ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | |
| რეგიონი | |
|---|---|
| დეპუტატი პარლამენტში | |
| სიმჭიდროვე |
180.2[1] კაცი/კმ² |
| ფართობი |
423კმ2 |
| მოსახლეობის რაოდენობა |
75 400 კაცი |
| ეროვნება |
ქართველები 99.4% |
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბუნება
მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობზე. მისი რელიეფი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. ტერიტორია — 423 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 90-200 მეტრზე მერყეობს. სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში არის ადგილები, სადაც სიმაღლე 1088 მეტრს აღწევს.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 17,3 ჰა დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, 3,600 ჰა - მრავალწლიანი ნარგავებით. გორაკიანი ზონა დაფარულია კოლხური ტყეებით, სადაც იზრდება ძვირფასი ჯიშის ხეები: მუხა, წიფელი, კოპიტი, კაკლის ხე და სხვ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა, ბუჯა და მათი შენაკადები. მდინარეებია საზრდოობენ წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლებით. სოფელ შროშაში არის მარმარილოს კარიერი.
დაბლობში ნიადაგი ალუვიულია, შემაღლებულ ადგილებში სუბტროპიკული. გორაკიანი ადგილები დაფარულია შავ-კარბონატული მიწით, რომლის ზედაპირი მეტად სქელია. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ნიადაგია. დაბლობში კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, ზამთარი შედარებით ცივია, ზაფხული მშრალი. წლის საშუალო ტემპერატურაა 14 გრ. ცელსიუსით. იანვარის ტემპერატურაა 3,7-4,3 გრ. აგვისტოში კი 24 გრ. ნალექების რაოდენობა 1190 მმ. გორაკიან და მთიან ზონებში ტემპერატურა დაბალია. ხშირია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები, ზოგჯერ ქარი ზღვიდანაც აღწევს.
[რედაქტირება] ადგილობრივი თვითმმართველობა
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, რომელიც 29 წევრისგან შედგება. საკრებულოში მოქმედებს ორი ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ზესტაფონის აღმშენებლობისთვის" და ფრაქცია "მაჟორიტარი"[1] ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქმედებს 5 კომისია: ეკონომიკურ და აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისია, ინფრასტრუქტურის კომისია, საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია, სოციალურ საკითხთა კომისია[2] 2011 წელს საკრებულომ გამოაცხადა კონკურსი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გერბის შექმნაზე. [3]
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 75,4 ათას კაცს შეადგენს; სიმჭიდროვე — 180 კაცი კვ. კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 60 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 58 სოფელი. მუნიციპალიტეტში შექმნილია მმართველობის 19 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული [4]:
- ქალაქი — 1 ზესტაფონი;
- დაბა — 1: შორაპანი;
- თემი — 14: ბოსლევი, დილიკაური, ზედა საქარა, ილემი, კვალითი, კლდეეთი, მეორე სვირი, როდინაული, სანახშირე, ქვედა საზანო, ქვედა საქარა, შროშა, ცხრაწყარო, ძირულა.
- სოფელი — 3: ზოვრეთი, პირველი სვირი, ფუთი
[რედაქტირება] ეკონომიკა
ეკონომიკის წამყვანი დარგია მევენახეობა, რომელზეც წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80% მოდის. მის განვითარებას ხელს უწყობს კარგი ნიადაგ-კლიმატური პირობები. ვენახებს 5,000 ჰა ფართობი უჭირავთ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწეული ვაზის შესაბამისი ჯოშებიდან (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა) დგება კონტროლირებადი ღვინო სვირი. მუნიციპალიტეტში ღვინის ორი ქარხანა მოქმედებს. მთავარი მარცვლეული კულტურაა სიმინდი, მოჰყავთ აგრეთვე საკვები და ბოსტნეული კულტურები. მოსახლეობა მისდევს მეცხოველეობასაც, საძოვრებს უჭირავთ 8,8 ჰა, არის 10.000 სულზე მეტი ძროხა და 5000 სულზე მეტი ღორი.
მრეწველობის მთავარი დარგებია შავი მეტალურგია, ელექტროტექნიკური და კვების მრეწველობა. სამრეწველო საწარმოებიდან უმნიშვნელოვანესია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. მნიშვნელოვანი საწარმოები იყო: „საქკაბელი“ ზესტაფონში და „ელექტროელემენტი“ შორაპანში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მძლავრი გამანაწილებელი ცენტრი. სოფელ შროშაში განვითარებულია მეთუნეობა.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ძირულა-ხარაგაული, ზესტაფონი-ხარაგაული, ზესტაფონი-ჭიათურა და ზესტაფონი-ბაღდათი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზი ხაზი ხაშური-სამტრედია, ასევე რკინიგზის მონაკვეთი საჩხერის მიმართულებით.
[რედაქტირება] განათლება და კულტურა
მუნიციპალიტეტში 30 საჯარო სკოლაა[5], 2 პროფესიული სასწავლებელი, 42 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება გაზეთი "ზესტაფონის მოამბე". მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 50-მდე მართლმადიდებლური ეკლესია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება მარგვეთის ეპარქიას.
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობანი
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბევრი ისტორიული ძეგლია შემორჩენილი. მათ შორის უპირველესად აღსანიშნავია ანტიკური ხანის შორაპნის ციხე, იგივე "სარაპანისი" დაბა შორაპანში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყო შუა საუკუნეების ნაქალაქარი. სოფლებში, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობენ, შემორჩენილია უამრავი ისტორიული ძეგლი, მათ შორის
- თამარ მეფის ხიდი ჭალატყეში
- შიმშილაქედის ციხე სოფელ შიმშილაქედში
- XVIII საუკუნის ტაძარი ზოვრეთში
- საზანოს ციხე, "კვინწიხის გორა" და რამდენიმე ეკლესია ქვედა საზანოში.
ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:
საერო ხასიათის -
- ნაპურადევის ციხე სოფელ მეორე სვირში
- მწყერის ციხე სოფელ ალავერდთან
- "ციხიათას გორა" სოფელ როდინაულის ტერიტორიაზე
- თვრინის ციხე
- ციხის ნანგრევები შროშაში
- "დამწვარი ციხე" დილიკაურში
- V საუკუნის ციხე დილიკაურში
- სამეთვალყურეო კოშკისა და ციხის ნანგრევები გაღმა ბოსლევში
სასულიერო ხასიათის -
მუნიციპალიტეტში მრავლადაა განვითარებული შუა საუკუნეებსა და XIX საუკუნეში აგებული მცირე ტაძრები სოფლებში: ალავერდი, არგვეთა, აჯამეთი, დიდი განთიადი, დილიკაური, ზედა საქარა, თვრინი, მეორე სვირი, სანახშირე, საღვინე, ფუთი, ქვედა კვალითი, ქვედა საქარა, შროშა
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის არაოფიციალური გვერდი
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების საკონტაქტო ინფორმაცია
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები
- ↑ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიები
- ↑ "ზესტაფონის მოამბე", N7 (7920), 17 ივნისი, 2011 წ.
- ↑ ტერიტორიული მართვის ორგანოები
- ↑ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები
|
|||||
|
|||||||||||||