აქტიურად დაიწყო მუშაობა პოლონურ პრესაში, სადაც სტატიებს ბეჭდავდა რუსულ, უკრაინულ, პოლონურ, დასავლეთევროპულ და სხვ. ლიტერატურაზე. გაზეთ „კურიერ ვარშავსკის“ გამოცხადებულ კონკურსზე მან წარადგინა პოლონურად დაწერი რომანი „ლელი და პოლელი“, გამოსცა ფილოსოფიური პოემა, „კაენის სიკვდილი“, მოთხრობების დიდი კრებული (1890) და მრავალი სხვა.

ივან[მკვდარი ბმული] ფრანკო და მისი მეუღლე 1886 წელს

1886 წლის მაისში ფრანკო კიეველ ოლგა ხორუჟიკაიაზე დაქორწინდა.

1889 წლის 16 აგვისტოს ივან ფრანკო უკვე მესამედ დააპატიმრეს გალიციაში საექსკურსიოდ ჩასულ კიეველ სტუდენტთან ერთად. მათ ბრალად დასდეს ავსტრია-უნგრეთისაგან გალიციის განთავისუფლებისა და რუსეთთან მისი შეერთების იდეის პროპანგანდა, თუმცა დანაშაული ვერ დაუმტკიცეს.

სამივე დაპატიმრებამ კვალი დააჩნია მის სწავლას, მიუხედავად იმისა, რომ სამივე დაპატიმრების შემდეგ დაბრუნდა უნივერსიტეტში, კურსის დამთავრება მაინც ვერ მოახერხა, რადგან ამას ხელს უშლიდა ძმიმე მატერიალური პირობები,ავსტრიის პოლიცია და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა. 10 წლიანი „შესვენების“ შემდეგ მან თხოვნით მიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას სემესტრის გამოცდების და სადოქტორო დისერტაციის დაცვასთან დაკავშირებით, თუმცა უნივერსიტეტის სენატისაგან უარი მიიღო, ამიტომ ის იძულებული გახდა გამოცდები ჩერნივკის უნივერსიტეტში ჩაებარებინა (1890), ხოლო დისერტაციის დასაცავად მოუწია ვენაში გამგზავრება (ამას ნაციონალისტურ-რეპროგრაგრადული ხელმძღვანელობა არ დაუშვებდა), სადაც 1893 წლის 1 ივლისს ჩააბარა სადოქტორო გამოცდები და დაიცვა დისერტატია თემაზე — „ვარლაამი და იოასაფი“, ძველქრისტიანული სასულიერო რომანი“. მას მიანიჭეს „ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის" სამეცნიერო ხარისხი. მისი ეს ნაშრომი 1895 წელს დაიბეჭდა „შევჩენკოს სამეცნიერო საზოგადოების ჩანაწერებში“.

1890 წელს ფრანკომ ლვოვში ჩამოაყალიბა სამეცნიერო სამკითხველო, სადაც კითხულობდა ლექციებს მეცნიერული სოციალიზმის თეორიაზე, პოლიტეკონომიაზე და რევოლუციური ბრძოლის ისტორიაზე.

ფრანკოს სურდა ლვოვის უნივერსიტეტში მოღვაწეობა, 1894 წელს, როცა პროფესორი ოგონოვსკი გარდაიცვალა, მან სცადა კათედრაზე ადგილის მიღება.წარმატებით წაიკითხა კიდევაც საცდელი ლექცია თემაზე — „ტ.შევჩენკოს „მუშა ქალი“, მაგრამ ნაციონალისტები კვლავ წინ აღუდგენ.

დიდი წვალების შემდეგ ფრანკომ მოახერხა 1894 წელს გამოესცა თავისი ჟურნალი „ჟიტე ი სლოვო“(ქარ:„ცხოვრება და სიტყვა“), სადაც ბეჭდავს პროზაულ, დრამატულ, პოეტურ და სამეცნიერო პუბლიცისტურ ნარმოებებს. ასევე უკრაინული ლიტერატურის ყველაზე ნიჭიერი წარმომანდგენელების: პაბლო გრაბოსვსკი, ლესია უკრაინაკა, მიხაილო კოციუბინსკი,მიხაილო პავლიკი, ვლადიმერ გნატიუკი, ოსიპ მაკოვეი, ოსტაპ ტერპეცკი და სხვათა ნაწარმოებებებს.ამევე ჟურნალში 1896 წელს მოთავსებული იყო ცნობა პეტერბურგში „მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირის“ დაარსების შესახებ, ლენინის მოღვაწეობის შესახებ და სხვ. ჟურნალმა „ჟიტე ი სლოვომ“ მალე მოიპოვა პოპულარობა, თუმცა მალე 1897 წელს დაიხურა, რადგან ჟურნალი პოლონურ გაზეთში მიღებული ჰონორალით გამოიცემოდა.

მალე გალიციის მშრომელებმა ივან ფრანკო სამგზის წარადგინეს ავსტრიის პარლამენტში, რეიხსტაგში გალიციის სეიმში ასარჩევად, მაგრამ მაქინაციებისა და მთავრობის ტერორის მეშვეობით, ის არც ერთხელ აირჩიეს. განსაკუთრებით დამახასიათებელი ამ მხრივ იყო 1897 წლის „სისხლიანი არჩევნები“ ან „ბადენის არჩევნები“. ასე იმიტომ ეწოდა, რომ გალიციის ყოფილი მეფისნაცვალი და იმ დროისთვის ავსტრია-უნგრეთის იმპერიის პრემიერის — გრაფ კაზიმირ ბადენის ბრძანებით სროლა უტეხდნენ იმ ამომრჩეველს, ვინც მისთვის არა სასურველ კანდიდატს აძლევდა ხმას.

1897 წელს პრესაში გამოსვლის და პოლემიკური სტატიების გამოქვეყნების შემდეგ იფეთქა პოლონელი ნაციონალიტსების კამპანიამ ფრანკოს წინააღმდეგ. მათ გაზეთ „დილოში" დაიბეჭდა სტატია სათაურით „სამწუხარო მოვლენა“, სადაც მწერალს პატრიოტული მოვალეობისადმი გულგრილ დამოკიდებულებას აბრალებდნენ.

1897 წელს მწერალმა პოლონურ ენაზე დაწერილ კრებულის — „გალიციური სურათების“ — წინასიტყვაობაში „ზოგი რამ საკუთარ თავზე“ ამხილა უკრაინული ბურჟუაზიული ნაციონალიტსების ყალბი, ფარისევლური სიყვარული ხალხისადმი. ის ნამდვილ სიყვარულად თვლიდა მშრომელი ხალხის სამსახურში თავდადებულად ჰყოფნას. ყოველივე ამისთვის ბურჟუაზიულმა ნაციონალიტსებმა ასტეხეს განგაში, „დილომ“ და „გალიჩანინმა“ ლანძღვა დაუწყო მწერალს, ხოლო „ნაროდოვცების“ ბელადმა იულიან რომანჩუკმა ისიც განაცხადა: „ფრანკოს საერთოდ არ ესმის,რას ნიშნავს სიყვარული“.

ამგვარი დევნა ფრანკომ მწვავედ განიცადა. ამას დაერთო ავადმყოფობაც. სინათლე დააკლდა თვალებში,მხედველობა დაუსუსტდა, უჭირდა კითხვა და წერა, მიუხედავად ამისა მაინც აგრძელებდა შემოქმედებით მუშაობას. 1897 წელს გამოაქვეყნა თავისი ლექსების კრებული „დამჭკნარი ფოთლები“, ხოლო 1898 წელს — „ჩემი იზმარაგდი“.

ივან ფრანკოს პორტრეტი ივან ტრუშის მიერ.

ცხოვრების რთულ პერიოდში მას გვერდით ამოუდგნენ მისი მეგობრები და თაყვანისმცემელები. მაგ: მაკოევმა გაზეთ „ბუკოვინაში“ გამოაქვეყნა წერილი მის დასაცავად სათაურით „უყვარს თუ არ უყვარს (მეხი ივან ფრანკოს თავზე)“და წერდა: „მეხი გავარდა ივან ფრანკოს თავზე პოლონური და უკრაინული პრესისა...“. ის ასევე აღნიშნავდა, რომ მეხი ყოველთვის მაღალ ხეს ეცემოდა, ისეთ როგორიც ფრანკო იყო ლიტერატურაში.

ამავე დროს 22 პოლონელმა სტუდენმა დაწერა პროტესტი მისი ასეთი დევნის წინააღმდეგ: „დ-რი ფრანკო — ერთ-ერთი მგზნებარე მქადაგებელია პროგრესისა ჩვენს ქვეყანაში. მრავალი რეაქციული გაზეთი ამისთვის დევნის მას ნებისმიერი საბაბით“. სტუდენტთა რიცხვი მალე გაიზარდა და ეს მასალები ცალკე ბროშურად დაიბეჭდა პოლონურად.

1898 წლის ოქტომბერში რეაქციონერებისა და ნაციონალისტების ფრანკოს დევნის საპასუხოდ დემოკრატიულმა წრეებმა მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად მოაწყვეს საზეიმო სხდომა და კონცერტი. საიუბილეო ხსდომაზე გლეხთა წარმომადგენელმა თქვა: „მთელი თავისი შრომა, მთელი სიცოცხე მა გლეხებს მიუძღვნა, მძიმე დარტყმებმაც ვერ აიძულეს იგი ჩამოსცილებოდა სიმართლისთვის, სიკეთისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას“. საიუბილეოდ მ.პავლიკის მიერ გამოიცა მისი ნაწარმოებების ბიბლიოგრაფია და საიუბილეო ალმანახი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ლესია უკრაინაკა, ივან კარპენკო-კარი და სხვები. ამავე წელს პეტერბურბის წიგნის გამოცემაში „ზნანიე“ და რუსულ ჟურნალებში დაიბეჭდა მისი მოთხრობების რუსული თარგმანები. შემდგომში ჟურნალმა „ჟიზნმა“ დაბეჭდა მისი მოთხრობები. გამოვიდა წიგნი, რომელშიც 20 მისი მოთხრობაა იყო მოთავსებული და გალიციაში გამოქვეყნდა პოეტის ახალი კრებულები და ფუნდამენტური გამოკვლევევი მრავალ ტომად.

ფრანკოს არქივში აღმოჩნდა 1904 წელს შედგენილი რუსული და პოლონური ლიტერატურის აკრძალული წიგნთა სია. მათ შორის იყო კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსის, ლენინის („რა ვაკეთოთ?“, „ნაბიჯი წინ — ორი ნაბიჯი უკან“), პლეხანოვისა და სხვათა ნაშრომები, აგრეთვე ჟურნალი „ჟიზნის“ და გაზეთ „ისკრის“ ნომრები.

ივან ფრანკო 1905 წლის რუსეთის რევოლუციას აღფრთოვანებით შეეგება და რუსეთში ამ მოვლენას მიუძღვნა თავისი პოემა „მოსე“, ლექსები და სტატიები მაქსიმ გორკზე, რომელიც 9 იანვრის სისხლიანი ამბების შემდეგ დააპატიმრეს. ფრანკო მას იცავდა და მოითხოვდა მის პეტრე-პავლეს ციხიდან გათავისუფლებას მოითხოვს, თავად გორკს უწოდებდა „რუსი ხალხის ლამპარს“ და „რუსული ლიტერატურის მშვენებას“. ფრანკოს აზრით გორკის დევნით ცარიზმი ვერ ჩააქრობდა რევოლუციის ცეცხლს.

1905 წლის რევოლუციასთან დაკავშირებით ფრანკომ დაწერა სტატია „რუსული ლიტერატურის ახალი ისტორია“, რომელიც რეცენზიაა ბერლინში გერმანულად გამოცემული წიგნისა „რუსული ლიტერატურის ახალი ისტორია“.

რუსეთის ინტელიგეცია, მწერლები თუ მეცნიერები ყურადღებით ეკიდებოდნენ ფრანკოს მოღვაწეობას. 1904 წელს სახელოვანმა რუსმა მეცნიერებმა ა.შახმატოვმა და კორშმა მისი კანდიდატურა წამოაყენეს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, თუმცა მეფის რუსეთის ხელისუფლებამ აკადემიას უფლება არ მისცეს უკრაინელი მწერლის და მეცნიერის აკადემიაში არჩევის ნება.სამაგიეროდ, 1905 წელს ფრანკო აირჩიეს პრაღის მეცნიერებათა აკადემიის წევრად, ხოლო 1906 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მას მიანიჭა რუსული სიტყვიერების დოქტორის საპატიო წოდება. ბროკჰაუზისა და ევფრონის „ენციკლოპედიური ლექსიკონის“ რედაქციამ მწერალს შეუკვეთა სტატია უკრაინული ლიტერატურის შესახებ, რომელიც დაიბეჭდა 1904 წელს 81-ე ტომში. 1913 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ გამოკვლევისათვის „უკრაინული ხალხური სიმღერები“ — მიანიჭა პრემია.

რთული პირობები შეექმნა საკუთარ ოჯახშიც. მძიმე ავადმყოფობის გამო ის იძულებული გახდა მეუღლე საავადმყოფოში დიდი ხნით მოეთავსებინა. 1913 წელს მოულოდნელად გულის უკმარისობით, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი უფროსი ვაჟი ანდრეი, რომელიც მისი დაუცხრომელი მდივანი და მზრუნველი იყო. ფრანკოს ამარა დარჩა სამი მცირეწლოვანი ბავშვი: ტარას ფრანკო, პეტრო ფრანკო (დაბადებული და ჰანა კლუჩკო.

მიუხედავად გაჭირვებისა და ავადმყოფობისა ივან ფრანკო შეუპოვრად განაგრძობდა შემოქმედებით მოღვაწეობას, თარგმნიდა რუსი და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებებს, წერდა ლექსებს, პროზაულ და ლიტერატურულ-პუბლისცისტურ ნაწარმოებებს, აქტიურად იბრძოდა ხალხის მტერი ბურჟიაზიული ნაციონალისტებისა და ღვთისმოღალატე მსახურების წინააღმდეგ. 1910 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი გამოკვლევა „უკრაინულ-რუსული ლიტერატურის ისტორიის ნარკვევები“. ბევრს მოგზაურობდა და ხალხს თავის პოემას „მოსეს“ უკითხავდა.

1911 წლის შემოდგომაზე მასწავებელთა კავშირის ტარნოპოლის განყოფილებამ ივან ფრანკო მიიწვია შეხვედრაზე. გააკრეს აფიშები. დაიქირავეს დარბაზი, უამრავი ადამიანი მქუხარე ტაშით დახვდა მწერალს სადგურის მოედანზე და დარბაზში. ფრანკომ თავიდან ბოლონდე წაიკითხა „მოსე“. დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა, რაც მქუხარე ტაშმა და შეძახილმა „დიდება! დიდებამ“ დაარღვია. ხელებდაზიანებულ მწერალი მადლობას სიტყვით იხდიდა.

1913 წელს მისი ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლისთავის აღსანიშნავად დაიწყო სამზადისი, თუმცა ამ გეგმის განხორციელებას ხელი შეუშალა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ. გამოიცა, მხოლოდ კრებული „სალამი ივან ფრანკოს მისი სამწერებლო მოღვაწეობის ორმოცი წლისთავზე. 1874-1914“(კრებული გამოიცა ლვოვში 1916 წელს). ამას გარდა მწერალმა იმოგზაურა დასავლეთ უკრაინაში და ხალხს თავის პოემას „მოსეს“ უკითხავდა.

1914 წელს მან რუსულიდან თარგმნა პუშკინის ყველა დრამატული თხზულება. დაწერა და თარგმას დაურთო პუშკინის შემოქმედებაზე დიდი სტატია. დაწერა სტატია „ტარას შევჩენკო“, შექმნა ორი პოემა და მრავალი ლექსი..

სიცოცხლის ბოლო ორი წელი იყო მისთვის ყველაზე საშინელი. მარტო დარჩა, მეუღლე საავადმყოფოში, ვაჟები ომში, ქალშვილი კი საზღვარ გარეთ.

ივან ფრანკოს საფლავი

1915 წლიდან ივან ფრანკო ჰოსპიტალში მკურნალობდა. სიცოცხლის ბოლო თვეებს მოხუცების სახლში ატარებდა, მხოლოდ სიცოცხლის ბოლო დღეებში დაბრუნდა სახლში და 9 მარტს შეადგინა ანდერძი თავისი ხელნაწერი მემკვიდრეობა და ბიბლიოთეკა „ტ.გ. შევჩენკოს საზოგადოებას უანდერძა.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1916 წლის 28 მაისს ივან ფრანკო სიღარიბეში, დევნასა და გაჭირვებაში გარდაიცვალა. დაკრძალულია ლიჩაკოვსკის სასაფლაოზე. მის საფლავზე აღმართულია ნაცრისფერი გრანიტისგან გამოთლილი ქვისმტეხელის მონოლითური ძეგლი.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოლგა ხორუჟიკაია ფრანკოსი (1886-1916 წწ.), ხარკოვის ინსტიტუტის კურსდამთავრებული, მან რამდენიმე ენა იცოდა და უკრავდა ფორტეპიანოზე. გარდაიცვალა 1941 წელს ლვოვში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1962 წელს დასავლეთის უკრაინის ქალაქ სტანისლავს გადაერქვა სახელი და პოეტის პატივსაცემად დაერქვა ივანო-ფრანკოვსკი
  • 1970-იანი წლების ბოლოს ასტრონომმა ნიკოლას ჩერნიკმა ასტეროიდს უწოდა ფრანკო 2428 Kamenyar
  • .ივან ფრანკო გამოსახულია ოთხი სხვადასხვა ტიპის უკრაინულ 20 გრივნის კუპიურაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]